გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
340210018002514316
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210018002514316

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.10.2019 წ. ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი

სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი

მოსარჩელე სს ლი------- ბანკი,მოსარჩელის წარმომადგენელი ნ-----------–---–-, ნ--------------,მოპასუხე ზე----- აბ-–-ძე,მოპასუხის წარმომადგენელი გ----–-------–-–---–-

მოპასუხეები ნა---- კი---–----ა, ცე------ ხა----–---–ი, თე----- ყი--–-ძე,დავის საგანი: საკრედიტო დავალიანების გადახდა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1. მოპასუხეებს ზე----- აბ-–-ძეს, ნა---- კი---–----ას, ცე------ ხა----–---–სა და თე-----ი ყი--–-ძეს სს „ლი------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N0002/2014/10--- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12 321, 32 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 6301,25 ლარი, სარგებელი - 5020,07 ლარი, ჯარიმა - 1000 ლარი;

2. თავდები პირების- ნა---- კი---–----ას, ცე------ ხა----–---–ის და თე-----ი ყი--–-ძის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 8240 ლარის ფარგლებში

(მოსარჩელემ 21.03.2019 წლის სასამართლო სხდომაზე პირველი სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში შეამცირა, ხოლო მე-2 სასარჩელო მოთხოვნა გაიხმო )

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეები წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელს არ დაეთანხმნენ უსაფუძვლობის გამო, ხოლო მთავარ სხდომაზე უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულობაზეც მიუთითეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 03.10.2014 წელს სს „ლი------- ბანკსა“ და ზე----- აბ-–-ძეს შორის გაფორმდა N0002/2014/10--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა საბანკო კრედიტი 8000 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით- 17.11.2014 წლიდან - 17.10.2016 წლამდე. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი- 25% და ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლო 1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 9ს.ფ. 18) ;

 

3.1.2 მსესხებელთან გაფორმებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 03 ოქტომბერს გაფორმდა N0002/2014/10----1 თავდებობის ხელშეკრულება სს „ლი------- ბანკსა“ და ცე----- ხა----–---–ს შორის, N0002/2014/10----2 ხელშეკრულება სს „ლი------- ბანკსა“ და ნა---- კი---–----ას შორის და N0002/2014/10----3 ხელშეკრულება სს „ლი------- ბანკსა“ და თე----- ყი--–-ძეს შორის, რის საფუძველზეც, თავდებებმა იკისრეს სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა მათი პასუხიმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 8240 ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-28) ;

 

3.1.3. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ნაწილ-ნაწილ, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული წესითა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, რაც მსესხებელმა პირველად დაარღვია 20.01.2015 წელს, ამის შემდეგ პერიოდულად არღვევდა ვალდებულებას და გრაფიკის დარღვევით და არასრულად შეჰქონდა თანხები, შესაბამისად, სესხზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გადახდის გრაფიკი, ამონაწერი ანგარიშიდან და ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 29, 39, 55)

3.1.4. მსესხებელმა ბოლო გადახდა განახორციელა 10.04.2015 წელს. მსესხებლის მიერ გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 5.4. პუნქტის და თავდებობის ხელშეკრულების 3.5 პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის ბოლომდე ანგარიშიდან ეჭრებოდათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელები, რაზეც მოპასუხეები ინფორმირებული იყვნენ .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი ანგარიშიდან , მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.5. მოპასუხეებს როგორც წერილობით, ასევე სატელეფონო შეტყობინებით ეცნობათ სს „ლი------- ბანკის“ მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებების და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-წერილობითი შეტყობინებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.1.6. 2018 წლის 26 ივნისს მოსარჩელემ სარჩელით მომართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 16713,80 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი თანხაა - 6301,25 ლარი, პროცენტი - 5020,07 ლარი, ჯარიმა - 5392,48 ლარი. 2019 წლის 21 მარტს, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა შეამცირა და 5392,48 ლარის ნაცვლად 1000 ლარის დაკისრება მოითხოვა, ხოლო დანარჩენი მოთხოვნა უცვლელად დატოვა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე

 

მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და ამ საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს წარმოდგენილ შესაგებელში, ან მოსამზადებელ სხდომაზე ხანდაზმულობის საკითხი არ დაუყენებია. მოპასუხემ ხანდაზმულობის შესახებ მოსაზრება მთავარ სხდომაზე გამოთქვა და ამასთან, არც დაგვიანებით მითითების საპატიო მიზეზი დაუსახელებია, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებას სასამართლო სამართლებრივად ვერ შეაფასებს.

 

ამასთან, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე არა მარტო დაგვიანებით არის წარმოდგენილი, არამედ დაუსაბუთებელიც არის, რადგან გადაწყვეტილების 3.1.4. პუნქტით დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 5.4. და თავდებობის ხელშეკრულების 3.5 მუხლების შესაბამისად, მოპასუხეთა თანხმობით, 2017 წლის ბოლომდე ანგარიშიდან ეჭრებოდათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელები, ამიტომ გადახდები ხორციელდებოდა უფლებამოსილი პირის მიერ და სარჩელი ხანდაზმული არ არის.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ლი------- ბანკის'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ .

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი , საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ

ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შორის წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას .

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის

ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა

გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 03 ოქტომბერს მოსარჩელეს და მოპასუხე მსესხებელს შორის გაფორმდა N0002/2014/10--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა საბანკო კრედიტი 8000 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, რითაც მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მსესხებელზე გასცა სესხი შეთანხმებული ოდენობით და პირობებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის გადახდების ისტორიით დასტურდება, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად და არსებული მდგომარეობით მისი დავალიანება ძირითად თანხაზე შეადგენს 6301.25 ლარს .

 

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ლი------- ბანკი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხის დავალიანების - 6301.25 ლარის დაბრუნება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებმა სესხისთვის გაითვალისწინეს პროცენტი, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას კი მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხე თავდებებთან სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები დადო, რომლის საფუძველზეც თავდებებმა მსესხებელთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს, ამიტომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში სახეზეა ცე----- ხა----–---–ის, ნა---- კი---–----ას და თე----- ყი--–-ძის სოლიდარული ვალდებულება სს „ლი------- ბანკის“ მიმართ.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 400 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ, რაც მსესხებლის მიერ დარღვეულია, ამიტომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს 2014 წლის 03 ოქტომბერს სს „ლი------- ბანკსა“ და ზე----- აბ-–-ძეს შორის გაფორმებული N0002/2014/10--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხა, რაც 2018 წლის 05 ივნისის მდგომარეობით შეადგენს ძირ თანხას - 6301,25 ლარს, პროცენტს - 5020,07 ლარს და ჯარიმას - 1000 ლარს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე, 1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დადგენილია, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვნილი შემცირებული პირგასამტეხლოც არის შეუსაბამოდ მაღალი, ამიტომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 10-ჯერ და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა, 100 ლარის ოდენობთ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 511,90 ლარი. მოსარჩელემ სარჩელი გაიხმო 4740,53 (4392,48+348,05) ლარის მოთხოვნის ნაწილში, ამიტომ მოსარჩელეს 142,21 ლარი უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან. სარჩელი დაკმაყოფილდა 11421,32 ლარის მოთხოვნის ნაწილში, ამიტომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახ. ბაჟის 342,64 ლარის გადახდა , მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი რჩება ხაზინაში .

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,ლი------- ბანკი”ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხეებს ზე----- აბ-–-ძეს, ნა---- კი---–----ას, ცე------ ხა----–---–ს, თე----- ყი--–-ძეს სს ,,ლი------- ბანკის“ სასარგებლოდ საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 11 421,32 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა- 6301,25 ლარი, სარგებელი- 5020.07 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი

3. თავდები პირების- ნა---- კი---–----ას, ცე------ ხა----–---–ის და თე----- ყი--–-ძის პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებულ ვალდებულებაზე შემოიფარგლოს 8240 ლარით .

4. მოსარჩელეს უარი ეთქვას 900 ლარის დაკისრებაზე

5. მოპასუხეებს ზე----- აბ-–-ძეს, ნა---- კი---–----ას, ცე------ ხა----–---–ს, თე----- ყი--–-ძეს მოსარჩელე სს ლი------- ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახ. ბაჟის- 342,64 ლარის გადახდა .

6. მოსარჩელე სს ‘’ლი------- ბანკს’’ ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2018 წლის 13 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 511.90 ლარის ნაწილი 142,21 ლარი (ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში LBRTGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300503150, საგადახდო დავალება 5143922---)

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი