განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2019
საქმის ნომერი
120100119002892193
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/064-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

29 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ა---––---

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---------–---–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ს------------------- (დაბადებული 2---------წ., პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული ქ. ა---––---, წ----------------------–-- ქ. N--, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ა---––---, ყ---------------)

 

ადვოკატები - ე--------------–---, ნ----------------–---–-

 

თარჯიმანი - ლ---------------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი - ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

წარდგენილი ბრალდების არსი:

ქ. ა---––---ში ყ-------- ქუჩა N---ში მცხოვრები ს-------------------ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ამცირებდა და შეურაცხყოფდა მის მეუღლეს ფ----------–---–---–-, უშლიდა მობილური ტელეფონით საუბარს, კომუნიკაციის დამყარებას ნათესავებთან, თავისი შეხედულებისამებრს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რითაც ს-------------------ი თვლიდა, რომ ოჯახში იყო მამაკაცი და მისი მითითება იყო სავალდებულოდ შესასრულებელი. გარდა ზემოაღნიშნულისა 2019 წლის 01 თებერვალს დაახლოებით 14:00 საათზე სახლში მყოფ ს-------------------ს და მის მეუღლეს ფ----------–---–---–- ეჭვიანობის ნიადაგზე მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც ს-------------------მა არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–----------------- დაბადებულ ლ------------------- თანდასწრებით მეუღლეს ფ----------–---–---–- მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც ფ----------–---–---–-- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

სასამართლომ დაადგინა:

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, განიხილა ს-------------------ის ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ს-------------------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ს-------------------ი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

მოწმე მ-----–----–---–---–-ს ჩვენებით დადგენილია, 2019 წლის 1 თებერვალს იმყოფებოდა სოფელ უდეში, როდესაც მისმა დამ ფ----------–---–---–-- დაურეკა და უთხრა, რომ ს-------------------მა დაარტყა, რაზეც მ-----–----–---–---–-- დარეკა 112-ში, თავად კი წამოვიდა დასთან ქ. ა---––---ში. მისი განმარტებით იგი მომხდარ კონფლიქტს არ შესწრებია, ფ----------–---–---–- ნახა პოლიციის შენობაში, რომელსაც სახეზე დარტყმული არ ემჩნეოდა. ბრალდების მხარის მიერ მოწმის თანხმობით წაკითხულ იქნა გამოძიების დროს მიცემული ჩვენება, სადაც მ-----–----–---–---–- განმარტავს, რომ 2019 წლის 1 თებერვალს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც დაურეკა დამ ფ----------–---–---–-- და უთხრა, რომ მეუღლემ სცემა და თხოვა მიეხედა. მ-----–-----–---–---–- წამოვიდა ქ. ა---––---ში დის ფ----------–---–---–-ს საცხოვრებელ სახლში, მისვლისას დაინახა, რომ ფ------- სახეზე მარცხენა თვალის მიდამოში ჰქონდა გაწითლებული, ფ------- საუბრისას უთხრა, რომ ს------- მას გაშლილი ხელი რამოდენიმეჯერ დაატყა სახის არეში. პროკურორის კითხვაზე შეესაბამებოდა თუ არა გამოძიებაში მიცემული ჩვენება სიმართლეს მ-----–----–---–---–-- განაცხადა, რომ რაც მოხდა ის თქვა. რაც მან დაწერა იყო სიმართლე. ანუ როდესაც ჩამოვიდა ა---––---ში და მივიდა დის ოჯახში ნაცემი სადაც წერია, შესაძლებელია ნერვიულობისგან, ტირილისგან ყოფილიყო გაწითლებული და დარტყმული არ ყოფილიყო.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე პროკურორმა საჯაროდ წაიკითხა მოწმე ა------------------- გამოძიების დროს, 2019 წლის 1 თებერვალს მიცემული ჩვენება, ვინაიდან მოწმე გარდაიცვალა. გამოკითხვის ოქმში მოწმე უთითებს, რომ ცხოვრობს ქ. ა---––---ში, მასთან ერთად ასევე ცხოვრობს მისი შვილიშვილი ს-------------------ი მეუღლესთან ფ----------–---–---–---- და მათ სამ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად. 2019 წლის 1 თებერვალს დილით მისმა შვილიშვილმა თავისი შვილები წაიყვანა სკოლაში და ბაღში, ხოლო რძალი ფ----------–---–---–- იმყოფებოდა სახლში. ბავშვების წაყვანის შემდეგ ს-------------------ი მალევე დაბრუნდა სახლში და დაწვა. შუადღის საათებში ფ----------–---–---–-- ლ------------------ სკოლიდან გამოიყვანა, ამ დროს ს------– იყო სახლში, თუმცა აპირებდა წასვლას. ა------------------- გაიგონა ს-------------------ის და მისი მეუღლის ფ------- საუბარი, მაგრამ თუ რაზე ლაპარაკობდნენ დიდად არ მიუქცევია ყურადღება, თუმცა კი მათი საუბარი გადაიზარდა კამათში, რა დროს დაინახა, რომ მისაღებ ოთახში ს-------------------მა ხელი კრა თავის ცოლს, რომელიც წაიქცა დივანზე, რა დროსაც ატირდა ლ------------------.

 

მოწმე ა-–---------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 1 თებერვალს ოჯახური დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ქ. ა---––---ში ო-----–----- ქუჩაზე დააკავა ს-------------------ი. იგივე გარემოება დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-------–---------–---–--.

 

მოწმე თ------------–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა მ-----–----–---–---–-.

 

მოწმე ა-–-------------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ბრალდებულ ს-------------------ს გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ, ასევე დაზარალებულს გააცნო დადგენილება და გამოკითხა დაზარალებული.

 

მოწმე ა--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტად, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც გადაიღო ფოტოსურათები.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად 2019 წლის 02 თებერვალს 14:30 საათიდან 15:00 საათამდე გამომძიებელ ა-–-------------------–---–-- მიერ ექსპერტ ა--------------ს და რ-------------------- თანდასწრებით მოხდა ქ.ა---––---ში, ყ-------- ქ.N---ში მდებარე ს-------------------ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერება, რის შედეგადაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი აღმოჩენილი ვერ იქნა, ექსპერტის მიერ გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რაც დაერთო ოქმს.

 

დაზარალებულებმა ფ----------–---–---–-- და ლ-------------------, ასევე მოწმე რ-------------------- (რომელიც არის შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირი და შესაბამისად გამოძიებისას უშუალოდ გამოკითხული არ ყოფილა)

გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის - შვილის, მეუღლის და მამის - ს-------------------ის მიმართ.

 

ბრალდებულმა ს-------------------მა გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე.

 

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 4 თებერვლის N---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით, ფ----------–---–---–- უჩიოდა ტკივილს მარცხენა თვალბუდის არეში, ობიექტურად სხეულზე გარეგნულად დათვალიერებით დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შინაარსობრივი და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისი არ არის ს-------------------ის მიერ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტის დასადგენად, შემდეგ გარემოებათა გამო:

თავად დაზარალებულებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის. მოწმეების ჩვენება, ს-------------------ის მიერ ფ----------–---–---–-ს მიმართ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფის და ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე ინფორმაციას არ იძლევა.

აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმე მ-----–----–---–---–-ს ჩვენება ფ----------–---–---–-ს მიმართ მეუღლის მხრიდან ძალადობის თაობაზე მთლიანად ეფუძნება დაზარალებულის მიერ მისთვის გაცხადებულ ინფორმაციას. გარდა ამისა მ-----–----–---–---–-ს ჩვენება არათანამიმდევრულია და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას გადმოსცემს. თავდაპირველად მისი განმარტებით დაზარალებულს ფიზიკური ძალადობის კვალი არ ეტყობოდა, ხოლო მას შემდეგ რაც ბრალდების მხარემ წაიკითხა მისი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება, განმარტა, რომ მის დას სახეზე სიწითლე ეტყობოდა და შესაძლოა იგი გამოწვეული ყოფილიყო ტირილის შედეგად.

 

ფაქტის დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ვერ დაეყრდნობა ა------------------- გამოკითხვის ოქმს, ვინაიდან იგი სასამართლოში უშუალოდ გამოკითხული არ ყოფილა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ მოწმის გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაცია არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს დაედოს საფუძვლად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მიზნებისათვის ძალადობა გულისხმობს როგორც ცემას, ანუ არაერთჯერად დარტყმას, ასევე ძალადობის სხვაგვარ ფორმებს, მაგალითად ერთჯერად დარტყმას. ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი - ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება. ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი შეიძლება დადგინდეს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმით.

 

სასამართლოს შეფასებით, უტყუარად არ დასტურდება ბრალდებულის მიერ ფ----------–---–---–-ს მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფის და ძალადობის ფაქტი. საქმეზე არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომ დაზარალებულმა ბრალდებულის ქმედების შედეგად განიცადა ტკივილი ან ტანჯვა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ ბრალდებასთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ს-------------------ის მიერ ფ----------–---–---–-ს მიმართ ფიზიკურ ძალადობას.

 

საბოლოო ჯამში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ვერ დგინდება სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტები, როგორიცაა ძალადობა. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, კი ასეთი არაერთი ეჭვის წამოჭრაა შესაძლებელი, რომელთა შემოწმებას მტკიცებულებების ნაკლებობის გამო სასამართლო ვერ ახერხებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს-------------------ის მიერ მისი მეუღლის - ფ----------–---–---–-ს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და ფიზიკური ძალადობის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განხორციელების ფაქტი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში ს-------------------ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ ს-------------------მა მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში მეუღლის ფ----------–---–---–-ს მიმართ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. თავად დაზარალებულებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის. ამასთან, განსახილველი კატეგორიის დანაშაულისათვის საკმარისი არ არის დადგინდეს მხოლოდ ფაქტი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობისა, სავალდებულოა იყოს დადგენილი, რომ დაზარალებულმა ასეთი მოქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. თავად დაზარალებულმა ფ----------–---–---–-- კი სასამართლოს არ მისცა ჩვენება. შესაბამისად, სახეზე არ არის დანაშაულის ფაქტის დასადგენად საჭირო გარემოებები.

 

რაც შეეხება ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 4 თებერვლის N---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც მითითებულია, რომ პირადი გასინჯვით, ფ----------–---–---–- უჩიოდა ტკივილს მარცხენა თვალბუდის არეში, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული დაზარალებულის განმარტების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულების, დაირღვევა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მისცემია საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება აღნიშნული. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, დასკვნაში აღნიშნული დაზალებულის განმარტება ვერ შეცვლის ინფორმაციის წყაროს.

 

ზემოაღნიშნულ მტკიცებულების შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2.). აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).

საქართველოს კანონმდებლობაში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის კრიტერიუმებს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია (მე-2 ნაწილი); სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება (მე-3 ნაწილი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, ს-------------------ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს-------------------ი (პ/ნ 4----------) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

2. ს-------------------ის (პ/ნ 4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გირაო დღეის მდგომარეობით უზრუნველყოფილი არ არის;

 

3. განემარტოს ს-------------------ს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ა---––---, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით;

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა