გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.11.2019
საქმის ნომერი
330310019003187599
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3/7086-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე და---- წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე - და---- ბა-–--–---–ი

წარმომადგენელი - გა----- ნი–-----ე

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მა-- წი–--–-–---–ი

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება (იძულებითი განაცდურის ანაზღაურება);

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოსარჩელე და---- ბა-–--–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის (მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება ხელზე მისაღები 26 284.49 ლარის ოდენობით.

 

2.1. მოპასუხე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოზიცია

მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1------ ბრძანებით, მოსარჩელე და---- ბა-–--–---–ი გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების (სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლი „წითელი ხიდი“) პატრულ-ინსპექტორის თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.

მოსარჩელე და---- ბა-–--–---–ის სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე და---- ბა-–--–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი „და---- ბა-–--–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1------ ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 14 მარტის ბრძანებით, მოსარჩელე და---- ბა-–--–---–ი აღდგენილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სარკინიგზო კონტროლის XVI განყოფილების (გარდაბანი) პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-ოპერატორი) თანამდებობაზე.

მოსარჩელე და---- ბა-–--–---–ს არ ანაზღაურებია იძულებითი განაცდური შრომის გასამრჯელო, მისი გათავისუფლების დღიდან, აღდგენამდე, რამაც საერთო ჯამში შეადგინა ხელზე ასაღები 26284.49 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-28);

- საქართველოს უზენაესი სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება (ს.ფ. 29-31);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 14 მარტის ბრძანება (ს.ფ.32);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 27 აგვისტოს ცნობა (ს.ფ.33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ და---- ბა-–--–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის I დამატებითი ოქმი, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტით ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე და---- ბა-–--–---–ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, დაკავებული თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურება. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, იძულებითი განაცდური შრომის გასამრჯელოს მოთხოვნა გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან.

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას, მათ შორის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სახით და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით, ხოლო კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მითითებული ნორმა გულისხმობს პირისათვის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, უკანონოდ მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების გარანტიას, ხოლო ზიანი უნდა განისაზღვროს ობიექტური გარემოებების საფუძველზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ასანაზღაურებელი ზიანის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელს მიანდობს. კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

სასამართლო, ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თავისი შინაარსით მის უკანონობას გულისხმობს და ასეთი აქტის საფუძველზე პირის იძულებითი განაცდური შრომის გასამრჯელო, უკანონოდ მიყენებულ ზიანად ჩაითვლება ასეთი განაცდურის სრული ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1------ ბრძანებით, მოსარჩელე და---- ბა-–--–---–ი გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების (სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლი „წითელი ხიდი“) პატრულ-ინსპექტორის თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში, ხოლო მისი სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე და---- ბა-–--–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი „და---- ბა-–--–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1------ ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 14 მარტის ბრძანებით, მოსარჩელე და---- ბა-–--–---–ი აღდგენილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სარკინიგზო კონტროლის XVI განყოფილების (გარდაბანი) პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-ოპერატორი) თანამდებობაზე, ხოლო მას არ ანაზღაურებია იძულებითი განაცდური შრომის გასამრჯელო, მისი გათავისუფლების დღიდან, აღდგენამდე, რამაც საერთო ჯამში შეადგინა ხელზე ასაღები 26284.49 ლარი.

ამრიგად, მოსარჩელე და---- ბა-–--–---–ს, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც სასამართლოს მიერ ბათილად, შესაბამისად უკანონოდ იქნა ცნობილი, უკანონოდ მიადგა ზიანი მიუღებელი შრომის გასამრჯელოს სახით, 26 284.49 ლარის ოდენობით.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე და---- ბა-–--–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლება და მისი სამსახურიდან დათხოვნა სასამართლოს მიერ უკანონოდ და შესაბამისად ბათილად არის ცნობილი, ამასთან, იგი აღდგენილია შესაბამის თანამდებობაზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 13-ე 24-ე, 331-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. და---- ბა-–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოსარჩელე და---- ბა-–--–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის (მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება ხელზე მისაღები 26 284.49 ლარის ოდენობით;

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, და---- აღმაშენებლის ხეივანი, N64) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე და---- წერეთელი