გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.07.2019
საქმის ნომერი
330310018002778655
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/8004-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - მ--------------ე

წარმომადგენლები: ნ----------–---–ი და დ----------------ე

 

მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი

წარმომადგენელი - ბ--------------–---ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა, დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 დადგენილ იქნეს მ--------------ის მიმართ საქართველოს პარლამენტის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი; აღმოიფხვრას მ--------------ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 21 ნოემბრის №7---- ბრძანება, მ--------------ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 6 ნოემბრის №7---- ბრძანებით მის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება, ხოლო 2018 წლის 21 ნოემბრის №7---- ბრძანებით გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება. მისივე განმარტებით, 8 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდში მიღებული აქვს არაერთი ზეპირსიტყვიერი და წერილობითი მადლობა, სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით შესრულების გამო. ამასთან, მის პირად საქმეში არ ფიქსირდება დისციპლინური პასუხისმგებლობის არცერთი ზომა. იგი საქართველოს პარლამენტში დასაქმდა კონკურსის გზით, დანიშნულია ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით და მისმა უშუალო ხელმძღვანელმა სამჯერ შეაფასა დადებითად.

 

მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. წარმოების ეტაპზე კომისიას მისთვის არ მოუთხოვია ახსნა-განმარტება, მითუფრო იმ ტექნიკური შეცდომებზე, რაც დაშვებული იყო განცხადებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში; ასევე, არ გამოუკვლევიათ სამსახურში დაგვიანების ან მისი გაცდენის შემთხვევებში, უშუალო უფროსი იყო თუ არა ინფორმირებული სათანადო წესით. მისი განმარტებით, დისციპლინური წარმოება დაიწყო სამსახურში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით დაწერილი მისივე ახსნა-განმარტების საფუძველზე, რის გამოც მიიჩნევს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მიდგომას, კერძოდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის არცერთ თანამშრომელს არ შეფარდებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა სამსახურში დაგვიანებისა თუ გაცდენის გამო, სხვა დასაქმებულებთან შედარებით აღმოჩნდა არათანაბარ მდგომარეობაში. მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი უარყოფითად იყო განწყობილი მის მიმართ, განსხვავებული შეხედულებისა და აზრის თავისუფლად დაფიქსირების გამო.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დისკრიმინაციული მოპყრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. საქართველოს პარლამენტის ა---------------–----------–-----------------–--------------–--------------ის აპარატის წამყვანმა სპეციალისტმა მ--------------ემ 2018 წლის 31 ოქტომბრის №1---- ახსნა-განმარტებითი ბარათით საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს განუმარტა, რომ მიმდინარე წლის 22 და 24 ოქტომბერს დაგვიანებით გამოცხადდა სამსახურში, ვინაიდან წინა საღამოს მოუწია ქალაქიდან გასვლა და მეორე დილას ავტოსაგზაო მოძრაობის ინტენსივობა წინასწარ ვერ გათვალა. ამასთან, მან 24 ოქტომბერს ვერ შეასრულა 8 საათიანი სამუშაო დრო, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების გამო. იმის გათვალისწინებით, რომ იმავე და მეორე დღეს ვაქცინამ გამოიწვია უკურეაქცია, 25 ოქტომბერს ვერ გამოცხადდა სამსახურში. ამავე ბარათით მან აღნიშნული გადაცდომების საპატიოდ ჩათვლა მოითხოვა.

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 6 ნოემბრის №7---- ბრძანებით დაიწყო დისციპლინური წარმოება საქართველოს პარლამენტის ა---------------–----------–-----------------–--------------–--------------ის აპარატის წამყვანი სპეციალისტის მ--------------ის 2018 წლის 31 ოქტომბრის №1---- ახსნა-განმარტებით ბარათში მითითებული გარემოებებისა და მ--------------ის მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის საკითხის შესასწავლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ--------------ის 2018 წლის 31 ოქტომბრის №1---- ახსნა-განმარტებითი ბარათი (ს.ფ. 42);

- საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 6 ნოემბრის №7---- ბრძანება (ს.ფ. 41).

 

3.2. დისციპლინური წარმოების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის შეფასებისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსმა 2018 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის აპარატის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიას, მოთხოვნისამებრ, წარუდგინა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, მ--------------ის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია, კერძოდ, მ--------------ე 2018 წლის 10 ოქტომბერს სამსახურში გამოცხადდა 09:53 სთ-ზე და იმუშავა 09:12 სთ, 12 ოქტომბერს - 11:23 სთ-ზე და იმუშავა 08:42 სთ, 15 ოქტომბერს - 09:49 სთ-ზე და იმუშავა 06:50 სთ, 17 ოქტომბერს - 09:52 სთ-ზე და იმუშავა 08:30 სთ, 22 ოქტომბერს - 10:23 სთ-ზე და იმუშავა 08:06 სთ, 24 ოქტომბერს - 11:09 სთ-ზე და იმუშავა 07:20 სთ, 25 ოქტომბერს - 09:41 სთ-ზე და იმუშავა 12:19 სთ, 26 ოქტომბერს - არ გამოცხადდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის შეფასებისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის 2018 წლის 12 ნოემბრის №1---- ბარათი, დანართით (ს.ფ. 52-53).

 

3.3. მ--------------ემ 2018 წლის 31 ოქტომბრის №1---- ახსნა-განმარტებით ბარათთან დაკავშირებით, 2018 წლის 13 ნოემბერს დამატებით წარადგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და დამატებით ითხოვა 24 ოქტომბერს არასრული სამუშაო დღის და 25 ოქტომბერს სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლა, იმის გათვალისწინებით, რომ 24 ოქტომბერს გაკეთებულმა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ გამოიწვია გვერდითი მოვლენები.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 13 ნოემბრის №1--- ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) თანახმად, მ--------------ეს 2018 წლის 24 ოქტომბერს ჩაუტარდა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შემდეგაც იმავე საღამოს და მეორე დღეს აღენიშნებოდა ტემპერატურის მომატება 38,20, საერთო სისუსტე, შემცივნება და თავის ტკივილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ--------------ის 2018 წლის 13 ნოემბრის №1---- ახსნა-განმარტებითი ბარათი (ს.ფ. 49);

- მ--------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 13 ნოემბრის №1--- ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) (ს.ფ. 50).

3.4. საქართველოს პარლამენტის აპარატში დისციპლინური წარმოებების განსახორციელებლად შექმნილი დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ 2018 წლის 20 ნოემბერს მოამზადა დასკვნა, მ--------------ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ.

 

დასკვნის თანახმად, კომისიამ დაადგინა, რომ პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონულის სისტემის მონაცემების მიხედვით, მ--------------ის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის (დაგვიანება) არაერთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, კერძოდ, 10,12,15 და 17 ოქტომბერს, რაც მიუთითებდა მისი მხრიდან სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების სისტემატურ ხასიათზე. ამასთან, იგი სამსახურში არ გამოცხადდა არა 25 ოქტომბერს, არამედ 26 ოქტომბერს და სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი საბუთი არ/ვერ წარადგინა. ამავე დროს, მის მიერ წარდგენილ სამედიცინო ცნობაში მითითებულია, რომ ვაქცინაციით გამოწვეული შესაბამისი სიმპტომები მ--------------ეს აღენიშნებოდა იმავე დღეს (24 ოქტომბერს) და მეორე დღეს (25 ოქტომბერს), თუმცა ელექტრონული სისტემის მონაცემების მიხედვით, 25 ოქტომბერს სამსახურში იმყოფებოდა 09:45 სთ-დან 23:14 სთ-მდე და მისი სამსახურში გამოუცხადებლობის ფაქტი დაფიქსირდა მომდევნო დღეს - 26 ოქტომბერს.

 

დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ დადასტურებულად მიიჩნია მ--------------ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტები და საჭიროდ მიიჩნია მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად გაფრთხილების გამოყენება. აღნიშნული დასკვნა 2018 წლის 20 ნოემბრის №1---- ბარათით წარედგინა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2018 წლის 20 ნოემბრის დასკვნა (ს.ფ. 44-48);

- საქართველოს პარლამენტის აპარატის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 20 ნოემბრის №1---- ბარათი (ს.ფ 43).

 

3.5. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 21 ნოემბრის №7---- ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 24 იანვრის №9/3 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულების“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „რ“ და „ტ2“ ქვეპუნქტებისა და კომისიის 2018 წლის 20 ნოემბრის №1---- დასკვნის საფუძველზე, მ--------------ეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება, სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 21 ნოემბრის №7---- ბრძანება (ს.ფ. 51).

3.6. მ--------------ემ 2018 წლის 21 დეკემბერს №2---- განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს, დამატებით წარადგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 13 ნოემბრის №1--- ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და მოითხოვა საქართველოს პარლამენტის უფროსის 2018 წლის 21 ნოემბრის №7---- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 13 ნოემბრის №1--- ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) თანახმად, მ--------------ეს 2018 წლის 25 ოქტომბერს ჩაუტარდა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მეორე დღეს, 2018 წლის 26 ოქტომბერს მას აღენიშნებოდა საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, შემდეგ ტემპერატურული რეაქცია. ამ მოვლენებმა შემდეგში გაირა თვითდინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ--------------ემ 2018 წლის 21 დეკემბერს №2---- განცხადება (ს.ფ. 101-103);

- მ--------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 13 ნოემბრის №1--- ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) (ს.ფ. 80-81).

 

3.7. სანოტარო წესით დამოწმებული ანოტაციის (წამლის) ნაწილის თანახმად, ინაქტივირებული გრიპისსაწინააღმდეგო ვაქცინა (ზედაპირული ანტიგენი), სავაჭრო სახელწოდებით ინფლუვაკს ხშირად ახასიათებს შემდეგი რეაქციები: თავის ტკივილი, მომატებული ოფლიანობა, მიალგია, ართრალგია, ციებ-ცხელება, ზოგადი დისკომფორტი, ჭინჭრის ციება, მომატებული სისუსტე, ადგილობრივი რეაქციები: გაწითლება, შეშუპება, ტკივილი, ეკხიმოზი, ქსოვილების გამაგრება. როგორც წესი ეს რეაქციები გრძელდება 1-2 დღის განმავლობაში, დამატებითი მკურნალობის გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სანოტარო წესით დამოწმებული ანოტაციის (წამლის) ნაწილი (რეგ. №1--------, 31.01.2019წ. (ს.ფ. 86-89).

 

3.8. საქართველოს პარლამენტის ა---------------–----------–-----------------–--------------–--------------ის აპარატის წამყვანი სპეციალისტი მ--------------ე პერიოდულად იღებდა შეფასებას უშუალო უფროსის - კ-----------–-–---–-- მიერ. 2018 წლის 20 ივნისს, 23 აგვისტოსა და 27 ნოემბერს მან მიიღო „კარგი შეფასება“. ამასთან, 2018 წლის 20 ივნისის შეფასებით, მ--------------ის მიერ შესრულებული სამუშაო შეფასდა „3“-ით და მისი კომპეტენციები - 3,43. 2018 წლის 23 აგვისტოს შეფასებით, მ--------------ის მიერ შესრულებული სამუშაო შეფასდა „3“-ით და მისი კომპეტენციები - 3,41. 2018 წლის 27 ნოემბრის შუალედური შეფასებით, მ--------------ემ შესრულებული სამუშაოს ხარისხში მიიღო შეფასება დამაკმაყოფილებელი - „2“, შესასრულებელი სამუშაოსათვის დადგენილი ვადების დაცვაში - არადამაკმაყოფილებელი, „1“, კომპეტენცია: ინფორმაციის შეგროვება და ანალიზში - კარგი, 79,17%, ეფექტიან კომუნიკაციაში - საუკეთესო, 100 %, კომპლექსურ აზროვნებაში - კარგი, 68,75 %, ანალიტიკურ აზროვნებაში - კარგი, 70%, დროის ეფექტიან მართვაში - არადამაკმაყოფილებელი, 37,50%, წერასა და ანგარიშგებაში - კარგი, 81,25 %, შესაბამის სამუშაოს აღწერილობაში მითითებულ უცხოურ ენაზე კომუნიკაციაში - საუკეთესო, 100%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოხელის შეფასების 2018 წლის 20 ივნისის ოქმი №-- (ს.ფ. 90-92);

- მოხელის შეფასების 2018 წლის 23 აგვისტოს ოქმი №-- (ს.ფ. 93-95);

- მოხელის შუალედური შეფასების 2018 წლის 27 ნოემბრის ოქმი (ს.ფ. 96-98).

 

3.9. საქართველოს პარლამენტის ა---------------–----------–-----------------–--------------–--------------ის თავმჯდომარემ 2018 წლის 25 ოქტომბერს მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს ამავე კომიტეტის თანამშრომლებისთვის, მათ შორის, მ--------------ისთვის, 2018 წლის 7-10 ნოემბერს მივლინების გაფორმების მიზნით.

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 30 ოქტომბრის №4---- ბრძანებით მ--------------ე 2018 წლის 7 ნოემბრიდან 2018 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით მივლინებული იქნა ს-----------–------–---–----------–----------–-----------------------–---------–--------------–------------------–-----------------–---------–-------------------------–-------–---------–--–-- მონაწილეობის მისაღებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს პარლამენტის ა---------------–----------–-----------------–--------------–--------------ის თავმჯდომარის 2018 წლის 25 ოქტომბრის №1---- წერილი (ს.ფ. 145);

- საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 30 ოქტომბრის №4---- ბრძანება (ს.ფ. 143-144).

 

3.10. 2018 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში პარლამენტის აპარატის არაერთი თანამშრომლის საავადმყოფო ფურცელზე გასვლასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის დავალების საფუძველზე ადამიანური რესურსების მართვისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტმა საცხოვრებელი ადგილის მისამართზე და მობილური ტელეფონის საშუალებით შეამოწმა ბევრი მათგანის, მათ შორის, მ--------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

2018 წლის 25 სექტემბერს მ--------------ე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. მისი უშუალო ხელმძღვანელის კ-----------–-–---–-- წერილობითი ცნობის საფუძველზე, ადამიანური რესურსების მართვისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტმა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ-----------ათვის 25 სექტემბრიდან სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ. საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში მ--------------ის მდგომარეობის გასარკვევად მის საცხოვრებელ ბინაზე მისულ დეპარტამენტის თანამშრომლებს მ--------------ის დედამ განუმარტა, რომ მიუხედავად სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა, მისი შვილი იმყოფებოდა სამსახურში. შესაბამისი საავადმყოფო ფურცელი მ--------------ემ დეპარტამენტში წარადგინა ოქტომბრის დასაწყისში. მასში აღნიშნული იყო, რომ მ--------------ე საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა 24 სექტემბრიდან (და არა 25 სექტემბრიდან) 28 სექტემბრის ჩათვლით. ეს დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა ოქტომბრის პირველ ნახევარში, რის გამოც ელექტრონულ ტაბელში აღინიშნებოდა მისი კვლავ საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა.

 

2019 წლის 4 იანვარს მ--------------ე კვლავ იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. მან საავადმყოფო ფურცელი უფლებამოსილ დეპარტამენტში წარადგინა 1 თვის დაგვიანებით, 2019 წლის 4 თებერვალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 14 თებერვლის №2-------- წერილი (ს.ფ. 146-147);

- შ---------------------------“ 2019 წლის 4 იანვრის საავადმყოფო ფურცელი (ს.ფ. 148).

 

3.11. მ--------------ემ კ-----------–-–---–ს 2018 წლის 12 და 22 ოქტომბერს სატელეფონო შეტყობინების სახით აცნობა სამსახურში დაგვიანების ფაქტების შესახებ, ხოლო 2018 წლის 26 ოქტომბერს - წინა დღეს გაკეთებული ვაქცინაციის გამო, სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონარიდი სატელეფონო შეტყობინებებიდან (ს.ფ. 82-85).

 

3.12. დასწრების ტაბელით დგინდება, რომ 2018 წლის 20 სექტემბრიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, მ--------------ე 2018 წლის 24 სექტემბერს საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სამსახურში, 2018 წლის 25 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, 2018 წლის 2, 4 და 5 ოქტომბერს დააგვიანა საპატიო მიზეზით, 2018 წლის 10 და 12 ოქტომბერს დააგვიანა, 2018 წლის 15 ოქტომბერს დააგვიანა, მცირე დროით იმყოფებოდა ადგილზე და ადრე გავიდა, 2018 წლის 17 ოქტომბერს დააგვიანა, 2018 წლის 18 ოქტომბერს ადრე გავიდა, 2018 წლის 22 ოქტომბერს დააგვიანა, 2018 წლის 23 ოქტომბერს საპატიო მიზეზით დააგვიანა, 2018 წლის 24 ოქტომბერს დაიგვიანა და სამსახურში იმყოფებოდა მცირე დროით, საპატიო მიზეზით, 2018 წლის 25 და 29 ოქტომბერს დააგვიანა საპატიო მიზეზით, 2018 წლის 26 ოქტომბერს არ გამოცხადდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დასწრების ტაბელები (ს.ფ. 165-170).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „მ--------------ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 21 ნოემბრის №7---- ბრძანება, ხოლო მის მიმართ საქართველოს პარლამენტის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოფხვრის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 21 ნოემბრის №7---- ბრძანება, მ--------------ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა, მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს, გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტისათვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, ჰქონდა თუ არა ადგილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას - სხვა თანამშრომლებისაგან განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც გამოიხატა მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებასა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაში. მოსარჩელე განმარტავს, რომ დისკრიმინაცია განაპირობა ხელმძღვანელი პირისა და მ--------------ის განსხვავებულმა შეხედულებებმა, კერძოდ, მოსარჩელე არ დაეთანხმა საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დადასტურების მიზნით მის სახლში განხორციელებულ მონიტორინგს და აღნიშნულზე დააფიქსირა პროტესტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. აღნიშნული ასევე განმტკიცებული იყო საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით, კერძოდ, მითითებული ნორმის თანხმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-19).

 

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების მიზნებისთვის, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი სახის დიფერენცირება დისკრიმინაციულ მოპყრობად არ ჩაითვლება. კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები. იგი უშვებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას... [ვინაიდან] ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც კი იყოს... ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური ნიშნებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №2/5/556 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე, სადავო ნორმით დადგენილი განსხვავებული მოპყრობის საფუძველზე, კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩარევა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიფერენცირება ხდება არსებითად თანასწორ პირებს შორის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებულია სახელმწიფოებრივი ნება სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისა, რომელიც პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან. საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლით აღიარებულია პირის უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანსა და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში. მსგავსი შინაარსის მატარებელია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 26-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება.

 

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.

 

სასამართლო მიუთითებს ხსენებული კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმპერატიულად კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

 

სასამართლო ასევე მოიხმობს საქართველოს ორგანულ კანონს „შრომის კოდექსს“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.

 

ზემოაღნიშნული მე-14 მუხლისაგან განსხვავებით, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებით, კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის თანახმად, კანონით დადგენილი, ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა; დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები კრძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფომ, მოხელის სახით, ვინმეს მიმართ განახორციელა განსხვავებული მოპყრობა, მაშინ ამ განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს ,,ობიექტური და გონივრული გამართლება“. ხოლო, იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს პირველ რიგში იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი. ამდენად, სახელმწიფოებს ეკისრებათ ნეგატიური ვალდებულება თანასწორად მოეპყრან თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს და შესაბამისად, მისი როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გატარებაში.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის ვარაუდი დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ფაქტებს, რასაც იგი წარუდგენს სასამართლოს და სათანადოდ დაასაბუთებს ამგვარი ფაქტის არსებობას. ამავე ნორმის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს ის გარემოება, რომ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციულ მოპყრობას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ფაქტები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობა ვერ დადასტურდა საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მიდგომას, კერძოდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის არცერთ თანამშრომელს არ შეფარდებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა სამსახურში დაგვიანებისა თუ გაცდენის გამო, ამდენად, იგი სხვა დასაქმებულებთან შედარებით აღმოჩნდა არათანაბარ მდგომარეობაში. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი უარყოფითად იყო განწყობილი მის მიმართ განსხვავებული შეხედულებისა და აზრის თავისუფლად დაფიქსირების გამო. სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის არცერთ თანამშრომელს არ შეფარდებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა სამსახურში დაგვიანებისა თუ გაცდენის გამო, თავისთავად არ გამორიცხავს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესაძლებლობას. ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელის მიერ გაკეთებულ განაცხადს, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი უარყოფითად იყო განწყობილი მის მიმართ განსხვავებული შეხედულებისა და აზრის თავისუფლად დაფიქსირების გამო, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს გარემოება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად არ დადგინდა, ამ მიმართებით მოსარჩელემ ვერც ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ მიუთითა, უფრო მეტიც, განმარტა, რომ მას არასდროს ჰქონია უშუალო კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსთან.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 14 თებერვლის №2-------- წერილს, რომლის თანახმად, 2018 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში პარლამენტის აპარატის არაერთი თანამშრომლის საავადმყოფო ფურცელზე გასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის დავალების საფუძველზე, ადამიანური რესურსების მართვისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტმა საცხოვრებელი ადგილის მისამართზე და მობილური ტელეფონის საშუალებით შეამოწმა ბევრი მათგანის, მათ შორის, მ--------------ის ჯანმრთელობის, მდგომარეობა. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მ--------------ის შემოწმება განხორციელდა მის საცხოვრებელ ადგილზე მისვლით და ამავე დროს, მონიტორინგის დღეს იგი იმყოფებოდა სამსახურში. აღსანიშნავია, რომ მითითებული კონკრეტული ფაქტი არ გამხდარა მ--------------ის დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 24 იანვრის №9/3 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის აპარატი შექმნილია საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აპარატს ხელმძღვანელობს პარლამენტის აპარატის უფროსი, რომელიც: ა) წარმართავს აპარატის საქმიანობას, კოორდინაციას უწევს აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, წყვეტს აპარატის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ე) პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, უმრავლესობის, უმცირესობისა და ფრაქციათა აპარატების თანამშრომლებს, გარდა აპარატის იმ თანამდებობის პირებისა, რომელთა დანიშვნაც პარლამენტის თავმჯდომარის კომპეტენციას მიეკუთვნება; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს; ტ2) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს დისციპლინური წარმოების დაწყების, დისციპლინური წარმოების ვადის გაგრძელების, დისციპლინური წარმოების შეწყვეტის, დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების, დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სამსახურისთვის ჩამოშორების, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების, მისი დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

ამასთან, დებულების მე-9 მუხლის მიხედვით, აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენს პარლამეტის კომიტეტების აპარატები.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მ--------------ე დასაქმებული იყო საქართველოს პარლამენტის ა---------------–----------–-----------------–--------------–--------------ის აპარატის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. ასევე, დადგენილია, რომ მის მიმართ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 6 ნოემბრის №7---- ბრძანებით დაიწყო დისციპლინური წარმოება, ხოლო 2018 წლის 21 ნოემბრის №7---- ბრძანებით მის მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინური სახდელი „გაფრთხილება“.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და ზომებს, ასევე, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ძირითად პრინციპებსა და პროცედურებს. მითითებული კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებია: ა) მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადება დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე; ბ) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა; გ) საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგები. მე-3 და მე-4 პუნქტები კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი გამოსცემს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებას, რომელშიც აღინიშნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა (მისი არსებობის შემთხვევაში), დისციპლინური წარმოების ვადა და გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინური წარმოების დაწყებას. დისციპლინური წარმოების იწყება დისციპლინური გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 3 წელი არ არის გასული.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ მოსარჩელის 2018 წლის 31 ოქტომბრის №1---- ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომლითაც მან ითხოვა 2018 წლის 22 და 24 ოქტომბერს სამსახურში დაგვიანებისა და 2018 წლის 25 ოქტომბერს გამოუცხადებლობის ფაქტების საპატიოდ ჩათვლა, საფუძვლად დაედო მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებას. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 6 ნოემბრის №7---- ბრძანებით დაიწყო დისციპლინური წარმოება საქართველოს პარლამენტის ა---------------–----------–-----------------–--------------–--------------ის აპარატის წამყვანი სპეციალისტის მ--------------ის 2018 წლის 31 ოქტომბრის №1---- ახსნა-განმარტებით ბარათში აღნიშნული გარემოებებისა და მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის საკითხის შესასწავლად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული უფლებამოსილია: ა) შეაგროვოს და შეისწავლოს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებაში აღნიშნული გარემოებებისა და მასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია; ბ) მიიღოს და გააანალიზოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებები; გ) მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტუროს დისციპლინური გადაცდომის არსებობა ან არარსებობა; დ) განსაზღვროს დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა; ე) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

 

ამასთან, ამავე კანონის 93-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 94-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას: ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ; ბ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნა ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში) და საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს. ხოლო 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ხსენებული დისციპლინური წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოიძია დაშვების ელექტრონული სისტემის მონაცემები, რომლითაც დგინდებოდა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მ--------------ის სამსახურში მისვლისა და სამსახურიდან წასვლის დრო. მოძიებული ინფორმაციის თანახმად, მ--------------ე 2018 წლის 10 ოქტომბერს სამსახურში გამოცხადდა 09:53 სთ-ზე და იმუშავა 9:12 სთ, 12 ოქტომბერს გამოცხადდა 11:23 სთ-ზე და იმუშავა 8:42 სთ, 15 ოქტომბერს გამოცხადდა 9:49 სთ-ზე და იმუშავა 6:50 სთ, 17 ოქტომბერს გამოცხადდა 09:52 სთ-ზე და იმუშავა 8:30 სთ, 22 ოქტომბერს გამოცხადდა 10:23 სთ-ზე და იმუშავა 8:06 სთ, 24 ოქტომბერს გამოცხადდა 11:09 სთ-ზე და იმუშავა 7:20 სთ, 25 ოქტომბერს გამოცხადდა 09:41 სთ-ზე და იმუშავა 12:19 სთ, 26 ოქტომბერს - არ გამოცხადდა.

 

ასევე, დადგენილია, რომ მ--------------ემ, რომელიც 2018 წლის 7-10 ნოემბერს იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში, 2018 წლის 13 ნოემბერს ახსნა-განმარტებით ბარათთან დაკავშირებით დამატებით წარადგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა და კვლავ ითხოვა 24 ოქტომბერს არასრული სამუშაო დღის და 25 ოქტომბერს სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლა, ვინაიდან 24 ოქტომბერს გაკეთებულმა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ გამოიწვია გვერდითი მოვლენები. წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 13 ნოემბრის №1--- ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) თანახმად, მ--------------ეს 2018 წლის 24 ოქტომბერს ჩაუტარდა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შედეგედაც იმავე საღამოს და მეორე დღეს აღენიშნებოდა ტემპერატურის მომატება 38,20, საერთო სისუსტე, შემცივნება და თავის ტკივილი.

 

მ--------------ის მიმართ მიმდინარე დისციპლინური წარმოების ფარგლებში, დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ დაადგინა, რომ პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონულის სისტემის მონაცემების მიხედვით, მ--------------ის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის (დაგვიანებას) არაერთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, კერძოდ, 10, 12, 15 და 17 ოქტომბერს, რაც მიუთითებდა მისი მხრიდან სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების სისტემატურ ხასიათზე. ამასთან, იგი სამსახურში არ გამოცხადდა არა 25 ოქტომბერს, არამედ 26 ოქტომბერს და სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი საბუთი არ/ვერ წარადგინა. ამავე დროს, მის მიერ წარდგენილ სამედიცინო ცნობაში მითითებული იყო, რომ ვაქცინაციით გამოწვეული შესაბამისი სიმპტომები მ--------------ეს აღენიშნებოდა იმავე დღეს (24 ოქტომბერს) და მეორე დღეს (25 ოქტომბერს), თუმცა ელექტრონული სისტემის მონაცემების მიხედვით, 25 ოქტომბერს სამსახურში იმყოფებოდა 09:45 სთ-დან 23:14 სთ-მდე და მისი სამსახურში არგამოცხადების ფაქტი დაფიქსირდა მომდევნო დღეს - 26 ოქტომბერს. მითითებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ 2018 წლის 20 ნოემბერს მოამზადა დასკვნა, მ--------------ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით „გაფრთხილების“ გამოყენების შესახებ და 2018 წლის 20 ნოემბრის №1---- ბარათით წარუდგინა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს.

 

საქართველოს პარლამენტის უფროსის 2018 წლის 21 ნოემბრის №7---- ბრძანებით, დისციპლინური კომისიის 2018 წლის 20 ნოემბრის №1---- დასკვნის საფუძველზე, მ--------------ეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა „გაფრთხილება“, სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობისათვის.

 

სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უფლებამოსილ პირს ავალდებულებს დასკვნაში მითითებული გარემოებების შეფასებას და არა ავტომატურად გაზიარებას, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოხელისთვის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე; ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე; გ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა მოსარჩელის მიმართ არსებული დასკვნა გაიზიარა ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ვინაიდან მან მ--------------ის მიმართ გამოიყენა კომისიის მიერ მითითებული პასუხისმგებლობის ზომა, იმ დროს, როდესაც, დისციპლინური წარმოების კომისიის მიერ დასკვნა მომზადდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის უგულებელყოფით ჩატარებული დისციპლინური წარმოების საფუძველზე. სასამართლოს მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ დასკვნაში მითითებული გარემოება დისციპლინური წარმოების დაწყების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს არ წარმოადგენს, მითითებული ნორმა საჯარო დაწესებულებას ავალდებულებს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს წარმოების დაწყებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში და განუსაზღვროს წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენის შესაძლებლობა. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მიუხედავად საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ ამ პროცედურის დაუცველობისა, მოსარჩელემ ისარგებლა თავისი უფლებით და 2018 წლის 13 ნოემბერს ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა, როგორც მოსაზრება/წერილობითი ახსნა-განმარტება, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. ამ უკანასკნელის თანახმად, 2018 წლის 24 ოქტომბერს გაკეთებულმა ვაქცინამ გამოიწვია გვერდითი მოვლენები, რაც გაგრძელდა მეორე დღესაც, 2018 წლის 25 ოქტომბერს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარემ თავად დაადასტურა მ--------------ის სამსახურში გამოუცხადებლობა არა 25, არამედ 26 ოქტომბერს და ამავე დროს, ამ უკანასკნელმა მოგვიანებით წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დაადასტურა ვაქცინის გაკეთების ფაქტი 2018 წლის 25 ოქტომბერს, რომლის გვერდითი მოვლენები გაგრძელდა 2018 წლის 26 ოქტომბერსაც, სასამართლო ვერ გაიზიარებს დასკვნაში მითითებულ გარემოებას 2018 წლის 26 ოქტომბერს სამსახურში გამოუცხადებლობის გამო საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობასთან დაკავშირებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მე-3 პუნქტი დისციპლინური წარმოების განმახორცილებელ ერთეულს ავალდებულებს დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიერ არასრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენისას განუსაზღვროს ვადა დამატებითი მტკიცებულების წარსადგენად, რომელიც არ უნდა იყოს 2 სამუშაო დღეზე ნაკლები, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ ვაქცინის გაკეთება ანდა მისი გვერდითი მოვლენები, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული ანოტაციით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებით დამტკიცებული დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი დეტალურად არეგულირებს დასაქმებულთათვის დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებისა და დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის - საავადმყოფო ფურცლის გაცემასთან და გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, მითითებული წესის მე-5 მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-15 პუნქტი ადგენს, რომ პირებზე, რომლებმაც დამოუკიდებლად მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას საკონსულტაციოდ და არ არიან შრომისუუნარონი, გაიცემა თავისუფალი ფორმის სამედიცინო ცნობა. აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო დისციპლინური წარმოება დაიწყო 2018 წლის 6 ნოემბრის ბრძანებით და 2018 წლის 7-10 ნოემბერს მ--------------ე იმყოფებოდა მივლინებაში, 2018 წლის 13 ნოემბერს გაცემულ ცნობას სასამართლო ვერ მიიჩნევს არასათანადო დოკუმენტად. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საწინააღმდეგო დოკუმენტი არ არის საქმეში წარმოდგენილი, მ--------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობებს სასამართლო მიიჩნევს ძალაში მყოფ დოკუმენტებად, მიუხედავად ერთ-ერთ მათგანში დაშვებული ტექნიკური შეცდომისა.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეებზე ვრცელდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 18 სექტემბრის №126/3 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესი, რომლითაც განისაზღვრება: ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული; ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენებისა და სადღესასწაულო (უქმე) დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ პარლამენტის სასახლეში ყოფნის პირობები და წესი; დ) ხელფასის გაცემის დრო და ადგილი; ე) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები და ინსტრუქციები; ვ) სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოსამსახურეთათვის გაცნობის წესი; ზ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი; თ) შვებულების გაფორმების წესი; ი) მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი.

 

მითითებული შინაგანაწესის მე-2 მუხლის თანახმად, აპარატში სამუშაო კვირის ხანგრძლივობაა 5 დღე; ყოველდღიური სამუშაო დროის ხანგრძლივობაა 8 საათი, ხოლო შესვენებისა - 1 საათი. სამუშაო დრო იწყება 9.30 საათზე და მთავრდება 18.30 საათზე. შესვენებაა 14-დან 15 საათამდე. ამავე შინაგანაწესის მე-8 მუხლის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს აპარატის მუშაობას და ლახავს მის ავტორიტეტს. მოსამსახურე ვალდებულია სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზი იმავე დღეს აცნობოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. სამუშაო დროს მოსამსახურის პარლამენტის სასახლეში საპატიო მიზეზით არყოფნის შემთხვევაში აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს აღნიშნული მიზეზის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონულ სისტემაში შეტანას. ამ ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებელია აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინებების თანახმად, მ--------------ე სამსახურში დაგვიანებასთან დაკავშირებით ახორციელებდა ხელმძღვანელი პირის ინფორმირებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი დასწრების ტაბელის მიხედვით, 2018 წლის 20 სექტემბრიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, მ--------------ე 2018 წლის 24 სექტემბერს საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სამსახურში, 2018 წლის 25 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, 2018 წლის 2, 4 და 5 ოქტომბერს დააგვიანა საპატიო მიზეზით, 2018 წლის 10 და 12 ოქტომბერს დააგვიანა, 2018 წლის 15 ოქტომბერს დაიგვიანა, მცირე დროით იმყოფებოდა ადგილზე და ადრე გავიდა, 2018 წლის 17 ოქტომბერს დააგვიანა, 2018 წლის 18 ოქტომბერს ადრე გავიდა, 2018 წლის 22 ოქტომბერს დააგვიანა, 2018 წლის 23 ოქტომბერს საპატიო მიზეზით დააგვიანა, 2018 წლის 24 ოქტომბერს დაიგვიანა და სამსახურში იმყოფებოდა მცირე დროით, საპატიო მიზეზით, 2018 წლის 25 და 29 ოქტომბერს დააგვიანა საპატიო მიზეზით, 2018 წლის 26 ოქტომბერს არ გამოცხადდა.

 

ამდენად, მითითებული გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მიერ ხელმძღვანელის ინფორმირების შემდეგ, ეს უკანასკნელი თავად იღებდა გადაწყვეტილებას დაგვიანების მიზეზის საპატიოდ მიჩნევასთან დაკავშირებით და ახორციელებდა დაშვების ელექტრონულ ტაბელში შესაბამისი ინფორმაციის შეტანას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, ერთის მხრივ, ეთანხმება ადმინისტრაციულ ორგანოს მ--------------ის მიერ დაგვიანების სიხშირესთან დაკავშირებით, ხოლო, მეორეს მხრივ, მიუთითებს დაგვიანების საპატიო მიზეზის არსებობასა და იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, დაგვიანების მიუხედავად, ის დღეში მინიმუმ 8 საათს მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილი პირის მიერ მ--------------ის კონკრეტული დაგვიანებები საპატიოდ იქნა მიჩნეული, ხოლო შინაგანაწესის მიხედვით, მის სისწორეზე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება. ამასთან, მ--------------ემ უშუალო ხელმძღვანელისგან სამჯერ, მათ შორის, უშუალოდ დისციპლინური წარმოების მიმდინარეობის ეტაპზე განხორციელებული შეფასებისას, მიიღო „კარგი შეფასება“. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კომისიას დისციპლინური წარმოების ფარგლებში არ გამოუკითხავს მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელი, ვის ინფორმირებასაც ახორციელებდა იგი დაგვიანებებთან დაკავშირებით და ვინც იღებდა გადაწყვეტილებას ამ დაგვიანებების საპატიოდ მიჩნევის თაობაზე. შესაბამისად, სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯრებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მთელი რიგი დარღვევებით განახორციელა დისციპლინური წარმოება, მათ შორის, არ გამოკითხა უშუალო ხელმძღვანელი, რომლის მიერაც ხდებოდა მოსარჩელის დაგვიანების საპატიოდ ჩათვლა და ასევე, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასება.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 21 ნოემბრის №7---- ბრძანება, მ--------------ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე, ვინაიდან იგი მიღებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნათა დარღვევით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, 2018 წლის 21 დეკემბერს სს „თიბისი ბანკში’’ მ--------------ის სახელზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელე მ--------------ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 21 ნოემბრის №7---- ბრძანება, მ--------------ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე.

 

3. მ--------------ის სასარჩელო მოთხოვნა მის მიმართ საქართველოს პარლამენტის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოფხვრის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. მოსარჩელე მ--------------ეს დაუბრუნდეს 2018 წლის 21 დეკემბერს სს „თიბისი ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე