განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/507-19
(№012230519004)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე: პროკურორები თინათინ სტურუა, ხატია გოგრიჭიანი,ბრალდებული: გ-------------ა, დაბადებული 1----–-–-------------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------------–---------------------------.
ადვოკატი: მადონა მილდიანი,თარჯიმანი: ეკატერინე ჩუბინიძე,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111 118-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 19 მაისს, საღამოს საათებში, ქ.რუსთავში, შ-------------------------3-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ-------------ამ ო-----------------ას, რომელთან ერთადაც ორი წელი ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც ო-----------------ამ ქალა ტვინის დახურული ტრამვის, ტვინის შერყევისა და მარცხენა თვალ-ბუდის მოტეხილობის სახით, მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გ-------------ას დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა გ-------------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულმა ო-----------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი დაქორწინებულია სხვა მამაკაცზე და არასოდეს უცხოვრია გ-------------ასთან ერთად. მასთან მხოლოდ ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. შემთხვევის დღეს იგი იყო ნასვამ მდგომარეობაში და კიბეზე ჩასვლის დროს კაბაზე ფეხი დაედგა და დაგორდა, დაეცა სახით. გ------ი მას ეჩხუბა სიმთვრალის და დაზიანებების გამო, მაგრამ მას არ უცემია. არ უნდოდა, რომ ამ მდგომარეობაში მამას ენახა, ამიტომ არ გამოჩნდა რამდენიმე დღე და გ------თან იყო. პროკურორის კითხვაზე და გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით მან განმარტამ რომ ჩვენება მისი მამის ნააზრევია და ხელი მხოლოდ იმიტომ მოაწერა, რომ გ------ი არ დაეკავებინათ. მან დაურეკა ტ------ა ბ------–-----ას და უთხრა, რომ გ------თან იყო და ეთქვა ეს მამისთვის. ტ------ამ არასწორად გაიგო და მამას ისე უთხრა, რომ მას კამათი მოუვიდა გ------თან და ამიტომ მამამ პოლიციას მიმართა.
მოწმე ვ--–------------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ პოლიციას მიმართა დასახმარებლად შვილის ო-----------------ას გამო, რადგან ის სამი დღე სახლში არ იმყოფებოდა. მეზობლისგან შეიტყო, რომ იგი გ------თან იყო და როდესაც ნახა შვილი, მან უთხრა, რომ სახეზე დაზიანებები კიბეზე დაგორების შედეგად მიიღო და უსაყვედურა პოლიციისთვის მიმართვის გამო. ო----ა ოცი წელია რაც დაქორწინებულია და ჰყავს მეუღლე, რომელიც პერიოდულად დადის აზერბაიჯანში. გ------ს და ო----ას ერთად არასოდეს უცხოვრიათ და გ------ი მისი სიძე არ ყოფილა, როგორც იცის ო----ა და გ------ი მეგობრობენ. ო----ა ცხოვრობს 21-ე მ/რ-ში მასთან ერთად, სხვა სახლი მას არ აქვს და გ------ი მათთან არ რჩება ხოლმე. პირადად მას არ უნახავს სცემა თუ არა გ------მა ო----ა, მან მხოლოდ იმიტომ მიმართა პოლიციას, რომ ო----ა სამი დღე არ ჩანდა.
მოწმე ტ------ა ბ------–-----ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იცნობს ო-----------------ას და მის მამას. ო----ამ მას დაურეკა და სთხოვა მამისთვის ეთქვა, რომ იმყოფებოდა გ-------------ასთან. სხვა მას არაფერი უთქვამს და არც მამისთვის დაუბარებია რამე. პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ ჩვენებას არ ადასტურებს, მას ამდენი არც ულაპარაკია, მხოლოდ ის უთხრა, რომ ო----ა იმყოფებოდა გ------თან, ასე დააბარა თავად ო----ამ.
ჩატარებული საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებების ირგვლივ დაიკითხა გ-----------------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 23 მაისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიმართა მოქალაქე ვ--–------------------მა და განაცხადა, რომ შ-----------------ში მდებარე ბინაში იმყოფებოდა მისი შვილი ო-----------------ა, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ-------------ამ და არ უშვებდა სახლიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7). სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრული ეჭვი და მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, მტკიცებულებათა ერთობლიობა რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია დანაშაულის ნიშნების დადგენა, ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ლოგიკურად, შინაარსობრივად. მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და სხვა. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური და მიუკერძოებელი პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. მტკიცებულებათა უტყუარობის ძალა არ უნდა იწვევდეს ეჭვს, მტკიცებულებითი ეჭვის ან ვარაუდის საფუძველზე არ უნდა დაედოს პირს მსჯავრი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებამდე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში პირის დამნაშავედ ცნობას საფუძვლად უნდა დაედოს მტკიცებულება - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია და შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს არსებობს თუ არა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების საჭირო, დამაჯერებელი და შეთანხმებული ერთობლიობა. ანუ, მტკიცებულებითი ძალა - ფაქტის დადგენის ან უარყოფის შესაძლებლობა - უნდა მომდინარეობდეს როგორც ერთი რომელიმე მტკიცებულებიდან, ისე მათი ერთობლიობა უნდა იძლეოდეს ცალკე და ერთად აღებული ფაქტების ერთობლიობას.
დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გამოძიების პროცესი, მიზანი და მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს რა არის მტკიცებულება, დადგენილია მტკიცებულებათა სახეები და მათი მოპოვების წესი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 თავში ნორმათა თანმიმდევრობით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა შემდეგი სახეები: მოწმის (დაზარალებულის, ბრალდებულის) ჩვენება, ნივთიერი (ნებისმიერი საგანი ან ობიექტი) მტკიცებულება და დოკუმენტები (ექსპერტის დასკვნები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები), შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება სისხლის სამართლის პროცესში უნდა დადგინდეს სწორედ ამ სადავო გარემოების დამდგენი/დამადასტურებელი მტკიცებულებით.
ფაქტების ერთობლიობას სასამართლოში უნდა ქმნიდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სასამართლო აფასებს მათ დამაჯერებლობის, საკმარისობისა და ურთიერთშეთანხმებისთვის ლოგიკური, აშკარა და ობიექტური კავშირით. მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობს „ბევრ“ მტკიცებულებას, თუმცა ამ სიტყვის გრამატიკული მნიშვნელობა გულისხმობს ერთზე მეტს. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს დანაშაულის გარემოებების მიხედვით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშია ის საჭიროც და საკმარისიც, იმისდამიხედვით თუ როგორ ავითარებს მხარე მტკიცების პროცესს სასამართლოში.
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის მტკიცებულებათა საკმარისობაზე და ირიბი ჩვენებების მნიშვნელობაზე ასევე ნამსჯელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საქმეში შესაძლოა არსებობდეს ირიბი ჩვენება, რომელიც განსხვავებული გარემოებების დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი და რომელიც სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ერთად შექმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ირიბი ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, შესაძლოა პირდაპირ მიუთითებდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ან იყოს „დამხმარე“ ხასიათის, ადასტურებდეს საქმისთვის მნიშვნელოვან „გვერდით“ ფაქტს ან გარემოებას. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ასეთი ჩვენების სათანადო შემოწმება. ამიტომ კანონი მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს, თუ რა შემთხვევებშია დასაშვები ირიბი ჩვენების გამოყენება, მკაცრი და ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს მისი დასაშვებობის პირობები. რამდენადაც მაღალია ირიბი ჩვენების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა ბრალის დადასტურების საკითხში, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება წესი, რომელიც ასეთი ჩვენების გამოყენებას შესაძლებელს ხდის (პუნქტი 27). სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო (პუნქტი 29).
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა და პასუხისმგებლობაა დაწესებული ისეთი ქმედებისათვის, რაც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მატერიალური შემადგენლობის დანაშაულია და დამთავრებულად ცნობისათვის საჭიროა ხსენებულ მუხლში ჩამოთვლილ შედეგთაგან ერთ-ერთის დადგომა.
სასამართლო თითოეულ გამოკვლეულ მტკიცებულებასთან მიმართებით იმსჯელებს თუ რა ფაქტობრივი გარემოების დადგენას ემსახურება და დანაშაულის რომელ ნიშანთან არის ის კავშირში:
ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულების გამოკვლევისას, საჯაროდ გამოაქვეყნა გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი და შეტყობინებები, კერძოდ:
2019 წლის 23 მაისს შსს რუსთვის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება, დანაშული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
2019 წლის 23 მაისს პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოცხადდა მოქალაქე ვ--–------------------ი, რომელმაც განაცადა, რომ მისი შვილი ო-----------------ა იმყოფებოდა ქ.რუსთვში, შ-----------------------------ში დაბადებულ გ-------------ას საცხოვრებელ ბინაში, რომელიც არის ნაცემი და მის შვილს ზემოაღნიშნული ბინიდან არ უშვებს გ-------ა.
2018 წლის 24 მაისს შსს რუსთვის საქალაქო სამმართველოს სამორიგეოში ელსმენის საშუალებით დაუკავშირდა კლინიკა რუსთვის მორიგე დ---–--------ე, რომელმაც შეატყობინა, რომ მათთან მიყვანილი იქნა მოქალაქე 1978 წელს დაბადებული ო-----------------ა, რომელმაც განაცხადა, რომ 2019 წლის 19 მაისს მეუღლე ხურამ ხვინგიამ საცხოვრებელ ბინაში, ქ.რუსთვი, შ-----------------------------ში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2019 წლის 3 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ბარათით და პირადი გასინჯვით ო-----------------ას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ორივე თვალ-ბუდის, სახის მარჯვენა ნახევრის და მარცხენა მხრის მიდამოში, კლინიკო-ლაბორატორიული და კტ კვლევით დაუდგინდა: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, მარცხენა თვალ-ბუდის მოტეხილობა ცდომის გარეშე, აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ე.წ. შეტყობინება და მასთან დაკავშირებული რეგისტრაციის ბარათები არის გამოძიების დაწყების საფუძველი, ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რომელიც სსსკ-ს მე-100 მუხლის თანახმად, გამომძიებელს და პროკურორს ავალდებულებს დაიწყოს გამოძიება. მხოლოდ გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათზე დაყრდნობით შეუძლებელია რაიმე ფაქტის დადგენა ან უარყოფა, მით უფრო შეუძლებელია სასამართლომ იმსჯელოს ნამდვილად ჰქონდა თუ არა მასში მითითებულ გარემოებებს ადგილი, ასეთი ინფორმაციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების გარეშე.
რაც შეეხება 2019 წლის 8 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას აღნიშნული დასკვნით დგინდება, რომ ო-----------------ას აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევა, მარცხენა თვალ-ბუდის მოტეხილობა ცდომის გარეშე, თუმცა დასკვნით არ დგინდება თუ რა ვითარებაში მიიღო და ვინ მიაყენა ისინი.
მოწმე გ-----------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ მან საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ მოქმედი საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, მოწმის სახით სასამართლოში იკითხება პირი, ვინც შექმნა, მოიპოვა ან ინახავდა დოკუმენტს სასამართლოში წარდგენამდე და დოკუმენტი მხარის მოთხოვნით საქმეზე მტკიცებულების სახითაა წარმოდგენილი. ასეთ შემთხვევაში მოწმდება დოკუმენტის ავთენტურობა, თუმცა 78-ე მუხლით მოწმეთა დაკითხვა და მათი მხრიდან იმ გარემოებების დადგენა, რომელიც სცილდება დოკუმენტის ფარგლებს ან ანაცვლებს იმ დოკუმენტს, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა, ვერ ჩაითვლება ფაქტის დამდგენ მტკიცებულებად. სსსკ-ს 76-ე მუხლის პირველი ნაწილით ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მითითებული ნორმების ანალიზით, გამომძიებლების ჩვენება ირიბი ჩვენებაა, ვინაიდან გ-----------------ემ ჩაატარა მოწმეების გამოკითხვა და მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის დაკავებაში. გამომძიებლების ჩვენება უნდა შეფასდეს სსკ-ს 78-ე მუხლის ფარგლებში, ანუ დასტურდება თუ არა იმ დოკუმენტის ავთენტურობა, რომელიც მათ შექმნეს. დოკუმენტის ავთენტურობის დადგენის შემდეგ (მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს, რომ საპროცესო მოქმედება ჩატარდა უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით), სასამართლოს წინაშე დგას საკითხი შეაფასოს რა გარემოებების დადგენას ემსახურება მითითებული დოკუმენტი და რამდენად უტყუარია მასში გადმოცემული გარემოებები. შესაბამისად, მხოლოდ დოკუმენტის ავთენტურობის დადგენა/დადასტურება არ ქმნის მასში გადმოცემული ინფორმაციის უტყუარობის საფუძველს, თუ იგი არ არის გამყარებული და არ ქმნის ერთობლიობას ინფორმაციის წყაროს შემოწმებით, მისი იდენტიფიცირებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს ო-----------------ა.
გ-----------------ე არის მოწმე, რომელიც უშუალოდ კონფლიქტს არ შესწრებია, მისი ჩვენება სსკ-ს 76-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. აქვე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირის დაკავება მიმალვის საფრთხეზე მითითებით, ტოვებს ვარაუდის საფუძველს, რომ ხელოვნურად შეიქმნას სასამართლოს განჩინების გარეშე პირის დაკავების საფუძველი. ზედმეტად მწირი ინფორმაცია, რომ პირი მიიმალება, რადგან რამდენჯეწრმეა ნასამართლევი რუსეთში, იმ პირობებში როდესაც ასეთ ფაქტს რეალურად ადგილი არ ჰქონია, შეიცავს თვითნებობის ნიშნებს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან და არღვევს კონსიტუციით გარანტირებულ - თავისუფლების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის თავისუფლება. ადამიანის თავისუფლება ინდივიდის დამცავი ერთ-ერთი ძირითადი და წარუვალი ღირებულებაა და იცავს მას თვითნებური დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვისაგან სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან (ფაფიაშვილი ლ. დაკავებისა და დაპატიმრების გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები სისხლის სამართლის პროცესში. რედ კ.კორკელია, სტატიათა კრებული, თბ.2010. გვ.163.) შესაბამისად, იმ პირთა ჩვენებები, რომლებმაც დააკავეს ბრალდებული, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არათუ ქმნის რაიმე მტკიცებულებით სტანდარტს, არამედ პირიქით, სასამართლოს შეფასებით მათი მხრიდან ბრალდებულის დაკავება განხორციელდა საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დარღვევით და მათი ჩვენებები ვერ დაედება საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებას.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ იმ პირის ჩვენება, რომელმაც საქმეზე ჩაატარა გარკვეული საპროცესო მოქმედება და ყოველთვის შეიძლება ჩაითვალოს, რომ მხარს დაუჭერს მისავე პოზიციას, ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება არღვევს შეფასების ობიექტურობის ზომის ბალანსს, იმდენად რამდენადაც სახეზე გვაქვს პირის ჩვენება, რომელიც იმავდროულად არის მხარე სასამართლოში, შესაბამისად, მაღალია რისკი, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს არა ნეიტრალური, მიუკერძოებელი და ობიექტური მტკიცებულებების საფუძველზე, არამედ იმ პირთა ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც გამოძიების მწარმოებელი პირები არიან. ასეთ პირობებში კი როდესაც ფაქტის დადგენის პროცესში წარმოიშობა ეჭვი მისი უტყუარობის თვალსაზრისით, იგი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა დანაშაულის დამადასტურებელი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც სასამართლოს, როგორც ობიექტურ დამკვირვებელს დაეხმარებოდა დანაშაულის მატერიალური ფაქტის და ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები თავისი არსით და შინაარსით წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებას, არცერთი მათგანი უშუალოდ არ შესწრებია ძალადობას, მათი ნაწილი ინფორმაციას ფლობს დაზარალებულთან კომუნიკაციით, ხოლო ნაწილმა ინფორმაცია დანაშაულის შესახებ მიიღეს ირიბი მოწმეებისგან. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ექსპერტიზამ დაადგინა დაზარალებულის სხეულზე დაზიანება, ამ დაზიანების ხარისხი და ლოკალიზაცია, თუმცა, საგულისხმოა, რომ ექსპერტს არ მიუღია დაზარალებულისგან ინფორმაცია დაზიანების წარმოშობის მექანიზმთან და დამზიანებელ პირთან მიმართებაში. ამდენად, პირდაპირი მტკიცებულების ანდა მტკიცებულებების გარეშე, მაშინ როცა უტყუარად არ არის დადგენილი დაზიანების წარმოშობის მექანიზმი და დამზიანებელი, ექსპერტიზის დასკვნა ცალკე აღებული არ არის საკმარისი პირის ბრალეულობის დასამტკიცებლად.
საქართველოს სსკ 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისთვის, ოჯახის წევრად ითვლება მათ შორის ნებისმიერი პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის მიზნებისთვის, გ-------------ა და ო-----------------ა არ არიან პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაზარალებულ ო-----------------ას განმარტებით, ის და ბრალდებული არ არიან მეუღლეები, ერთად არასოდეს უცხოვრიათ და იმავდროულად ჰყავს მეუღლე, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაშია. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს დაზარალებულის მამამ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ო----ა ცხოვრობს მის სახლში და გ-------------ა არასოდეს ყოფილა მისი სიძე, შესაბამისად გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ო-----------------ა და გ-------------ა დროის გარკვეულ მონაკვეთში ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გ-------------ასა და ო-----------------ას შორის მომხდარი კონფლიქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა დაზარალებულის ჩვენება, მოწმე ვ--–------------------ის ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა სხვა წერილობითი მტკიცებულებები, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა და მოწმემ კატეგორიულად უარყვეს ო-----------------აზე ძალადობა, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა ვერ დაედება საფუძვლად გ-------------ას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. გამოკვლეული მტკიცებულებებით, ვერ დადასტურდა, რომ ოქნასა მურადოვას დაზიანებები გ-------------ამ მიაყენა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტი შეიცავს სისხლის სამართალწარმოებაში ირიბი ჩვენების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენების აკრძალვის პრეზუმფციას. ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა მაშინაც გამართლებულია, თუ იგი დაცვის სასარგებლოდ მიიჩნევა. ზოგადად, კლასიკური გაგებით ირიბ ჩვენებასთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ზუსტად იმავე წესებს იყენებს, რაც გამოუცხადებელი მოწმის (დეპონირებული) ჩვენების გამოყენებას ეხება. ცალკე რაიმე გამონაკლისი ამ წესიდან არ არსებობს. კლასიკური გაგებით, „ირიბ ჩვენებას“ სასამართლო იმ კონტექსტში ახსენებს, რაც საჭიროა გამოუცხადებელი მოწმის ჩვენების შესამოწმებლად. "ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ" საქმეზე დიდმა პალატამ განაცხადა, რომ გამოუცხადებელი მოწმის ჩვენების საპირწონედ დაცვის უფლების ერთ-ერთ დამაბალანსებელ ფაქტორად შეიძლება მიჩნეულ იქნას იმ მოწმის ხელმისაწვდომობა, რომელიც ადასტურებს შეუმოწმებელი მოწმის ჩვენებას. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა, მოიცავდეს სასამართლო სხდომაზე იმ პირთა მიერ მიცემულ ჩვენებებს, რომელთაც დაუსწრებელმა მოწმემ მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ მათი გამოჩენისთანავე აცნობა. ამავე საქმეში გამოუცხადებელი მოწმეების ჩვენებებზე მსჯავრდების დამყარება, რაც წარმოადგენდა გადამწყვეტ მტკიცებულებათა ერთობლიობას და, რომელიც დამაბალანსებელ ფაქტორებში იმ 2 მოწმის ჩვენებასაც მოიაზრებდა, რომლებსაც გამოუცხადებელმა მოწმეებმა უამბეს მომხდარის შესახებ და, რომელთა დაკითხვის შესაძლებლობა დაცვას ჰქონდა, პალატისგან განსხვავებით, დიდმა პალატამ არ მიიჩნია საკმარის საპირწონე მიზეზად სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების რეალიზაციისთვის და დაადგინა მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (d) პუნქტების დარღვევა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება. სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ამდენად, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გ-------------ას ბრალეულობაში.
5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
გ-------------აის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-------------ა ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ-------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
გ-------------ას განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე