გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2019
საქმის ნომერი
080210019003135404
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210019003135404

#2/2001-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.10.2019 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - შპს კ-–---------–--;

წარმომადგენელი - ზ-------–--–-ა;

მოპასუხე - გ----------ა;

წარმომადგენელი - ი--–----------–--–--ა;

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გ----------ას შპს კ-–-------–---ს სასარგებლოდ დაეკისროს 1306 ლარის გადახდა;

 

1.2. გ----------ას შპს კ-–-------–---ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 91 თეთრის ოდენობით გადახდა, ყოველდღიურად 2018 წლის 30 დეკემბრიდან, მაგარამ არაუმეტეს ორი წლისა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გ----------ას შპს კ-–-------–---ში გაეწია სამედიცინო მომსახურება. მისი დავალიანება კლინიკის მიმართ შეადგენს 1306 ლარს. 2018 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით მოპასუხე გ----------ამ იკისრა ვალდებულება მისი მკურნალობისათვის გაწეული ხარჯი დაეფარა მკურნალობის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, რომლის ვადა ამოიწურა 2018 წლის 29 დეკემბერს. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ ვერ შესრულების შემთხვევაში, ძირითადი დავალიანების თანხის გარდა, მოვალეს გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, დავალიანების ძირი თანხის 0,2%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. მოვალის დარჩენილი დავალიანება კლინიკის მიმართ შეადგენს 1306 ლარს, რაც შეეხება პირგასამტეხლოს მოსარჩელე მხარე ამცირებს და მოითხოვს მოპასუხეს პირგასამტეხლო დაეკისროს 2018 წლის 30 დეკემბრიდან 0,07%-ის ოდენობით ყოველდღიურად, დავალიანების სრულ დაფარვამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა. (იხ. სარჩელი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ----------ამ წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო მხოლოდ ძირი თანხის 1306 ლარის დაკისრების ნაწილში. განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ დიდია და უნდა შემცირდეს. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 12 დეკემბრიდან 2019 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით გ----------ა გადიოდა მკურნალობას შპს „კ-–-------–--„-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სამედიცინო მომსახურების გაწევის დოკუმენტი.

 

3.2.2. გ----------ას და შპს „კ-–-------–--ს„-ს შორის 2018 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეს გაეწია სამედიცინო მომსახურება. გ----------ამ იკისრა ვალდებულება აენაზღაურებია გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით.

 

ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდენენ, რომ მკურნალობის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის განმავლობაში მკურნალობის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ გადაუხდელობის შემთხვევაში, დავალიანების ძირითადი თანხის გარდა პირგასამტეხლოს სახით დაეკისრება დავალიანების 0,2% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12.12.18წ ხელშეკრულება

 

3.2.3. შპს „კ-–-------–--„-ში გ----------ასათვის გაწეულმა მკურნალობის საფასურმა შეადგინა 4525 ლარი. მკურნალობის საფასურის ნაწილი მოპასუხის მიერ დაიფარა, ასანაზღაურებელი დარჩა 1306 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სამედიცინო მომსახურების გაწევის დოკუმენტი.

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადავო არ არის. მოპასუხე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ანიჭებს მოსარჩელეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, რაც შეთანხმებულია მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას და მიიჩნევს რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. გამომდინარე აღნიშნულიდან, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 0,07% უნდა შემცირდეს 0,02%-მდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 26 თეთრს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს კ-–-------–---ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი სახის გარემოებების გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე, 131-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

შპს კ-–-------–---ს სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობა სასამართლომ შეამოწმა სახელშეკრულებო-სამართლებრივი ვალდებულებების ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს კ-–-------–---ში გ----------ას გაეწია სამედიცინო მომსახურეობა, რომლის ღირებულებიდან გადასახდელია 1306 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ძირითადი თანხის 1306 ლარის მოცულობით, ამ ნაწილში სარჩელის ცნობაც საკმარისი საფუძველია მოპასუხისათვის 1306 ლარის დასაკისრებლად.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო შპს კ-–-------–---ს მოთხოვნას გ----------ას მიმართ მკურნალობის საფასურის 1306 ლარის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულად მიიჩნევს და თვლის, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს, გ----------ას უნდა დაეკისროს შპს კ-–-------–---ს სასარგებლოდ მკურნალობის საფასურის 1306 ლარის გადახდა.

 

6.2. რაც შეეხება მოთხოვნილ პირგასამტეხლოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემეობათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

სასამართლო თვლის, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 0,07% შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 0,07% უნდა შემცირდეს 0,02%-მდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 26 თეთრს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხემ ცნო მოთხოვნა 1306 ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, 39.18 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 10.82 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.

 

მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის სასამართლოს გარეშე ხარჯის გადახდის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს საფოსტო გზავნილის 25 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244ე, 248-250-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

1. შპს „კ-–-------–--„-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გ----------ას- შპს „კ-–-------–--„-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1306 ლარის გადახდა;

 

3. გ----------ას- შპს „კ-–-------–--„-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 26 თეთრის ოდენობით, 2018 წლის 30 დეკემბრიდან, მაგრამ არაუმეტეს ორი წლის.

 

4. გ----------ას- შპს „კ-–-------–--„-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 10,82 ლარის ოდენობით;

 

5. გ----------ას- შპს „კ-–-------–--„-ს სასარგებლოდ დაეკისრო მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯების ასანაზღაურებლად გადახდილი 25 ლარის გადახდა.

 

6. შპს „კ-–-------–--„-ის (ს/ნ 2--------) დაუბრუნდეს 2019 წლის 08 აპრილს სს 'თიბისი ბანკში' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 39,18 ლარი (საგადასახადო დავალება №1554720918), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორიათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე