გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5156-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
25 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე
მოსარჩელე - ა-------–-----ე
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 2-------ს №0--------- გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 2-------ს №0--------- გადაწყვეტილება მომზადებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. გ---------------------–ი სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის განაჩენით ა-------–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
- გ---------------------–ი სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის განაჩენი (პირადი საქმის ს.ფ. 61-63).
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის განაჩენით ა-------–-----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავდროულად, ცვლილება შევიდა გ---------------------–ი სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის განაჩენში, კერძოდ, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის განაჩენი (ს.ფ. 13-26).
3.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინება (ს.ფ. 12).
3.4. დადგენილია, რომ ა-------–-----ისთვის დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 17 მაისიდან, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2013 წლის 23 აგვისტოდან 2014 წლის 17 მაისამდე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. სასჯელის მოხდა დასრულდება 2021 წლის 21 თებერვალს. ამასთან, სასჯელის ფაქტობრივად მოხდის საშეღავათო ვადა - 3/4 შესრულდა 2019 წლის 07 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 2-------ს №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ 27-33)
- ა-------–-----ის პირადი საქმე.
3.5. ა-------–-----ე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 02 ივნისის №5665 ბრძანებით, განთავსებულ იქნა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 20 ნოემბრის №1---- ბრძანების საფუძველზე, სასჯელის მოხდა განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, 2014 წლის 7 ივნისს შესახლებულ იქნა №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 2-------ს №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ 27-33)
- ა-------–-----ის პირადი საქმე.
3.6. ა-------–-----ე ნასამართლობის არმქონეა. სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია რამდენჯერმე: 2017 წლის 11 აგვისტოს №2858 და 2019 წლის 26 ივლისის ბრძანებით მიეცა ,,დამაებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება’’; 2017 წლის 18 დეკემბრის №5845, 2018 წლის 17 იანვრის №487, 25 მაისის №4924, 19 სექტემბრის №-233, 2019 წლის 10 იანვრის №182 ბრძანებებით მიეცა ,,დამატებითი სატელეფონო საუბრით სარგებლობის უფლება’’, 2018 წლის 20 აგვისტოს №7544 ბრძანებით გამოეცხადა ,,მადლობა’’. სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულმა გაიარა სხვადასხვა ტრენინგ-კურსები, მიღებული აქვს არაერთი სიგელი თუ სერტიფიკატი, ასევე, მონაწილეობას იღებდა დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში. 2017 წელს მონაწილება მიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში. 2019 წლის 3 მაისის №2862 ბრძანებით ჩარიცხულია №- პენიტენციურ დაწესებულების სამეურნეო სამსახურში.
ა-------–-----ე მიდრეკილია ლიტერატურული, შემოქმედებით აქტივობისკენ. აქვს საშუალო განათლება, წერს ლექსებს, ესეებსა და პუბლიკაციებს. ჰყავს დედა და სამი ძმა. დაწესებულების დატოვების შემდეგ სურს ჩაერთოს საოჯახო მეურნეობაში. მსჯავრდებული არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული.
დაწესებულების ფსიქოლოგის დახასიათებით: ა-------–-----ეს რისკ-ფაქტორები (მიდრეკილება ემოციური აგრესიისკნ, ანტისოციალური ქცევის ტენდენცია, ფსიქოლოგიური მოწყვლადობა და ა.შ) ამ ეტაპზე არ გააჩნია, რაც შეეხება დამცავ ფაქტორებს (მაგ: ქცევის შეცვლის მოტივაცია სოციალური მხარდაჭერა და ა.შ), ბენეფიციარის სარწმუნო ცნობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რაიმე სახის დარღვევა, რაც დასჯის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო, არა აქვს. პიროვნული მახასიათებლებიდან ბენეფიციარისთვის მეტად რელიეფურია ლიტერატურული, შემოქმედებითი აქტივობა, ის წინააღმდეგია შტამპის, „...რომელიც ისედაც, შენამდეც არსებობს - საჭიროა ახლის, უფრო პროდუქტიული ხედვა, კონკრეტიკაში დანახვა და შექმნა“. ზოგადად, ყველანაირად მიესალმება ყველა ტიპის აქტივობას, რომელსაც სასჯელაღსრულების ბენეფიციართათვის პოზიტიური დატვირთვა აქვს, კონკრეტულად ფიზიკურს - ვერა, რადგან ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, გონებრივს – სიამოვნებით; თუმცა შეჯიბრებითობა არ მოსწონს, რადგან ჯანსაღი კონკურენციაც (შეჯიბრებითობა) კი ადამიანის ისედაც მოწყვლადი, ფსიქოლოგიურად ტრამვირებადი ბუნების პრინციპის - „ძლიერი იმარჯვებს“ (ანუ „ძლიერი მართლდება“) - ლეგიტიმიზაციას (აქ: გამართლებას) ახდენს. მიდრეკილია პროსოციალური სიახლისა და პოზიტიური ცვლილებებისკენ. ზემოაღნიშნული თვისებები და დამოკიდებულებები ღირებულებათა სისტემის სახით მის სამომავლო გეგმებსაც განსაზღვრავს - მოტივირებულია ღია, საინტერესო ჯანსაღი გარემოს შექმნისკენ, როგორიც შეიძლება იყოს ეკოლოგიური სასოფლო-სამეურნეო წარმოება და ტურისტული სერვისი მთიან რეგიონში; ასევე, ინტელექტუალური სფეროც იწვევს მის ინტერესს, კერძოდ, აპირებს თეოლოგიის დარგში უმაღლესი განათლების მიღებას.
ფსიქოლოგის დახასიათებით, ბენეფიციარს დანაშაული არ უღიარებია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული ბრალისადმი დამოკიდებულებაც ამ თვალთახედვით უყალიბდება, თუმცა მისი პიროვნული თვალსაზრისი საზოგადოდ ჩადენილი დანაშაულის მიმართ სრულიად ნათელი და ადეკვატურია: თუკი დანაშაული აღიარებული და გაცნობიერებულია, ადამიანის შინაგანი რეფლექსიისთვის (მასზე განცდისეული ასოციაციები და გონივრული განსჯა) სინანული ჩადენილის გამო მოუცილებელი ელემენტია - სამართლებრივი რეაგირება სასჯელის სახით საკუთარი გადაცდომის, ანტისოციალური საქციელის გააზრების და საკუთარი თავის შეცვლის ერთადერთი გზაა და პენიტენციური სივრცე ამ ამოცანის განსახორციელებლად საუკეთესო გარემოა. მისი თვითშეფასება, რომელსაც ეყრდნობა ბენეფიციარის მიერ დასახული გეგმები და პრეტენზიები, არ ემყარება ილუზიებს და, როგორც ინტერვიუში ცხადი გახდა, მას სავსებით ობიექტური საფუძველი აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 2-------ს №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ 27-33)
- დახასიათება (ს.ფ. 73-78);
- ა-------–-----ის პირადი საქმე.
3.7. დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივი საბჭომ 2019 წლის 28 მაისს, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შუამდგომლობა ა-------–-----ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იყო სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ კი, განზრახ მკვლელობა. საბჭომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფითად შესასფასა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, რა გარემოებებში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილი ქმედებასთან. აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭომ მოცემულ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები მოსაზრებები ვერ გააბათილა და გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. ამდენად, საბჭოს 2019 წლის 2-------ს №0--------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა ა-------–-----ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 2-------ს №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ 27-33)
- ა-------–-----ის პირადი საქმე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-------–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 2-------ს №0--------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
მითითებული კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო).
ამავე საკანონმდებლო აქტის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი კი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები უფრო დეტალურად რეგლამენტირებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესით“. წესის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომში - საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. მითითებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭოს მიერ საქმის განხილვის დაწყების საფუძველია პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობა.
შეფასების კრიტერიუმებს კი განსაზღვრავს ზემოთ მითითებული წესის მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის შეფასება ხდება ზემოთ მითითებული მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია; გ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვინაიდან მან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების შეფასების შედეგად უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე იქნება დაფუძნებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ამდენად, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, ვინაიდან აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული.
სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობებიდან.
განსახილველ შემთხვევაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმსჯელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით, გაითვალისწინა და დადებითად შეაფასა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები, ის გარემოება, რომ ნასამართლობის არმქონეა, სასჯელის მოხდის პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული სოციალური აქტივობებში და ა.შ., თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მის მიერ ჩადენილი იყო სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ კი, განზრახ მკვლელობა. საბჭომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფითად შეაფასა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, რა გარემოებებში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილი ქმედებასთან,. აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭომ მოცემულ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას დანაშაულის ხასიათთან და იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებული არ აღიარებს დანაშაულს, თუმცა, ამავდროულად მიაჩნია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, სასჯელის მიზნის მიღწევადობასა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხებს. სასამართლო განმარტავს, რომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებას და მათი პრიორიტეტების დადგენას. გადაწყვეტილება, სასამართლოს მოსაზრებით, მოქცეული უნდა იყოს დებულებით დაწესებულ ჩარჩოებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საბჭოს, მისი დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გააჩნია ცალკეული კრიტერიუმების შეფასების უფლებამოსილება, რომელიმე მათგანისათვის პრიორიტეტის მინიჭების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს მის უფლებას უარყოს ან/და შეფასების მიღმა დატოვოს რომელიმე მათგანი.
სასამართლო დანაშაულის ხასიათთან დაკავშირებით განმარტავს, მართალია, ა-------–-----ეს ჩადენილი აქვს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, თუმცა ეს გარემოება აპრიორი ნეგატიურად არ ახასიათებს მსჯავრდებულს პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისთვის და არ არის საკმარისი არგუმენტი საბჭოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების დასაბუთებისთვის. ყველა დანაშაული, მით უფრო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული სამართლებრივი და მორალური თვალსაზრისით დასაძრახი ქმედებაა, თუმცა აღნიშნული პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილების პროცესში ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასების საფუძველს, საბჭოს მიერ უნდა განხორციელდეს კომპლექსური მიდგომა და შეფასება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
რაც შეეხება დანაშაულის აღიარებასა და მის მნიშვნელობას, სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან არის პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისთვის მსჯავრდებულის პიროვნების შეფასების ერთ-ერთი და არა ერთადერთი კომპონენტი. აუცილებელია აღნიშნული ფაქტი სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში იქნეს შეფასებული, რაც დადგენილია კიდეც პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი მე-13 მუხლით, რომლის თანახმად, მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს არა მარტო მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, არამედ დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, გათავლისწინებულ უნდა იქნეს ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, ასევე, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, თუ პირი არ აღიარებს დანაშაულს, იმავდროულად ეწინააღმდეგება პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესს, არ ემორჩილება პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობას და ჯიუტად ცდილობს თავი აარიდოს მთელ რიგ ვალდებულებებს, დანაშაულის არაღიარება შესაძლოა გახდეს მსჯავრდებულის უარყოფითი შეფასების საფუძველი, თუმცა ცალკე აღებული ფაქტი, რომ მსჯავრდებული არ აღიარებს დანაშაულს, არ არის საკმარისი საფუძველი მსჯავრდებულის პიროვნების უარყოფითად შეფასებისთვის.
მსჯავრდებულის პიროვნების შეფასების საკითხთან მიმართებაში სასამართლო მიუთითებს, რომ ა-------–-----ე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, სანიმუშო ყოფაქცევისთვის რამდენჯერმე წახალისებულია, მსჯავრდებულმა გაიარა სხვადასხვა ტრენინგ-კურსები, მიღებული აქვს არაერთი სიგელი თუ სერტიფიკატი, ასევე, მონაწილეობას იღებდა დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში, 2017 წელს მონაწილება მიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში, 2019 წლის 3 მაისის №2862 ბრძანებით ჩარიცხულია №- პენიტენციურ დაწესებულების სამეურნეო სამსახურში, ა-------–-----ე მიდრეკილია ლიტერატურული, შემოქმედებით აქტივობისკენ, დაწესებულების დატოვების შემდეგ სურს ჩაერთოს საოჯახო მეურნეობაში. მსჯავრდებული არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დახასიათებასა და გადაწყვეტილებაში აღნიშნულ მსჯავრდებულთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებსა (მიდრეკილება ემოციური აგრესიისკნ, ანტისოციალური ქცევის ტენდენცია, ფსიქოლოგიური მოწყვლადობა და ა.შ) და დამცავ ფაქტორებს (მაგ: ქცევის შეცვლის მოტივაცია სოციალური მხარდაჭერა და ა.შ), რომლის თანახმად, ა-------–-----ეს რისკ-ფაქტორები ამ ეტაპზე არ გააჩნია, რაც შეეხება დამცავ ფაქტორებს მსჯავრდებული მოტივირებულია ღია, საინტერესო ჯანსაღი გარემოს შექმნისკენ, როგორიც შეიძლება იყოს ეკოლოგიური სასოფლო-სამეურნეო წარმოება და ტურისტული სერვისი მთიან რეგიონში; ასევე, ინტელექტუალური სფეროც იწვევს მის ინტერესს, კერძოდ, აპირებს თეოლოგიის დარგში უმაღლესი განათლების მიღებას. ამასთან, ფსიქოლოგის დახასიათებით, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, მისი პიროვნული თვალსაზრისი საზოგადოდ ჩადენილი დანაშაულის მიმართ სრულიად ნათელი და ადეკვატურია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე არ აღიარებს დანაშაულს, მან მიიღო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი,პირნათლად მოიხადა მისი დიდი ნაწილი და ამ კუთხით წინააღმდეგობა არასდროს გამოუხატავს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანსა და პრინციპებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.
სასამართლო აქვე მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებაზე, რომელიც ადგენს, რომ თუ პირს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა, იგი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია კავშირშია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სასამართლოს მოსაზრებით, თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია საბოლოოდ დადგინდეს, სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე, გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებული და მისი გამოსწორებისათვის საჭირო არის თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა ანუ მიღწეულ იქნა თუ არა სასჯელის მიზანი მისი რესოციალიზაციის კუთხით.
ყოველივე ზემოაღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულს გათავისუფლების შემდეგ სურს საზოგადოებასთან რეინტეგრაცია. სადავო გადაწყვეტილებაში კი არ არის დასაბუთებული, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ა-------–-----ის მიმართ მიღწეული იყო თუ არა სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, რასაც საბოლოოდ მივყავართ სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით გათვალისწინებულ დასკვნამდე, არის თუ არა მისი გამოსწორებისათვის საჭირო დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
ამდენად, მოსარჩელის პიროვნების გათვალისწინებით, ჰუმანიზმის პრინციპებზე დაყრდნობით, მოპასუხე ვალდებულია ხელახლა იმსჯელოს სადავო საკითხზე, ამასთან, შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების მიზნით, უფლებამოსილია ზეპირი მოსმენით განიხილოს საკითხი, დაუსვას შეკითხვები მსჯავრდებულს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 2-------ს №0--------- გადაწყვეტილება და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივი საბჭოს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 271-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 2-------ს №0--------- გადაწყვეტილება და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა-------–-----ის მიმართ;
3. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე თამარ მეშველიანი