განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-292-19
(№012300119004)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28.10.2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი
ბრალდების მხარე: პროკურორი თეონა წოწკოლაური
დაცვის მხარე: ადვოკატი როინ მოსეშვილი
ბრალდებული: ე-–------------------ი
მამის სახელი: ე-–----ი
დაბადებული: 05.07.1--- წ.
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო განათლებით
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: ქ. რუსთავი, ქ-–---–---–------------ში.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - ქურდობა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სხდომის სახე - ღია;
თარჯიმანი - თალე ალიევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად სცნო:
2019 წლის 30 იანვარს, დაახლოებით 20:20 საათზე, ქ. რუსთავში, რ---------–-------------ში მდებარე, ინდმეწარმე მ--------–---–---ს კუთვნილ შერეული პროდუქტების მაღაზიაში შესული ე-–------------------ი დანის ყელზე მიბჯენით თავს დაესხა მაღაზიაში მყოფ მ--------–---–---ს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ყელის გამოჭრის მუქარით მოსთხოვა ფული. აღნიშნული ქმედებით ე-–------------------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ--------–---–---ს კუთვნილ 320 ლარს და 500 ლარად ღირებულ „სამსუნგ გალქსის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.
2019 წლის 19 იანვარს, ქ. რუსთავში, დ----–--------–-------------------------ში მდებარე, ინდმეწარმე თ----–----ის კუთვნილ მაღაზია ,,ზ-------ში“ ე-–------------------ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ალკოჰოლურ სასმელს, ,,MOLIANTY“-ის ფირმის ლიქიორს. ე-–------------------ის ქმედებით თ----–----ეს მიადგა 19 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული მ--------–---–---ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ინდმეწარმე, აქვს შერეული პროდუქტების მაღაზია ქ. რუსთავში, რ---------–-------------ში. 2019 წლის 30 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 20:30 სთ-ზე მაღაზიაში შევიდა ე-–------------------ი, რომელსაც ეცვა შავი ნაჭრის ქუთუკი და თავზე კაპიშონი ჰქონდა დაფარებული, ჰქონდა წვერი, მოითხოვა სიგარეტი ,,სობრანიე“, რადგან არ ჰქონდა, უკან გაბრუნდა. ცოტა ხანში მეორედ შევიდა მაღაზიაში და მოითხოვა ორი ცალი წითელი ,,მალბორო“. იგი შებრუნდა სიგარეტის ასაღებად და უკან შემობრუნებისას დაინახა ე-–------------------ი დანით ხელში. იგი დახლის შიგნით შევიდა, დანა ყელზე მიაბჯინა, მოსთხოვა ფული და დაემუქრა წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ყელის გამოჭრით. შეშინებულმა გახსნა გასაღებით უჯრა. გამოხსნილი უჯრიდან ე-–------------------მა აიღო 320 ლარი, ჩაიდო ჯიბეში, ასევე დახლიდან აიღო მისი კუთვნილი 500 ლარად ღირებული, „სამსუნგ გალქსის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ჩაარტყა ხელში და გაიქცა. ამის შემდგ გამოიძახა პოლიცია. მისივე განმარტებით, ე-–------------------ის მიერ თავდასხმისას მაღაზია იყო კარგად განათებული, ამიტომ კარგად დაინახა და დაიხსომა მისი სახე. ასევე შენიშნა, რომ თავდამსხმელს მარცხენა ხელი გადაბინტული ჰქონდა. ამოსაცნობ პირთა შორის ბრალდებული თავისუფლად ამოიცნო პოლიციაში(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. 2019 წლის 31 იანვრის პირის ამოცნობის ოქმით დადასტურებულია, რომ დაზარალებულმა მ--------–---–---მ გამომძიებლის მიერ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირისგან ე-–------------------ი ამოიცნო აღნაგობით, გამოხედვით, მსხვილი ცხვირით, თვალ-წარბით, სახის ფერით, მუქი ფერის თმით, სახის მხარეს თმის ფორმით, წვერით, ულვაშის გარეშე(იხ. ამოცნობის ოქმი, ტ. 1., ს.ფ. 168-170).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული თ----–----ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის არის ინდმეწარმე. ქ. რუსთავში, დ----–--------–-------------------------ში აქვს მაღაზია „ზ-------ი“. ბრალდებულს იცნობს, როგორც მის უბანში მცხოვრებს. 2019 წლის 19 იანვარს, საღამოს საათებში იგი იმყოფებოდა აღნიშნულ მაღაზიაში მის გამყიდველთან ი------–--–---–თან ერთად, რა დროსაც ე-–------------------ი შევიდა და გამყიდველს სთხოვა სიგარეტი მიეცა ე.წ. ,,ნისიაზე“. იგი ამ დროს მაღაზიის ბოძის უკან იჯდა და ე-–------------------ი ვერ ხედავდა. გამყიდველმა უარი უთხრა და შებრუნდა. აღნიშნულით ისარგებლა ე-–------------------მა, აიღო ლიქიორი მაღაზიის გასასვლელში მდებარე თაროდან და გავიდა მაღაზიიდან. მისივე განმარტებით, მის მიერ აღებული ლიქიორის ფასი დაახლოებით 19 ლარია, იმიტომ არ გაეკიდნენ, რადგან ადრეც იყო მსგავსი შემთხვევა, რაც უნდოდა რომ ვერ მიიღო, „კოკა-კოლას“ მაცივარი დაუმტვრია. გამყიდველმა ი------–--–---–მა გამოიძახა პოლიცია(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი------–--–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუშაობს მაღაზია ,,ზ-------ში“ გამყიდველად. 2019 წლის 19 იანვარს, საღამოს საათებში აღნიშნულ მაღაზიაში შევიდა ე-–------------------ი და მოითხოვა სიგარეტი. ფული არ ჰქონდა, რის გამოც სიგარეტი „ნისიაზე“ არ მისცა. ამის შემდეგ მეორე სექციის გამყიდველისკენ შებრუნდა დასახმარებლად. შებრუნებისას გაიგო ბოთლის ხმა და კარის დახურვა. მიხვდა, რომ ე-–------------------მა სასმელის ბოთლი აიღო, რის გამოც გაეკიდა და დაინახა, რომ მათი მაღაზიიდან სასმელის ბოთლი მიჰქონდა. მისი დაძახების მიუხედავად, დაებრუნებინა სასმელი, ე-–------------------მა გზა განაგრძო. ამის შემდეგ გამოიძახეს დაცვის პოლიცია. მისივე განმარტებით, დახლიდან სასმელი გამყიდველს უნდა მიეწოდებინა, მომხმარებელს არ აქვს აღების უფლება, რომ დათანხმებულიყო კიდეც თანხის გარეშე წაღებაზე. მისივე განმარტებით, ე-–------------------თან ურთიერთობას, საქონლის „ნისიაზე“ მიცემას ყველა ერიდებოდა, რადგან ადრე ამავე ამავე მაღაზიაში „კოკა-კოლას“ მაცივარი ჩაუმტვრიათ, რის გამოც სასჯელს იხდიდა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. საქმეში არსებული 2019 წლის 20 იანვრის ამოღების ოქმით დადასტურებულია, რომ ბრალდებულის დედამ, ვ--–------------------ამ მისი გამომძიებელთან გამოკითხვის შემდეგ ნებაყოფლობით წარუდგინა გამოძიებას მისი შვილის ე-–------------------ის მიერ მიტანილი ალკოჰოლურ სასმელი - ,,MOLIANTY“-ის ფირმის ლიქიორი (იხ. ამოღების ოქმი, ტ.1. ს.ფ.25-30).
2.6. საქმეზე ჩატარებული 2019 წლის 29 მაისის №46/22-271 ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ სისხლის სამართლის №012300119004 საქმეზე, 2019 წლის 30 იანვარს, ქ. რუსთავში, რ---------–-------------ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში, მ--------–---–---ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: სასურსათო მაღაზიაში შოკოლადების დახლის წინ და სასმელების დახლის წინ ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ე-–------------------ის ტანსაცმელიდან, კერძოდ: რუხი ფერის ჯინსის შარვლიდან და შავი ფერის ქურთუკის, ელვა შესაკრავით და წარწერით ,,PLEIBOY”- დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშების. (იხ.ტ. 3., ს.ფ. 71-74).
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა გიორგი ტაბატაძემ.
2.7. საქმეზე ჩატარებული 2019 წლის 11 აპრილის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №002379719 დასკვნის თანახმად: ე-–------------------ს აღენიშნება ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი F60.3 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი ქრონიკული ფსიქიკური დაავადებით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით, ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო; მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა. შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის(შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, იგი არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას ან იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს(იხ.ტ. 2., ს.ფ. 41-46).
2.8. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ე-–------------------მა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში თავი არ სცნო დამნაშავედ. მისი განმარტებით, 2019 წლის 19 იანვარს საღამოს შევიდა მაღაზია ,,ზ-------ში“ და სიგარეტი მოითხოვა ,,ნისიად“, რაზეც მიიღო უარი. მაღაზიიდან გასვლისას ლიქიორის ბოთლი აიღო და გამყიდველს უთხრა, რომ ჩაეწერა, რასაც მისი ოჯახი გადაიხდიდა. მისი განმარტებითვე, გამყიდველი იყო ახალი და შესაძლებელია ვერ გაიგო მისი ნათქვამი. ყაჩაღობის ბრალდებასთან დაკავშირებით, მისივე განმარტებით, 2019 წლის 30 იანვარს სახლიდან საერთოდ არ გასულა და არანაირი ყაჩაღობა არ ჩაუდენია (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს გამომძიებლებმა ზ--–-------------–---–მა, ზ---------–---ემ, ზ--------–--–---–მა, ს--------–----------ემ, ნ-----–-----------–---–მა, ს---------------–---–მა და ექსპერტებმა რ-----–------–---–მა, გ---–---------ემ, ა-–-----------–-–---–მა, ა-–-----------–---–მა რომლებმაც აღწერეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ამოცნობის, ამოღების ოქმები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით და ამ მუხლის ყოველი შემდგომი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი ამძიმებს პასუხისმგებლობას მითითებული გარემოებების გათვალისწინებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ყაჩაღობის ობიექტური მხარე გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის მუქარა. გარდა ამისა, ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე, იგი მიეკუთვნება ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან.
ყაჩაღობა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, მისი ხელყოფის უშუალო ობიექტია, როგორც ქონებრივი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ჯანმრთელობა. თავდასხმა, რომ ყაჩაღობად ჩაითვალოს აუცილებელია თვით დანაშაულის მსხვერპლს წარმოექმნას განცდა იმისა, რომ თავდამსხმელის მხრიდან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა განხორცილებადი, რეალური და იმავდროულია, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, როდესაც თავდამსხმელი, დაემუქრა მ--------–---–---ს, რომ ფულის გადაუცემლობის შემთხვევაში მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნებოდა საფრთხე, რაც ვერ აღიქმებოდა მის მიერ სხვაგვარად, თუ არა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში.
ყაჩაღობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია რომ თავდასხმა, როგორც სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უნდა უსწრებდეს თავდამსხმელის მიერ სხვისი ნივთის მიღების ფაქტს, ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი არ არის კონკრეტული შედეგის დადგომა.
ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს, ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს ეს ზიანი.
ყაჩაღობის ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და უხელმძღვანელოს მას.
ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ქმედების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი; დანაშაულის ქურდობით დაკვალიფიცირებისას გათვალისწინებულია, რომ ქურდობა ხელყოფს სხვის საკუთრებას. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება - სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, რა დროსაც კანონიერ მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არ აქვს გააზრებული, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება მის ქონებას.
ქურდობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს, ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს ეს ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ე-–------------------ს გაცნობიერებული ჰქონდა მისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა ლიქიორის ფარულად დაუფლებით რომ ზიანს აყენებდა მესაკუთრეს, მაგრამ შეგნებულად უშვებდა მის დადგომას.
ქურდობის ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და უხელმძღვანელოს მას.
4. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ბრალდებულ ე-–------------------ს ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია.
4.1. ბრალდებულის განმარტება, ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, რომ მას 2019 წლის 19 იანვარს, თ----–----ის მაღაზიიდან ლიქიორი არ მოუპარავს, მოგონილია მის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით. საქმეზე დაკითხული პირების, მაღაზიის გამყიდველის ი------–--–---–ის და მაღაზიის მფლობელის თ----–----ის განმარტებით დადასტურებულია, რომ ე-–------------------მა მაღაზიის გამყიდველის ი------–--–---–ის შებრუნებისთანავე ფარულად აიღო ლიქიორი და დატოვა მაღაზია. ბრალდებულის განმარტება, რომ გამყიდველს დაუბარა, ჩაეწერა მის ანგარიშზე, დამაჯერებლობას მოკლებულია, რადგან როგორც ი------–--–---–ის, ასევე თ----–----ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მათ ე.წ. „ნისიაზე“ უარი უთხრეს მაღაზიაში შესვლისას. გარდა ამისა, მათივე ჩვენებით დადასტურებულია, რომ მათი გამოკიდების და მოთხოვნის მიუხედავად, დაებრუნებინა წაღებული საქონელი, ბრალდებულმა არ შეიმჩნია და გააგრძელა გზა. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ 2019 წლის 30 იანვარს იგი სახლიდან არ გასულა და ყაჩაღობა არ ჩაუდენია. სასამართლო სხდომაზე დაზარალებული მ--------–---–---ს თანმიმდევრული ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 30 იანვარს, საღამოს საათებში მაღაზიაში ე-–------------------მა დანის ყელზე მიაბჯენით მოსთხოვა ფული და დაემუქრა წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ყელის გამოჭრით, რის შემდეგაც დაეუფლა მაღაზიის უჯრიდან ფულად თანხას და მობილურ ტელეფონს. ბრალდებულის განმარტება, რომ მისი ამოცნობა მ--------–---–---ს მიერ ჩატარებულია კანონდარღვევით, დამაჯერებლობას მოკლებულია. დაზარალებული მ--------–---–---ს განმარტებით, იმდენად ზუსტად დაიხსომა თავდამსხმელის გარეგნობა და ჩაცმულობა, რომ დეტალურად აღწერა მისი გარეგნობა გამომძიებელთან და მსგავსი გარეგნობის და ჩაცმულობის ამოსაცნობ პირთა შორის ბრალდებული თავისუფლად ამოიცნო. მანვე, ამოცნობამდე აღწერა, რომ თავდამსხმელს მარცხენა ხელი გადახვეული ჰქონდა ბინტით. დადასტურებულია, რომ ბრალდებულს დაკავებისას ხელი ჰქონდა შეხვეული, ვინაიდან მისივე განმარტებით, 2019 წლის 28 იანვარს თვითდაზიანება მიიყენა მაჯაზე. გარდა აღნიშნულისა, საქმეზე ჩატარებული 2019 წლის 29 მაისის №46/22-271 ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, დადასტურებულია, რომ 2019 წლის 30 იანვარს, ქ. რუსთავში, რ---------–-------------ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ე-–------------------ის ტანსაცმელიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშების.
5. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებში დამნაშავედ ცნობის და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ე-–------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დანაშაული. კანონმდებელი ადგენს არა მხოლოდ დანაშაულის შემადგენლობას, არამედ შესაბამის სასჯელსაც. სასჯელი არის სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. სასჯელის ერთერთი და ამავე დროს უმნიშვნელოვანესი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ასევე ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სსაქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, მის მიერ ჩადენილ დანაშაულების, ასევე დაზარალებულთა პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–------------------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ისეთი ზომით, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
8. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
8.1. ელნურ მუსტაფაევის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
8.2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ამოღებული:
- ალკოჰოლური სასმელი, ანაწმენდები, სუნის ნიმუშები, სადგისის მსგავსი მეტალის 2 ნივთი და დანა - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში);
- ორი ცალი დახლის უჯრა, ჯინსის შარვალი, ქუთუკი, დაუბრუნდეთ მფლობელებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს რუსთავის სამმართველოს მეორე განყოფილებაში);
- დაქტილოფირი თითის კვალით - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის N1-561-16 განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი, მოუხდელი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის N1-561-16 განაჩენით დანიშნული, მოუხდელი სასჯელი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ე-–------------------ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
2. ე-–------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
3. ე-–------------------ის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 31 იანვრიდან.
4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ამოღებული:
- ალკოჰოლური სასმელი, ანაწმენდები, სუნის ნიმუშები, სადგისის მსგავსი მეტალის 2 ნივთი და დანა - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში);
- ორი ცალი დახლის უჯრა, ჯინსის შარვალი, ქუთუკი, დაუბრუნდეთ მფლობელებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს რუსთავის სამმართველოს მეორე განყოფილებაში);
- დაქტილოფირი თითის კვალით - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში მისი გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი