გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2019
საქმის ნომერი
080210017002209384
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3775-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

29.10.2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე- მ--–--------------

სხდომის მდივანი - ნ--------------ე

 

მოსარჩელე - ლ--–---------ე

წარმომადგენელი – ავ--------–------------ე; კ-----------------ე.

მოპასუხე - გი----------ე

წარმომადგენელი – ა-–------------------––---–ი

 

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა; მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. 02.06.2015 წელს, ნოტარიუსი ნ-------------ის მიერ, გი----------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის, სარეგისტრაციო ნომერი N 1--------, 1/3 ნაწილის ბათილად ცნობა.

 

1.2. დაეკისროს მოპასუხეს მის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯი ამონაწერის მისაღებად 18 ლარი; ქორწინების მონაცემების მისაღებად 18 ლარი; უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი; საადვოკატო მომსახურების 100 ლარი; სამკვიდრო მოწმობის ასლის მიღების 6.50 ლარი; აუდიტორული შეფასების 100 ლარი; ყადაღის გამოყენების 21 ლარი; ინფორმაციის მისაღებად 10.50 ლარი; ინფორმაციის მისაღებად 10.50 ლარი; ინფორმაციის მისაღებად 5.50 ლარი; საჯარო რეესტრის ამონაწერის 15.50 ლარი; საადვოკატო მომსახურების 1000 (ათასი) ლარი; სახელმწიფო ბაჟი 170 ლარი. სულ ჯამში 1535 ლარი.

 

დავის არსი:

 

მოსარჩელის განმარტებით, ცხოვრობდა მამასთან, ბ---------------ესთან ერთად წყალტუბოს რაიონ სოფ. ფ---–---------ში. მამის გარდაცვალების შემდეგ, 2006 წელს და 2011 წელს, დედის ნ--------------ს გარდაცვალების შემდეგ, დედმამიშვილებთან, მათ შორის გი----------ესთან ერთად ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო ქონება წყალტუბოს რაიონ სოფ. ფ---–---------ში და სამკვიდრო ქონებას ფლობს ორ ძმასთან ერთად. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, მოპასუხე ნოტარიუსს ნ-------------ეს ისე, რომ არ შეუმოწმებია მემკვიდრეთა წრე, სამკვიდრო მოწმობა გაუცია მხოლოდ ერთ ძმაზე გი----------ეზე (მოწმობა N 1-------- 2015 წლის 02 ივნისი), მაშინ როდესაც სამკვიდრო ქონების 1/3 ეკუთვნის მას ლ--–---------ეს, რამდენადაც ქონება მიიღო ფაქტიური ფლობით და მის მიღებაზე უარი არასოდეს განუცხადებია.

 

მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, ლ--–---------ემ მამის ოჯახიდან წაიღო საკერავი მანქანა, რასაც დაადასტურებენ მოწმეები.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1. ნოტარიუსმა ნ-------------ემ სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილი შესაგებელით განმარტა, რომ სანოტარო მოქმედებათა ელექტრონულ რეესტრში მოძიებული ინფორმაციით ბ---------------ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო ქონების გაცემის მოთხოვნით გი----------ის გარდა არავის მიუმართავს. გარდაცვლილი ბ---------------ის პირველი რიგის სხვა მემკვიდრემ ვ----------------ემ განცხადებით მიმართა და უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე. ამასთან, გი----------ეს სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით რასაც ადასტურებს წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 29.05.2015 წლის გადაწყვეტილება.

 

სამკვიდრო მოწმობის გაცემისას გი----------ემ განაცხადა, რომ ვ----------------ის გარდა, არ არსებობდა პირველი რიგის სხვა მემკვიდრე, რომელმაც უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე.

 

2.2. მოპასუხე გივი ფ------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ლ--–---------ე მამასთან, ბ---------------ესთან ერთად წყალტუბოს რაიონის სოფ. ფ---–---------ში არ ცხოვრობდა. მას ფაქტიური ფლობით არ მიუღია სამკვიდრო ქონება და არც დედის და მამის ნივთების გარკვეული ნაწილი. რადგან მოსარჩელეს არანაირი შეხება არ აქვს სამკვიდრო ქონებასთან და გათხოვების შემდეგ არც არასდროს ჰქონია კავშირი. მით უფრო, წლების განმავლობაში გი----------ე აკეთებს და აუმჯობესებს სადავო უძრავ ნივთს.

მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, ლ--–---------ეს მამის ოჯახიდან არ წაუღია საკერავი მანქანა, რასაც დაადასტურებენ მოწმეები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ გი----------ეს სამკვიდრო ქონება მდებარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ფ---–---------ში, წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 29.05.2015 წლის გადაწყვეტილებით, მიღებული აქვს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით.

მტკიცებულება: შესაგებელი; მოპასუხეთა ახსნა - განმარტება.

 

3.1.2. დადგენილია, რომ მამკვიდრებელი ბ---------------ე გარდაიცვალა 2006 წლის 4 ნოემბერს.

მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა. (ტ.1. იხ.ს.ფ.15).

 

3.1.3. დადგენილია, რომ ნორა ფ------ გარდაიცვალა 2011 წლის 25 აგვისტოს.

მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა. (ტ.1. იხ.ს.ფ.16).

 

3.1.4. დადგენილია, რომ წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა გი----------ის განცხადება იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ.

დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, იმის შესახებ, რომ გი----------ემ მამის ბ---------------ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივად მიიღო მემკვიდრეობით დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე წყალტუბო, სოფელი ფ---–---------ი.

მტკიცებულება: რომ წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება (ტ.1. იხ.ს.ფ.145 ).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 02 ივნისის N 1-------- სამკვიდრო მოწმობით, გი----------ემ სრულად მიიღო (აქტივები და პასივები) 2006 წლის 4 ნოემბერს გარდაცვლილი ბ---------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება.

მტკიცებულება:

- სამკვიდრო მოწმობა (ტ.1.იხ.ს.ფ.19-20).

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.იხ.ს.ფ.21-22).

 

3.2.2. დადგენილია, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ფ---–---------ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ 29.11.37.207. საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გი----------ის სახელზე.

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. (ტ.1.იხ.ს.ფ.21-22).

 

3.2.3. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხულმა ირინა ფ------მ განმარტა, რომ არის მოდავე მხარეების მეზობელი.

მოწმემ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული საკერავი მანქანა არ უნახავს ბ---------------ის ოჯახში და არ იცის ლ--–---------ის მიერ მისი მიღების შესახებ.

ლილის ძმები თესავდნენ ყანას, ბოსტნეულს, მაგრამ ლილის მიერ მოსავლის წაღების შესახებ არ იცის. მისივე განმარტებით, ლილი ეხმარებოდა ძმებს სიმინდის გარჩევაში, თუმცა ვერ გაიხსენა ეს იყო ბაგრატის გარდაცვალებამდე თუ გარდაცვალების შემდეგ.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.4. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხულმა სულხან ფ------მ განმარტა, რომ არის მოდავე მხარეების მეზობელი.

 

მოწმემ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული საკერავი მანქანა არ უნახავს და არ იცის ის წაიღო თუ არა ლ--–---------ემ.

 

მოწმის განმარტებით, ლ--–---------ე დადიოდა სოფელ ფ---–---------ში მამის სახლში, მაგრამ ღამეს თუ ათევდა არ იცის.

 

სასათბურე მეურნეობა მოაწყო გი----------ემ.

 

ლილის ძმები თესავდნენ ყანას, ბოსტნეულს, მაგრამ ლილის მიერ მოსავლის წაღების შესახებ არ იცის.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.5. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხულმა გოჩა თევდორაძემ განმარტა, რომ არის მოდავე მხარეების მეზობელი. გაიზარდა ბ---------------ის ეზოში. ლ--–---------ე ნახა მამის დაკრძალვაზე, შემდეგ არ უნახავს სოფელში.

 

მოწმემ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული საკერავი მანქანა არ უნახავს ბაგრატის ოჯახში და არ იცის ის წაიღო თუ არა ლ--–---------ემ.

 

მოწმის განმარტებით, ლ--–---------ე დადიოდა სოფელ ფ---–---------ში მამის სახლში, მაგრამ ღამეს თუ ათევდა არ იცის.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.6. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

მოსარჩელის და მისი წარმომადგენლების განმარტებით, ლ--–---------ეს მიღებული აქვს სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით (საკერავი მანქანა, სოფლიდან მიჰქონდა სოფლის მეურნეობის პროდუქტები), რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. ე.ი. მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კატეგორიულად გამორიცხავს ლ--–---------ის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობას, საქმის განხილვისას მართალია მოპასუხის წარმომადგენელმა ნაწილობრივ დაადასტურა ლ--–---------ის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წაღების ფაქტი, მაგრამ განმარტა, რომ ძმა-გი----------ე კეთილი ნებით აძლევდა დას სოფლის მეურნეობის პროდუქტებს.

 

გარდა ამისა, გი----------ემ ბ---------------ის სამკვიდრო მიიღო იურიდიული ფაქტის დადგენით და აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმებული არ არის სასამართლოს მიერ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა, რაც უტყუარად დაადასტურებს აწ. გარდაცვლილი ბ---------------ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში, ლ--–---------ის მიერ, მამკვიდრებელის დანაშთი სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებას.

შესაბამისად, დავის მონაწილე მხარეთა მიზანს წარმოადგენს სსსკ-ში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება, რომლებზეც ისინი თავის პოზიციას აფუძნებენ, ვინაიდან სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.

 

,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

3.2.7. სასამართლო აღნიშნავს - საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, მე-4 მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ--–---------ეს არც ფაქტობრივი ფლობით და არც ნოტარიუსთან მიმართვით არ მიუღია მამის - ბ---------------ის სამკვიდრო, მდებარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ---–---------ში, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე,1336-ე, 1319-ე, 1320-ე, 1421-ე, 1424-ე, 1452-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103, 105-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნულმა ნორმამ განვითარება ჰპოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეექვსე წიგნში (მემკვიდრეობის სამართალი).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. იმავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებელის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებელის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. იმავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება – ეს არის ნებითი მოქმედება, რომლითაც მემკვიდრე გამოხატავს თანხმობას, მიიღოს მამკვიდრებელის კუთვნილი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და თავისი ბუნებით წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მემკვიდრის თანხმობის გარეშე და მისი ნების საწინააღმდეგოდ იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამკვიდროს მიმღებ პირად. იმისათვის, რომ სამკვიდროს მიღება იყოს ნამდვილი და წარმოშობდეს მემკვიდრეთა უფლებებს სამკვიდროზე, იგი, როგორც ყველა სხვა გარიგება, უნდა პასუხობდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

6.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს კანონით მემკვიდრეობა, ვინაიდან 2006 წლის 4 ნოემბერს გარდაცვლილ ბ---------------ეს ანდერძი არ დაუტოვებია.

 

დადგენილია, რომ წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა გი----------ის განცხადება იურიდიული ფაქტის დადგენის თაობაზე და დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, იმის შესახებ, რომ გი----------ემ მამის ბ---------------ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივად მიიღო მემკვიდრეობით დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე წყალტუბო, სოფელი ფ---–---------ი. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 02 ივნისის N 1-------- სამკვიდრო მოწმობით, გი----------ემ სრულად მიიღო (აქტივები და პასივები) 2006 წლის 4 ნოემბერს გარდაცვლილი ბ---------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება. (ტ.1.იხ.ს.ფ.19-22).

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ხოლო იმავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებელის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

განსახილველ შემთხვევაში, ბ---------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა 2006 წლის 4 ნოემბერს ბ---------------ის გარდაცვალების დღეს.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლი კი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

6.8. როგორც აღინიშნა, თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას, სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძინა. თუკი მემკვიდრე შემდგომში არ განახორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას (მაგალითად, არ იცხოვრებს მემკვიდრეობით მიღებულ სახლში) ან არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მამკვიდრებელის გარდაცვალების შემდეგ მის სახლში მემკვიდრის ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს.

 

-ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამკვიდროს მისაღებად უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მნიშვნელოვანია მოწმეთა ახსნა-განმარტება, რადგან სწორედ მოწმე წარმოადგენს ამ შემთხვევაში, კონკრეტულ დროს მომხდარი ფაქტის დამადასტურებელ პირს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ, მამის, ბ---------------ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში, ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება არ დადასტურდა თვით მოსარჩელის მიერ მოწვეული მოწმეების ჩვენებებით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველია.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოხმობილი ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა, კერძოდ, მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო პროცესის 55.2-ე მუხლით - სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სახ. ბაჟის სახით გადაიხადა 170 ლარი. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი უნდა ჩაირიცხოს ბიუჯეტში და არ არსებობს სახ. ბაჟის და სხვა სასამართლო ხარჯის მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხი:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე გი----------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: წყალტუბო, ფ---–---------ი, საკადასტრო კოდი: N------------.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე 257-258-ე; 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. არ დაკმაყოფილდეს ლ--–---------ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე გი----------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: წყალტუბო, ფ---–---------ი, საკადასტრო კოდი: N------------.

 

3. სახ. ბაჟი გადახდილია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მ--–--------------