გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210118002711700
N2/4595-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
9 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - შპს „M--------------”
წარმომადგენელი - გი-----------–-–---–ი
მოპასუხე - შპს „მ--------------–-------------l”
წარმომადგენელი-გი------------ა, და---------–---ია
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს „მ--------------–-------------l”-ს დაეკისროს შპს „M--------------”-ის სასარგებლოდ დაეკისროს 67 977.41 ლარი;
2. მხარეთა პოზიცია:
სარჩელი ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე წარმოადგენს სასტუმრო მომსახურების გამწევ სუბიექტს. 2016 წლის 15 სექტემბერს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სასტუმრო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მოსარჩელე სასტუმრო მომსახურებას უწევდა მოპასუხე მხარის მიერ სასტუმროში მოთავსებულ სტუმრებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური მოპასუხემ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა და სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ერიცხება დავალიანება 67977.41 ლარის ოდენობით. აღნიშნულს ადასტურებს მოსარჩელის მიერ ამოწერილი საგადასახდო ანგარიშფაქტურები, რომლებიც დადასტურებულია მოპასუხე მხარის მიერ. სარჩელის თანახმად, დავალიანების წარმოშობის მიზეზი გახდა ე.წ. „ნოუ შოუ“, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, რომლის თანახმად, ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს ნომრის ღირებულების 100%.
მოსარჩელემ ახსნა-განმარტების ეტაპზე განაცხადა, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯავშნის გაუქმების წინასწარ შეტყობინების ვალდებულება, რის გამოც ერიცხება დაუტვირთავი ოთახების ღირებულება, სრული მოცულობით.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სასამართლოში წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და განმარტა, რომ სრულად აქვს გადახდილი მიღებული მომსახურების ღირებულება. მითითებული ანგარიშფაქტურები ამოწერილია არა მომსახურებაზე, არამედ პირგასამტეხლოზე. მოსარჩელე უსაფუძვლოდ ითხოვს გაუწეველი მომსახურების ღირებულებას. მოპასუხე ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას და წინასწარ ატყობინებდა მოსარჩელეს ჯავშნის გაუქმების შესახებ, რის გამოც თანხის დარიცხვა უკანონოა.
ამასთან, თუ მითითებული თანხა ჩაითვლება როგორც პირგასამტეხლო, იგი შეუსაბამოდ მაღალია, ეწინააღმდეგენა გონივრულობისა და კეთილსინდისიერების პრინციპს და უნდა შემცირდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 5 სექტემბერს, შპს „M--------------”-ს (შემდეგში „სასტუმრო“) და შპს „მ--------------–-------------l”-ს (შემდეგში „სააგენტო“) შორის გაფორმდა სასტუმრო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა სასტუმრო „C-----------------------ში მომსახურების გაწევა, მყარი ბლოკის ფორმატში. სულ გარანტირებული 16 ნომერი, 2017 წლის 10 ივნისიდან 2017 წლის 20 სექტემბრამდე.
2017 წლის 5 ივლისს, მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების და დამატებების შეტანაზე, რომლის თანახმად 2017 წლის 15 ივლისიდან შემცირდა ოთახების რაოდენობა და განისაზღვრა 11 გარანტირებული ოთახით.
დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ სასტუმრო მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, სასტუმროს მიერ მიწოდებული მომსახურების ღირებულება ანუ დაჯავშნილი და ათვისებული ოთახების ღირებულება სააგენტოს მიერ დაფარულია სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სასტუმრო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 17-21)
-შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების და დამატებების შეტანაზე (ს.ფ. 22-25 )
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის სახეა მომსახურება. დავის საგანს წარმოადგენს ვალდებულების შესრულება, რაც მოსარჩელის პოზიციით გამომდინარეობს ხელშეკრულების 3.12 პუნქტიდან, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს სტუმრები არ გამოცხადდებიან მომსახურების გაწევის დღეს, სააგენტო იღებს ვალდებულებას დაფაროს ყველა დაჯავშნილი ოთახის ღირებულების 100%. მოპასუხე სადავოდ ხდის აღნიშნული მუხლის საფუძველზე ნომრის ღირებულების უპირობოდ დარიცხვის კანონშესაბამისობას და მიიჩნევს, რომ სადავო პუნქტი განხილული უნდა იქნეს მხოლოდ ხელშეკრულების 3.14 პუნქტთან ერთობლიობაში, რომლის მიხედვით სააგენტო, რომელიმე ნომრის ვერ დატვირთვის შემთხვევაში, ვალდებულია აცნობოს სასტუმროს 24 საათით ადრე. სასტუმრო უფლებას იტოვებს გაყიდოს სააგენტოს მიერ ვერდატვირთული ნომრები. მოპასუხის პოზიციით, მოსარჩელე ცდილობს მიიღოს ორმაგი შემოსავალი, როგორც გაუწეველი მომსახურების შედეგად, ჯავშანმოხსნილი ნომრის ღირებულების 100%-ის დარიცხვით, ისე, სააგენტოს მიერ ვერდატვირთული ნომრების გაყიდვით.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხე სადავოდ ხდის ვალდებულების დარიცხვის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძველს. მისი პოზიციით, ყოველ ჯერზე ატყობინებდა მოსარჩელეს სტუმრებისა და ასათვისებელი ოთახების რაოდენობის შესახებ. შესაბამისად, სასტუმრო, ხელშეკრულებით დადგენილი ვადის დაცვით, გაფრთხილებული იყო ჯავშნის მოხსნის და ოთახის გაყიდვის შესაძლებლობის თაობაზე. ამდენად, არ არსებობს ე.წ. „ნოუ შოუს“ (ვერდატვირთული ნომრების) ღირებულების დარიცხვის ფაქტობრივი საფუძველი. ამასთან, მოპასუხის აზრით, ხელშეკრულების აღნიშნული დათქმა, თუკი, მას განვიხილავთ, როგორც პირგასამტეხლოს, არის ბათილი, ვინაიდან, შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა დაადგინოს ყველა ის სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომელიც უკავშირდება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების წარმოშობას, ვალდებულების შესრულებას და ვალდებულების დარღვევის გამო დასაკისრებელი ზიანის ოდენობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სსსკ-ში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (სუსგ Nას-883-2019 20.09.2019წ).
მტკიცების ტვირთის განაწილების ზემოაღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, ვალდებულების დარღვევის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო ვალდებულების შესრულების მტკიცება მოპასუხის პროცესუალური ვალდებულებაა.
იმის გათვალისწინებით, რომ როგორც შესაგებელში, ისე ახსნა-განმარტების ეტაპზე, მოპასუხემ სადავო გახადა ვალდებულების წარმოშობის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი, სასამართლოს ამოცანაა შეამოწმოს თუ რამდენად დაძლია მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების ტვირთი.
სასამართლო, სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ სადავო ფაქტობრივ გარემოებებს:
3.2.3. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების მთავარ ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ წარუდგინა მოსარჩელეს სათანადო რაოდენობის სტუმარი, რითაც ძირითადი დაარღვია ხელშეკრულების 1.1 მუხლი და შეთანხმების 1.1 მუხლის დ) პუნქტი. ამდენად, მისივე პოზიციით, ამოქმედდა ხელშეკრულების 3.12 მუხლი და მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს დაჯავშნილი ოთახების ღირებულების 100%. მოსარჩელის პოზიციით აღნიშნული თანხა, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის ჯარიმა, აისახა მოპასუხის სახელზე ამოწერილ ანგარიშფაქტურებში.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და განმარტავს, რომ ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად მხოლოდ ხელშეკრულების 3.12 მუხლის მითითება დაუშვებელია და იგი განხილული უნდა იქნეს ამავე ხელშეკრულების 3.14 მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც მოპასუხე მხარეს აძლევს შესაძლებლობას წინასწარ შეატყობინოს სასტუმროს გაუქმებული ჯავშნების შესახებ და ამით მას მისცეს შესაძლებლობა გაყიდოს მომსახურება და მიიღოს შემოსავალი. ამდენად ერთის მხრივ მოსარჩელის უფლებას მიიღოს შემოსავალი მომსახურების გაწევის დღეს სტუმრის არგამოცხადების შემთხვევაში, ჯავშანმოხსნილი ოთახიდან, უპირისპირდება მოპასუხის უფლება ვადაზე ადრე შეატყობინოს სასტუმროს სტუმრის ვერგამოცხადების შესახებ და ამით მოიხსნას 3.12 მუხლით განსაზრღვრული ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევის გამო.
სასამართლო განმარტავს, რომ თავისი იურიდიული ბუნებით, 3.12 მუხლით განსაზღვრული თანხა არის არა პირგასამტეხლო, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დამდგარი ზიანი (მიუღებელი შემოსავლის სახით), რომელიც დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ავტომატურად, გაუქმებული ჯავშნების რაოდენობის და ფასის მიხედვით, არამედ 3.14 მუხლით განსაზღვრული პროცედურის გათვალისწინებით, ჯავშანმოხსნილი და ვერგაყიდული ნომრების რაოდენობის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ე.წ. ნოუ შოუ უნდა გავრცელდეს არა უბრალოდ ჯავშანმოხსნილ ნომრებზე, არამედ ისეთ ნომრებზე, რომლებზედაც არ განხორციელდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულება და სტუმარი არ გამოცხადდა მომსახურების დღეს, რის გამოც ასეთი ოთახები გადავიდა ნოუ შოუს რეჟიმში.
ამ თვალსაზრისით, მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს იმის მტკიცება, რომ ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია მოსარჩელეს სტუმრების არგამოცხადების შესახებ, ხელშეკრულებით დადგენილი წესით, ხოლო მოსარჩელის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენდა სასამართლოსთვის შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის სტუმარი არ გამოცხადდა მომსახურების გაწევის დღეს სასტუმროში, და შესაბამისად რამდენი ოთახი გადავიდა ე.წ. ნოუ შოუს რეჟიმში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სასტუმრო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 17-21)
-შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების და დამატებების შეტანაზე (ს.ფ. 22-25 )
-ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 26-31)
3.2.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია საკუთარი მტკიცების ტვირთი და ვერ წარმოუდგინა სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ე.წ. ნოუ შოუს რეჟიმში გადასული ოთახების ღირებულებას და მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების ვალდებულების დარღვევის ფაქტს.
ვალდებულების მოცულობის დაანგარიშებისას, სარჩელში მითითებული გარემოებები ეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მიერ ამოწერილ ანგარიშფაქტურებს, რომლებშიც მიწოდებული მომსახურების დასახელებად მითითებულია ნოუ შოუ (სტუმრის არგამოცხადების ჯარიმა). შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ მოსარჩელის მიერ დავალიანების დაანგარიშებისას გათვალისწინებული არაა მხარეთა შორის არსებული შეთანხმების ის პირობები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილების 3.2.3 პუნქტში იქნა მითითებული.
მნიშვნელოვანია, რომ მხარეები ურთიერთობდნენ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ინფორმაცია სასტუმროში განსათავსებელი სტუმრების რაოდენობის შესახებ და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები იგზავნებოდა ელექტრონული ფოსტით. ასევე, ელექტრონულად ხდებოდა ამ ინფორმაციის მიღების დადასტურება. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებულ მიმოწერას აქვს მტკიცებითი მნიშვნელობა, გამოუცხადებელი სტუმრებისა და ჯავშანმოხსნილი ოთახების რაოდენობის დათვლის და შესაბამისად ვალდებულების ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი მიმოწერა ადასტურებს ზიანის ოდენობას, რომელიც განიცადა მხარემ სტუმრების დადგენილ ვადაში გამოუცხადებლობის გამო. არც ერთი წერილი არ შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას თუ რა რაოდენობის სტუმარი არ გამოცხადდა მომსახურების დღეს სასტუმროში. წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერით დასტურდება ის გარემოება, რომ ჯავშნების გაუქმების შესახებ მოპასუხე წინასწარ, სისტემატურად აწოდებდა ინფორმაციას მოსარჩელეს, სტუმრების რაოდენობისა და გამოცხადების თარიღის მითითებით, რისი დადასტურებაც ხდებოდა ასევე ელექტრონულად. სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას დადგენილ დროს გამოუცხადებელი სტუმრების, გაუყიდავი ჯავშანმოხსნილი ნომრების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ ამ ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს იმ ვალდებულების მოცულობა, რომლის წარმოშობაც, სწორედ, გამოუცხადებელი სტუმრების, ჯავშანმოუხსნელი და გაუყიდავი ნომრების ღირებულებას უკავშირდება. აქვე, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ მხოლოდ ახსნა-განმარტების ეტაპზე განაცხადა, მოპასუხის მხრიდან ჯავშნის გაუქმების წინასწარი შეტყობინების ვალდებულების დაარღვევის შესახებ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილით ახალი გარემოების მითითების შეზღუდვის ქვეშ ხვდება და ვერ იქნება მიღებული სასამართლოს მიერ.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველი კონკრეტული დღის მიხედვით სააგენტო წინასწარ, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში აწოდებდა სასტუმროს ინფორმაციას, როგორც განსათავსებელი სტუმრების რაოდენობის, ისე მოსახსნელი ჯავშნების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე, მოსარჩელე წინასწარ იყო ინფორმირებული იყო სტუმართა რაოდენობისა და მომსახურების მიწოდების დროის შესახებ. საქმის მასალებში არ მოიძებნება მტკიცებულება, რომელიც გამოიყენა მოსარჩელემ საგადასახადო ანგარიშფაქტურებში მითითებული თანხის დაანგარიშებისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის ვალდებულება მოთხოვნილ თანხის ანაზღაურებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ელექტრონული მიმოწერა (ს.ფ. 80-434)
-ელექტრონული მიმოწერა (ს.ფ. 53-95)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1.დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „M--------------”-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
-სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული დავა გამომდინარეობს მომსახურების გაწევის სამართლებრივ ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმებიდან. ამ თვალსაზრისით მოცემული ურთიერთობა ყველაზე ახლოს დგას ნარდობის ხელშეკრულებასთან (სკ-ის 629-ე მუხლი). თუმცა, ნარდობისაგან განსხვავებით, ვალდებულების საგანი არის არა განსაზღვრული შედეგის მიღება, არამედ სააგენტოს სტუმრებისათვის სასტუმროს მომსახურების გაწევა. მომსახურების ხელშეკრულების იურიდიული ბუნება განისაზღვრება, როგორც ორმხრივი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ერთი მხარე (მომსახურების გამწევი) ვალდებულია შეპირებული მომსახურების გაწევაზე, ხოლო მეორე მხარე (მომსახურების მიმღები) შეთანხმებული ანაზღაურების მიღებაზე. ვალდებულების საგანი არის მოსარჩელის მხრიდან სააგენტოს სტუმრებისათვის სასტუმროს მომსახურების გაწევა, ხოლო მოპასუხის მხრიდან სტუმრების დადგენილ ვადაში წარმოდგენა და მომსახურების საფასურის ანაზღაურება.
დადგენილია, რომ 2016 წლის 5 სექტემბერს, შპს „M--------------”-ს (შემდეგში „სასტუმრო“) და შპს „მარია თრაველს” (შემდეგში „სააგენტო“) შორის გაფორმდა სასტუმრო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა სააგენტოს სტუმრებისათვის სასტუმრო „C-----------------------ში მომსახურების გაწევა მყარი ბლოკის ფორმატში. სულ გარანტირებული 16 ნომერი 2017 წლის 10 ივნისიდან 2017 წლის 20 სექტემბრამდე ვადით. 2017 წლის 5 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების და დამატებების შეტანაზე, რომლის თანახმად 2017 წლის 15 ივლისიდან შემცირდა ოთახების რაოდენობა და განისაზღვრა 11 გარანტირებული ოთახით. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ სასტუმრო მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, სასტუმროს მიერ მიწოდებული მომსახურების ღირებულება ანუ დაჯავშნილი და ათვისებული ოთახების ღირებულება სააგენტოს მიერ დაფარულია სრულად. დავის საგანია, ე.წ. ნოუ შოუს ანუ აუთვისებელი ოთახების ღირებულება, რომლის გადახდის ვალდებულება მოსარჩელის პოზიციით, გამომდინარეობს ხელშეკრულების 3.12 მუხლიდან „თუ სააგენტოს სტუმრები არ გამოცხადდებიან მომსახურების გაწევის დღეს, სააგენტო იღებს ვალდებულებას დაფაროს ყველა დაჯავშნილი ოთახის ღირებულების 100%“. მოსარჩელის პოზიციით ეს თანხა წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი სააგენტოს მიერ სტუმრის განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, უპირობოდ.
სასამართლო უთითებს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. სასამართლოს აზრით, ხელშეკრულების მითითებული მუხლის იურიდიული ბუნება უნდა განიმარტოს არა განყენებულად, არამედ ვალდებულების წარმომშობ სხვა მუხლებთან ერთობლიობაში. კერძოდ, ხელშეკრულების 3.14 მუხლით განსაზღვრულია: სააგენტო, რომელიმე ნომრის ვერ დატვირთვის შემთხვევაში, ვალდებულია აცნობოს სასტუმროს 24 საათით ადრე. სასტუმრო უფლებას იტოვებს გაყიდოს სააგენტოს მიერ ვერდატვირთული ნომრები. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ 3.12 მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო არ შეასრულებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებას და წინასწარ არ შეატყობინებს სასტუმროს სტუმრის ვერგამოცხადების შესახებ. აღნიშნული პოზიციის სასარგებლოდ მეტყველებს ის გარემოებაც, რომ 3.12 მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც „სტუმრები არ გამოცხადდებიან მომსახურების გაწევის დღეს“, რაც სასტუმროს სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელს ხდის დაჯავშნილი ოთახის ახალ სტუმარზე გაცემის შესაძლებლობას. ამდენად, სააგენტოს მხრიდან 3.14 მუხლით განსაზღვრული პირობის დარღვევის შემთხვევაში, მოქმედებს 3.12 მუხლი, რომელიც ადგენს სასტუმროს მიუღებელ შემოსავალს, რომელიც ზიანის - მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისრება სააგენტოს.
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კერძო სამართლის ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპი ნიშნავს მხარის ვალდებულებას კეთილსინდისიერად მოახდინოს საკუთარის უფლების რეალიზაცია. მოითხოვოს და მიიღოს სამოქალაქო სიკეთე მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში, ნების გამოვლენის გონივრული განსჯისა და სამართალურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ორივე მხარის ინტერესის სამართლიანი დაბალანსების შედეგად. სასამართლოს მიაჩნია, რომ გაუწეველი მომსახურებისათვის ღირებულების 100% დაწესება, აღნიშნული ვალდებულების დამაბალანსებელი ნორმის ამოქმედების გარეშე, არა მხოლოდ უკანონოა, არამედ ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მხარეთა უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლოს კვლევის საგანია შეასრულა თუ არა სააგენტომ მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სტუმრების წარდგენის და ჯავშნის გაუქმების წინასწარი შეტყობინების ვალდებულება. ასევე, ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, სახეზე არის თუ არა ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სახით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, კერძოდ, მოპასუხის მხრიდან ჯავშნის გაუქმების წინასწარი შეტყობინების ვალდებულების დარღვევა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელემ დაადასტურა მის მიერ წინასწარი შეტყობინების ვალდებულების დაცვის ფაქტი. სასამართლო მიუთითებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ ელექტრონულ მიმოწერაზე, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხე ყოველ ჯერზე ატყობინებდა მოსარჩელეს სასტუმროში გამოცხადებული სტუმრების რაოდენობის, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების და სასტუმროში დაყოვნებული დროის შესახებ. საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ ე.წ. ნოუ შოუს რეჟიმში გადაყვანილი ოთახების რაოდენობისა და ფასის შესახებ, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევას და 3.12 მუხლით განსაზღვრული ზიანის ფაქტს.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის დაკისრების საფუძველია ვალდებულების ბრალეული დარღვევა. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამომდინარეობს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი სახელშეკრულებო მოთხოვნის საფუძვლებიდან. ამ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოიცავდა სასტუმროში სტუმრების განთავსებას ან ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას. პასუხისმგებლობის წარმომშობი საფუძველია ამ მოვალეობათა შეუსრულებლობა, არა ცალ-ცალკე, არამედ ერთობლივად, რაც მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება. შესაბამისად, არ დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტიც. აღნიშნული კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199 1 -ე მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, შპს „M--------------”-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში შპს „მარია თრაველის" (ს/კ 4--------) კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს, 10 000 ლარის ფარგლებში, ყადაღა, ასევე, გავრცელდა, განჩინების მიღების შემდეგ ჩარიცხული ყოველი თანხის (ტრანზაქციის) 50%-ზე, ვიდრე დაყადაღებული თანხების საერთო ჯამი არ მიაღწევს 67977.41 ლარს. მითითებული საპროცესო ნორმის საფუძველზე აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 2040 ლარის ოდენობით. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. ამდენად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს გადახდილად.
8.2. წარმოდგენილ დაზუსტებულ შესაგებელში მოპასუხემ იშუამდგომლა, მოსარჩელისათვის იურიდიული მომსახურების ღირებულების დაკისრება 4500 ლარის ოდენობით. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის მოცულობის გათვალისწინებით, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მოპასუხის სასარგებლოდ 2500 ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი საზღაურის სანაცვლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს „M--------------”-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. დაეკისროს მოსარჩელე შპს „MARIA COLIZEUM”-ს მოპასუხე შპს "---------------–---------------"-ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი 2500 ლარის ოდენობით;
3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში შპს "---------------–---------------" (ს/კ 4--------) კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს, 10 000 ლარის ფარგლებში, ყადაღა, ასევე, გავრცელდა, განჩინების მიღების შემდეგ ჩარიცხული ყოველი თანხის (ტრანზაქციის) 50%-ზე, ვიდრე დაყადაღებული თანხების საერთო ჯამი არ მიაღწევდა 67977.41 ლარს.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე