გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2019
საქმის ნომერი
080210119002896523
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210119002896523

საქმე #2/538-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.10.2019 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე- დ---------------–---–ი;

მოპასუხეები- რ---------------–--–--ა, ა-–--------------–---–--ე;

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისგან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის კ----------------–---–ის მიერ 2018 წლის 21 სექტემბრის აქტების (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1). ოქროსფერი რგოლური ბეჭედი 1ც; 2). ოქროსფერი ჯვარი, იესო ქრისტეს გამოსახულებით 1ც; 3) „სამსუნგის“ ფირმის (მოდელი 19300 White Duos/K) 356751/06/65022619 იმეი კოდის მქონე) მობილური ტელეფონი;

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას: იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 21 სექტემბრის აქტების (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული იქნა, მოსარჩელის კუთვნილი ნივთები, ოქროსფერი რგოლური ბეჭედი 1ც; ოქროსფერი ჯვარი, იესო ქრისტეს გამოსახულებით 1ც; „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. ნივთების აღწერის და დაყადაღების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2019 წლის 11 მარტს. აღნიშნული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, შეძენილია მის მიერ. (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა-–--------------–---–--ეს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ა-–--------------–---–--ემ სარჩელი ცნო. (იხ. სხდომის ოქმი).

 

2.2. მოპასუხე რ---------------–--–--ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. 2019 წლის 15 აგვისტოს განცხადებით მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და განმარტა, რომ თანახმა არის ჯვარი და ბეჭედი ამოირიცხოს დაყადაღების შესახებ აქტიდან. (იხ. შესაგებელი, 15.08.19წ განცხადება).

 

მოპასუხე რ---------------–--–--ა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლის თანახმად, რ-------------–--ეს, ლ-----------–--ეს, გ-----------------–--ეს, დ------------–--ეს, ბ----------–--ეს და ა-–--------------–---–--ეს- რ---------------–--–--ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 33910 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 21.09.2018 წ. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტები;

- 14.03.2019 წ.აღმასრულებლის წერილი;

 

3.1.2. სს ე-–------–-----------სის საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დ---------------–---–ის მიერ 2015 წლის 04 ივლისს შეძენილი იქნა „SAMSUNG“ -ის ფირმის მობილური ტელეფონი (მოდელი 19300 White Duos/K) 356751/06/65022619 იმეი კოდი);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი;

 

3.1.3. 2019 წლის 11 მარტის ხელწერილის თანახმად, ოქროსფერი რგოლური ბეჭედი და ოქროსფერი ჯვარი იესო ქრისტეს გამოსახულებით, დ---------------–---–მა შეიძინა 2015 წლის ივლისის თვეში (ოქროსფერი რგოლური ბეჭედი 1100 ლარად, ხოლო ოქროსფერი ჯვარი იესო ქრისტეს გამოსახულებით 450 ლარად) სავაჭრო ცენტრ გრანდ მოლში- ლ--–--------–-----გან;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ლ--–--------–----- ხელწერილი;

 

3.1.4. აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ინფორმაციით, დაყადაღებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონი არ მიმდინარეობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

- 14.03.2019 წ.აღმასრულებლის წერილი;

 

3.1.5. რ---------------–--–--ა არის კრედიტორი, ხოლო ა-–--------------–---–--ე, მოვალე, რომლის ვალდებულების უზრუნველსაყოფად 21.09.2018 წ. აღიწერა და დაყადაღდა მოძრავი ნივთები, მათ შორის ოქროსფერი რგოლური ბეჭედი 1ც; ოქროსფერი ჯვარი, იესო ქრისტეს გამოსახულებით 1ც; „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

-21.09.2018წ აქტები (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ).

 

3.1.6. დ---------------–---–ის არის ა-–--------------–---–--ის დედა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

მოცემულ საქმეში მოპასუხე ა-–--------------–---–--ემ ცნო სარჩელი. მოპასუხე რ---------------–--–--ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. 2019 წლის 15 აგვისტოს განცხადებით მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და განმარტა, რომ თანახმა არის ჯვარი და ბეჭედი ამოირიცხოს დაყადაღების შესახებ აქტიდან.

 

სასამართლოს წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 21 სექტემბერს აღწერილი და დაყადაღებული ნივთებიდან - ოქროსფერი რგოლური ბეჭედი 1ც; ოქროსფერი ჯვარი, იესო ქრისტეს გამოსახულებით 1ც; „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ეკუთვნის მოსარჩელე დ---------------–---–ს;

 

სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

განსახილველ შემთხვევაში დაყადაღებული ნივთების საკუთრების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. სწორედ მან უნდა დაამტკიცოს, რომ დაყადაღებული ნივთები მისი საკუთრებაა. ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება შეიძლება წერილობითი მტკიცებულებით, მოწმის ჩვენებით ან ნებისმიერი იმ მტკიცებულებით, რომლითაც დადგინდება ნივთების კუთვნილების საკითხი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

მოსარჩელემ აქტში მითითებული ნივთების მის კუთვნილებასთან დაკავშირებით, წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულებები. წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ სადავო ნოვთები დ---------------–---–ის საკუთრებად უნდა იქნას მიჩნეული;

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ 21.09.2018წ წლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტებში მითითებული ნივთები ოქროსფერი რგოლური ბეჭედი 1ც; ოქროსფერი ჯვარი, იესო ქრისტეს გამოსახულებით 1ც; „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი ეკუთვნის დ---------------–---–ს;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გამაბათილებელ მტკიცებულებეზე მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაძლია თავისი მტკიცების ტვირთი, რომ სადავო ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას. მოპასუხემ ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული გარემოებების გაქარწყლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ---------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე, 40-ე, 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 170-ე, 172-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია;

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ნამდვილი უფლების არსებობა და ამ უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია კი გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

 

დადგენილია, რომ სს ე-–------–-----------სის საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დ---------------–---–ის მიერ 2015 წლის 04 ივლისს შეძენილი იქნა „SAMSUNG“ -ის ფირმის მობილური ტელეფონი (მოდელი 19300 White Duos/K) 356751/06/65022619 იმეი კოდი); 2019 წლის 11 მარტის ხელწერილის თანახმად, ოქროსფერი რგოლური ბეჭედი და ოქროსფერი ჯვარი იესო ქრისტეს გამოსახულებით, დ---------------–---–მა შეიძინა 2015 წლის ივლისის თვეში (ოქროსფერი რგოლური ბეჭედი 1100 ლარად, ხოლო ოქროსფერი ჯვარი იესო ქრისტეს გამოსახულებით 450 ლარად) სავაჭრო ცენტრ გრანდ მოლში- ლ--–--------–-----გან; საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი.

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე დ---------------–---–ის საკუთრებას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.

 

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება შენიშვნა.

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 44–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ისევე როგორც სსკ-ის 158–ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

 

აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიხედვით, კრედიტორია რ---------------–--–--ა, ხოლო მოვალეა ა-–--------------–---–--ე;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული სადავო ნივთები არის მოსარჩელის საკუთრება. მოსარჩელე არ არის მოვალე, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. ა-–--------------–---–--ის ვალდებულებების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მოვალე ა-–--------------–---–--ის ქონებიდან. შესაბამისად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაყადაღებული ნივთები ოქროსფერი რგოლური ბეჭედი 1ც; ოქროსფერი ჯვარი, იესო ქრისტეს გამოსახულებით 1ც; „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, წარმოადგენს დ---------------–---–ის საკუთრებას.

 

ზემოაღნიშნული ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათავლისწინებით დ---------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის კ----------------–---–ის მიერ 2018 წლის 21 სექტემბრის აქტების (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე ა-–--------------–---–--ის ვალდებულებების გამო, დაყადაღებული მოძრავი ნივთები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე ფიზიკური პირისთვის შეადგენს 50 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე დ---------------–---–ს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს 50 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე რ---------------–--–--ას უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურება 100 ლარის ოდენობით. მოპასუხე ა-–--------------–---–--ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან, ვინაიდან მან საქმის მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. დ---------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის კ----------------–---–ის მიერ 2018 წლის 21 სექტემბრის აქტების (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1). ოქროსფერი რგოლური ბეჭედი 1ც; 2). ოქროსფერი ჯვარი, იესო ქრისტეს გამოსახულებით 1ც; 3) „სამსუნგის“ ფირმის (მოდელი 19300 White Duos/K) 356751/06/65022619 იმეი კოდის მქონე) მობილური ტელეფონი;

 

3. რ---------------–--–--ას - მოსარჩელე დ---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ (50 ლარი სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე