განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2019
საქმის ნომერი
330100119003170696
თარიღი
20.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1/2129-12

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–-----------

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ნ----------------

 

ბრალდებული - დ--------------- (პ/ნ 6----------), დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული გ--–-- რაიონის სოფელ პ------–----––-, მცხოვრები თბილისში, ვ---------–------- მ/რ-ნი, მ--- კვარტალი, მ--- კორპუსი, ბინა #---ში, ამჟამად ძებნილი

 

წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობის მცდელობა

 

სხდომის სახე: ღია

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2012 წლის 1 აპრილს, საღამოს, თბილისში, ვ---------–------- მ/რ-ნის მ--- კვარტლის #---ორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ--------------- შეხვდა სახლში მიმავალ გ-----------------, რომელსაც მიაყენა დაზიანება მარცხენა თვალბუდის არეში, რის შემდეგაც, იყო რა განმსჭვალული შურისძიების გრძნობით, მანამდე გ-------------------- ოჯახში სუფრასთან მომხდარი შელაპარაკების გამო, თანნაქონი, სუფრიდან აღებული მჩხვლეტავ-მჭრელი დანით, გ-----------------, მოკვლის განზრახვით, სიცოცხლის მოსპობის მუქარის თანხლებით, მუცლის წინა კედელზე, მუცლის ღრუში შემავალი, მძიმე ხარისხის, სიცოცხლისათვის სახიფათო ნაკვეთ–ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა, დიდი ბადექონის და მლივი ნაწლავის დაზიანებით. გ----------------- მოახერხა გაქცევა, რის გამოც დ---------------მ თავისი დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ გ----------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, 1 აპრილს გ-------------------- დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ ნათესავები და გ-------- მეგობრები. სუფრასთან რიგით სადღეგრძელოზე დაძაბული საუბარი და კამათი მოხდა გ-------- მეგობრებსა და ნათესავებს შორის, რა დროსაც აგრესიულობით გამოირჩეოდა დ---------------, რომელიც იქვე გაიცნო. დაახლოებით 11 საათისთვის გ-------- სიმამრმა, დაწყნარების მიზნით, მეგობრები გარეთ გაუშვა, რამდენიმე წუთის შემდეგ თვითონაც ჩავიდა, ტაქსი უნდა გაეჩერებინა. ამ დროს სადარბაზოსთან შენიშნა სუფრიდან გაყრილი ბიჭები, მაგრამ იქ დ--------------- არ იყო. ბიჭებს რომ გასცდა, თავისი მისამართით გინება გაიგო, დაინახა დ---------------, რომელსაც ხელში ვერცხლისფერი, სუფრის დანა ეჭირა და ეუბნებოდა: ,,შენი გულისთვის გამომაგდესო‘‘, თან თვალში დაარტყა, შემდეგ კი - გვერდში, მუცელში დანა დაარტყა, თან მოკვლით ემუქრებოდა. დარტყმის მომენტში იქ სხვა პირები არ იმყოფებოდნენ. დ--------------- მასთან შედარებით სუსტი იყო, მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რადგან დანა ეჭირა. გაიქცა და დეიდაშვილს დაურეკა, უთხრა, რომ წაიქცა და დაჭრილი იყო. დაურეკა გ---------------------–, გაანდო, რომ დ---------------მ დაჭრა. შემდეგ მიხაილოვის საავადმყოფოში წაიყვანეს და დახმარება აღმოუჩინეს. თვალზე ნაკერი ახლაც აქვს, როგორც უთხრეს, ნაწლავი ჰქონდა დაზიანებული. ექიმს სიმართლე დაუმალა, უთხრა, რომ წაიქცა, რადგან დეიდაშვილები იყვნენ იქ და არ უნდოდა, გაეგოთ.

 

მოწმე ნ------------------ ჩვენების თანახმად, 2012 წელს ძმის დაბადების დღეზე იმყოფებოდა ვ---------–------- მ/რ-ნის მ--- კვარტლის 1--–- კორპუსის ბინა #---ში, მშობლების სახლში. სუფრაზე იყვნენ ნათესავები და ძმის მეგობრები, რომელთაგან არავის იცნობდა. დაახლოებით 10 საათისთვის სუფრაზე დაძაბულობა დაიწყო, რასაც ჩხუბი მოჰყვა და რძლის მშობლებმა ძმის მეგობრები სახლიდან გაყარეს. დ--------------- სუფრასთან გაიცნო, გვერდით ეჯდა და ყველაზე მეტს ხმაურობდა. მან ეზოში მომხდარ ამბამდე დანის მიტანა სთხოვა, არ მიუტანა დაძაბული სიტუაციის გამო, თუმცა სუფრაზე ორი დანა იდო, რომელთაგან ერთი დ---------------მ აიღო და გარეთ გაიტანა. მამიდაშვილი გ---------------- ძმის მეგობრების გასვლიდან ცოტა ხანში გაჰყვა მათ გარეთ. რამდენიმე ხანში გ----------------- დარეკა და დახმარება სთხოვა, უთხრა: ,,დ---------------მ დამჭრა, სისხლისგან ვიცლებიო‘‘. როდესაც დაბლა ჩავიდნენ, გ---------------- მამიდაშვილებს საავადმყოფოში მიჰყავდათ, ჭრილობა მუცელში ჰქონდა მიყენებული. საავადმყოფოდან მალე გამოუშვეს და თავისთან წაიყვანა, მაგრამ სახლში ისევ ცუდად შეიქმნა და კვლავ კლინიკას მიაკითხეს.

 

მოწმე გ-------------------- ჩვენების მიხედვით, დაახლოებით 12 საათი იქნებოდა დაწყებული, სადღეგრძელოს გამო სუფრასთან შელაპარაკება და შეხლა-შემოხლა მოხდა მეგობრებსა და ნათესავებს შორის. ამის გამო, სიმამრმა - ზ--------------–---–-- მის მეგობრებს სახლის დატოვება სთხოვა. მეგობრებთან ერთად დ---------------ც წავიდა. დაახლოებით 10 წუთში გარეთ გ----------------ც გავიდა. მისი გასვლის შემდეგ დისგან - ნ------------------გან გაიგო, რომ ის დ---------------ს დაუჭრია. ყველანი კორპუსის ეზოში ჩავიდნენ, ცოტა მოშორებით დახვდათ გ----------------, მაისურზე სისხლის კვალი ეტყობოდა. დაჭრილი მიხაილოვის საავადმყოფოში წაიყვანა კ-----------------. თვითონ ტაქსით გაჰყვნენ. საავადმყოფოდან მალე გამოუშვეს და გ--------------- თავის სახლში წაიყვანა, მაგრამ ღამით ისევ ცუდად გახდა და კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოწმის განმარტებით, სუფრაზე დ---------------ს ხელში დანა არ დაუნახავს. შემდეგ გაიგო დისგან, რომ სახლიდან დანა დაიკარგა, ნ------ უთხრა, რომ დ------ დანა აუღია, როდესაც მეგობრები სახლიდან გავიდნენ.

 

მოწმე გ----------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, სტუმრებს აცილებდა, რომ შემობრუნდა, დ--------------- და მისი ნათესავები სადღეგრძელოს თემაზე საუბრობდნენ, კონფლიქტი ჰქონდათ. გ-------------- და დ---------------ს ჰქონდათ სიტყვიერი შელაპარაკება. ამ ამბის გამო, დაახლოებით 11 საათი იქნებოდა, ძმის სიმამრმა - ზ--------------–---–-- მეგობრები სახლიდან გაუშვა, მათ შორის, რა თქმა უნდა, დ---------------. დაახლოებით 20-25 წუთში გარეთ გ-------ც გავიდა. ამის შემდეგ ნ------ დაურეკა გ-------------- და უთხრა: ,,ნ--------- დანით დამჭრაო‘‘. ჩავიდნენ და ნახეს, რომ გ-------------- სისხლი მოსდიოდა და თვალი ჰქონდა ჩალურჯებული, მაშინვე ჩასვეს მანქანაში და საავადმყოფოში წაიყვანეს.

 

მოწმე ვ---------------- ჩვენებით, მეუღლის ბიძაშვილის - გ-------------------- დაბადების დღის აღსანიშნავ სუფრასთან დაახლოებით თხუთმეტი ადამიანი იჯდა, მათ შორის იყვნენ გ-------- მეგობრები. ერთ-ერთი სადღეგრძელოს წარმოთქმისას მოხდა შელაპარაკება, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ვინაიდან ასაკით მათზე უფროსი იყო, თქვა: ,,რაც ვნახე ომში, თქვენ არ გენახოთო‘‘, რაზეც დ--------------- შეეკამათა და შეხლა-შემოხლა მოხდა. ამის გამო, გ-------- სიმამრმა ბიჭები გარეთ გაუშვა. ამ დროს გ---------------- ისე გავიდა, არ დაუნახავთ. დაახლოებით 10 წუთში თვითონაც გამოვიდნენ, სახლში მიდიოდნენ, რა დროსაც კ---- ტელეფონზე დაურეკა გ-----------------, იქვე, ქუჩაზე ნახეს, სისხლი მოსდიოდა და უთხრა, რომ დაეცა და დაზიანდა. მაისური აუწია, ნახა, რომ ჭრილობა ჰქონდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. მეუღლეც მივიდა და მომხდარზე საუბრობისას მეუღლემ - თ------------------ უთხრა, სუფრაზე დ--------------- დანას იქნევდაო. მეორე დღეს გ--------------------გან გაიგო, რომ გ-----------------თვის ოპერაცია გაუკეთებიათ. საავადმყოფოში გ-------- ჩუმად უთხრა, დ---------------მ დამჭრაო. ალბათ, სუფრაზე მომხდარი შეხლა-შემოხლის მიზეზით, შურისძიების გამო დაარტყა მას.

 

საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1--–- ნაწილის საფუძველზე, საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმე თ------------------ დაკითხვის ოქმი. ოქმის თანახმად, ბიძაშვილის - გ-------------------- დაბადების დღეზე იყვნენ მეგობრები, რომელთაგან იცის მხოლოდ დ---------------ს სახელი და გვარი. დაახლოებით 20:00 საათზე, სუფრასთან მოხდა შელაპარაკება, კამათობდნენ და ძიძგილაობდნენ, ერთი მხრივ, დ--------------- და მისი მეგობრები და, მეორე მხრივ, ნათესავები, თუმცა იმ დროს მათ ერთმანეთისთვის ხელი არ დაურტყამთ. რძლის მამამ გ-------------------- მეგობრები სახლიდან გაყარა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ბინიდან გ----------------ც გავიდა, იფიქრა, სახლში მიდიოდა. 10–15 წუთში ნ------------------ ტელეფონს უპასუხა და თქვა, რომ გ----------------- დაურეკა და უთხრა, დ---------------მ დამჭრა და მიშველეო. გ------- კორპუსის ეზოში ნახეს, მის მეუღლეს - ვ------------- და ძმებს - კ--- და კ------------------- მანქანაში ეჯდათ და საავადმყოფოში წაიყვანეს. იქ ამბულატორიული დახმარება აღმოუჩინეს, მუცელზე ჭრილობა შეუხვიეს, დაზიანება ჰქონდა მარცხენა ყვრიმალისა და თვალის არეშიც. სახლში ნ------------------ წაიყვანა, რადგან არ უნდოდა მშობლებს გაეგოთ მომხდარი. გზად გ-------- ეკითხებოდნენ, თუ რა მიზეზით დაჭრა დ---------------მ, რაზეც უპასუხა, რომ თავს დაესხა და ყოველგვარი საუბრის გარეშე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დანა დაარტყა მუცლის არეში. 05:00 საათისთვის გ------- ისევ შეუძლოდ გახდა, მუცლის არეში ჭრილობა აწუხებდა. საავადმყოფოში წაიყვანეს და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს, როგორც იცის, ნაწლავი ჰქონდა დაზიანებული. ნ------ უთხრა, რომ დაინახა, როგორ აიღო გასვლისას დ---------------მ სუფრიდან დანა და თან წაიღო.

 

მოწმე კ-------------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, დ--------------- გაიცნო 2012 წლის 1 აპრილს, გ-------------------- დაბადების დღეზე. სუფრაზე წარმოთქმულ სადღეგრძელოს მოჰყვა შეხლა-შემოხლა, რის გამოც გ-------------------- სიმამრმა გ-------- მეგობრებს მოუწოდა, სახლი დაეტოვებინათ. მათი წასვლის შემდეგ ქეიფი გაგრძელდა, შემდეგ დაიშალნენ. საჭესთან ვ--------------- დაჯდა, დაახლოებით ხუთ წუთში გ----------------- დაურეკა და დახმარება სთხოვა. გვერდით ქუჩაზე მივიდნენ, გ------- ფეხით მიდიოდა, სახე სისხლიანი ჰქონდა. კითხვაზე, რა მოუვიდა, უპასუხა, რომ წაიქცა. მიხაილოვის საავადმყოფოში წაიყვანეს და მალევე გამოიყვანეს. მოგვიანებით გ-------ს ძმამ დაურეკა და უთხრა, რომ გ------- ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ოპერაცია უტარდებოდა. საავადმყოფოში კიდევ ჰკითხა, რა დაემართა, რაზეც გ----------------- უპასუხა, რომ ჭრილობა დ---------------მ მიაყენა დანით და გაიქცა. უკვე მოწმედ იყო დაკითხული, როცა ბიძაშვილმა - თ------------------ უთხრა, რომ სუფრაზე შეხლა-შემოხლის დროს ნ--------ს დანა ეჭირა. მოტივი სუფრაზე მომხდარი კონფლიქტი იყო, რადგან ნ-------- შეურაცხყოფილი იყო სახლიდან გაძევების გამო.

 

მოწმე კ----------------- ჩვენების მიხედვით, სუფრის მიმდინარეობისას წარმოიშვა კონფლიქტი გ-------------------- ნათესავებსა და მეგობრებს შორის, რის შემდეგაც გ-------------------- სიმამრმა მისი მეგობრები სახლიდან გაუშვა. ამის შემდეგ თვითონაც წავიდნენ, მანქანაში ისხდნენ, როდესაც მის ძმას გ----------------- დაურეკა და დახმარება სთხოვა. როდესაც მივიდნენ, ნახეს, გ----------------- სახე დასისხლიანებული ჰქონდა, თავიდან ამბობდა, დავეციო, მაგრამ ძმისგან გაიგო, რომ ის დ---------------ს დაუჭრია და გაქცეულა.

 

მოწმე ნ-------–-–---–-- ჩვენების თანახმად, ის ძირითადად სამზარეულოში იმყოფებოდა. ღამით, ჯერ სიძის მეგობრები წავიდნენ, შემდეგ - თვითონ. გ----------------- რა შეემთხვა, არ იცის. 4 აპრილს დაურეკა სიძემ და სთხოვა, მასთან მისულიყო ბინაში. როდესაც მივიდა, უთხრა, რომ დ---------------მ გ---------------- დაჭრა.

 

მოწმე ზ--------------–---–-- ჩვენებით, დაახლოებით 11-12 საათისთვის, ნათესავებსა და მეგობრებს შორის სუფრასთან შეკამათება, შეხლა-შემოხლა მოხდა. სუფრაზე იყო გ----------------, ასევე, მეგობრებიდან იყო დ---------------. თვითონ გვერდით ოთახში იყო შვილიშვილთან, იქიდან გამოსულმა კი ნახა, რომ იქ მყოფები ჩხუბობდნენ. სცადა დაეშოშმინებინა, მაგრამ რომ ვერ შეძლო, გაბრაზდა და სახლიდან გაყარა. როგორც შემდგომ გაიგო, სადღეგრძელოსთან დაკავშირებით შეკამათებულან. 4 აპრილს სიძემ დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციაში იყო დაბარებული.

 

მოწმე შ----------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, მეუღლის დაბადების დღეზე სტუმრად ჰყავდათ ნათესავები და მეგობრები, რომელთა შორის იყვნენ დ--------------- და გ----------------. დაახლოებით 23:00 საათზე, სუფრაზე ახმაურდნენ, ოთახიდან გამოსულს უკვე ძიძგილაობა დახვდა გამართული, დაარწმუნეს, რომ არაფერი მოხდებოდა და საძინებელში დაბრუნდა. სტუმრები რომელ საათზე წავიდნენ, არ გაუგია. მეორე დღეს, ღამით, კ-------------------- გაიგო, რომ გ---------------- იყო დაჭრილი, რომელსაც დაზიანება დ---------------მ მიაყენა.

 

მოწმე ა-----–-------–-–---–-- ჩვენებით, საპირფარეშოდან გამოსულმა გაიგო, რომ სუფრასთან კამათი მომხდარა. ამის გამო, გ-------------------- სიმამრმა ყველანი გარეთ გაუშვა. გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს, სახლში ავიდა და დაიძინა. მასთან ერთად ავიდა ლ-–------------–, რომელიც ეზოში შეხვდა. ნასვამი იყო და ხმაური არ გაუგია. მეორე დღეს გ-------------------- შეეხმიანა, ნაბახუსევიდან რომ გამოსულიყვნენ. მან კი უთხრა, საავადმყოფოში ვარო, ნერვიულობდა, გ---- დ---------------ს დაუჭრიაო. ამის გამო თვითონაც წავიდა საავადმყოფოში. დაჭრის მიზეზი არ იცის, გ-------- და დ------ შორის არანაირ ჩხუბს პირადად არ შესწრებია.

 

მოწმე დ------------- ჩვენების თანახმად, სუფრაზე ადგილი ჰქონდა კამათს, რაშიც დ--------------- აქტიურობდა, მ----------- ნათესავებთან კამათობდა. ამ დროს სუფრაზე გ-------ც იყო. ჩხუბს არ შესწრებია. მეორე დღეს, 11:30 საათზე, წავიდა სამსახურში, შემდეგ დაურეკა გ-------------------- და მისგან გაიგო, რომ მისი ნათესავი გ---------------- დ---------------მ დაჭრა, თუ რა ვითარებაში და რის გამო, გ-------------------- არ უთქვამს, როგორც თვითონ ვარაუდობს, სუფრაზე არსებული კონფლიქტის გამო მოხდა დაჭრა.

 

სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა, მოწმე ნ-------------–--- დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, გ----------------- 2012 წლის 1 აპრილს მიმართა თსუ-ს კლინიკურ საავადმყოფოს, ჭრილობის არსებობას უჩიოდა მუცლის და სახის არეში. მისი განმარტებით, ვაზისუბანში წაიქცა. ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.

 

სამედიცინო ჩარევის ოქმის მიხედვით, გ----------------- ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება, გაუსუფთავდა ჭრილობა; საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას დინამიკაში დაკირვებისთვის, მაგრამ უარი განაცხადა.

 

პაციენტის გასინჯვის ფურცლით, გ----------------- დიაგნოზია მუცლის წინა კედლის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა და დაჟეჟილი ჭრილობა მარცხენა თვალბუდის მიდამოში.

 

სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით, გ----------------- ჰოსპიტალიზაციის დროა 2012 წლის 2 აპრილის 05:00 საათი. კლინიკური დაიგნოზია: მუცლის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, შემავალი მუცლის ღრუში, დიდი ბადექონის და მლივი ნაწლავის დაზიანებით. ოპერაციის პროტოკოლის თანახმად, გ----------------- ჩაუტარდა ოპერაცია 2012 წლის 2 აპრილის 05:50 სათიდან 07:30 საათამდე დროის შუალედში. ნანახი იქნა დაზიანებული დიდი ბადექონის უბანი, საიდანაც აღინიშნებოდა სისხლჟონადობა, ასევე, ნანახი იქნა მლივი ნაწლავის კედლის დეფექტი, საიდანაც გამოედინებოდა შიგთავსი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0------------------ დასკვნით დადგენილია შემდეგი: თბილისის ი---------–---–--------–-----------–----------–-–--------------------------–-------------------------- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით, მოქ. გ---------------- 2012 წლის 2 აპრილს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებს 2 აპრილიდან, დიაგნოზით: მუცლის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა შემავალი მუცლის ღრუში, დიდი ბადექონი, და მლივი ნაწლავის დაზიანებით, მარცხენა თვალბუდის ქვედა კედლის დაჟეჟილი ჭრილობა. მარცხენა თვალბუდის არეში ჭრილობა მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. მუცლის წინა კედელზე ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა თ----------------–----.

 

2012 წლის 2 აპრილის ამოღების ოქმით, თ--------–------ მთავარი დიასახლისის - ვ-----------–-–---–----- ამოღებულ იქნა გ----------------- ტანსაცმელი, მოკლესახელოებიანი შავი მაისური, რომელსაც მარჯვენა ქვემოთა მხარეს აღენიშნება დაზიანება და აქვს მოშავო-მოწითალო ლაქა. ასევე, ამოღებულ იქნა ფეხსაცმელი და ჯინსის შარვალი, რომელსაც მარცხენა ტოტზე აქვს მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები.

 

მოწმე ვ-----------–-–---–-- ჩვენებით, 2012 წლის აპრილის თვეში მთავარი დიასახლისი იყო მიხაილოვის სახელობის კლინიკაში, პარალელურად დაჭრილი პაციენტების ტანსაცმელი ებარა. სახელი და გვარი გ---------------- ახსოვს, რომლის ტანსაცმელიც მასთან იყო და გამომძიებელს გადასცა, ტანსაცმლის ამოღება მოხდა. ზოგადად, საღამოს საათებში შესული პაციენტის ტანსაცმელს დილით იბარებს, როდესაც სამსახურში მიდის. იბარებს მორიგე ექიმისა და სანიტრის აქტის საფუძველზე, ყოველთვის ყველაფერს ამოწმებდა და დოკუმენტებსაც სრულყოფილად ადგენდა.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის #3------- დასკვნით, გ----------------- მაისურის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. ამასთან, დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, დაზიანებულია მაისურის წინა მარჯვენა მხარე, ქვედა კიდიდან 6,5 სმ-ის მოშორებით.

 

ექსპერტმა რ-------------------- საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში‘‘ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ #1/1/548;22/01/2015; §4).

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება, მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, და შედეგი - სიკვდილის სახით. ამასთან, ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართულ იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, არის დანაშაულის მცდელობა.

 

იმისათვის, რომ პირს ბრალად შეერაცხოს განზრახი დანაშაულის, მოცემულ შემთხვევაში, დაუმთავრებელი დანაშაულის - მკვლელობის მცდელობის ჩადენა, უნდა წარმოჩინდეს როგორც ობიექტური, ისე - სუბიექტური მხარე, ჰქონდა თუ არა დ---------------ს ამგვარი განზრახვა, თუნდაც არაპირდაპირი, რაც უნდა დადგინდეს ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივი ანალიზით, კერძოდ, უნდა შეფასდეს დანაშაულის ჩადენის გარემოებები, დაზარალებულისა და ბრალდებულის ურთიერთდამოკიდებულება, მოტივი, მიზანი და სხვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ დ---------------მ ჩაიდინა გ----------------- მკვლელობის მცდელობა. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ 2012 წლის 1 აპრილს, ღამის საათებში, თბილისში, ვ---------–------- მ/რ-ნის მ--- კვარტლის #---ორპუსის #----ინაში, გ-------------------- დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ მეგობრები და ნათესავები. სადღეგრძელოსთან დაკავშირებით სტუმრებს შორის წარმოიქმნა კონფლიქტური სიტუაცია, კერძოდ, ვ----------------, ომთან დაკავშირებით ნათქვამი სიტყვების გამო, შეეკამათა დ---------------, რასაც მოჰყვა შეხლა-შემოხლა. დაზარალებულმა გ----------------- განაცხადა, რომ ამ დროს განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა დ---------------. დაზარალებულის ჩვენება თანხვედრაშია მოწმე დ------------- ჩვენებასთან, რომლის თანახმადაც, მ----------- ნათესავებთან კამათში დ--------------- აქტიურობდა. მოწმე გ----------------- სასამართლოს განუცხადა, რომ გ---- (გ-------) გ-------ს და დ---------------ს ჰქონდათ სიტყვიერი შელაპარაკება. იგივე ფაქტი აქვს აღწერილი გამოკითხვის ოქმში მოწმე თ------------------, რომ, ერთი მხრივ, დ--------------- და, მეორე მხრივ, მათი ნათესავები იყვნენ ჩართული კამათში. ხსენებულ მოწმეთა ჩვენებები და მათში აღწერილი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს კამათისას დ---------------ს აქტიურობასა და მის შელაპარაკებაზე გ-----------------თან, რაც განმსაზღვრელი აღმოჩნდა მოვლენების შემდგომი განვითარებისთვის, ბინაში მომხდართან დაკავშირებით არის პირდაპირი მტკიცებულებები დ---------------სა და გ----------------- შორის მომხდარი დაპირისპირების დასადასტურებლად. შესაბამისად, დ--------------- გაბრაზებული იყო რა გ-------------------- ნათესავებზე, მათ შორის, გ----------------ზე, რომელიც წვეულებიდან პირველი გავიდა ეზოში, ხელახლა გახდა აგრესიის მსხვერპლი დ---------------ს მხრიდან, რომელმაც მასზე შურისძიება გადაწყვიტა. სასამართლო არ გამორიცხავს იმასაც, რომ ბრალდებული სპეციალურად ელოდა მის გამოჩენას.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, მოწმე ნ------------------ ჩვენების თანახმად, მან დაინახა, როგორ აიღო დანა მაგიდიდან დ---------------მ, მას შემდეგ, რაც მან არ შეასრულა მისი მოთხოვნა და არ მისცა ამ უკანასკნელს დანა. დაჭრის ფაქტამდე მომხდარი უსიამოვნებისა და ამ კონფლიქტში დ---------------ს აქტიურობის მხედველობაში მიღებით, აღნიშნული ფაქტი ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ განაწყენებული დ--------------- შურისძიებისთვის ემზადებოდა და ჯერ კიდევ ბინიდან გამოსვლამდე დგამდა ნაბიჯებს საამისოდ. გარდა იმისა, რომ ნ------------------ დაინახა, როგორ აიღო სუფრიდან ბრალდებულმა დანა, ცნობილია დანის აღწერილობა, რომ დანა იყო სუფრის, ვერცხლისფერი, რის თაობაზეც სასამართლოს ინფორმაცია დაზარალებულმა მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ ნ------------------ არ ახსოვდა დანის ფიზიკური მახასიათებლები, თუმცა აღნიშნა, რომ სუფრაზე ორი დანა იყო, რომელთაგან ერთი დ---------------მ აიღო. დაზარალებულ გ-----------------ა და მოწმე ნ------------------ ჩვენებები ამ კუთხით პრაქტიკულად ემთხვევა ერთმანეთს. ამასთან, სუფრის დანის სხვა სახის დანისგან გარჩევა არცერთისთვის რთული არ უნდა ყოფილიყო. ამდენად, სასამართლო დაზარალებულისა და მოწმე ნ------------------ ჩვენებებს ამ ნაწილში ერთმანეთის თავსებადად მიიჩნევს. მოწმე თ------------------ გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ მას ნ------ უთხრა, დაინახა, როგორ აიღო სუფრიდან დანა დ---------------მ. იგივე გაიგო ნ------------------გან გ---------------------–. სასამართლოს არ აქვს ნ------------------ ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, მან იგივე ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს როგორც პირდაპირ დაკითხვის დროს, ისე - მოსამართლის დამაზუსტებელ შეკითხვაზე. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის მოტივაციას, რომ მოწმე ურთიერთსაწინაღმდეგოს აცხადებს, რის გამოც არ უნდა იქნეს გაზიარებული მისი ჩვენება.

 

ამასთან, როგორც დაზარალებულმა გ----------------- თავის ჩვენებაში განმარტა, ეზოში სუფრიდან გაყრილი ბიჭები შენიშნა, რის შემდეგ მალევე გინების ხმა გაიგო მისი მისამართით და დაინახა დ---------------, სუფრის ვერცხლისფერი დანით ხელში, რომელიც ეუბნებოდა: ,,შენი გულისთვის გამომაგდესო‘‘, რაც ცალსახად გამოხატავს მომხდარიდან გამომდინარე ბრალდებულის შურისძიების მოტივს. გ----------------- ჩვენების თანახმად, დ---------------მ მას ჯერ თვალში დაარტყა, შემდეგ კი - გვერდში, რა დროსაც, პარალელურად, ემუქრებოდა მოკვლით. დაზარალებულისვე განმარტებით, რაც ძალა და ღონე ჰქონდა გაიქცა, რომ არ მოეკლა.

 

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დ--------------- წინასწარ მოემზადა ძალისმიერად (აღიჭურვა დანით), დაზარალებულს თავდაპირველად ჩაარტყა თვალში, რაც ფაქტობრივად ემსახურებოდა დაზარალებულის ფიზიკურ დათრგუნვას, რითაც პრაქტიკულად შეამცირა გ----------------- წინააღმდეგობა და დანა დაარტყა მუცლის მიდამოში, რითაც მიაყენა შემავალი, სოცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა.

 

სასამართლო, აქვე, აღნიშნავს, რომ, მართალია, ფაქტის უშუალო შემსწრე, გარდა დაზარალებულისა, არავინაა, თუმცა გასათვალისწინებელია მთელი რიგი გარემოებები. კერძოდ, დაჭრილმა გ----------------- დახმარების თხოვნით მაშინვე დაურეკა ნ------------------, რომელსაც უთხრა, რომ დ---------------მ დაჭრა და სისხლისგან იცლებოდა. მოგვიანებით მან ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა სხვა მოწმეებსაც: კ--------------------- და ვ----------------. მართალია, მან ექიმთან არ გაამხილა და სამედიცინო ცნობებშიც მითითებულია, თითქოს, ის წაიქცა და ისე მიიღო დაზიანებები, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მის მიერ ნ------------------ა და სხვა პირთათვის მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობას, რომ მას დაზიანებები მიაყენა დ---------------მ. გ----------------- რომ არ უნდოდა შემთხვევის გახმაურება, მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მან თავდაპირველად, ასევე, იცრუა კ------------------------, რამდენადაც, დაზარალებულის სასამართლოსთვის მიცემული განმარტებით, მას არ სურდა, რომ აღნიშნულის შესახებ გაეგოთ მის დეიდაშვილებს, ასევე, მშობლებს, რათა არ ენერვიულათ, იგი სახლშიც კი არ წავიდა საავადმყოფოდან და დარჩა ნ------------------თან, რომლესაც თავიდანვე გაუმხილა სიმართლე, როდესაც კრიტიკულ მომენტში დახმარება სთხოვა. სწორედ დ---------------ს ხელში დააფიქსირა დანა ბინიდან გასვლისას ნ------------------.

 

ამდენად, ნ------------------, კ--------------------, ვ----------------, ასევე, თ------------------, გ--------------------, გ-----------------ა და კ----------------- ჩვენებები საკმარისად ინფორმატიულია და თავსებადია დაზარალებულ გ----------------- ჩვენების, რომელმაც ცალსახად და ეჭვსგარეშე განაცხადა, რომ მას თავს დაესხა დ--------------- და დაჭრა დანით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

 

ამდენად, ბრალდებულის ქმედების განზრახ ქმედებად მიჩნევისათვის აუცილებელია, მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდაუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. დ---------------ს განხორციელებული ქმედებით ცალსახად იკვეთება, რომ დანის მუცელში დარტყმის დროს ის გარდაუვლად უშვებდა გ----------------- სიცოცხლის მოსპობას, ან ასეთი საფრთხის დადგომას, და სურდა კიდეც ეს, რის გამოც სასამართლო ეჭვსგარეშე მიიჩნევს, რომ დ--------------- განზრახ მოქმედებდა გ----------------- მიმართ დაზიანებების მიყენებისას.

 

აღნიშნული დასკვნის გაკეთებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს, თუ რა სახისა და ხარისხის დაზიანება მიაყენა დ---------------მ გ-----------------. სამედიცინო დოკუმენტებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ თ----------------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ გ----------------- მიყენებული ჰქონდა მუცლის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, შემავალი მუცლის ღრუში, დიდი ბადექონის და მლივი ნაწლავის დაზიანებით, რაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებათა მძიმე ხარისხს.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმე რ-------------------- ჩვენების თანახმად, გ----------------- მაისურის წინა მარჯვენა მხარეს, ქვედა კიდიდან მცირედი მოშორებით არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, რაც სრულ თანხვედრაშია როგორც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, ისე - დაზარალებულის ჩვენებასთან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს ეჭვს გარეშე დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ--------------- გ-----------------თვის დანის მუცელში დარტყმის მომენტში ითვალისწინებდა, რომ სჩადიოდა კანონით აკრძალულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, უშვებდა, რომ მის ქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა გ----------------- სიკვდილი და სურდა აღნიშნული. მისი დანაშაულებრივი განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი მხოლოდ სამედიცინო ჩარევის გამო, შესაბამისად, მისი ქმედება წარმოადგენს დაუმთავრებელ დანაშაულს - განზრახ მკვლელობის მცდელობას.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებად არ იყენებს ფარული მიყურადება-ჩაწერის კრებსებს, რამდენადაც სასამართლოში არ გამოკვლეულა აღნიშნული კრებსების წყარო CD დისკის სახით, რომელიც საქმის არსებითი განხილვისას ნივთიერ მტკიცებულებათა ნუსხიდან მოხსნა ბრალდების მხარემ.

 

საქართველოს კონსტიტიციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1--–- ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. იმ პირობებში, როდესაც მხარეს და სასამართლოს არ აქვს აუდიოჩანაწერის შემოწმების საშუალება, არ გამოკვლეულა წყარო, საიდანაცაა ნაწარმოები აღნიშნული და ვერ ამოწმებს ჩანაწერის იდენტურობას კრებსებთან, ჩნდება გაუქარწყლებელი ეჭვი მისი უტყუარობის თაობაზე. წარმოდგენილი კრებსები ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია ასეთ წერილობით მასალაზე დაყრდნობა და აღნიშნულს ვერ დაუდებს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მხედველობაში არ იღებს ზემოხსენებულ კრებსებს, მიიჩნევს, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები დ---------------ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში დასარწმუნებლად. დ---------------ს მიერ გ-----------------თვის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების მიყენების ფაქტი დადასტურებულია როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ისე - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და მოწმეთა ირიბი ჩვენებებით, რაც შეჯერებულია სხვა მტკიცებულებებთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ირიბ ჩვენებებს, რომლებიც რიგ გარემოებებთან მიმართებით პირდაპირია, აფასებს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რომლებთანაც სრულ თანხვედრაშია დაზარალებულ გ----------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება, ასევე, სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები და მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ---------------მ 2012 წლის 1 აპრილს ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1--–- ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებების გათვალისწინებით.

 

სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას.

 

სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ქმედებას დანაშაულის ჩადენის შემდგომ, რომ დატოვა შემთხვევის ადგილი და მრავალი წლის განმავლობაში თავს არიდებს გამოძიებასა და სასამართლოს, ასევე, წარსულ ცხოვრებასაც, რომ სხვა დროს არ ყოფილა პასუხისგებაში მიცემული.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, დ---------------ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების აუცილებლობაზე, რამდენადაც აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა, დ---------------ს მიერ კი დანაშული ჩადენილია 2012 წლის 1 აპრილს.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნის საფუძველზე, დ---------------ს გაუნახევრდება დანიშნული სასჯელი, რამდენადაც სახეზეა დანაშაულის მცდელობა და ის წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განზრახი დანაშაულისათვის.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნივთიერი მტკიცებულების სახით საქმეზე დართული აუდიოჩანაწერის კრებსი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

რაც შეეხება მტკიცებულებებს, რომლებიც ბრალდების მხარემ მოხსნა საქმის არსებითი განხილვისას, მათზე სასამართლო არ იმსჯელებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე, დ---------------ს გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

დ---------------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

 

დ---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულების სახით საქმეზე დართული აუდიოჩანაწერის კრებსი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 (ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე,მოსამართლე შორენა გუნცაძე