გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
831210019002876926
საქმე №2/25-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.10.2019 წელი ქ. ბაღდათი
შესავალი ნაწილი
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი ირმა ჭუმბაძე
მოსარჩელე - სს ,, კ-------------’’
წარმომადგენელი - კა-- ჩხ-----
მოპასუხე - ფუ--- ბრ-----
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ფუ--- ბრ-----ს მოსარჩელის სს "კ-------------"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2017 წლის 07 სექტემბრის #172502016524BAP სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 4079.68 ლარი, საიდანაც 3059.58 ლარი არის სესხის ძირი, 782.13 ლარი საპროცენტო სარგებელი, 216.51 ლარი სადაზღვევო შესატანი, 21.46 ლარი პირგასამტეხლო.
1.2. მოპასუხე ფუ--- ბრ-----ს მოსარჩელისათვის გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის - სს "კ-------------"-ს მიერ გადახდილი სახ. ბაჟის - 61.20 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის - 50 ლარის, საჯარო რეესტრის დოკუმენტების გამოთხოვის ხარჯი 7.5 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების საფასური - 100 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2017 წლის 07 სექტემბერს სს ,,კრედო ბანკსა’’ და ფუ--- ბრ-----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #172502016524BAP, რის საფუძველზეც ფუ--- ბრ-----მ ისესხა 4500 ლარი, 36 თვის ვადით 2020 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებლთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემულია სწორხაზოვანი მეთოდით, კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებელია 26%, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 34.07 %. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მოთხოვნას და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოცემულ სარჩელზე მოპასუხე - ფუ--- ბრ-----მ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც მან ნაწილობრივ ცნო სარჩელი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე დაეთანხმა შესაგებელს და განმარტა, რომ თანახმაა ძირი თანხის გადახდაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 07 სექტემბერს სს ,,კრედო ბანკსა’’ და ფუ--- ბრ-----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #172502016524BAP, რის საფუძველზეც მან ისესხა 4500 ლარი, 36 თვის ვადით 2020 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით, სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი),-სესხის ხელშეკრულება № (ს/ფ 20-26).
3.1.2. მსესხებელმა ფუ--- ბრ-----მ აითვისა სს "კ-------------"-ს მიერ გაცემული კრედიტის თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი),-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს/ფ - 32),3.1.3. მსესხებელმა 2018 წლის დეკემბრიდან შეწყვიტა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახადის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
3.1.4. მსესხებელსა ჩაბარდა გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ არის გადახდილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი),-გაფრთხილების წერილი (ს.ფ.33-34).
3.1.5. მოპასუხეს ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი აქვს: 4079.68 ლარი, საიდანაც 3059.58 ლარი არის სესხის ძირი, 782.13 ლარი საპროცენტო სარგებელი, 216.51 ლარი სადაზღვევო შესატანი, 21.46 ლარი პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი. (ს/ფ 1-19).
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (სხდომის ოქმი)
-ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს/ფ 27-28).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 07 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. მუხლის მიხედვით, მსესხებელი იხდის მომსახურების ყოველწლიურ გადასახადს ხელშეკრულებით დადგენილი წესით: სესხის მიღებისას მსესხებელს ექვითება მომსახურების თანხა, რომელიც შეადგენს მთლიანი სესხის 3.5%-ს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი),-სესხის ხელშეკრულება № (ს/ფ 21-26).
3.2.2. ამავე სესხის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.7. პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი),-სესხის ხელშეკრულება №(ს/ფ 21-26).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ამ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პროცენტი უნდა განისაზღვროს სარჩელის შემოტანამდე, ხოლო მიუღებელი შემოსავალი უნდა განისაზღვროს ეროვნული ბანკის მონაცემების გამოყენებით სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად. მოპასუხეს უნდა დაეკისროს დაზღვევის თანხა და პირგასამტეხლო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 427-ე, მე-400, 361-ე, 316-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად- ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება (სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
დადგენილია, რომ 2017 წლის 07 სექტემბერს სს ,,კრედო ბანკსა’’ და ფუ--- ბრ-----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #172502016524BAP, რის საფუძველზეც ფუ--- ბრ-----მ ისესხა 4500 ლარი, 36 თვის ვადით 2020 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემულია სწორხაზოვანი მეთოდით, კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებელია 26%, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 34.07 %-ს. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
2017 წლის 07 სექტემბრის #172502016524BAP სესხის ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხე მხარის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 4072.93 ლარს, საიდანაც 3059.58 ლარი არის სესხის ძირი, 782.13 ლარი არის საპროცენტო სარგებელი 108.42 ლარი არის სადაზღვევო შენატანი, 448.78 ლარი არის პირგასამტეხლო (აქედან 216.51 ლარი არის სადაზღვეო შესატანი, 21.46 ლარი არის პირგასამტეხლო.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებ.გვერდის თანახმად, სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკული ფიზიკური პირისათვის, დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს, აღნიშნულის გათვალისწინებით % უნდა განისაზღვროს 611,91 ლარით.
უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება, რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
სარჩელის შემოტანით ხელშეკრულება შეწყდა, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა გადახდეს სადაზღვევო შესატანი - 216.51 ლარის ოდენობით.
6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნები სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,კრედო ბანკსა’’ და ფუ--- ბრ-----ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად, მისი გადახდის ვალდებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო მიაჩნია, რომ მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში გონივრულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკმა“ სარჩელის აღძვისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 61.20 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის - 50 ლარი, საჯარო რეესტრის დოკუმენტების გამოთხოვის ხარჯი 7.5 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების საფასური - 100 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 58.64 ლარი სს ,,კ-------------ს“ სასარგებლოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - 25 ლარი, საჯარო რეესტრის დოკუმენტების გამოთხოვის ხარჯი 7.5 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების საფასური - 100 ლარის გადახდა. სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სს ,,კრედო ბანკს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 25 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე ფუ--- ბრ-----ს (პ/ნ------------- კუთვნილ ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში - სასარჩელო მოთხოვნის 4079.68 ლარის ფარგლებში, მის პენსიასა და ხელფასზე ჩარიცხული თანხების 50%-ის გამოკლებით;
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „კ-------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ფუ--- ბრ-----ს მოსარჩელის სს "კ-------------ს" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2017 წლის 07 სექტემბრის #1725020165 სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 3909.46 ლარი, საიდანაც 3059.58 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 611.91 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 216.51 ლარი - სადაზღვევო შესატანი, 21.46 ლარი - პირგასამტეხლო.
3. ფუ--- ბრ-----ს სს ,,კ-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 58.64 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე განცხადებისთვის სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის, საჯარო რეესტრის დოკუმენტების გამოთხოვის ხარჯი 7.5 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების საფასურის - 100 ლარის გადახდა.
4. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
5. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
6. მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკს“ (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 25 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ანგარიში/სა--ზინო კოდი: 300243150, მიმღების ბანკი/სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (50 ლარი, გადამხდელი: სს ,,ბანკი კრედო“ გადახდის თარიღი: 2019-02-25; საგადახდო დავალება: #561038, გადამხდელის ბანკი: სს ბანკი კრედო);
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #7).
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე