გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210117002095308
საქმე №2/2660-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი 2019 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი პაატა ბობოხიძე
მოსარჩელე - სს "თ------------";
წარმომადგენელი - ლ--–- ბ-----–--ე;
მოპასუხე - ბ------ გ--------–---–ი;
დავის საგანი - კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნები
ბ------ გ--------–---–ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს:
1.1. 2016 წლის 27 დეკემბრის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების 4181.35 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა – 2994.20 ლარი, პროცენტი- 508.64 ლარი, ჯარიმა -678.51 ლარი.
1.2. 2017 წლის 27 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 27 დეკემბრის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე -2994.2 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 42% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 104.79 ლარს.
1.3. 2017 წლის 26 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 27 დეკემბრის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე -2994.2 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 14.97 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 2994 ლარისა;
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ 1.3. მოთხოვნა დააზუსტა, კერძოდ, მოითხოვა 2017 წლის 26 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 27 დეკემბრის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე -2994.2 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 14.97 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა;
სარჩელის საფუძვლები
2016 წლის 27 დეკემბერს სს „თ------------“ და ბ------ გ--------–---–ს შორის დაიდო განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა განვადების ბარათი 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით, კრედიტის ლიმიტის ვადად განისაზღვრა 4 წელი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 42%, კრედიტის ერთი წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი, ასევე დავალიანების 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ ხელშეკრულების პირობები დაარღვია 2017 წლის 25 თებერვალს და 2017 წლის 27 ივნისის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება 4181.35 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა – 2994.20 ლარი, პროცენტი- 508.64 ლარი, ჯარიმა -678.51 ლარი. კრედიტის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობით ბანკი განიცდის ზიანს, ვერ იღებს შემოსავალს, რასაც დაბრუნებული თანხის გასესხებით მიღებდა დარიცხული სარგებლით, რის გამოც მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს ზიანი ვალდებულების სრულ შესრულებამდე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ როგორც წერილობით შესაგებელში, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 27 დეკემბერს სს „თ------------“ და ბ------ გ--------–---–ს შორის დაიდო განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა განვადების ბარათი 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით, კრედიტის ლიმიტის ვადად განისაზღვრა 4 წელი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 42%, კრედიტის ერთი წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი, ასევე დავალიანების 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 23-45)
3.1.2. მოპასუხემ ხელშეკრულების პირობები დაარღვია 2017 წლის 25 თებერვალს და 2017 წლის 27 ივნისის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება 4181.35 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა – 2994.20 ლარი, პროცენტი- 508.64 ლარი, ჯარიმა -678.51 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 75.)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 867-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 394-ე, 404-ე, 412-ე, 414-ე მუხლები, 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მხარეებს შორის სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2016 წლის 27 დეკემბერს სს „თ------------“ და ბ------ გ--------–---–ს დადებული განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა განვადების ბარათი 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით, კრედიტის ლიმიტის ვადად განისაზღვრა 4 წელი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 42%, კრედიტის ერთი წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი, ასევე დავალიანების 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოპასუხემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ კრედიტი არ დაუბრუნებია, რადგან ცნო სარჩელი სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, თუმცა არ მიუთითებია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ამ ნორმის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების, მათი შეთანხმების შემთხვევაში განისაზღვრება.
მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების გადახდა, რადგან მან ცნო ეს მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და თანხმობა განაცხადა მოთხოვნილი თანხიდან გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას. ტერმინი „შეუსაბამოდ მაღალი“ მიუთითებს კანონმდებლის ნებაზე, რომ შემცირებას შეიძლება დაექვემდებაროს ისეთი პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა აშკარად და თვალსაჩინოდ მაღალია სადაო ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებთან და ვალდებულების შეუსრულებლობის ხასიათთან. ამდენად, შემცირებას ექვემდებარება არ მარტო ოდენობის თვალსაზრისით მაღალი თანხის პირგასამტეხლო, არამედ ისეთი თანხა რომელიც თვალსაჩინოდ შეუსაბამოა კონკრეტული ვალდებულების დარღვევის გარემოებებთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს სარჩელის აღძვრამდე დარიცხული პირგასამტეხლო 678.51 ლარი და სარჩელის აღძვრის შემდეგ პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოს 1000 ლარი, რაც სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია. კერძოდ, მოპასუხემ მართალია ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, სესხის დიდი ნაწილი გადაუხდელია, მაგრამ ეს ამ ამართლებს აშკარად მაღალი თანხის პირგასამტეხლოს მოთხოვნას. ისეთ პირობებში პირგასამტეხლოს დარიცხვის გაგრძელებას მოვალის დასჯის ხასიათი აქვს, რაც პირგასამტეხლოს მიზანი არ არის. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო გონივრულია თუ ერთდროულად უზრუნველყოს კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას და ვალდებულების დამრღვევი მოვალისათვის ფინანსური სანქციის დაკისრების მიზანს. შესაბამისად, ასეთი მიზნის მისაღწევად მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით 678.51 ლარის დაკისრება სავსებით საკმარისია.
6.3. მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების მიზნით მოითხოვს 2017 წლის 27 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 27 დეკემბრის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე -2994.2 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 42% სარგებლის გადახდას, რაც ყოველთვიურად შეადგენს 104.79 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხის მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.
მოსარჩელის ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის გადასაწყვეტად მხედველობაშია მისაღები საკრედიტო ხელშეკრულების იურიდიული ბუნება. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტის თანახმად, კრედიტი არის დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში საქმეზე N ას-1385-1307 განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, .... ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ .
განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. თავის მხრივ ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი იყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება.
სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებითაც მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას. „საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - Nას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; Nას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.). ასევე 17 , 2017 წლის თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-681-652-2016.
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო კრედიტის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს ადგება ზიანი, რაც გამოიხატება იმაში, რომ თანხის დაუბრუნებლობის გამო იგი ვერ იღებს შემოსავალს ამ თანხის კვლავ საკრედიტო ბრუნვაში გამოყენების გზით, ვერ გასცემს ამ თანხას ისევ კრედიტის სახით და ვერ იღებს სარგებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანი (დანაკარგია), რომელიც ბანკმა ვერ მიიღო მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ეს ნორმა მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.
ბანკის მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დებულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება ზიანის ოდენობის შესახებ დებულებას არ შეიცავს, თუმცა კანონის ნორმა აწესებს ზიანის გონივრულობის სტანდარტს და ამით იცავს არამეწარმე ფიზიკურ პირებს მომეტებული პასუხისმგებლობის რისკისაგან. შესაბამისად, ბანკის მიუღებელი შემოსავლის ოდენობა ამ ნორმით დადგენილი პრინციპით უნდა განისაზღვროს.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში. ამ შემთხვევაში გონივრული არ იქნება მსესხებელს დაეკისროს უფრო მეტი თანხა, ვიდრე სესხის ხელშეკრულების პირნათლად შესრულების შემთხვევაში შეეძლო მიეღო მოსარჩელეს მოპასუხისაგან. შესაბამისად ბ------ გ--------–---–ს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად თანხის გადახდა არაუმეტეს 5 თვისა.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე მოთხოვნა შეამცირა 1994.2 ლარით, შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 59.82 ლარი, ასევე მას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 125.44 ლარი, იმ სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც მოპასუხემ სარჩელი ცნო.
ბ------ გ--------–---–ს დაეკისროს სს „თ------------ს“ სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 15.71 ლარის, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის, საადვოკატო მომსახურების ხარჯის, დავის საგნის ღირებულების 4% - 188.21 ლარის გადახდა.
სახელმწიფო ბაჟი 127.46 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, იმ სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც არ დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ძალაში უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ბ------ გ--------–---–ს აეკრძალა უძრავი ქონების, ს.კ. 0------------------. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს „თ------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ბ------ გ--------–---–ს სს „თ------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 4181.35 ლარის გადახდა.
1.2. ბ------ გ--------–---–ს სს „თ------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით 523.95 ლარის გადახდა.
1.3. სს „თ------------ს“ სხვა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
2. სს „თ-----------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 185.26 ლარი, გადახდილი 2017 წლის 12 სექტემბერს, შემდეგ ანგარიშზე - სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, (საგადასახადო დავალება N36);
ბ------ გ--------–---–ს დაეკისროს სს „თ------------ს“ სასარგებლოდ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 15.71 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის, საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 188.21 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 127.46 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. ძალაში დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ბ------ გ--------–---–ს აეკრძალა უძრავი ქონების, ს.კ. 0------------------. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე