გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.08.2019
საქმის ნომერი
010210019003013205
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
14.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210019003013205

№2-1626/19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 აგვისტო, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე შპს „-------ი“

წარმომადგენელი ნ-----–- ს-------ე, მ--–---- ზ----ე

მოპასუხე შპს ,---------''

წარმომადგენელი ა------ ც-–--–--ე

დავის საგანი - შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს

დაკისრება, ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 შპს ,---------''-ს დაეკისროს შპს „-------ის“ სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება 63 454 ლარის ოდენობით;

 

1.2 შპს ,---------''-ს დაეკისროს შპს „-------ის“ სასარგებლოდ 2018 წლის 27 მარტიდან გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე ფაქტობრივად არსებული დავალიანების 63 454 ლარის 0,1%-ის (63,45 ლარი) გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

 

1.3 შპს ,---------''-ს დაეკისროს შპს „-------ის“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით გადასახდელი თანხის 63 454 ლარის წლიური 9%-ის გადახდა 2019 წლის 27 მაისამდე - 6187 ლარის ოდენობით, ასევე დაეკისროს ზ/აღნიშნული პროცენტის გადახდა 2019 წლის 27 მაისიდან გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე;

 

1.4 პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ სცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება არ გააჩნია. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს და ზიანის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 14 ნოემბერს შპს ,---------''-ს და შპს „-------ს“ შორის დადებული იქნა ნარდობის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 14.11.2016წ ნარდობის ხელშეკრულება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 14 ნოემბერს მხარეებს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი შპს ,---------'' ვალდებული იყო უზრუნველეყო ქ. ბათუმში, ტ---–------------- ქუჩა №73-ში და ქ. ბათუმში, კ-----–---- ქუჩა №15-ში, მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში მეტალოპლასმასის კარფანჯრების ორმაგი მინა პაკეტით დამზადება/მონატაჟის სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების მე-2 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ფასსა და ანგარიშსწორების პირობებზე. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენდა ერთი კვადრატი მეტრის 43 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარს, ანგარიშსწორება განხორციელდებოდა უნაღდო ანგარიშსწორების წესით შესრულებული სამუშაობის მიღება-ჩაბარების აქტის მხარეთა მიერ ხელმოწერიდან/დადასტურებიდან ეტაპობრივად. მხარეები ასევე ხელშეკრულების 2.3. პუნქტით შეთანხმდნენ, რომ შესრულებული სამუშაობის საერთო ოდენობა შეადგენდა 2350 კვ/მ-ს, ხოლო საერთო ღირებულება 101 050 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარს. იმ შემთხვევაში თუ შესრულებული სამუშაოების საერთო ოდენობა გაიზრდებოდა, მხარეები სამუშაოს დაწყებამდე წინასწარ თანხმდებოდნენ მის ანაზღაურებაზე წერილობითი ფორმით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 14.11.2016წ ნარდობის ხელშეკრულება;

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების 2.3 პუნქტის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით გაიზარდა შესრულებული სამუშაოს ოდენობა და შესაბამისად გაიზარდა შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „-------ის“ მიერ შესრულებული იქნა მასსა და შპს ,---------''-ს შორის 2016 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. ამასთან შპს „-------მა“ ქ. ბათუმში, ტ---–------------- ქუჩა №73-ში და ქ. ბათუმში, კ-----–---- ქუჩა №15-ში, მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში მეტალოპლასმასის კარფანჯრების ორმაგი მინა პაკეტით დამზადება/მონატაჟის სამუშაოების შესრულებისას, დამატებითი სამუშაოები შეასრულა ასევე ქ. ბათუმში, ჯ-----–---–-- ქუჩა №6 „ბ“-ში და N6 „ა“-ში. საბოლოოდ მხარეებს შორის 2016 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის და 2.3. პუნქტის შესაბამისად, სამუშაობის ღირებულებამ ნაცვლად 101 050 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა, შეადგინა 389 970 ლარი (სამუშაოს შესრულების მომენტისათვის არსებული ვალუტის კურსი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 14.11.2016წ ნარდობის ხელშეკრულება;

- 30.12.2016წ მიღება-ჩაბრების აქტი;

- 30.12.2016წ მიღება-ჩაბრების აქტი;

- 27.12.2017წ მიღება-ჩაბრების აქტი;

- 27.12.2017წ მიღება-ჩაბრების აქტი;

- 31.01.2018წ მიღება-ჩაბრების აქტი;

- 28.02.2018წ მიღება-ჩაბრების აქტი;

- 31.07.2018წ მიღება-ჩაბრების აქტი;

 

3.2.3. დადგენილია, რომ 30.12.2016წ, 30.12.2016წ, 27.12.2017წ, 27.12.2017წ, 31.01.2018წ, 28.02.2018წ და 31.07.2018წ შპს ,---------''-ს და შპს „-------ს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე გამოწერილი იქნა ელექტრონულად სასაქონლო ზედნადებები. შესრულებული სამუშაოების ღირებულება დგინდება, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გაცემული სასაქონლო ზედნადებით და საბანკო ანგარიშსწორებით. მითითებული სამუშაოების ღირებულებები შპს ,---------''-ს სადავოდ არ გაუხდია, საქმეში არც სხვა მტკიცებულება ყოფილა წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ შესრულებელი სამუშაოების ღირებულების ოდენობის უარსაყოფად. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „-------ის“ მიერ შპს ,---------''-ს კუთვნილ მშენებარე საცხოვრებელ კორპუსებში მეტალოპლასმასის კარფანჯრების ორმაგი მინა პაკეტით დამზადება/ მონატაჟის სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 389 970 ლარი, საიდანაც შპს ,---------''-ის მიერ ეტაპობრივად გადახდილია სამუშაოების ღირებულების ნაწილი 326 516 ლარი, შესაბამისად შპს ,---------''-ის დავალიანება შპს „-------ის“ მიმართ შეადგენს 63 454 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 14.11.2016წ ნარდობის ხელშეკრულება;

- 30.12.2016წ მიღება-ჩაბრების აქტი;

- 30.12.2016წ მიღება-ჩაბრების აქტი;

- 27.12.2017წ მიღება-ჩაბრების აქტი;

- 27.12.2017წ მიღება-ჩაბრების აქტი;

- 31.01.2018წ მიღება-ჩაბრების აქტი;

- 28.02.2018წ მიღება-ჩაბრების აქტი;

- 31.07.2018წ მიღება-ჩაბრების აქტი;

- ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები;

- ტრანზაქციები, შპს „-------ი“, 24.05.2019წ;

- საგადახდო დავალებები;

 

3.2.4. ხელშეკრულების მე-8 მუხლით მხარეები ასევე შეთანხმდნენ დაგვიანებით განხორციელებული გადახდებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობაზე, რომლის 8.3. პუნქტის თანახმად, „თუ კი დამკვეთი არ ასრულებს შემსრულებლის მიერ შესრულებულ სამუშაოს ან/და სამუშაოთა ნაწილის ანაზღაურების, ან/და გაქვითვის ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, მაშინ მან შემსრულებელს დაგვიანებული ანგარიშსწორებისთვის ან/და გაქვითვისთვის უნდა გადაუხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,1% პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის სრულ გადახდამდე“.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ შპს „-------მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სრულად და ჯეროვნად შეასრულა ერთის მხრივ მასსა და მეორე მხრივ შპს ,---------''-ს შორის 2016 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით შპს ,---------''-ს წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება, ასევე მის მიერ შესრულებულია დამატებითი სამუშაოები და შპს ,---------''-ს დავალიანება შპს „-------ის“ წინაშე შეადგენს 63 454 ლარს, შესაბამისად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, რაც მოიცავს 425 დღეს, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 26 967 ლარს, რომელიც გამოანგარიშებულია შპს „-------ის“ მიერ გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1%-იდან ვალდებულების დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (425 დღე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები;

- ტრანზაქციები, შპს „-------ი“, 24.05.2019წ;

- საგადახდო დავალებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „-------ის“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ: შპს ,---------''-ს დაეკისროს შპს „-------ის“ სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება 63 454 ლარის ოდენობით; შპს ,---------''-ს დაეკისროს შპს „-------ის“ სასარგებლოდ 2018 წლის 27 მარტიდან გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე ფაქტობრივად არსებული დავალიანების 63 454 ლარის 0.01%-ის (6,34 ლარი) გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

 

4.2. მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დგინდება ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველის არსებობა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 69-ე, 361-ე, 629-ე, 648-ე, 649-ე, 400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 412-ე, 394-ე და 395-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მიერ მიღწეული იქნა შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 14 ნოემბერს მხარეებს შორის დადებული იქნა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით.

 

საკასაციო პალატა განმარტავს (№ას-729-729-2018წ), რომ „ნარდობის ხელშეკრულებასთან მიმართებაში, სრული მოცულობით მოქმედებს სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, კერძოდ: „კერძო სამართლის სუბიქტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.“ თავისუფალი არჩევანის არსებობის პირობებში ის გარემოება, რომ სახეზე არ არის წერილობით დადებული გარიგება არ გულისხმობს, რომ მხარეთა შორის ადგილი არ ჰქონია სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების ფაქტს, რომლის ფარგლებში საზოგადოებამ შეასრულა ვალდებულება, რაც პრეზენტაციისათვის აუცილებელი ღონისძიების გატარების უზრუნველყოფაში მდგომარეობდა. ნარდობის ხელშეკრულება არის სასყიდლიანი ხელშეკრულება, რამეთუ შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური (როგორც წესი, ფულადი სახით). შეთანხმება საზღაურის გადახდის შესახებ არ მიეკუთვნება ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობას. საზღაურზე შეთანხმების არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ შემკვეთს უფლება აქვს არ გადაიხადოს შესრულებული სამუშაოსათვის საზღაური, რადგან სსკ-ის 630-ე მუხლიდან გამომდინარე ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი“.

 

ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. 649-ე მუხლის თანახმად კი - თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შემსრულებელი შპს „-------ი“ ვალდებული იყო უზრუნველეყო ქ. ბათუმში, ტ---–------------- ქუჩა №73-ში და ქ. ბათუმში, კ-----–---- ქუჩა №15-ში, შპს ,---------''-ს კუთვნილ მშენებარე საცხოვრებელ კორპუსებში მეტალოპლასმასის კარფანჯრების ორმაგი მინა პაკეტით დამზადება/მონატაჟის სამუშაოების შესრულება. „შემსრულებლის“ მიერ ხელშეკრულების შესაბამისად შესასრულებელი სამუშაოს მთლიანი ღირებულება შეადგენდა 101 050 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარს, დღგ-ს ჩათვლით. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, ასევე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულებები შპს ,---------''-ს სადავოდ არ გაუხდია.

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ზ/აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული იქნა 101 050 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ შესრულებული იქნა დამატებით სამუშაოები, რომელთა ღირებულებამაც საერთო ჯამში შეადგინა 389 970 ლარი.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს „-------ის“ მიერ ქ. ბათუმში, ჯ-----–---–-- ქუჩა №6 „ბ“-ში და N6 „ა“-ში შესრულებული სამუშაობი/დამატებით შესრულებული სამუშაოები, ასევე შედიოდა მოპასუხის ინტერესებშიც და გამომდინარეობდა მხარეებს შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების 2.3 პუნქტის დანაწესიდან. ასევე დადგენილია, რომ შპს „-------მა“ საჭირო დამატებითი ხარჯი გაიღო მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამდენად, სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე მოპასუხეს წარმოეშვა აღნიშნული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულებაც.

 

ასევე დადგენილია, რომ დამკვეთის მიერ საბანკო გადარიცხვებით გადახდილი იქნა 326 516 ლარი, დარჩენილმა დავალიანებამ კი შეადგინა 63 454 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

სასამართლომ მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რაც ფაქტობრივად მიიღო მოპასუხემ და სარგებლობს კიდეც შესრულებული სამუშაოს სიკეთით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება მოპასუხის მხრიდან სრულად ანაზღაურებული არ არის. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს შესრულებული სამუშაოს მიუღებელი ანაზღაურების დაკისრება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე გადასახდელი თანხის 63 454 ლარის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს.

 

დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი ვადაში. 2016 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულებით კი განისაზღვრა პირგასამტეხლო, თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,1%-ით. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

გარდა აღნიშნულისა სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად დადგენილია, რომ “სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.”

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებელი პირგასამტეხლო 0,1 %-ის ოდენობით არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონლად მიაჩნია მისი შემცირება 10-ჯერ. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად 2018 წლის 27 მარტიდან გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე ფაქტობრივად არსებული დავალიანების 0.1%-ი (63.45) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, უნდა დაეკისროს 2018 წლის 27 მარტიდან გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე ფაქტობრივად არსებული დავალიანების 0.01%-ის (6,34 ლარი) გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.

სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, სახეზე უნდა იყოს ზიანი, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

სასამართლო კვლავ მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულების შესრულება.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის, 395-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 412-ე მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარე მხოლოდ იმ რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან და ამდენად, ხელშემკვრელი მხარისაგან შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგს წარმოადგენს და რომლის გათვალისწინებაც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს შეეძლო ევარაუდა. სწორედ ეს აზრია გატარებული სსკ-ის 412-ე მუხლის სამართლებრივ მიზანში, რომელიც მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურების მოვალეობას ითვალისწინებს, რომლის მოსალოდნელობაც გონივრული წინდახედულობის ფარგლებში სავარაუდო იქნებოდა და რომლის დადგომაც ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მოქმედების ან უმოქმედობის პირდაპირი შედეგია.

 

ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა. ზიანის ანაზღაურების მეორადი მოთხოვნის უფლება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სახის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის არსებობისას. აღნიშნული უფლება არ არის ალტერნატიული, არამედ შესაძლებელია სხვა მეორადი მოთხოვნის უფლებებთან პარალელურად იქნეს ამოქმედებული.

 

ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ყველაზე გავრცელებული სახეა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ანუ პასუხისმგებლობა გამოიხატება დამრღვევი მხარის ვალდებულებაში, მიყენებული ზიანი ნატურით ან ფულადი სახით აანაზღაუროს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს „-------ი“ ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანმა შესრულებამ განაპირობა შპს „-------ის“ საქმიანობის შეფერხება, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ, მოპასუხეს ხელშეკრულებით სამუშაოები შეუსრულა პირადი სახსრებით და ამავე დროს მოსარჩელე სარგებლობს საბანკო კრედიტით, წლიური 9%-ით. მოსარჩელის მხოლოდ ეს არგუმენტები, სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძველს ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, რადგან მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ზიანი არ დასტურდება. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე არ არის, რაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების სახით გადასახდელი თანხის წლიური 9%-ის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

6.5. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ შპს „-------ის“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს კი წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები და სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 2900 ლარის ოდენობით, ასევე მის მიერ გადახდილი იქნა 300 ლარი იურიდიული მომსახურებისათვის.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 1973 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ასევე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.

 

8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სამოქალაქო-სამართლებრივი, აღსასრულებელი მოთხოვნების იძულებითი აღსრულება იწყება კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროში წარდგენით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით;

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პირდაპირ არის გათვალისწინებული დავის არსებობის შემთხვევაში პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „-------ის“ სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. შპს ,---------''-ს დაეკისროს შპს „-------ის“ სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება 63 454 ლარის ოდენობით;

 

1.2. შპს ,---------''-ს დაეკისროს შპს „-------ის“ სასარგებლოდ 2018 წლის 27 მარტიდან გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე ფაქტობრივად არსებული დავალიანების 63 454 ლარის 0.01%-ის (6,34 ლარი) გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

 

1.3. შპს „-------ის“ სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების სახით გადასახდელი თანხის წლიური 9%-ის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე შპს ,---------''-ს დაეკისროს შპს „-------ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1973 ლარის და იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის 300 ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე