გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/18202-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.11.2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი
მოსარჩელე გ------- შ--–---ა,წარმომადგენელი ი-----–- უ----–---–ი,მოპასუხე ნ---- წ------–-–---–ი,წარმომადგენელი ლ---- ხ----------ე,დავის საგანი: პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ---- წ------–-–---–ის მიერ, 2019 წლის 15 აპრილს, სამაუწყებლო კომპანია რ-----------ის ეთერში გადაცემა ფ------– კ---------–- გ------- შ--–---ას მიმართ, როგორც ფაქტის სახით გაკეთებული განცხადება, კერძოდ: ,,ეს ადამიანი არის, აი არ მეშიანია შენი, გ------- შ--–---ა იგივე ,,ძიაძია“ ვითომ ძალიან კარგი ტიპი და ამ ადამიანის შეკვეთით არის ეს ვიდეო გატეხილი“ აღიარებულ იქნეს ცილისწამებად და დაევალოს მოპასუხეს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სამაუწყებლო კომპანია რ-----------ის ეთერით 22:00 საათიდან 23.59 საათამდე პერიოდში ამცნოს საზოგადოებას, რომ გ------- შ--–---ას მიმართ გავრცელებული ბრალდება, კერძოდ რომ გ------- შ--–---ამ გატეხა და გაავრცელა სოციალური ქსელით შიშველი ნ---ს ვიდეო არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ მოპასუხეს დაევალოს მის მიერ გაკეთებული ცილისმწამებლური, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადების უარყოფა.
1.2. მოპასუხე ნ---- წ------–-–---–ს მოსარჩელე გ------- შ--–---ას სასარგებლოდ დაეკისროს პატივისა და ღირსების შემლახველი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებით მიყენებული მორალური ზიანის სახით 30 000 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ნ---- წ------–-–---–ის პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში და არ დასრულებულა, მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადება მისი აზრია შესაბამისად წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2019 წლის 15 აპრილს სამაუწყებლო კომპანია რ-----------ის ეთერში, გადაცემა ,,ფ------– კ---------–-“, რომელიც თოქშოუს წარმოადგენს, ვინაიდან პრიზით, კერძოდ თანხის მიღებით სრულდება, სტუმრის სახით მიწვეულმა მოპასუხე ნ---- წ------–-–---–მა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ისაუბრა სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის თავის პირადი ცხოვრების ასპექტებზე. გადაცემის წამყვანმა ი----------–ავამ ერთ-ერთი ფარული კონვერტიდან ამოიღო შეკითხვა ,,შიშველი ნ---ს ვიდეოს“ შესახებ, რომლეზეც პასუხის გაცემის რესპოდენტის უფლება და არა ვალდებულებას წარმოადგენდა გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ ნ--- წ------–-–---–მა ხმამაღლა და გულწრფელად ისაუბრა და დაასახელა იმის ვინაობა, რომელსაც კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს.
მოპასუხის თქმით, ამ კადრების გავრცელების შესახებ ახალი წლის პირველ დღეს გაიგო, როცა პირველ იანვარს მის ტელეფონზე უცნაური ზარები შემოდიოდა და ყველა მის მდგომარეობას კითხულობდა.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რაშიც გამიმართლა, მყავს ყველაზე მაგარი შვილი! ამ ვიდეოს შემდეგ, ჩემმა მეგობარმა მ-–- გ------–---–მა წამიყვანა სტამბოლში, ფეხით რომ მევლო ბევრი... ჩემს შვილს ვუთხარი: ს--------, რაღაც პრობლემა მაქვს და ვერ გავჩერდი მანდ მეთქი და ბავშვი მეუბნება - ,,რაზე მეუბნები, იმ ვიდეოზე? კი ვიცი, ვინც გამიკეთა ეს ყველაფერი და თუ ამდენი იმიტომ იწვალე, რომ ამის გამო მოკვდე, ესეთი სუსტი ადამიანი არ მგონიხარო“.
როგორია შენს სახელს რომ დაგუგლავ და ,,პორნჰაბზე ამოგიგდებს ვიდეოს? ეს ხდებოდა თვენახევრის განმავლობაში... გამოკვეთილია რამდენიმე ადამიანის IP მისამართი და დარწმუნებული ვარ დაისჯება... ზუსტად ვიცი, ვინც არის შემკვეთი... მე ძალიან ვრისკავ, ამას შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცეები მოჰყვეს, მაგრამ არ მეშინია! ეს ადამიანი მემუქრება და ბევრმა მითხრა, რომ დღეს თუ არა რაღაც პერიოდში სიურპრიზებს ელოდე...
ამ ადამიანთან ვარ ასი პროცენტით მართალი, ჩემი უფლებები არამხოლოდ ვიდეოს გავრცელებით დაარღვია, მანამდეც არაერთხელ, მაგრამ ყველაფერზე მიიღებს პასუხს. ეს ადამიანი არის - გ------- შ--–---ა, იგივე ,,ძაძა“. ამ ადამიანთან მე მქონდა ძალიან სერიოზული რომანი, ურთიერთობა. ჩემზე დიდად უფროსია 20 წლით.... ძალიან სკანდალურად დავასრულეთ ურთიერთობა მისი ტყუილების გამო.
ადამიანი, რომელიც ჩემთვის იყო მამა, პარტნიორი, ბიძა, ოჯახი... მთელი სულით, გულით, ტვინით ვენდობოდი, მეგონა რომ დაიწყო ჩემი მშვიდი ცხოვრება, პირველად ვიგრძენი რომ ვარ ქალი, მყავს გვერდით ადამიანი, რომლის იმედიც შეიძლება გქონდეს... მანებივრებდა ძაან.
ურთიერთობიდან ზუსტად ერთ წელში გავიგე, რომ მისგან ვიღაც ქალი იყო ორსულად. დამენგრა ბოლო იმედი, იმიტომ რომ თუ ვინმეს ვენდობოდი, იყო ეს ადამიანი“ - ამბობს ნ--- წ-------–-–---–ი. მისივე თქმით, ამ მამაკაცმა დააბრალა 100 000 დოლარად ღირებული საათის და ჯვრის ქურდობა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა მისთვის. მომღერლის თქმით, ღალატი და ტყუილი აპატია და ხელახლა დაიწყეს ურთიერთობა, თუმცა ამის შემდეგ უარესი ტყუილები დაიწყო.
ნ--- წ------–-–---–ის თქმით, აღნიშნული პიროვნებისთვის არ უჩივლია, თუმცა შსს-ს კიბერდანაშაულის დეპარტამენტმა დამოუკიდებლად დაიწყო საქმის ძიება. საქმეში გამოიკვეთა რამდენიმე გამავრცელებელი, რომლებმაც გადაუგზავნეს ვიდეო ასობით ადამიანს. მოპასუხის თქმითვე, სურს რომ დაისაჯოს ადამიანი, რომელმაც დაუკვეთა და ატვირთა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ფაქტების კონსტატაციის მასალები ს. ფ. 19-31.
გადაჩემის ჩანაწერი CD დისკი ს. ფ. 34.
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.2. მოსარჩელე გ------- შ--–---ა არის კერძო პირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.3. მოპასუხე ნ---- წ------–-–---–ი არის საჯარო პირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონის 7.3 მუხლი.
3.1.4. მხარეები ახლო პირადი ურთიერთობი აკავშირებდათ ერთმანეთთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.5. 18.06.2019 წელს, ექიმთან ვიზიტისას მოსარჩელე გ------- შ--–---ას აღენიშნებოდა დაძაბულობა და მოუსვენრობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N100-ის თანახმად, პაციენტს აქვს სევდიანი სახის გამომეტყველება. კითხვებზე პასუხობს ადეკვატურად, თუმცა დაყოვნებით. მეტყველება რამდენადმე შენელებულია. უჭირს ყურადღების კონცენტრაცია საუბრის შინაარსზე. აღნიშნება ადვილად დაღლა, განლევადობა. დროში, ადგილში ორიენტირებულია სწორად. გუნებ-განწყობის ფონი მკვეთრად დაქვეითებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ფორმა N100-ის ასლი - 32;
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.6. ნ---- წ------–-–---–ის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტზე შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1571 მუხლის პირველი ნაწილით.
მოსარჩელე 30.10.2019 წ. პერიოდისათვის აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მხარეს არ წარმოადგენს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
30.10.2019 წლის წერილის ასლი 82;
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით მოსარჩელე გ------- შ--–---ა არ არის ნასამართლევი და არ იმყოფება ძებნაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
29.10.2019 წლის ცნობის ასლი 81;
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე ნ---- წ------–-–---–ის მიერ სამაუწყებლო კომპანია რ-----------ის ეთერში, გადაცემა ,,ფ------–ი კ---------–-“ გაკეთებული სადაო ფრაზები მოსარჩელსთან მიმართებით ერთობლიობაში წარმოადგენს მოპასუხის შეფასებით მსჯელობას - აზრს გარკევული მოვლენასთან მიმართებით, რისი დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელია.
სასამართლო აღნიშნული დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს უპირველესად განსაზღვროს, ნ---- წ------–-–---–ის მიერ სამაუწყებლო კომპანია რ-----------ის ეთერში გადაცემა ფ------– კ---------–- გ------- შ--–---ას მიმართ, გაკეთებული განცხადება: ,,ეს ადამიანი არის, აი არ მეშიანია შენი, გ------- შ--–---ა იგივე ,,ძიაძია“ ვითომ ძალიან კარგი ტიპი და ამ ადამიანის შეკვეთით არის ეს ვიდეო გატეხილი“ - ეს განცხადება კონკრეტული ინფორმაციის შემცველია, თუ მოპასუხე საუბრობდა მხოლოდ მის აზრს და შეხედულებებს.
სასამართლო ამ ტიპის დავების გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს უპირველესად განსაზღვროს, იყო მოპასუხის მიერ გაჟღერებული და სადავოდ გამხდარი განცხადებები კონკრეტული ინფორმაციის შემცველი, თუ მისი ავტორი საუბრობდა მხოლოდ მის აზრსა და შეხედულებებზე.
ევროსასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის საქმეზე Lingens vs. Austria განმარტა, შემდეგი: ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას...
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო, წინამდებარე საქმეში მტკიცების ტვირთის განაწილების განსაკუთრებულ - სპეციალურ წესზე გაამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს შემდეგს:
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
მთავარი სადავო გარემოებაა დადგინდეს, შეელახა თუ არა მოსარჩელეს სადავო გამონათქვამებით პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ასევე, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი იმ გარემოებებს, რაც განმარტებულია სადავო განცხადებებით, ან იყო თუ არა საამისოდ საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლები.
მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხის მიერ გავრცელდა ცრუ და არასწორი ინფორმაცია, რაც ლახავს მის საქმიან რეპუტაციას. მოპასუხე კი მიუთითებდა, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს რომ მის მიერ გავრცელდა არსებითად მცდარი ფაქტი, რამაც რაიმე სახის ზიანი მიაყენა მას.
მოსარჩელე სადავოდ ხდის, მოპასუხის მიერ გავრცელებულ ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობას და აფასებს მათ ცილისწამებად. სასამართლომ კი ასეთ შემთხვევაში, როგორც უკვე აღნიშნა, უნდა დაადგინოს, გავრცელებული განცხადებები განეკუთვნებიან ,,ფაქტს“, თუ წარმოადგენენ ავტორთა ,,აზრის“, შეფასებითი მსჯელობის ნაწილს.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი ამ ტერმინებს განმარტავს შემდეგნაირად: „აზრი“ არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო ცილისწამება არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა.
პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი.
სადავო გამონათქვამების სწორი კვალიფიკაციისთვის, სასამართლოს მოსაზრებით, უნდა შემოწმდეს მათი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივ კომპონენტებს მოიცავს და ამავდროულად, რა მიზნით იქნა გასაჯაროვებული.
მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესის თანახმად, მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, ვინაიდან, სწორედ ის არის შეზღუდვის ინიციატორი.
სასამართლოს პირველ რიგში სურს ყურადღება გაამახვილოს თავად განცხადებების შინაარსსა და მიზანზე, ასევე ეს ყოველივე განხილულ უნდა იქნეს სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, კერძოდ ,,ეს ადამიანი არის, აი არ მეშიანია შენი, გ------- შ--–---ა იგივე ,,ძიაძია“ ვითომ ძალიან კარგი ტიპი და ამ ადამიანის შეკვეთით არის ეს ვიდეო გატეხილი“ აღიარებულ იქნეს ცილისწამებად და დაევალოს მოპასუხეს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სამაუწყებლო კომპანია რ-----------ის ეთერით 22:00 საათიდან 23.59 საათამდე პერიოდში ამცნოს საზოგადოებას, რომ გ------- შ--–---ას მიმართ გავრცელებული ბრალდება, კერძოდ რომ გ------- შ--–---ამ გატეხა და გაავრცელა სოციალური ქსელით შიშველი ნ---ს ვიდეო არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ მოპასუხეს დაევალოს მის მიერ გაკეთებული ცილისმწამებლური, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადების უარყოფა..“
ეს არის სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირება და ამ კუთხით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ერთ-ერთ სადავო ფრაზაში ნ---- წ------–-–---–ი განმარტავს, რომ აღნიშნული პიროვნებისთვის არ უჩივლია, თუმცა შსს-ს კიბერდანაშაულის დეპარტამენტმა დამოუკიდებლად დაიწყო საქმის ძიება. საქმეში გამოიკვეთა რამდენიმე გამავრცელებელი, რომლებმაც გადაუგზავნეს ვიდეო ასობით ადამიანს. წ------–-–---–ის თქმით ,,სურს რომ დაისაჯოს ადამიანი, რომელმაც დაუკვეთა და ატვირთა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები“, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ მისთვის კონკრეტული პიროვნების შესახებ რომელმაც ატვირთა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები დაზუსტებით უცნობია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიუთითებს, რომ მოპასუხის გამოსვლა გადაცემაში, მისი შინაარსის გათვალისწინებით, მოსარჩელესთან მიმართებაში უნდა შეფასდეს "აზრის" და არა "ფაქტის“ გადმოცემად, მით უფრო, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი სადავო შემთხვევაშიც კი, გამოხატვისათვის სწორედ აზრის მინიჭების პრეზუმფციისაკენ იხრება. „აზრი“ კი, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც ნიშნავს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის განცხადება მოსარჩელის შესახებ შეეხება მხოლოდ კომპიუტერული მონაცემებზე წვდომის „შეკვეთს“ და არა უშუალოდ შესრულებას და მოპოვებული პირადი ინფორმაციის (შიშველი სხეულის) საჯაროდ (სოციალურ ქსელში) გასაჯაროვებას, რაც შეეხება უშუალოდ „შეკვეთას“ იგი შეიძლებოდა მიჩნეულ ყოფილიყო ფაქტად თუ მისი მოსარჩელის მიერ გადაცემაში გაკეთებული სხვა განცხადებებისაგან განცალკევება, იზოლირება და განხილვა (დამტკიცება ან უარყოფა) იქნებოდა შესაძლებელი მოპასუხის განცხადებათა კონტექსტის და სულისკვეთების დაუმახინჯებლად, რაც სასამართლოს ამ შემთხვევაში შეუძლებლად მიაჩნია, იმ გარემოების გათვალისიწინებით, რომ გადაცემში მოსარჩელე საუბრობს მხარეთა ახლო ურთიერთობის შესახებ და აფასებს მას როგორც დადებით ასევე უარყოფით ჭრილში, ასევე იგი საუბრობს იმ ტკივილსა და სულიერ მდგომარეობაზე რაც მოყვა მის კომპიუტერულ მონაცემთა არასანქციონირებული წვდომას, როდესაც იგი იძულებული იყო საყვარელ ადამიანებს და საკუთარ შვილს გარკვეული დროის განმავლობაში გარიდებოდა, შესაბამისად მოპასუხის განცხადება მოსარჩელის ასეთი ქმედების „შეკვეთაში“ მხილების შესახებ განპიროვნებულია „დამნაშავის“ დასჯის სურვლით, რათ მოხდეს მოპასუხსათვის მიყენებული სულიერი ტკივილის ნაწილობრივ შემსუბუქება (რესტიტუცია), რაც მოპასუხის აზრს და დამოკიდებულებას წარმოადგენს მის მიერ გადატანილ უსიამოვნო მოვლენასთან მიმართებით და სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი განცხადების გაკეთებით მოპასუხე მიზნად არ ისახავდა მოსარჩელისათის შეგნებულად პატივის და ღირსების შელახვას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- შ--–---ას სარჩელი ნ---- წ------–-–---–ის მიმართ არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის მე-9-ე, მე-17, 31-ე მუხლები;
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი;
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი;
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-4, მე-7, მე-13 მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 992-ე, მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ განსახილველი სამოქალაქო საქმე განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცენდენტული სამართლით, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვემხრივად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლიდან გამომდინარე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სასამართლო გვერდს ვერ აუვლის დემოკრატიული საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი ღირებულების - გამოხატვის თავისუფლების, კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი მოვლენის ზოგად და ისტორიულ შეფასებას ასევე ღირსებისა და რეპუტაციის დაცულ უფლებას;
გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენადაა მიჩნეული, ხოლო მისი უზრუნველყოფა და დაცვა - დემოკრატიული პროცესების წარმატებით ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო პირობად. ამ მოვლენას, ორმაგი ბუნება, ორმაგი დატვირთვა გააჩნია. იგი ერთდროულად მიზანიც არის და საშუალებაც. იგი არა მხოლოდ თავისთავადი სიკეთე და ღირებულებაა, არამედ იმავდროულად სხვა ღირებულებათა დაცვის საუკეთესო გზა.
საქართველოს კონსტიტუციის 9.1 მულით ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. ამავე კონსტიტუციის 17.1 მუხლით აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ხოლო 17.2 მუხლით ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
საქართველოს კონსტიტუციის 31.1 მუხლით ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ.
საერთაშორისო პაქტის 19.3. მუხლის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია: ა) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის...
საქართველოს კონსტიტუციის 17.5 მუხლით აზრის გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლიტური უფლება და მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
ამრიგად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსახვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, არასწორი ფაქტების გავრცელება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს ცილისწამების დეფინიციას, რომლის მიხედვითაც, ცილისწამება ეს არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისთვის სახელის გამტეხი განცხადება. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება, რომელიც მტკიცებას ექვემდებარება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა ანუ შესაძლებელია ფაქტების საწინააღმდეგოს დამტკიცება და 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირის ადგება ზიანი ან/და იგი იწვევს მის პატივისა და ღირსების შელახვას.
კანონმდებელმა განცალკევებულად გამოყო ცილისწამება კერძო პირის მიმართ საჯარო პირის ცილისწამებისაგან და განსხვავებული კრიტერიუმები დაადგინა თითოეულისათვის. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო პირი არის „ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო“. უდაოა, რომ მოსარჩელე კერძო პირია. ხოლო რაც შეეხება მოპასუხეს სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონის 7.3 მუხლზე დაყრდნობით მოპასუხე მიჩნეულ უნდა იქნეს ამ კანონის მიზნებისათვის საჯარო პირად, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე არ წარმოადგენს საჯარო მოხელეს მოპასუხე წარმოადგენს საზოგადოებისათის ცნობილ შოუ - ბიზნესის წარმომადგენელს და მისი პირადი ცხოვრებისაკენ ყოველთვის მიმართულია საზოგადოების ყურადღება.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ამავე კანონის 16-ე მუხლით პირს ცილისწამებისათვის არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთვევაში, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო. აზრი კი, ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, არის შეფასებითი მსჯელობა, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება. ამავე კანონის პირველი მიხლის "ღ" ქვეპუნქტით მედიაა მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის ინტერნეტი.
პრეცენდენტული სამართლის თანახმად გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადეობის ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და ერთ - ერთ ძირითად პირობას მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციისათვის. 10.2 მუხლის საფუძველზე იგი ეხება არა მხოლოდ „ინფორმაციას“ და „იდეებს“ რომლებიც დადებითი, არაშეურაცხმყოფელი ან უმნიშვნელოა, არამედ შეურაცხმყოფელ, შოკისმომგვრელ ან შემაწუხებელ ინფორმაციას, ან იდეებს. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ლიბერალური აზროვნების მოთხოვნები, რომელთა გრეშე „დემოკრატიული სააზოგადოება“ არ არსებობს. მე-10 მუხლის შესაბამისად თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც . . . უნდა განიმარტოს მკაცრად, თუმცა რაიმე სახის შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს . . . 10.2 მუხლის მიზნებისატის „აუცილებელი“ გულისხმობს „გადაუდებელი სოციალური საჭიორების“ არსებობას. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ დისკრეციული უფლებამოსილება გარკვეულ ფარგლებში ამგვარი საჭიროების არსებობის შესაფასებლად, თუმცა ეს მჭიდოროდ არის დაკავშირებეული ევროპულ ზედამხედველობასთან, რომლების ეხება როგორც კანონმდებლობას, ისე კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.
სასამართლომ დავის გადაწყვეტის ჭრილში უნდა განიხილოს საჭიროა თუ არა მოსარჩელის მიერ მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე ჩარევა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თვალაზრისით და თუ საჭიორა ის რამდენად ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი, სათანადო და საკმარისია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის დავის სწორად გადაწყვეტისათვის სასამართლომ უპირველესად განსახილველ საკითხად დააყენა იმის დადგენა, მოპასუხემ გაავრცელა კონკრეტული ფაქტი თუ მისი გამონათქვამი იყო მხოლოდ მისი პირადი აზრი და შეფასებითი მსჯელობა და რამდენად ყურადღებას იმსახურებდა მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებაში და ამით ხომ არ მიადგა მოსარჩელეს ზიანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, „აზრში“ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. აზრის საწინააღმდეგოდ, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას. გასათვალისწინებელია, რომ აზრები ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გამოდმოცემად დაუშვებელია, რადგანაც მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა. ამავდროულად, აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში. (სუსგ №ას-1477-1489-2011, №ას-790-739-2017);
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის საქმეებზე Lingens v. Austria; Jerusalem v. Austria და სხვა, ერთმანეთისაგან განასხვავა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა) და განმარტა, რომ „ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს“.
ფაქტობრივი ბრალდებისა და შეფასებითი მსჯელობის გასამიჯნად აუცილებელია საქმის გარემოებებისა და გამონათქვამების ზოგადი კონტექსტის გათვალისწინება. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ განცხადებები საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების თაობაზე, შესაძლოა, წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას და არა ფაქტის დაფიქსირებას. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (სუსგ №ას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი). აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (სუსგ №ას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (სუსგ №ას-179-172-2012, 1 ოქტომბერი, 2014 წელი).
სანამ სასამართლო მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადების შინაარს შეაფასებდეს, მნიშვნელოვნად მიაჩნია ხაზი გაუსვას საქართველოში მიმდინარე მოვლენებს რომლებიც ეხება პირადი ცხოვრების უფლების დაცვას. საყოველთადო ცნობილია, რომ 2012 წლამდე და მას შემდგომაც პირადი, პრაგმატული მათ შორის პოლიტიკური მიზნების მიღწევისათვის საქართველოში ხდებოდა გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოხელეების, პოლიტიკური თუ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების პირადი ცხოვრების მათ შორის ინტიმური ხასიათის შემცველი ინფორმაციის ფარული ჩაწერა და მიყურადება შემდგომში მათზე ზეგავლენის - ზემოქმედების განხორცილელების მიზნით, რის დასადასურებლადაც ამოღებულ იქნა წინა ხელისუფლების პირობებში მოპოვებული „კასრებში დაფლული“ აუარებელი მოცულობის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული აუდიო - ვიდეო მასალა, რაზედაც წინა ხელისუფლების არაერთი ძალოვანი და პოლიტიკური ფიგურა იქნა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისმგელობაში და სასამართლოების მიერ გამოტანილ იქნა არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი, ამდენად საზოგადოების მწვავე ყურადღებას იმსახურებს და კვლავ აქტუალურია პირადი ცხოვრების ამასახველი ინფორმაციის პოლიტიკური თუ პირადი შურისძიების მიზნით განთავსების საკითხი საჯაროდ. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებისათვის ყურადასაღები და აქტუალურ თემას წარმოადგენდა.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო განცხადებების შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ ისინი განმცხადებლის აზრს (სპეციალური კანონის 7.5. მუხლი), მის შეფასებით მსჯელობას წარმოადგენენ, რადგანაც განცხადებათა მთლიანი კონტექსტის გათვალისიწინებით მოპასუხე არ საუბრობს უშუალოდ მოსარჩელის მიერ მისი კომპიუტერულ სისიტემის არამართლზომიერ შეღწევაზე და მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებაზე, მოპასუხე აცხადებს რომ „მოსარჩელემ შეუკვეთა“, ამასთან იმასაც აცხადებს, რომ გამოიკვეთა რამოდენიმე IP მისამართი საიდანაც მოხდა ვიდეოს გავრცელება, რაც იმას მოწმობს რომ მოპასუხე გადაცემაში აყალიბებს საკუთარ დამოკიდებულებას (მოსაზრებას) მოვლენის მიმართ, რაც მისთვის როგორც დედისათვის ძალიან მტკივნეულია. ასევე საგულისხმოა ის გარემოება, რომ სასამართლო სადავო საკითხზე მსჯელობს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, სადაც შიშველი სხეულის ვიდეოს გავრცელებაზე საუბარი არ არის.
შესაბამისად სპეციალური კანონის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ 7.5. მუხლის თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეფასდეს ერთობლიობაში „აზრად“, რომელიც, ამავე კანონის 4.1. მუხლის შესაბამისად, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც იწვევს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას, ვინაიდან მოსარჩელის შესახებ ინფორმაციის მის მიერ კომპიუტერული ინფორმაციის არამართლზომიერ წვდომასთან დაკავშირებით შეკვეთის შესახებ ცალკე, იზოლირებულად, განხილვა გადაცემის ფორმატის და მოპასუხის მიერ მანამდე მისი და მოსარჩელის პირად ურთიერთობის და მოპასუხის გრძნობების გათვალისიწინებით შეუძლებელია და უნდა შეფასდეს ერთობლიოაში მოპასუხის აზრად მის მიმართ განხორციელებულ არამართლზომიერ ქმედებასთან მიმართებით, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება.
ერთ-ერთ საქმეზე ევროსასამართლომ არასწორ ფაქტად მიიჩნია პოლიტიკური თანამდებობის პირის _ მინისტრის საჯარო განცხადება, რომლითაც მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის წევრი ფულის მიღების სანაცვლოდ, პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი სამედიცინო დასკვნის გაცემაში დაადანაშაულა. მოცემულ საქმეზე ევროსასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განცხადება შეიცავდა დადასტურებად ფაქტებს (თანხის მიღება არასწორი სამედიცინო დასკვნის გაცემის მიზნით) და აღნიშნა, რომ კონვენცია არ მოითხოვდა პირებისაგან მე-8 მუხლით დაცული უფლებების დარღვევის მოთმენას და საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე სისხლისსამართლებრივ ქმედებებში საჯაროდ დადანაშაულებას ... როდესაც საზოგადოება მოელის გადამოწმებულ ინფორმაციას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით და არა ფაქტებით გაუმყარებელ განცხადებებს („ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი #18925/09, 20 სექტემბერი, 2018 წელი).
ხოლო ერთ ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, რომელიც ეხებოდა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის საქმიანობის, კერძო პირის მხრიდან კორუფციულ საქმიანობად შეფასებად განმარტა, რომ იგი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ექცეოდა, ვინაიდან კორუფცია არ ნიშნავდა პირის პირდაპირ დადანაშაულებას კონკრეტულ დანაშაულის ჩადენაში. სუს ას-591-591-2018 გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადებებში მოპასუხის მიერ გამოთქმული სადავო ფრაზა არ არის საკმარისად კონკრეტული, მასში არ არის გადმოცემული ფაქტები, არამედ, გამოთქმათა მთლიანი კონტექსტის შესაბამისად, უფრო მეტად განცხადების გამავრცელებლის აზრს, მოვლენის მიმართ მის პირად დამოკიდებულებასა და კომენტარს წარმოადგენს, რაც ამ გამონათქვამის აზრად და არა ფაქტად მიჩნევას განაპირობებს, შესაბამისად, სასამართლო აღარ მსჯელობს მოსარჩელის მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევის საკითხზე. იმ ვითარებაში კი, როდესაც არ ვრცელდება მოპასუხის მხრიდან ცილისწამების შემცველი განცხადება, შეფასებას აღარ ექვემდებარება სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ფულად ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
პირველი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, სასამართლოს აქვე მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მოპასუხეს გადასახდელად არ დაეკისრება და სახელმწიფო ხაზინიდან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილსის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი