გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.11.2019
საქმის ნომერი
160310019003148209
კატეგორია
დავის ტიპი
უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა–არარსებობის დადგენის შესახებ
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/130-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბოლნისი

 

შესავალი ნაწილი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

 

მოსარჩელე - აფ----------–-დუ

წარმომადგენელი - ნა----------–--ლი

მოპასუხე - სსიპ მარ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ თა------ის N 1 საჯარო სკოლა

წარმომადგენლები - მა------------–---–ი, მა----–--------–--ლი

მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (მონაწილეობის გარეშე)

 

დავის საგანი - საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 აღიარებულ იქნეს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, კერძოდ, აფ----------–-დუს მიერ სსიპ მარ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ თა------ის N 1 საჯარო სკოლის საბაზო ზოგადი განათლების მიღების და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის მიღების ფაქტი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ მარ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ თა------ის N 1 საჯარო სკოლის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სარჩელი. ამასთან, სასამართლო სხდომაზეც დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. საქმეში წარმოდგენილი სსიპ მარ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ თა------ის საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, აფ----------ვი (დაბ.20.09.1--- წ, პასპორტის ნომერი AP16----2) 01.09.1984 წელს (ბრძანება N 92) ჩაირიცხა სოფელ თა------ის საშუალო სკოლის პირველ კლასში. 1992 წელს აფ----------ვის სახელზე გაცემულია რვა კლასის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატი N 041621. ინფორმაცია, თუ რომელ წელს დაამთავრა სკოლა, რომელი კლასი და რომელი ბრძანების საფუძველზე სსიპ მარ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ თა------ის N 1 საჯარო სკოლის დაცულ დოკუმენტებში არ მოიძებნა და არც ცენტრალიზებულ დაცვაზეა გადაცემული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ მარ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ თა------ის საჯარო სკოლის 2019 წლის 5 მარტის ცნობა (ს.ფ. 30).

 

4.1.2. აფ----------ვმა შეიცვალა გვარი და ამჟამად მისი გვარია პა----–---უ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პასპორტი (ს.ფ. 16-17);

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 19-23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება ( სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

4.1.3. დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარ-----–ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 28 მაისის №52/1029/გ გადაწყვეტილებით აფ----------–-დუს უარი ეთქვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ მოხერხდა აფ----------–-დუს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის №01/210108/გ გადაწყვეტილებით აფ----------–-დუს ადმინისტრაციული საჩივარი ატესტატის დუბლიკატის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარ-----–ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 28 მაისის №52/1029/გ გადაწყვეტილება (ს.ფ.36-37 );

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის №01/210108/გ გადაწყვეტილება (ს.ფ.38-41 ).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ აფ----------–-დუს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე - სსიპ მარ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ თა------ის N 1 საჯარო სკოლამ ცნო სარჩელი. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალქო სამათალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა. განსახილეველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის. ამდენად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს აფ----------–-დუს (პოპოვის) მიერ სსიპ მარ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ თა------ის N 1 საჯარო სკოლის საბაზო ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ N92 ბრძანების საფუძველზე, აფ----------ვი 1984 წლის 1 სექტემბერს ჩარიცხულ იქნა სოფელ თა------ის N 1 საშუალო სკოლის პირველ კლასში. აფ----------ვის სახელზე 1992 წელს გაცემულია რვა კლასის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატი N 041621. დადგენილია, რომ აფ----------ვმა შეიცვალა გვარი და ამჟამად მისი გვარია პა----–---უ.

 

7.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშსა და იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელის მიერ 1984-1992 წლებში სოფელ თა------ის საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ მარ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ თა------ის N 1 საჯარო სკოლა) აფ----------ვის( აფ----------–-დუს) სახელზე რვა კლასის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატის N 041621 გაცემის ფაქტი.

 

7.4. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. აღნიშნულ უფლებას კი მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამასთან, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება აფ----------–-დუს მიერ 1992 წელს სოფელ თა------ის საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ მარ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ თა------ის N 1 საჯარო სკოლა) საბაზო ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც აფ----------–-დუს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. დადგენილია ასევე, რომ საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, აფ----------–-დუს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. აფ----------–-დუს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. აღიარებულ იქნეს აფ----------–-დუს (დაბ. 1--- წლის 20 სექტემბერს) მიერ 1992 წელს სოფელ თა------ის საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ მარ-----–ის მუნიციპალიტეტის სოფელ თა------ის N 1 საჯარო სკოლა) საბაზო ზოგადი განათლების მიღების და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის მიღების ფაქტი;

 

3. მოსარჩელე აფ----------–-დუს დაუბრუნდეს სს ,,თიბისი ბანკში’’ ნა----------–--ლის მიერ 2019 წლის 14 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დავალება N 0, მიმღების ანგარიში/ სახაზინო კოდი 300093150)

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ.ბოლნისი, სულხან საბა ორბელიანის ქ. №113) მეშვეობით.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე