გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.10.2019
საქმის ნომერი
140210118002788383
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
28.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210118002788383

საქმე № 2/2382-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

 

მოსარჩელე - ბ--–--–--------ე (მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - გ-------------------–ი

მოპასუხე - ხ---------–--–--ე

წარმომადგენელი - ზ-----------–---–ი

 

დავის საგანი: სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მასში ცვლილების შეტანა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ, 2018 წლის 31 მაისს გაცემული №180624453 სააღსრულებო ფურცელი, კერძოდ: სააღსრულებლო ფურცლით გათავლისწინებული სარგებელი 2100 ლარი შემცირდეს 600 ლარამდე, პირგასამტეხლო - 600 ლარი შემცირდეს 60 ლარამდე, ხოლო ძირი თანხა 20 000 ლარი შემცირდეს 16700 ლარამდე.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მხარეებს შორის 2017 წლის 21 ოქტომბერს სანოტარო წესით გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ მოპასუხისგან ისესხა 20 000 ლარი, 06 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. გ---------------------------------------------------.

 

მოსარჩელის განმარტებით, მას გადახდილი აქვს 05 თვის სარგებელი, თუმცა მიუხედავად ამისა, მოპასუხემ შეწყვიტა ხელშეკრულება და მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. 2018 წლის 31 მაისს ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც ვალდებულების მოცულობად დადგენილია ძირი თანხის სახით - 20 000 ლარი, 2100 ლარი - სარგებლის სახით და პირგასამტეხლო - 600 ლარის ოდენობით, რომლის ნაწილობრივ ბათილად ცნობასაც ითხოვს მოსარჩელე, რადგან გადახდილი აქვს 05 თვის სარგებელი, ხოლო პირგასამტეხლოს არაგონივრულად მიიჩნევს.

 

მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ მას გარდა 5 თვის სარგებლისა, გადახდილი აქვს ასევე ძირი თანხის ნაწილი 3300 ლარის ოდენობით, რაც ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის საფუძველია, შესაბამისად, 20 000 ლარს უნდა გამოაკლდეს მის მიერ გადახდილი 3300 ლარი (იხ. სარჩელი და 28.10.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა მან მოსამზადებელ ეტაპზე ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლით განსაზღრული სარგებლის 600 ლარამდე, ხოლო პირგასამტეხლოს 60 ლარამდე შემცირებას დაეთანხმა, თუმცა 2019 წლის 28 ოქტომბერს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შემდეგ, მან საბოლოო სასარჩელო მოთხოვნა ცნო მხოლოდ პირგასამტეხლოს 60 ლარით განსაზღვრის ნაწილში და მიუთითა, რომ მოსარჩელეს მისთვის გადახდილი აქვს მხოლოდ ორი თვის და 15 დღის სარგებელი, აგრეთვე გადასახდელი აქვს ძირი თანხა 20000 ლარის ოდენობით. მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის განმარტებას ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან სესხი გაცემული იყო 6 თვის ვადით და სრულად უნდა დაბრუნებულიყო 2018 წლის 21 აპრილს. მოსარჩელის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად მოპასუხემ მიმართა იძულებითი აღსრულების სამართლებრივ საშუალებას და სააღსრულებო ფურცელი გაცემულია 2018 წლის 31 მაისს. გარდა ამისა მოპასუხე შუამდგომლობს მოსარჩელისათვის მის მიერ საადვოკატო მომსახურებისთვის გაღებული ხარჯების დაკისრებას (იხ. შესაგებელი 07.10.2019 წლის განცხადება და 28.10.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეებს შორის 2017 წლის 21 ოქტომბერს სანოტარო წესით გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ბ--–--–--------ემ ხ---------–--–--ისაგან 06 თვის ვადით, 2018 წლის 21 აპრილამდე ისესხა 20 000 ლარი, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. გ-----------------------------------------------------.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის 21 ოქტომბრის №171240613 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკარი (იგივე კრედიტორი) უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად, თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის 21 ოქტომბრის №171240613 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

 

3.2.2. მოსარჩელის მიერ დაირღვა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები, მან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 2018 წლის 21 აპრილამდე - არ გადაიხადა სესხის ძირი და საგებელი სრულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

 

- მხარეთა ახსნა - განმარტება

 

3.2.3. 2018 წლის 31 მაისს ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი სადაც დადგენილია, რომ მოსარჩელეს გადასახდელი აქვს ძირი თანხის სახით 20 000 ლარი, 2100 ლარი სარგებლის სახით და პირგასამტეხლო - 600 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 31 მაისის სააღსრულებო ფურცელი №180624453.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სადავო გახადა სააღსრულებო ფურცელში მითითებული დავალიანების მოცულობიდან ძირი თანხის ოდენობა და მისი მხრიდან 3300 ლარის გადახდის გამო და ასევე სარგებლის ნაწილში მან სადავო გახადა 5 თვის სარგებლის გადახდის ფაქტი და მხოლოდ 600 ლარის გადახდის ვალდებულება აღიარა..

რაც შეეხება მოპასუხე მხარეს მან უარყო მოსარჩელის მხრიდან 5 თვის სარგებლისა და ძირითადი თანხიდან 3300 ლარის გადახდის ფაქტი.

სამოტივაციო ნაწილი

 

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ბ--–--–--------ის სარჩელი ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილი პირგასამტეხლოს 60 ლარამდე შემცირების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.

 

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე, 429-ე, 430-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

5.2. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2017 წლის 21 ოქტომბერს ხ---------–--–--ესა და ბ--–--–--------ეს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

5.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

5.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან მათ შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობას, ასევე არ დავობენ, რომ სესხი იყო სარგებლიანი. მსესხებელი სადავოდ ხდის მისი მხრიდან ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებას და ასევე პირგასამტეხლოს ოდენობას, კერძოდ, მოსარჩელე (მოვალე) მიუთითებს, რომ მას გადახდილი აქვს ძირითადი თანხიდან ნაწილი და ასევე 5 თვის პროცენტი.

 

5.6. აღნიშნულ სადავო გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით, ხოლო ამავე კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, 1. კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილორივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

5.7. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს კრედიტორს, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი. ამავდროულად, კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონით მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.

 

5.8. სამოქალაქო კოდექსის 430-ე მუხლის თანახმად, კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს.

 

ამდენად, ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს.

 

მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 21 ოქტომბერს სანოტარო წესით გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ 06 თვის ვადით ისესხა 20 000 ლარი, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი. ყიფიანის ქ. №15/55 ს/კ 66.05.20.041.01.055. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სესხის ხელშეკრულების კანონიერება მხარეებს სადავო არ გაუხდიათ, თუმცა მოსარჩელე ბ--–--–--------ემ (მსესხებელმა), გაზრდილი მოთხოვნით სადავოდ გახადა შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა, კერძოდ მან მიუთითა, რომ მას სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხიდან, 20 000 ლარიდან გადახდილი აქვს 3300 ლარი, ხოლო სარგებლიდან გადასახდელი აქვს ერთი თვის სარგებელი 600 ლარი რის გამოც ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა არასწორადაა განსაზღვრული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

5.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოთ დასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

5.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია, რომ მოპასუხე მხარე (ამ შემთხვევაში კრედიტორი) თავადაა ვალდებული დაამტკიცოს რომ მსესხებელს (ბ--–--–--------ეს) თანხა არ გადაუხდია, მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპთან წინააღმდეგობაში მოდის.

 

ამდენად, მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელე ბ--–--–--------ე თვითონ იყო ვალდებული ზეპირი განმარტებით გადმოცემული არგუმენტები დაესაბუთებინა მყარი მტკიცებულებებით იმდენად, რამდენადაც იგი ამტკიცებს, რომ მან კრედიტორს გადაუხადა ძირი თანხის და სარგებლის ნაწილი, თუმცა მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება გარდა ზეპირი განმარტებისა, რომელიც ცალკე აღებულიც ბუნდოვანია და გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს, წარმოუდგენია, რაც არ არის საკმარისი მისი მხრიდან ვალდებულების შესრულების (თუნდაც ნაწილობრივ თანხის გადახდით) დასადასტურებლად.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე დადგინდა, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის საფუძველს წარმადგენს 2017 წლის 21 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც იყო სარგებლიანი და რომ ეს ვალდებულება არ არის შესრულებული.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორმა ხ---------–--–--ემ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, მსესხებელს გადასცა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რის საფუძველზეც მსესხებელს ბელა წვიტაძეს წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში (21.04.2018 წ.) თანხის დაბრუნების ვალდებულება. დადგინდა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მსესხებელმა აითვისა სესხის ძირი თანხა 20000 ლარი, რომელიც იყო სარგებლიანი (თვეში 3%), შესაბამისად, მსესხებელს, ბ--–--–--------ეს ეკისრებოდა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტორისათვის როგორც სესხის ძირი თანხა, ისე მასზე დარიცხული სარგებელი სრულად.

 

რაც შეეხება ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გამოწერას, დასტურდება, რომ მსესხებელს ვალდებულება სრულად უნდა შეესრულებინა 2018 წლის 21 აპრილამდე, სააღსრულებო ფურცელი გამოწერილია 2018 წლის 31 მაისს, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად კი, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.

 

5.11. რაც შეეხება მოთხოვნას პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულია მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოვალემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ გადაიხადა.

 

5.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება, თუმცა სასამართლო განსახილველ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს არა კონკრეტულ გარემოებებზე, არამედ მოპასუხის მხრიდან სასარჩელო მოთხოვნიდან ამ ნაწილში სარჩელის ცნობაზე, რაც ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლით გათვალისწინებული პირგასმტეხლოს 60 ლარამდე შემცირების საფუძველს წარმოადგენს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს თავდაპირველ სარჩელზე, რომლის მიხედვითაც დავის საგანს წარმოადგენდა 2040 ლარი (სარგებლის ნაწილში 1500 ლარი, პირგასამტეხლოს ნაწილში - 540 ლარი), როგორც მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმე სახელმწიფო ბაჟი ოდენობა შეადგენს 50 ლარს (სსკ მე-14, 38-ე, 39-ე მუხლები), სარჩელზე კი გადახდილია 100 ლარი (დანარჩენი 50 ლარი გადახდილია უზრუნველყოფის განცხადებაზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა). რაც შეეხება გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნას, გაზრდილი დავის საგნის ფასი არის 5340 (2040 + 3300) ლარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 160.24 ლარს, მოსარჩელე მხარემ კი სასარჩელო მოთხოვნის გაზრდისას დამატებით გადაიხადა 21 ლარი, ე.ი. მოსარჩელეს სარჩელზე მთლიანობაში გადახდილი აქვს 121 ლარი, ანუ 45 ლარით ნაკლები. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო 540 ლარის ფარგლებში, ამ თანხის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟი (16.20 ლარი) ექვემდებარება მოსარჩელისათვის დაბრუნებას, თუმცა ხაზგასასმელია, რომ მოსარჩელეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი სრულად არ აქვს გადახდილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დამატებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა 39.2 ლარის ოდენობით, რასაც უნდა გამოაკლდეს მისთვის დასაბრუნებელი 16.20 ლარი და საბოლოოდ მოსარჩელის მიერ დამატებით გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განისაზღვროს 23 ლარით.

 

რაც შეეხება მოპასუხის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯებს, დადასტურებულია, რომ მას გადახდილი აქვს 800 ლარი, ასევე დადასტურებულია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარეს უნდა დაეკისროს მოპასუხის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის შესაბამისად, 150 ლარის ლარის ოდენობით.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული არ ყოფილა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 42-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ბ--–--–--------ის სარჩელი მოპასუხე ხ---------–--–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 2018 წლის 31 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: №180624453), კერძოდ მე-8 პუნქტში, ბ--–--–--------ისათვის დაკისრებული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის - პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლო განისაზღვროს 60 ლარით, ხოლო დანარჩენ ნაწილში ბ--–--–--------ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

 

3. მოსარჩელე ბ--–--–--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 23 ლარის ოდენობით.

 

4. მოსარჩელე ბ--–--–--------ეს მოპასუხე ხ---------–--–--ის სასარგებლოდ, მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით, დაეკისროს 150 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: გორი, ჯორბენაძის ქ. №30).

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი