გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.11.2019
საქმის ნომერი
351210019002970877
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

# 3-----------------

საქმე №2-1-----

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი:

22 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გარდაბანი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე

მოსარჩელე - ნ---- მ--------ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ----- ტ------ე

მოპასუხე - ჟ--–- ა--------ა (არ გამოცხადდა)

არასრულწლოვანთა კანონიერი წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილება

მესამე პირის წარმომადგენელი - ლ-–-----------–---–ი

დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ჟ--–- ა--------ას (პ/ნ 1----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილების: 14.04.2015 წელს დაბადებული ი------ მ--------ის (პ/ნ 1----------) და 22.01.2017 წელს დაბადებული ა------ მ--------ას (პ/ნ 1----------) საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებასთან დაკავშირებით მშობლის თანხმობის გაცემის ნაწილში.

 

სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ცხოვრობს მშობლებთან და შვილებთან ერთად ქალაქ გარდაბანში. 2014 წელს მოსარჩელემ მოიყვანა ცოლად მოპასუხე - ჟ--–- ა--------ა, ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ 2 შვილი: ი------ მ--------ი და ა------ მ--------ა. მეუღლეს და ოჯახის სხვა წევრებს, მოპასუხისთვის არასოდეს მიუყენებიათ შეურაცხყოფა, თუმცა მიუხედავად ამისა, მოპასუხე ხშირად მიდიოდა სახლიდან და შემდეგ ბრუნდებოდა უკან. მოსარჩელისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ მოპასუხემ სამკაული ჩააბარა ლომბარდში და თანხის აღების შემდეგ, 08.07.2018 წელს წავიდა სახლიდან, ხოლო შვილები დატოვა მეუღლის ოჯახში, სადაც დღემდე იმყოფებიან. შვილების აქტიურ აღზრდაში იღებს მონაწილეობას მამა, ხოლო დედა გულგრილად ექცევა მათ და ტოვებს თვეობით. მოსარჩელეს ჰყავს ბევრი ნათესავი საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომლებიც ეპატიჟებიან მათ სტუმრად დასასვენებლად და დღესასწაულებზე. ოჯახი ვერ მიდის საზღვარგარეთ, ბავშვების პასპორტის არქონის გამო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ჟ--–- ა--------ას სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადებულა.

 

2.2 მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილების პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით:

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.07.2019 წლის #7-- დასკვნის თანახმად, ოჯახი დარღვეულია, ბავშვების დედა წასულია ოჯახიდან 1 წელია, არსებული ინფორმაციით, ის იმყოფება საზღვარგარეთ. ბავშვები ცხოვრობენ მამასთან ქ. გარდაბანში კერძო სახლში, სადაც შექმნილია ბავშვების ცხოვრებისთვის სათანადო პირობები. ნ---- მ--------ი დასაქმებულია და აქვს შემოსავალი 860 ლარის ოდენობით, ოჯახში ასევე ცხოვრობენ ნ---- მ--------ის მშობლები, ოჯახს აქვს შინამეურნეობა და დამატებითი ფინანსური შემოსავალი. მამის ოჯახში ბავშვებზე ზრუნვა დამაკმაყოფილებელია. ვინაიდან ბავშვების დედა არ იმყოფება საქართველოში, გაურკვეველია მისი დამოკიდებულება დავის საგანთან მიმართებაში, მაგრამ ბავშვების ინტერესების დაცვის და მათი ფსიქო-ემოიური განწყობის ამაღლების საკითხში მამისათვის ხელშეწყობის მიზნით, მიზანშეწონილია ჟ--–- ა--------ას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანების მიმართ (იხილეთ დასკვნა ს.ფ. 64-65).

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის - ლ-–-----------–---–ის განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მშობლის უფლებების განხორცილება მოხდეს იმგვარად, რომ ამით არ მიადგეს ზიანი მათ. შესაბამისად, სოციალური სამსახური ეთანხმება ბავშვების მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ი------ მ--------ი დაიბადა 14.04.2015 წელს, მისი მშობლები არიან: დედა - ჟ--–- ა--------ა, მამა - ნ---- მ--------ი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 18).

 

3.1.2. ა------ მ--------ა დაიბადა 22.01.2017 წელს, მისი მშობლები არიან: დედა - ჟ--–- ა--------ა, მამა - ნ---- მ--------ი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 19);

 

3.1.3. ჟ--–- ა--------ა და ნ---- მ--------ი დაქორწინდნენ 2014 წელს, მეუღლეს და ოჯახის სხვა წევრებს, მოპასუხისთვის არასოდეს მიუყენებია შეურაცხყოფა, თუმცა მიუხედავად ამისა, მოპასუხე ხშირად მიდიოდა სახლიდან და შემდეგ ბრუნდებოდა უკან. მოპასუხე 08.07.2018 წელს წავიდა სახლიდან, ხოლო შვილები დატოვა მეუღლის ოჯახში, სადაც დღემდე იმყოფებიან. შვილების აქტიურ აღზრდაში იღებს მონაწილეობას მამა, ხოლო დედა გულგრილად ექცევა მათ და ტოვებს თვეობით. მოსარჩელეს ჰყავს ბევრი ნათესავი საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომლებიც ეპატიჟებიან მათ სტუმრად დასასვენებლად და დღესასწაულებზე. ოჯახი ვერ მიდის საზღვარგარეთ, ბავშვების პასპორტის არქონის გამო.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მოსარჩელის ზეპირი ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. ჟ--–- ა--------ა არ იმყოფება საქართველოში 01.09.2018 წლიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ინფორმაცია საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ (ს.ფ. 60-61).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, არსებობს საფუძველი, რომ მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, არასრულწლოვანი შვილების საქართველოს პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1205-ე მუხლები;

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მოიცავს ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. აღნიშნული კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის, აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

,,ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-8 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. აღნიშნული მუხლით განსაზღვრული არ არის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს ბავშვის სახელით ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების შესრულებას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებამოსილებების ერთობლიობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად.

 

სასამართლოში წარმოდგენილი სარჩელით, ნ---- მ--------მა მოითხოვა ჟ--–- ა--------ას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილების მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე არასრულწლოვანი შვილების მიმართ არ იჩენს მზრუნველობას, მიტოვებული ყავს ისინი ქმრის ოჯახში და წასულია საქართველოდან. მოსარჩელეს ჰყავს ნათესავები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და მას სურვილი აქვს სტუმრად წაიყვანოს ხოლმე მათთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლი ითვალისწინებს რა მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ განსაზღვრავს ფაქტობრივ საფუძვლებს, რომელთა არსებობის პირობებშიც შესაძლებელია მშობლის უფლების შეზღუდვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული დავის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არასრულწლოვანი შვილების მიმართ მშობლების უფლებების და ვალდებულებების განმსაზღვრელი ზოგადი პრინციპების საფუძველზე, რაც დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1198-1199 მუხლებით, რომელთა თანახმად, მშობლებს აქვთ უფლებამოსილება და ვალდებულება, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს.

 

არასრულწლოვანს თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ შესწევს უნარი, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო- სამართლებრივ ურთიერთობებში ან/და ნებისმიერ სხვა სფეროში. მესამე პირებთან ურთიერთობაში ბავშებს წარმოადგენენ მშობლები, რომლებიც შვილების სახელით გამოხატავენ ნებას, ამა თუ იმ იურიდიული მოქმედებაზე, წყვეტენ ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილ საკითხებს. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების დროს, მშობელი შებოჭილია ვალდებულებით, დაიცვას თავისი არასრულწლოვანი შვილის უფლებები და ინტერესები.

 

სასამართლოში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.07.2019 წლის #7-- დასკვნის თანახმად, ოჯახი დარღვეულია, ბავშვების დედა წასულია ოჯახიდან 1 წელია, ის იმყოფება საზღვარგარეთ. ბავშვები ცხოვრობენ მამასთან ქ. გარდაბანში კერძო სახლში, სადაც შექმნილია ბავშვების ცხოვრებისთვის სათანადო პირობები. ნ---- მ--------ი დასაქმებულია და აქვს შემოსავალი 860 ლარის ოდენობით, ოჯახში ასევე ცხოვრობენ ნ---- მ--------ის მშობლები, ოჯახს აქვს შინამეურნეობა და დამატებითი ფინანსური შემოსავალი. მამის ოჯახში ბავშვებზე ზრუნვა დამაკმაყოფილებელია. ვინაიდან ბავშვების დედა არ იმყოფება საქართველოში, გაურკვეველია მისი დამოკიდებულება დავის საგანთან მიმართებაში, მაგრამ ბავშვების ინტერესების დაცვის და მათი ფსიქო-ემოიური განწყობის ამაღლების საკითხში მამისათვის ხელშეწყობის მიზნით, მიზანშეწონილია ჟ--–- ა--------ას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანების მიმართ.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის - ლ-–-----------–---–ის განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მშობლის უფლებების განხორცილება მოხდეს იმგვარად, რომ ამით არ მიადგეს ზიანი მათ. შესაბამისად, წარმომადგენელი დაეთანხმა ბავშვების საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას.

 

სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ბავშვებზე მზრუნველობას ახორციელებს მამა - ნ---- მ--------ი, ხოლო დედა - ჟ--–- ა--------ა არ იმყოფება საქართველოში 01.09.2018 წლიდან და შესაბმასიად, არ ნახულობს შვილებს ამ პერიოდიდან, არ იღებს მონაწილეობას მათ აღზრდაში.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებას, ბავშვის პასპორტის აღების ნაწილში, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე, ვინაიდან არასრულწლოვანი ბავშვების უფლებებიდან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა დაირღვეს ბავშვების არჩევანის უფლება დაისვენონ მამასთნ ერთად საზღვარგარეთ.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელე ნ---- მ--------ის სარჩელი, მოპასუხე ჟ--–- ა--------ას მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ---- მ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე - ჟ--–- ა--------ას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილების: 14.04.2015 წელს დაბადებული ი------ მ--------ის (პ/ნ 1----------) და 22.01.2017 წელს დაბადებული ა------ მ--------ას (პ/ნ 1----------) საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებასთან დაკავშირებით, მშობლის თანხმობის გაცემის ნაწილში, სხვა უფლებების შეუზღუდავად;

 

3. მოპასუხე - ჟ--–- ა--------ას დაეკისროს მოსარჩელე - ნ---- მ--------ის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა), გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი