გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.08.2019
საქმის ნომერი
330310019002867588
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
07.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1406-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 აგვისტო, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,ლ-----ი +“

წარმომადგენელი - კ------–-----ე, მ-----–-------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო

წარმომადგენელი - ა-–-----------------ა

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ნ----------–-------------ვა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 დეკემბრის №3---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (იხ. 2019 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხეების და მესამე პირების პოზიცია

 

2.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 20 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 2018 წლის 27 ივნისის №1---- ბრძანებისა და 2018 წლის 28 ივნისის N0----- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, შპს „ლ-----ი +“-ს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 114 353.75 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 56 872 ლარი, ჯარიმა - 31 780 ლარი, საურავი - 25 701.75 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 27 ივნისის №1---- ბრძანება (ს.ფ. 84-86)

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 28 ივნისის N0----- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 87).

 

3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ შპს „ლ-----ი +“-ს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 27 ივნისის №1---- ბრძანება და 2018 წლის 28 ივნისის N0----- საგადასახადო მოთხოვნა 2018 წლის 20 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტთან ერთად 2018 წლის 06 აგვისტოს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა საწარმოს იურიდიულ მისამართზე - ყოფილი სამხედრო ქალაქის მიმდებარე ტერიტორია, რუსთავი, საქართველო, თუმცა საფოსტო გზავნილის (უკუგზავნილი) შესაბამისად, საწარმოს, კორესპონდენცია 2018 წლის 09 აგვისტოს ვერ ჩაბარდა. ჩაუბარებლობის მიზეზი უკუგზავნილში არ ფიქსირდება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2018 წლის 13 აგვისტოს იგივე საგადასახადო დოკუმენტაცია, იმავე მისამართზე, განმეორებით გაუგზავნა შპს „ლ-----ი +“-ს, თუმცა, საფოსტო გზავნილის (უკუგზავნილი) შესაბამისად, საწარმოს, ზემოაღნიშნული კორესპონდენცია 2018 წლის 16 აგვისტოს ვერ ჩაბარდა. ჩაუბარებლობის მიზეზი არც ამ შემთხვევაში არ ფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 06 აგვისტოს დოკუმენტების გაგზავნის დამადასტურებელი საფოსტო გზავნილი (ს.ფ. 111)

- 2018 წლის 13 აგვისტოს დოკუმენტების გაგზავნის დამადასტურებელი საფოსტო გზავნილი (ს.ფ. 107)

 

3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 27 ივნისის N1---- ბრძანება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge ) გამოქვეყნდა საჯაროდ 2018 წლის 5 სექტემბერს, ხოლო 2018 წლის 28 ივნისის N0----- საგადასახადო მოთხოვნა კი 2018 წლის 5 სექტემბერს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2018 წლის 25 სექტემბერს. საგადასახადო შემოწმების აქტს, ბრძანებას და საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო ელექტონულად შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის მეშვეობით 2018 წლის 13 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები სსიპ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან და გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან (ს.ფ. 109-110)

 

3.4. 2018 წლის 12 ნოემბერს შპს „ლ-----ი +“-მა სსიპ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 28 ივნისის N0----- საგადასახადო მოთხოვნა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 დეკემბრის №3---- ბრძანებით შპს „ლ-----ი +“-ის საჩივარი, გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 დეკემბრის №3---- ბრძანება (ს.ფ. 18-19)

 

3.5. 2018 წლის 24 დეკემბერს შპს „ლ-----ი +“-მა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 დეკემბრის №3---- ბრძანება და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 20 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2018 წლის 27 ივნისის №1---- ბრძანება და 2018 წლის 28 ივნისის N0----- საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელს ორჯერ გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე, თუმცა ჩაბარება ვერ მოხერხდა. მიზეზად ერთ შემთხვევაში მითითებულია არასწორი მისამართი, ხოლო მეორე შემთხვევაში სამხედრო ქალაქის არარსებობა. ამასთან, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში გადასახადის გადამხდელი არ გაცნობია ხსენებულ დოკუმენტებს, რის გამოც, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 05 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის N0----- საგადასახადო მოთხოვნისა და 2018 წლის 27 ივნისის №1---- ბრძანების გამოქვეყნება სრულ შესაბამისობაში იყო საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო საგადასახადო დოკუმენტები გადასახადის გადამხდელისთვის ჩაბარებულად ჩაითვალა გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს, 2018 წლის 25 სექტემბერს, ხოლო გადასახადის გადამხდელმა, ნაცვლად კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დაცვისა, საჩივარი წარადგინა 2018 წლის 12 ნოემბერს, რაც მიჩნეულ იქნა საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევად, რის გამოც, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საბჭომ მართებულად შეაფასა. ამგვარად, შპს „ლ-----ი +“-ს 2018 წლის 24 დეკემბრის საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭომ არ დააკმაყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 25-29).

 

3.6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ლ----- +“-ის შესახებ ამონაწერში ფიქსირდება ტელეფონის ნომერი - 595 10 77 33 და ელექტრონული ფოსტის მისამართი - koba_lomidze@mail.ru .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 13)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 დეკემბრის №3---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობას ამოწმებს სასამართლო განსახილველი დავის ფარგლებში.

 

6.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 დეკემბრის №3---- ბრძანების თანახმად, შპს „ლ-----ი +“-ის საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” პუნქტი, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს „ლ-----ი +“-სათვის 2018 წლის 28 ივნისის N0----- საგადასახადო მოთხოვნისა და 2018 წლის 27 ივნისის №1---- ბრძანების ჩაბარების თარიღად მიიჩნია აღნიშნული დოკუმენტების სსიპ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან - 2018 წლის 05 სექტემბრიდან მე-20 დღე, 2018 წლის 25 სექტემბერი და შესაბამისად, სადავო ბრძანების გასაჩივრებისთვის დადგენილი 30 დღიანი ვადა აითვალა მითითებული თარიღიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარი შეტანილ იქნა ვადის დარღვევით, კერძოდ, 2018 წლის 12 ნოემბერს, წინამდებარე საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭომ გაიზიარა სსიპ შემოსავლების სამსახურის მსჯელობა და შესაბამისად, 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ლ-----ი +“-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 20 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2018 წლის 28 ივნისის N0----- საგადასახადო მოთხოვნა და 2018 წლის 27 ივნისის №1---- ბრძანება, გადასახადის გადამხდელს ორჯერ გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე, თუმცა ჩაბარება ვერ მოხერხდა. მიზეზად ერთ შემთხვევაში მითითებულია არასწორი მისამართი, ხოლო მეორე შემთხვევაში სამხედრო ქალაქის არ არსებობა. ამასთან, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში გადასახადის გადამხდელი არ გასცნობია ხსენებულ დოკუმენტებს, რის გამოც, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 05 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის N0----- საგადასახადო მოთხოვნისა და 2018 წლის 27 ივნისის №1---- ბრძანების გამოქვეყნება სრულ შესაბამისობაში იყო საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო საგადასახადო დოკუმენტები გადასახადის გადამხდელისთვის ჩაბარებულად ჩაითვალა გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს, 2018 წლის 25 სექტემბერს, ხოლო გადასახადის გადამხდელმა, ნაცვლად კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დაცვისა, საჩივარი წარადგინა 2018 წლის 12 ნოემბერს, რაც მიჩნეულ იქნა საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევად, რის გამოც, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საბჭომ მართებულად შეაფასა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

 

ამდენად, მითითებული ნორმის შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ამოწუროს გადასახადის გადამხდელისთვის დოკუმენტის ჩაბარების სხვა ალტერნატიული საშუალებები, დოკუმენტი ადრესატს უნდა გაუგზავნოს წერილობით სულ ცოტა 2-ჯერ, ასევე, გაუგზავნოს ელექტრონულად და იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება აღნიშნული საშუალებებით ადრესატისთვის დოკუმენტის ჩაბარება, დოკუმენტი გაავრცელოს საჯაროდ.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 28 ივნისის N0----- საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეგზავნა 2018 წლის 28 ივნისს, ხოლო დოკუმენტის გაცნობა დაფიქსირებულია 2018 წლის 13 ოქტომბერს. ამასთან, 2018 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნებული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების თარიღად მითითებულია - 2018 წლის 25 სექტემბერი.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს „ლ-----ი +“-ს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 27 ივნისის №1---- ბრძანება და 2018 წლის 28 ივნისის N0----- საგადასახადო მოთხოვნა 2018 წლის 06 აგვისტოს გაუგზავნა ფოსტით იურიდიულ მისამართზე - ყოფილი სამხედრო ქალაქის მიმდებარე ტერიტორია, რუსთავი, საქართველო, თუმცა საფოსტო გზავნილის (უკუგზავნილი) შესაბამისად, საწარმოს, კორესპონდენცია ვერ ჩაბარდა 2018 წლის 09 აგვისტოს. ჩაუბარებლობის მიზეზი უკუგზავნილში არ ფიქსირდება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2018 წლის 13 აგვისტოს იგივე საგადასახადო დოკუმენტაცია, იმავე მისამართზე, განმეორებით გაუგზავნა შპს „ლ-----ი +“-ს, თუმცა, საფოსტო გზავნილის (უკუგზავნილი) შესაბამისად, საწარმოს, ზემოაღნიშნული კორესპონდენცია 2018 წლის 16 აგვისტოს ვერ ჩაბარდა. ჩაუბარებლობის მიზეზი არც ამ შემთხვევაში ფიქსირდება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 დეკემბრის №3---- ბრძანებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის 20 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2018 წლის 28 ივნისის N0----- საგადასახადო მოთხოვნა და 2018 წლის 27 ივნისის №1---- ბრძანება, რომელიც გადასახადის გადამხდელს ორჯერ გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე, ერთ შემთხვევაში ვერ ჩაბარდა არასწორი მისამართის, ხოლო მეორე შემთხვევაში სამხედრო ქალაქის არარსებობის გამო. საქმეზე წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ჩაუბარებლობის ის მიზეზები, რომლებიც მითითებულია სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში, გზავნილებში არ არის დაფიქსირებული. ამგვარად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მხოლოდ მოპასუხის ზეპირსიტყვიერ განმარტებას დაეყრდნოს და მიიჩნიოს, რომ ადრესატისათვის კორესპონდენციის ჩაბარება რაიმე ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებაზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სადავო საგადასახადო დოკუმენტების ჩაუბარებლობა, არ არის სათანადო წესით დადასტურებული სასამართლოსთვის, რის გამოც, საგადასახადოს ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულები ვერ იქნება მიჩნეული ჯეროვნად შესრულებულად.

 

გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წინაპირობები (პირს 2-ჯერ გაეგზავნა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია) კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საჯარო შეტყობინებით დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობის გამოყენებამდე დოკუმენტის როგორც ფოსტით (მინიმუმ ორჯერ), ისე ელექტრონული ფორმით გაგზავნის ვალდებულების დაკისრება განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ საჯარო შეტყობინების გზით ადრესატისათვის დოკუმენტის ჩაბარება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებულ იქნეს როგორც უკიდურესი ღონისძიება. შესაბამისად, ადრესატისთვის საჯაროდ გავრცელების გზით დოკუმენტის გაცნობამდე, საგადასახადო ორგანომ სრულყოფილად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით, მათ შორის, ტელეფონით, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით და სხვა საშუალებების გამოყენებით გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოწურავს მათ, მიმართოს საჯარო შეტყობინების გზით ადრესატისათვის დოკუმენტის ჩაბარებას.

 

ამგვარად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანო საჯარო შეტყობინების გზით დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარებამდე მხოლოდ ფორმალურად შეეცადა დაეცვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის ჩანაწერი, რაც ვერ იქნება მიჩნეული ქმედით ღონისძიებად, რომელიც მან განახორციელა გადასახადის გადამხდელისთვის დავალიანების დარიცხვის შესახებ აქტების ჩაბარებასთან დაკავშირებით. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საგადასახადო ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა როგორც სატელეფონო შეტყობინებების, ასევე ელექტრონული ფოსტის გზით ეცნობებინა გადასახადის გადამხდელისთვის სადავო ბრძანების გამოცემის თაობაზე. მით უფრო, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ლ----- +“-ის შესახებ ამონაწერში ფიქსირდება კომპანიის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ მომხდარა საჯარო შეტყობინების გზით დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარებამდე მის ხელთ არსებული ალტერნატიული საშუალებების კანონით დადგენილი წესით სრულყოფილად გამოყენება, რაც არ იძლეოდა გასაჩივრების ვადის გაშვების მოტივით საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო ორგანო ადრესატის მიერ საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადას მიიჩნევდა დარღვეულად, საგადასახადო კანონმდებლობა მას ანიჭებდა შესაძლებლობას არსებითად განეხილა ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. ამდენად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განიხილოს გასაჩივრების ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი საპატიო მიზეზების არსებობისას. ამასთან, კანონმდებელი არ აკონკრეტებს საპატიოობის კრიტერიუმებს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურება, საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სარწმუნოს ხდიან საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრების ვადის დარღვევას მისგან დამოუკიდებელი მიზეზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გამოეკვლია სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დარღვევა გადამხდელისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხომ არ იყო გამოწვეული და ხომ არ არსებობდა საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძვლები.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 დეკემბრის №3---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება და სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიმართ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ხოლო ამავე კოდექსის 53-? ?????? ??????? ??????? ????????, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს ,,ლ-----ი +“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 დეკემბრის №3---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიმართ კანონით დადგენილ ვადაში.

 

3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე