გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.06.2019
საქმის ნომერი
330310018002569295
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4829-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

7 ივნისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელე - ვ-------------–---–ი

წარმომადგენელი - გ-----------------ა

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - მ-------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 22 მაისის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №1---- ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვ-------------–---–ის საჩივარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 22 მაისს 13:42 საათზე შედგა №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ ვ-------------–---–ის მიერ დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, (სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას – მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით), კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობისთვის 5280 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების „ხის მასალა“ (8.8მ3x600 ლარი), ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: F------, მძღოლი - გ----------------ე, გადამოწმების დრო 2018 წლის 17 მაისი 14:05სთ), ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე. ვ-------------–---–ი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 5000 ლარით და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 22 მაისის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.14-15);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 18 მაისის №5---------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.56);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2018 წლის 21 მაისის №4---------- დასკვნა (ს.ფ.59-62);

- „ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ“ 2018 წლის 17 მაისის ოქმი (ს.ფ.63);

- „ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანისა და განთავსების შესახებ“ 2018 წლის 17 მაისის ოქმი (ს.ფ.64);

- 2018 წლის 17 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.65);

- 2018 წლის 17 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.66)

 

3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 22 მაისს 13:32 საათზე შედგა №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, გადამოწმებისას გამოვლინდა, რომ ვ-------------–---–ი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დარღვევით (პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა), რის საფუძველზეც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად, ვ-------------–---–ი დაჯარიმდა 500 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 22 მაისის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.53).

 

3.3. ვ-------------–---–მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 22 მაისის №C------- და №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმება.

 

საჩივრის თანახმად, ტრანსპორტირებულ ტვირთზე გამოწერილი იყო სასაქონლო ზედნადები №0---------. ტრანსპორტირებული ტვირთი განკუთვნილი იყო ლაგოდეხის რაიონის სოფელ ა----ში მშენებარე დედათა სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისთვის. საჩივრის თანახმად, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ზედნადების მე-8 სტრიქონი ან/და მე-20 სვეტი არის შეუვსებლობა/შეცდომით შევსებული, მაინც უზრუნველყოფს კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზანს და არ არსებობდა ვ-------------–---–ის დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №1---- ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 22 მაისის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

ბრძანების თანახმად, №0--------- ზედნადებში ხის მასალის წარმოშობის დოკუმენტი არამართლზომიერად იყო მითითებული, ამასთან, ზედნადების მე-8 სვეტში მითითებული ხის მასალის დახერხვის ცნობა არ იძებნებოდა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ვ-------------–---–ის 2018 წლის 12 ივნისს წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს 2018 წლის 22 მაისის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და მის საფუძველზე დაკისრებული სანქციის გაუქმების კანონიერი საფუძვლები.

 

ბრძანების მიხედვით, ვინაიდან დადგენილია, რომ ვ-------------–---–ს საგადასახადო ორგანოში საიდენტიფიკაციო ნომერი მინიჭებული აქვს 2009 წლის 5 ივნისს, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო 2018 წლის 22 მაისის საგადასახადო სამართალდარღვევის №C------- ოქმი უნდა გაუქმდეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვ-------------–---–ის საჩივარი (ს.ფ.16-19);

- შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №1---- ბრძანება (ს.ფ.20-23).

 

3.4. 2018 წლის 17 მაისის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების თანახმად, შპს „ფ-----მა“ ვ-------------–---–ს 5118.6 ლარად მიჰყიდა დახერხილი ხის მასალა 2.65მ3 (ფირნიშნის ნომრით 0--------------------) და 6.33მ3 (ფირნიშის ნომრით 0-------------------1). ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითა 2018 წლის 30 აპრილის №0--------- სასაქონლო ზედნადები. ზედნადებში სატრანსპორტო საშუალების მძღოლად მითითებულია გ----------------ე, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი F------, ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებულია ქ.თბილისი, წ-------–-ს 118, ხოლო დასრულების ადგილად ლაგოდეხი სოფელი ა----ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 17 მაისის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.12-13).

 

3.5. ვ-------------–---–ის წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, 2018 წლის 17 მაისს ქ.თბილისში, აკ.წ-------–-ს 118-ში შპს „ფ-----ისაგან“ შეიძინა 5118.6 ლარის ღირებულების დახერხილი ხის მასალა დაახლოებით 8.98მ3, რომლის ტრანსპორტირებას ახორციელებდა გ----------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებით (სახელმწიფო ნომერი F------) ლაგოდეხის რაიონ სოფელ აფ--ში, სადაც შენდება ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერი. ტვირთის ტრანსპორტირებაზე დანიშნულების ადგილამდე პასუხისმგებელი იყო შპს „ფ-----ი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ვ-------------–---–ის წერილობითი ახსნა-განმარტება (ს.ფ.67).

 

3.6. შპს „ფ-----ის“ წარმომადგენლის წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, 2018 წლის 17 მაისს ქ.თბილისში, აკ.წ-------–-ს 118-დან ვ-------------–---–ზე მოხდა 5118.6 ლარის ღირებულების 8.98მ3 დახერხილი ხის მასალის რეალიზაცია, რომელიც განკუთვნილი იყო ლაგოდეხის რაიონ სოფელ აფ--ში მშენებარე ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტრისათვის. ტვირთის ტრანსპორტირებაზე დანიშნულების ადგილამდე პასუხისმგებელი იყო შპს „ფ-----ი“. ტრანსპორტირებულ ტვირთზე გამოწერილი იყო №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „ფ-----ის“ წარმომადგენლის წერილობითი ახსნა-განმარტება (ს.ფ.68).

 

3.7. 2018 წლის 30 აპრილის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების თანახმად, შპს „მ------მა“ შპს „ფ-----ს“ 15439.2 ლარად მიჰყიდა ფიცრები - 2.65მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-371-0003), 6.33მ3 (ფირნიშის ნომრით 0-------------------1), 1.37მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-374-0001), 3.91მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-410-0001), 3.38მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-410-0002), 4.28მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-412-0001), 2.61მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-413-0001), 3.04მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-414-0002). ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითა 2018 წლის 28 აპრილის №0--------6 სასაქონლო ზედნადები და 2018 წლის 28 იანვრის №50000199882/993/885/886/893/890/891/888 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 30 აპრილის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.74-76).

 

3.8. 2018 წლის 28 აპრილის №0--------6 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების თანახმად, შპს „მ------ი“ ახორციელებდა შიდა გადაზიდვას ფიცრების - 2.65მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-371-0003), 6.33მ3 (ფირნიშის ნომრით 0-------------------1), 6.65მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-373-0001), 1.37მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-374-0001), 3.91მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-410-0001), 3.38მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-410-0002), 0.44მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-408-0003), 4.28მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-412-0001), 2.61მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-413-0001), 1.85მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-413-0002), 2.08მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-414-0001), 3.04მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-414-0002), 0.57მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-415-0001). ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითა 2018 წლის 28 იანვრის №5000019827/828831/833 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი და 2018 წლის 3 მარტის №50000199882/883/885/886/893/890/891/888 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 28 აპრილის №0--------6 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.77-79).

 

3.9. 2018 წლის 21 იანვრის №5--------- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის თანახმად, ხე-ტყით მოსარგებლეა - ნ---------------ე, მონაცემები მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოცულობისა და ჯიშის შესახებ - სოჭი 0.36მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239300), 0.74მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239301), 0.9მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239302), 0.74მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239303), 0.78მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239304), 0.52მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239305), 1მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239306), 0.9მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239307), 1.05მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239308), 1.06მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239309), 0.71მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239310). ტყეკაფის №002-05-0025174.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 21 იანვრის №5--------- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი (ს.ფ.80).

 

3.10. 2018 წლის 21 იანვრის №5000019827 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის თანახმად, ხე-ტყით მოსარგებლეა - ნ---------------ე, მონაცემები მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოცულობისა და ჯიშის შესახებ - ნაძვი 0.74მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239291), 1მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239292), 1.09მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239293), 1.36მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239294), 0.95მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239295), 1.3მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239296), 1.25მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239297), 1.09მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239298), 0.74მ3 (ფირნიშის ნომერი 0001239299). ტყეკაფის №002-05-0025174.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 21 იანვრის №5000019827 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი (ს.ფ.81).

 

3.11. მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ“ 2018 წლის 31 იანვრის №0-------------------1 ცნობის თანახმად, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტია ფიცრები (სოჭის ჯიში) 6.33მ3. ცნობაში ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის მფლობელად მითითებულია ნ---------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ“ 2018 წლის 31 იანვრის №0-------------------1 ცნობა (ს.ფ.82).

 

3.12. მონასტრის წინამძღვრის 2019 წლის 22 მარტის წერილის თანახმად, ლაგოდეხის რაიონ სოფელ ა----ში (ჭ--------ი) მრევლის დახმარებით 2012 წლიდან შენდება ივერიის ყოვლდაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დედათა სამონასტრო კომპლექსი. წერილში მითითებულია, რომ ვ-------------–---–ი არის აღნიშნული მონასტრის მრევლი და აქტიურად ეხმარება სხვადასხვა სამშენებლო მასალებით მონასტერს, მათ შორის, ხის მასალით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მონასტრის წინამძღვრის 2019 წლის 22 მარტის წერილი (ს.ფ.120).

 

3.13. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 18 მაისის №52--------- მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2018 წლის 17 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მიერ ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, 14:05 საათზე, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით F------, რომლითაც მძღოლი გ----------------ე ახდენდა ვ-------------–---–ის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირებას. მოხსენებითი ბარათის მიხედვით, გადამოწმების დროს ზემოხსენებულ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერზე გამოწერილი იყო ხე-ტყის №0--------- სასაქონლო ზედნადები. გადამოწმებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტზე განთავსებული საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესწავლილ იქნა ვ-------------–---–ის სახელზე გამოწერილი ხე-ტყის №0--------- სასაქონლო ზედნადები, რომლითაც 2018 წლის 17 მაისს შპს „ფ-----ი“ვა------------–---–ს აწვდიდა 8.98მ3 დახერხილ ხის მასალას. ხე-ტყის №0--------- სასაქონლო ზედნადების ცხრილში მითითებული იყო ხის მასალის სახერხი საამქროდან გატანის ცნობის ნომრები: №0-------------------1, №0-------------------1, ხოლო ხე-ტყის №0--------- სასაქონლო ზედნადების მე-20 გრაფაში ხის მასალის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული იყო ხე-ტყის №0--------- სასაქონლო ზედნადებები, №0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში ხის მასალის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული იყო №0--------6 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები. №0--------6 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მიხედვით, 2018 წლის 28 აპრილს შპს „მ------ი“ ახორციელებდა 39.16მ3 დახერხილ ხის მასალის შიდა გადაზიდვას. ხე-ტყის №0--------6 სასაქონლო ზედნადების მე-20 გრაფაში მითითებული იყო ხის მასალის №5000019827, №5--------- წარმოშობის დოკუმენტები, აღნიშნული დოკუმენტის გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემაში გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ხის მასალით მოსარგებლეა ი/მ ნ---------------ე, აღნიშნული მეწარმისგან შპს „მ------ის“ ხის მასალის შეძენა არ უფიქსირდება, შესაბამისად ხე-ტყის №0--------6 სასაქონლო ზედნადებში ხის მასალის წარმოშობის დოკუმენტი არამართლზომიერად არის მითითებული. ამასთან, ზედნადების ცხრილის მე-8 სვეტში მითითებული ხის მასალის დახერხვის ცნობა №0-------------------- არ იძებნება გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემაში, ხოლო ცნობა №0-------------------1, რომელიც ი/მ ნ---------------ის მიერ ხის მასალის დახერხვასა და გატანას ადასტურებს არამართლზომიერად იქნა მითითებული, როგორც №0--------6 ხე-ტყის ზედნადებში, ისე ზემოხსენებული ავტომანქანით სახ.ნომრით F------ ტრანსპორტირების დროს გადამოწმებულ ხე-ტყის №0--------- სასაქონლო ზედნადებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 18 მაისის №52--------- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ.54-55).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, მე-9, 43-ე, 136-ე, 269-ე, 286-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე და 96-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 22 მაისის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №1---- ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

 

სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს, ასევე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

 

მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა.

 

აღნიშნული ბრძანების 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს; გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; დ) მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება): დ.ა) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება); დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება); დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება); დ.დ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე, მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ); დ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის დაბრუნება); ე) მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი); ვ) მე-9 სტრიქონში იწერება ტრანსპორტირების სახე: ვ.ა) საავტომობილო; ვ.ბ) სარკინიგზო; ვ.გ) საავიაციო; ვ.დ) სხვა; ზ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ზ.ა) მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა; ზ.ბ) მე-11 სტრიქონში იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი; ზ.გ) მე-12 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი ლარებში. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება მყიდველის/მიმღების ან გამყიდველის/გამგზავნის საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სატრანსპორტო საშუალებით, ზედნადების მე-12 სტრიქონი არ ივსება; თ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ბ“ – ,,ვ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მე-10 – მე-12 სტრიქონები არ ივსება; ი) ზედნადების ცხრილში იწერება: ი.ა) I სვეტში – საქონლის რიგითი ნომერი; ი.ბ) II სვეტში – საქონლის დასახელება; ი.გ) III სვეტში – საქონლის კოდი (გადასახადის გადამხდელის მიერ ნებისმიერი კომბინაციით შექმნილი ან საბუღალტრო პროგრამაში არსებული ან საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრული კოდი); ი.დ) IV სვეტში – საქონლის ზომის ერთეული; ი.ე) V სვეტში – საქონლის რაოდენობა; ი.ვ) VI სვეტში – საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); ი.ზ) VII სვეტში – საქონლის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); კ) მე-13 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით და სიტყვიერად); ლ) მე-14 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-16 სტრიქონში – გამყიდველის /გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; მ) მე-15 სტრიქონში იწერება მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-17 სტრიქონში – მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ნ) მე-18 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი); ო) მე-19 სტრიქონში აღინიშნება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაკეთებული შენიშვნა; პ) მე-14 – მე-19 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

ამავე ბრძანების 252 მუხლით მოწესრიგებულია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის საფუძვლები და წესი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე: მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ: ძელზე – სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი;

 

მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ ინსტრუქციის 251 მუხლით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება ამავე ინსტრუქციის №II-013 დანართით დამტკიცებული ფორმის ზედნადებზე.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ, მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები.

 

აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში იწერება: ა) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებული თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის ერთი კონკრეტული ნომერი. სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება ასევე სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – პროდუქტი) ტრანსპორტირებისას (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება, მისი ტრანსპორტირების ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, ზედნადების ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ, კონკრეტული დასახელების თითოეულ პროდუქტზე, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სავალდებულოა მიეთითოს შესაბამისი ერთი კონკრეტული სპეციალური ფირნიშის ნომერი, რომლით მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-მცენარის გადამუშავების შედეგადაც არის მიღებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუ ერთი დასახელების პროდუქტი მიღებულია სხვადასხვა სპეციალური ფირნიშით მარკირებული ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარისგან, თითოეულისაგან მიღებული პროდუქტი, ასევე ცალ-ცალკე იწერება ზედნადების ცხრილის II სვეტში რიგითი ნომრის მიხედვით; ბ) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების თითოეულ პროდუქტზე, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში –რეგლამენტი) №14 დანართით გათვალისწინებული, მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ცნობის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – ცნობა) ნომერი, თუ რეგლამენტით განსაზღვრული სახერხი საამქროდან მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტი გატანილია ამავე რეგლამენტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ჟურნალში ცნობის გენერირების სახერხი საამქროსათვის ვალდებულების დადგენის მომენტიდან.

 

სასამრთლო განმარტავს, რომ ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის სპეციფიკისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი მიზნებიდან გამომდინარე საჯარო ინტერესების დაცულობის უზრუნველსაყოფად კანონმდებელმა, ერთი მხრივ, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლიდან ცალკე გამოჰყო ხე-ტყე და მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოუწერლობაზე დააწესა განსხვავებული და უფრო მკაცრი სანქცია, ხოლო, მეორე მხრივ, შემოღებულ იქნა სასაქონლო ზედნადების სპეციალური სახე - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომელიც მოიცავს ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადებისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამასთან, დამატებულია მე-20 და 21-ე სტრიქონები (პირველადი დოკუმენტი და ფირნიშის ნომერი) და მე-8 სვეტი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მე-20 სტრიქონში მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელების, თარიღისა და ნომრის მითითების ვალდებულება, რომელიც თავის მხრივ შეიძლება იყოს როგორც ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, ისე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები. სასამართლო აღნიშნავს, ასევე, რომ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მე-8 სვეტში უნდა იქნას მითითებული ფირნიშის ან/და ცნობის ნომრები.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 22 მაისს 13:42 საათზე შედგა № C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ ვ-------------–---–ის მიერ დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობისთვის 5280 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების „ხის მასალა“ (8.8მ3x600 ლარი), ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: F------, მძღოლი - გ----------------ე, გადამოწმების დრო 2018 წლის 17 მაისი 14:05სთ), ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე. ვ-------------–---–ი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 5000 ლარით და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს 2018 წლის 17 მაისის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები გამოწერილია თუ არა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადების შევსებისას გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორის ინფორმაციის ჩაწერა ავტომატურად, უპირობოდ არ გულისხმობს მისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხიმგებლობის დაკისრებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ შეცდომის არსებობა სასაქონლო ზედნადებში არ შეიძლება გახდეს სადავო შემთხვევის სასაქონლო ზედნადების არარსებობასთან გაიგივების საფუძველი, რადგან სასაქონლო ზედნადების არარსებობა შეუძლებელს ხდის/ართულებს კონტროლის განხორცილების შესაძლებლობას და იმთავითვე ქმნის გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების საფრთხეს, ხოლო სასაქონლო ზედნადებში დაშვებული გარკვეული შეცდომა, ავტომატურად არ ქმნის იმ სამართლებრივ უკანონო შედეგებს, რაც მოჰყვება სასაქონლო ზედნადების არარსებობას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო საქონლის ტრასპორტირებისა გამოწერილი იყო 2018 წლის 17 მაისის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, შპს „ფ-----მა“ ვ-------------–---–ს 5118.6 ლარად მიჰყიდა დახერხილი ხის მასალა 2.65მ3 (ფირნიშნის ნომრით 0--------------------) და 6.33მ3 (ფირნიშის ნომრით 0-------------------1). ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითა 2018 წლის 30 აპრილის №0--------- სასაქონლო ზედნადების. ზედნადებში სატრანსპორტო საშუალების მძღოლად მითითებულია გიორგი ბარამაძე, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი F------, ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებულია ქ.თბილისი, წ-------–-ს 118, ხოლო დასრულების ადგილად ლაგოდეხი სოფელი ა----ი.

 

2018 წლის 30 აპრილის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების თანახმად, შპს „მ------მა“ შპს „ფ-----ს“ 15439.2 ლარად მიჰყიდა ფიცრები 2.65მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-371-0003), 6.33მ3 (ფირნიშის ნომრით 0-------------------1), 1.37მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-374-0001), 3.91მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-410-0001), 3.38მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-410-0002), 4.28მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-412-0001), 2.61მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-413-0001), 3.04მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-414-0002). ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითა 2018 წლის 28 აპრილის №0--------6 სასაქონლო ზედნადები და 2018 წლის 28 იანვრის №50000199882/993/885/886/893/890/891/888 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი.

 

2018 წლის 28 აპრილის №0--------6 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების თანახმად, შპს „მ------ი“ ახორციელებდა შიდა გადაზიდვას ფიცრების - 2.65მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-371-0003), 6.33მ3 (ფირნიშის ნომრით 0-------------------1), 6.65მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-373-0001), 1.37მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-374-0001), 3.91მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-410-0001), 3.38მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-410-0002), 0.44მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-408-0003), 4.28მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-412-0001), 2.61მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-413-0001), 1.85მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-413-0002), 2.08მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-414-0001), 3.04მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-414-0002), 0.57მ3 (ფირნიშის ნომრით 0000816-2018-415-0001). ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითა 2018 წლის 28 იანვრის №5000019827/828831/833 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი და 2018 წლის 3 მარტის №50000199882/883/885/886/893/890/891/888 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი.

 

მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ“ 2018 წლის 31 იანვრის №0-------------------1 ცნობის თანახმად, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტია ფიცრები (სოჭის ჯიში) 6.33მ3. ცნობაში ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის მფლობელად მითითებულია ნ---------------ე.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არც საგადასახადო ორგანოს და არც შემდგომ დავების განმხილველ ორგანოს არ გამოუკვლევია ის ფაქტობრივი გარემოება, №0-------------------1 ცნობაში მითითებული საქონელი შეიძინა თუ არა შპს „მ------მა“ ნ---------------ისაგან, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ სადავო საქონელი არის მოძრავი ქონება, რომელზეც საკუთრების უფლების შესაძენად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკმარისია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი მიხედვით კი, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

 

სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ №0-------------------- ცნობა არ იძებნება გარემოსდაცვითი ინფორმაციის ბაზაში ავტომატურად არ გულისხმობს, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. საგადასახადო ორგანოს უნდა შეესწავლა ხომ არ ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას ადგილი სადავო სასაქონლო ზედნადებების შევსებისას.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ასევე, მოსარჩელის მიერ იყო თუ არა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში სადავო ხის მასალა ტრანსპორტირებული.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამეწარმეო საქმიანობის არსს განსაზღვრავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

 

მოცემული ნორმების განმარტება ცხადყოფს, რომ სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობაა, რომლის განხორციელება უკავშირდება მოგების მიზანს, ეკონომიკური საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელების მიზანს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება წარმოადგენს. ამასთან, ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას კოდექსი აწესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხდება სამეწარმეო საქმიანობისთვის, ანუ არაერთჯერადი, მოგების მიღების მიზნით ტრანსპორტირებული საქონლისთვის.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ვ-------------–---–ისა და შპს „ფ-----ის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებზე, რომელთა თანახმად, ვ-------------–---–ზე მოხდა 5118.6 ლარის ღირებულების 8.98მ3 დახერხილი ხის მასალის რეალიზაცია, რომელიც განკუთვნილი იყო ლაგოდეხის რაიონ სოფელ აფ--ში მშენებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტრისათვის. ტვირთის ტრანსპორტირებაზე დანიშნულების ადგილამდე პასუხსიმგებელი იყო შპს „ფ-----ი“.

 

სასამართლო, ასევე, მიუთითებს, მონასტრის წინამძღვრის 2019 წლის 22 მარტის წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ ლაგოდეხის რაიონ სოფელ ა----ში (ჭ--------ი)მრევლის დახმარებით 2012 წლიდან შენდება ივერიის ყოვლდაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დედათა სამონასტრო კომპლექსი. წერილში მითითებულია, რომ ვ-------------–---–ი არის აღნიშნული მონასტრის მრევლი და აქტიურად ეხმარება სხვადასხვა სამშენებლო მასალებით მონასტერს, მათ შორის ხის მასალით.

 

სასამართლო მიუთითებს სადავო მუხლის დისპოზიციაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევას წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება. ამდენად, მუხლის მიზნებისთვის განმსაზღვრელია საქონლის სამეწარმეო საქმიანობისთვის კუთვნილება და არა ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მეწარმე-სუბიექტად არსებობა. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადების შევსების მიზანია გადასახადის გადამხდელის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა. ამდენად, საგადასახადო მიზნებისთვის საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნას საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულებისაგან თავის არიდების საფუძველი, როდესაც საქონელი განკუთვნილია სამეწარმეო საქმიანობისთვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „საგადასახადო სამსახურების მოხელეთა უფლებამოსილება - გამოავლინონ სამეწარმეო საქმიანობის მიზნის მქონე შემძენი პირები, იმთავითვე მოიცავს ვალდებულებას - ზუსტად გამიჯნონ შემთხვევები, პირი საქონლის შეძენას ახორციელებს პირადი საჭიროებისთვის თუ მოგების მიღების მიზნით. ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირების სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის აქტიურობის ხარისხი არ იძლევა იმის მტკიცების წინაპირობას, რომ ისინი უსათუოდ მოგების მიღების მიზნით მოქმედებენ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-205-203(კ-14)). განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არ გამოუკვლევია სადავო საქონელის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა თუ არა სამეწარმეო მიზნებისათვის, ამასთან არც საგადასახადო ორგანოს და არაც დავების განმხილველ ორგანოს არ უმსჯელია იმ ფაქტზე, თუ ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი ასეთ ტრანსპორტირებაზე შპს „ფ-----ი“ თუ ვ-------------–---–ი.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14)).

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-463-451(კ-13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტების გამოცემისას მოპასუხის მიერ დაირღვა აღნიშნული ნორმები. არც საგადასახადო ორგანოს და არც დავების განმხილველი ორგანოს არ გამოუყენებიათ კანონით მათთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაედგინათ და შეესწავლათ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რადგან მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 150 (ასორმოცდაათი) ლარი, რომლის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ვ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 22 მაისის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №1---- ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვ-------------–---–ის საჩივარი და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის მიმართ კანონით დადგენილ ვადაში.

 

4. სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე