გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
330210019002940610
საქმე №2/7957-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი
განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე მ--------------ე
მოპასუხე თ----------------–ი
დავის საგანი წილის საკუთრებაში აღრიცხვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,ს--------------------------------–--ს’’ 100% წილის მ--------------ის საკუთრებაში აღრიცხვა.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:
შპს ,,ს--------------------------------–--’’ დაფუძნებულია 2013 წლის 14 აგვისტოს და მისი 100%-იანი წილის მფლობელია მ-------------ის მეუღლე თ----------------–ი, ხოლო დირექტორია თ-------–---–----ე.
2016 წლის შემოდგომაზე კომპანიას შეექმნა ფინანსური პრობლემები და 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით კომპანიის დამფუძნებელი, დირექტორი და მ-------------ე, როგორც კომპანიის მსესხებელი გაამტყუნეს კომპანიიდან ფულადი თანხების გაფლანგვაში და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა.
კომპანიის დაფუძნების დღიდან - დღემდე მ-------------ე არის მისი ფაქტობრივი მმართველი. 5 წლის განმავლობაში ყველა გადაწყვეტილებას ღებულობდა ის. რეგისტრირებული წილის მესაკუთრე არ ღებულობდა მონაწილეობას კომპანიის მართვაში, რაც მას ისედაც კანონით არ ევალებოდა. კომპანია ფორმალურად იყო რეგისტრირებული თ----------------–ზე და ის იყო მხოლოდ იურიდიულად 100% წილის მფლობელი.
იქედან გამომდინარე, რომ სამივე პირი სასჯელს იხდის სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და არ აქვთ კომუნიკაცია, რთულდება გაჩერებული კომპანიის ხელახლა ამუშავება. მოპასუხის მითითებით, მან არაერთხელ მიმართა წერილობით თ----------------–ს და სთხოვა კომპანიის მის სახელზე რეგისტრაცია, რათა ჰქონოდა შესაძლებლობა დაენიშნა ახალი დირექტორი და აეღორძინებინა კომპანიის საქმიანობა, თ----------------–ი აცხადებს უარს, ის არ ნიშნავს ახალ დირექტორს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა იმოქმედოს კომპანიის სასიკეთოდ და ამის გამო კომპანია დღემდე არის პარალიზებული, თუმცა მთელი მისი აქტივები და პასივები ფაქტობრივად ეკუთვნის მ-------------ეს და მხოლოდ მას გააჩნია ის ცოდნა და გამოცდილება, რაც საჭიროა იმისათვის, რომ კომპანია ორ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ ამოქმედდეს.
ის ფაქტი, რომ კომპანია რეალურად ეკუთვნის მ-------------ეს და თ----------------–ზე მხოლოდ ფორმალურად არის რეგისტრირებული დამფუძნებლად დადგენილია 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით. ამჟამად კომპანიას არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, კომპანიის ქონებას წარმოადგენს მხოლოდ ამავე კომპანიის ლომბარდის 105 ერთეული ავტომობილი, რომლებზეც მოთხოვნა გააჩნიათ მათ მესაკუთრეებს და ასევე კომპანიას გააჩნია მილიონობით დავალიანება, შესაბამისად არანაირი ფინანსური ინტერესი მოპასუხეს არ გააჩნია კომპანიის საკუთრებაში მიღებით, ინტერესი გააჩნია მხოლოდ იურიდიული და სამეწარმეო-კომერციული, რათა შეძლოს იმ ვალების გასტუმრება რომლებზედაც ისედაც აკისრებს პასუხისმგებლობას სასამართლო. ამჟამად კომპანია არ წარმოადგენს არანაირ ღირებულებას და ვალების მეტი არაფერი გააჩნია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეს წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია. ამასთანავე, თ----------------–ი არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ს--------------------------------–--’’ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, 2013 წლის 14 აგვისტოს დაარსებული მეწარმე სუბიექტია, რომლის 100% წილის მესაკუთრეა თ----------------–ი, ხოლო საწარმოს დირექტორია თ-------–---–----ე.
3.1.2. დღეის მდგომარეობით კომპანიას აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, გააჩნია საგადასახადო ვალდებულება, ადევს ყადაღა და რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში სხვადასხვა ფიზიკური პირის წინაშე არსებული ვალდებულების საფუძვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 17-31);
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით მ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. მ-------------ეს 2 წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება. ამავე განაჩენით თ----------------–იც იმავე კვალიფიკაციით ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ განესაზღვრა 7 წლის ვადა. თ----------------–საც 2 წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება.
[განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის 1.1-1.2 პუნქტში მითითებულია, შემდეგი: ,,1.1. შპს ,,საფინასო კომპანია საქართველო’’ (ს/ნ 433101895) რეგისტრირებულია 2013 წელს 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (დაახლოებით 20%-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი შემდგომი ინვესტირება. მისი ერთპიროვნული დამფუძნებელია თ----------------–ი, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებს თ-------–---–----ე. შპს ,,ს--------------------------------–--ს’’ საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავს თ----------------–ის მეუღლე - მ-------------ე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწევა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზედაც არაერთმა მოქალაქემ განახორციელა ფულადი შენატანი, კერძოდ: 2013-2016 წლებში შპს ,,ს--------------------------------–--მ’’ მოქალაქეებისაგან ჯამში სესხის სახით აიღო 34 359 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. აღნიშნული თანხები შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ,,ს--------------------------------–--ს’’ დირექტორმა თ-------–---–----ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ-------------ის წაქეზებით და თ----------------–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები, როგორც თავად მ-------------ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამში სესხის სახით, მ-------------ეზე გაცემულია მსესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს ,,განთიადზე’’ – 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც არ იქნა უკან დაბრუნებული და მ-------------ემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, შპს ,,ს--------------------------------–--მ’’ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.2. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ: თ-------–---–----ემ ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; მ-------------ემ ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; თ----------------–მა ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში.’’
განაჩენის 3.39.1 პუნქტში ასევე მითითებულია, რომ ,,...მართალია ოფიციალურად მ-------------ეს შპს ,,ს--------------------------------–--ში’’ არ გააჩნდა რაიმე სახის წილი და არ იყო კომპანიის თანამშრომელი, მაგრამ რეალურად ის იყო კომპანიის ფაქტობრივი მმართველი.’’ ,,...შპს ,,ს--------------------------------–--ს’’ მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის სესხის აღების შემთხვევაში მოქალაქის სესხის უზრუნველყოფას მ-------------ე ახდენდა საკუთარი ქონებით.’’ ,,... მ-------------ე იყო კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, რომელიც როგორც თავისი ქონებით, ასევე გადაწყვეტილებების მიღებით აქტიურად იყო ჩართული კომპანიის საქმიანობაში და მისი ინტერესების პრიორიტეტულობით ახორციელებდა კომპანიის საქმიანობას, რაზეც იყოლიებდა კომპანიის დირექტორს - თ-------–---–----ეს.’’]
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 31.07.2017წ. განაჩენი (ს.ფ. 32-156);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით ყველა ფაქტობრივ გარემოებას დაეთანხმა, იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, შესაბამისად სადავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ-------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-7, 147-ე, 152-ე მუხლები;
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, 51, მე-2, 44-ე, 46-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამეწარმეო საქმიანობის სუბსტანციური კერძო-სამართლებრივი ცნება განსაზღვრულია ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, კერძოდ სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეს (სხვა სიტყვებით - მეწარმეს) წარმოადგენს გარკვეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით მოწყობილი საწარმო. კერძოდ, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებია: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი. ამდენად, ქართული სამეწარმეო სამართალი, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას ანიჭებს ინდივიდუალურ მეწარმეს, როგორც ფიზიკურ პირს და საზოგადოებებსა და კოოპერატივს, როგორც იურიდიულ პირებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13.07.2006წ. გადაწყვეტილება, საქმე N1/2/378, ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. მოხმობილი ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება, არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს საწარმოს ვალდებულებებს პარტნიორის (პარტნიორის) მიმართ და პარტნიორის უფლებებს საზოგადოებაში. ამდენად, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 46-ე მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნების მიზანი მოგების მიღებაა. პარტნიორის ინტერესიც, როდესაც იგი ხდება საწარმოს განსაზღვრული წილის მესაკუთრე, სწორედ საწარმოს მოგებიდან მისი წილის პროპორციული მოგების მიღებაა - დივიდენდის სახით.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა რომ შპს ,,ს--------------------------------–--’’ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, 2013 წლის 14 აგვისტოს დაარსებული მეწარმე სუბიექტია, რომლის 100% წილის მესაკუთრეა თ----------------–ი, ხოლო საწარმოს დირექტორია თ-------–---–----ე. მოსარჩელე მ--------------ე წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში ითხოვს შპს ,,ს--------------------------------–--ს’’ 100% წილის საკუთრებაში აღრიცხვას, რასაც აფუძნებს იმ მოცემულობას, რომ იგი არის კომპანიის რეალური დამფუძნებელი და რაც მოსარჩელის მტკიცებით დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით, რომლითაც მ-------------ე თ----------------–თან და თ-------–---–----ესთან ერთად ცნობილ იქნა დამნაშავედ, როგორც საწარმოსთან დაკავშირებული და ფაქტობრივად მმართველი პირი.
6.2. სამოქალაქო კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული. ამავე კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. 152-ე მუხლის შესაბამისად, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.
კომპანიის წილი, როგორც ზემოთ აღინიშნა წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, რომელთან მიმართებითაც საკუთრების უფლების წარმოშობისათვის სავალდებულოა შესაბამისი სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი სამართლებრივი საფუძვლის არსებობა, რაც რეგულირებულია ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებით. კერძოდ, მოხმობილი კანონის 51 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ტერმინი ,,დაინტერესებული პირი’’ ამ კანონში გამოიყენება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით, კერძოდ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ზ’’ პუნქტის შესაბამისად დაინტერესებული პირად მიიჩნევა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება.
,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის, ლიკვიდატორის, მეურვის, რეაბილიტაციის მმართველის ან გაკოტრების მმართველის, ასევე სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ასახვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასევე რეგისტრირდება წილზე უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები, გარდა იმ ვალდებულებისა, რომელიც ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. 51 პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ხოლო 52 მუხლის თანახმად, თუ პირმა საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად მოითხოვა იმგვარი ცვლილება, რომელზედაც დაინტერესებულ პირს გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, როგორც წილის მესაკუთრეს, გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის მიერ მიღებულად ითვლება.
სასამართლო განსახილველ შემთხვევაში გაუმართლებლად მიიჩნევს მ-------------ის მოთხოვნას შპს ,,ს--------------------------------–--ს’’ 100% წილის საკუთრებაში აღრიცხვასთან მიმართებით, რადგანაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის არსებული მოთხოვნის რეალიზების წინაპირობას, კერძოდ გარემოება, რომ მ-------------ე არის საწარმოს 100% წილის მესაკუთრე თ----------------–ის მეუღლე და იგი დამდგარი განაჩენის ფარგლებში მოხსენიებულია, როგორც საწარმოს ფაქტობრივი მმართველი არ წარმოშობს თ----------------–ის საკუთრებად რეგისტრირებული 100% წილის მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვისათვის საკმარის საფუძველს.
წილის, როგორც მიმოქცევადი არამატერიალური ქონებრივი სიკეთის საკუთრებაში მიღებისათვის სახეზე უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი - სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი. არსებულ ვითარებაში კი, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განაჩენში ასახული გარემოება, ვერ გამოდგება სამოქალაქო სამართლის დავის ფარგლებში პრეიუდიციული მნიშვნელობით. ამასთან აქ საუბარია ფაქტობრივ მმართველობაზე, რაც არ ასუსტებს თ----------------–ის უფლებას კონკრეტულ წილთან მიმართებით, რასაც თავად განაჩენიც მოწმობს, რომლითაც მ-------------ესთან ერთად დამნაშავედ ცნობილია თ----------------–იც, სწორედ იმ საფუძვლით, რომ იგი არის კომპანიის 100% წილის მესაკუთრე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენში მ--------------ე მიჩნეულია კომპანიის ფაქტობრივ მმართველად და გადაწყვეტილებების მიმღებ პირად (განაჩენის 3.39.1 პუნქტში აღნიშნულია რომ ,,...ოფიციალურად მ-------------ეს შპს ,,ს--------------------------------–--ში’’ არ გააჩნდა რაიმე სახის წილი და არ იყო კომპანიის თანამშრომელი, მაგრამ რეალურად ის იყო კომპანიის ფაქტობრივი მმართველი.’’ ,,...შპს ,,ს--------------------------------–--ს’’ მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის სესხის აღების შემთხვევაში მოქალაქის სესხის უზრუნველყოფას მ-------------ე ახდენდა საკუთარი ქონებით.’’ ,,... მ-------------ე იყო კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, რომელიც როგორც თავისი ქონებით, ასევე გადაწყვეტილებების მიღებით აქტიურად იყო ჩართული კომპანიის საქმიანობაში და მისი ინტერესების პრიორიტეტულობით ახორციელებდა კომპანიის საქმიანობას, რაზეც იყოლიებდა კომპანიის დირექტორს - თ-------–---–----ეს.’’). აღნიშნულთან მიმართებით უნდა განიმარტოს, რომ მიუხედავად სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი ფაქტისა, სამოქალაქო სამართლებრივი მიზნებიდან გამომდინარე აღნიშნულ შეფასებასა და დადგენილ ფაქტს ვერ მიენიჭება პრეიუდიციული მნიშვნელობა სსსკ-ს 106-ე მუხლის შესაბამისად. სამოქალაქო სამართლებრივი წესით საქმის განხილვისას სასამართლო მხოლოდ განაჩენში მოყვანილ ფაქტებს ვერ დააფუძნებს გადაწყვეტილებას და წილს, როგორც ქონებრივ ღირებულებას ვერ აღრიცხავს მ-------------ის საკუთრებას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს მოქმედი მესაკუთრის თ----------------–ის საკუთრების უფლების შეზღუდვას, რაც დაცულია არამხოლოდ კერძოსამართლებრივი ნორმებით (სსკ-ს 172-ე მუხლი), არამედ საქართველოს კონსტიტუციით (მუხლი 19).
საყურადღებოა, რომ თ----------------–ი წარმოდგენილი შესაგებლის ფარგლებში ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა შესაგებლის შესაბამის გრაფაში მას პოზიცია სარჩელის ცნობასთან მიმართებით დაფიქსირებული არ აქვს, ამასთან სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებით მითითებული აქვს, რომ ეთანხმება არსებულ მოთხოვნას. უნდა განიმარტოს, რომ ფაქტობრივ გარემოებებზე დათანხმება და სარჩელის ცნობა პროცესუალური თვალსაზრისით ორი სხვადასხვა ქმედებაა და ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება აპრიორი არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის ცნობას. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხის მხრიდან სარჩელის ცნობის პირობებშიც, სასარჩელო მოთხოვნის ბუნებიდან გამომდინარე მისი ცნობა ვერ განიხილება სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძვლად. სასამართლო მოპასუხის პოზიციის მიუხედავად ვერ მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საკანონმდებლო დანაწესთან და ამ მხრივ ვერ შეუწყობ ხელს კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას. მოპასუხის მხრიდან სარჩელის ცნობა აპრიორი არ იწვევს სარჩელის დაკმაყოფილებას. ყველა შემთხვევაში სასამართლო არ აფუძნებს გადაწყვეტილებას მოპასუხის პოზიციას, მიუხედავად სამოქალაქო პროცესით განმტკიცებული დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპისა, იმ შემთხვევაში თუ სარჩელის ცნობა წინააღმდეგობაში მოდის საკანონდებლო მოთხოვნებთან და საჯარო წესრიგთან ვერ დაედება სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად. კანონის ფარგლებში სასამართლო აფასებს მოთხოვნის კანონიერებას, რაც ასევე შესაბამისობაშია სამოქალაქო კოდექსის 10.2 მუხლთან, რომელიც სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს აღჭურვავს შესაძლებლობით განახორციელონ ნებისმიერი ქმედება, რაც კანონით აკრძალული არ არის. ამდენად, მოხმობილი ნორმის დანაწესითაც სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები მართალია შეზღუდულნი არ არიან კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი ქმედებისაგან, თუმცა შეზღუდულნი არიან კანონით აკრძალული ქმედების განხორციელებისაგან, მათ შორის ამგვარი შეთანხმებისა, შესაბამისად სასამართლო დავის ფარგლებში მოთხოვნის დაყენება და მისი ცნობა აპრიორი არ იწვევს იმგვარი შედეგის დადგომას, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონის და მათ შორის სხვა მესამე პირების მოთხოვნებთან.
სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის განაჩენით დგინდება, რომ შპს ,,ს--------------------------------–--’’ ვალდებულებებთან ერთად, ფლობს მოთხოვნებს, რაც მდგომარეობს მის მიერ მ-------------ისა და მასთან დაკავშირებული კომპანიებისათვის დიდი ოდენობით თანხების გასესხებაში, რაც სამოქალაქო სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს აქტივს და შესაბამისად მოსარჩელის აპელირება მხოლოდ ვალდებულებებზე და ქონებრივი ინტერესის არ არსებობასთან მიმართებით ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მხრიდან. ამასთანავე, საწარმოს ბალანსზე ირიცხება ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რაც დამატებით წარმოშობს წილის მესაკუთრის ინტერესს საწარმოსთან მიმართებით.
აქვე მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ საუბარია წილზე, როგორც საკუთრების ობიექტზე. საკუთრება კი როგორც სანივთო სამართლებრივი უფლება, ვალდებულებით სამართლებრივი უფლებისაგან განსხვავებით არ არის რელატიური და ყოველი მესამე პირისათვის არის განმსაზღვრელი, შესაბამისად არ შემოიფარგლება მხოლოდ შეთანხმების მქონე სუბიექტების უფლება-მოვალეობებში. კონკრეტულ შემთხვევაში მოთხოვნილია იმგვარი კომპანიის 100% წილის საკუთრებაში მიღება, რომელსაც ჰყავს 2343 დაზარალებული, ასევე აქვს საგადასახადო ვალდებულებები და მას ადევს ყადაღა, რაც შეუძლებელს ხდის ამ პირობებში კომპანიის 100% წილის გასხვისებას, შესაბამისი დაინტერესებული პირების ინტერესებიდან გამომდინარეც.
გარდა აღნიშნულისა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილზე, რომლითაც სამივე დამნაშავედ მიჩნეულ პირს აეკრძალა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება 2 წლის ვადით, განაჩენი მიღებულია 2017 წლის ივლისში, ხოლო სარჩელით სასამართლოსათვის მომართულია 2019 წლის აპრილში. მ-------------ე წილის საკუთრებაში აღრიცხვას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ იგი დაინტერესებულია კომპანიის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებით და შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამოყვანით, რისთვისაც გეგმავს შესაბამისი დირექტორის დანიშვნას. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილშიც გაუმართლებელია იმ პირის მიერ წილის საკუთრებაში აღრიცხვის დაყენების მოთხოვნა, რომელსაც 2 წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მართალია წილის საკუთრებაში აღრიცხვა ფორმალური თვალსაზრისით არ გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობის უშუალო განხორციელებას, თუმცა იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ს--------------------------------–--ს’’ წინაშე პირადად მას ეკისრება დიდი ოდენობით ვალდებულება რისკის შემცველია მის საკუთრებაში წილის აღრიცხვა და მის მიერ კომპანიის დირექტორის დანიშვნა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, მ-------------ეს სარჩელის აღძვრის ეტაპზე სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება.
სსსკ-ს 41.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელთან მიმართებით განისაზღვრება ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც მ-------------ე წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს წილის, როგორც ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთის საკუთრებაში აღრიცხვას, დავის საგნის განსაზღვრა სწორედ ამ წილის ღირებულებით უნდა განისაზღვროს, რამდენადაც არსებულ ვითარებაში შეუძლებელია ღირებულების განსაზღვრა, უნდა ვიხელმძღვანელოთ ამავე ნორმის ,,კ’’ ქვეპუნქტით, რომლის შესაბამისადაც დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. სასამართლო მიხედულებით, არსებულ ვითარებაში უნდა განხორციელდეს აღნიშნული ნორმის ფართო განმარტება და რამდენადაც სახეზეა იმგვარი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომელშიც შეუძლებელია სადავო წილის ღირებულების განსაზღვრა დავის საგნის ფასი უნდა განისაზღვროს სწორედ სსსკ-ს 41.1 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ამდენად, დავის საგნის ფასის განსაზღვრის შედეგად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სსსკ-ს 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-14 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა განისაზღვროს 60 ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მ-------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--------------ის სარჩელი თ----------------–ის მიმართ შპს ,,ს--------------------------------–--ს’’ 100% წილის საკუთრებაში აღრიცხვასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს.
2. მ--------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე