გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/574-19
28 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა აფციაური
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - გი---------–---
წარმომადგენელი - სა---------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - რუ-------------–-----ი
მესამე პირი - შპს ქუ-----------------------–---------------–-------------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ერ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება შპს ქუ-----------------------–---------------–--------------------ის მიერ გი---------–---ს სახელზე გაცემული დიპლომის A--------- ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირს პოზიცია არ წარმოუდგენია (კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო სხდომის თარიღის შესახებ).
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ ქუ-----------------------–--------------–---------------ზე 1992 წლის 15 სექტემბერს გაიცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №------------- ლიცენზია.
ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ 1996 წლის 3 სექტემბერს რეგისტრაციაში გატარდა შპს ჰუ------------–---------------–-------------ტი. ამავე სასამართლოს მიერ 1998 წლის 12 იანვარს რეგისტრაციაში გატარდა სპს „ბო------------------------------–---------------–-------------------“, რომელიც წარმოადგენს ქუთაისის სასამართლოს მიერ 1996 წლის 3 სექტემბერს რეგისტრირებული სუბიექტის უფლებამონაცვლეს. 1999 წელს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრირებული იქნა შპს ჰუ------------–---------------–-------------ტი, ნაცვლად სპს ბო--------------უ------------–---------------–-------------ტი №2-სა. სპს ბო--------------უ------------–---------------–-------------ტი №2-მა განიცადა რეორგანიზაცია და ფუნქციონირებდა, როგორც შპს ქუ-----------------------–---------------–-------------------. სპს ბო--------------უ------------–---------------–-------------ტი №2 ჩაითვალა შპს ქუთაისის ჰუ------------–---------------–-------------ტის უფლებამონაცვლედ საგანმანათლებლო საქმიანობის ნაწილში 1998 წლის 12 იანვრის სასამართლოს დადგენილების საფუძველზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს 2018 წლის 12 დეკემბრის M---------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 59-60).
4.2. ქუთაისის ჰუ------------–----------------–----------------------ა 2007 წელს გი---------–---ს სახელზე გასცა დიპლომი A---------, რომლის თანახმად, ქუ-----------------------–---------------–----- ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით გი---------–---ს მიენიჭა იურისტის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დიპლომი A---------(ს.ფ 13);
4.3. გი---------–---მ 2018 წლის 26 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს ქუ-----------------------–--------------–---------------ი №2-ის მიერ მის სახელზე გაცემული A--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილებით გი---------–---ს უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული A--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
ცენტრმა მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს ქუ-----------------------–--------------–---------------ი №2-ს 2000 წლის 1 იანვრამდე არ მიუმართავს საქართველოს განათლების სამინისტროსათვის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით, მან დაკარგა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება 2000 წლის პირველი იანვრიდან. ცენტრმა ასევე მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე №------------, რომელიც ეხება ქუთაისის ჰუ------------–---------------–------–---–-------------------ს ხელმძღვანელ პირთა მიერ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 26 ნოემბრის განცხადება (ს.ფ. 50-51).
- ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-17).
4.4. სახელმწიფო დაცვის კაპიტანი - გი---------–--- 2006 წლის 25 ნოემბრიდან მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში, 2008 წლის 25 ივნისიდან 2014 წლის 17 მარტამდე- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს 2019 წლის 22 იანვრის N---- ცნობა (ს.ფ. 84).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას
უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციის შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას - უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
ამდენად, ზემოხსენებული ნორმებით განმტკიცებულია განათლების მიღების უფლება და შესაბამისად, აღნიშნული უფლების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოთა მხრიდან. მოცემული დებულებები უთითებს პირის მიერ მიღებული განათლების, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების, რეალიზების და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
7.3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“ (2017 წლის 6 იანვრის რედაქცია), რომელიც არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას. ხსენებული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.
ზემოაღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო’’ პუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამავე კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი
დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.
სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ლიცენზირებას ექვემდებარება შემდეგი სამეწარმეო საქმიანობა, რომელზედაც ლიცენზიას გასცემენ ამ მუხლში ჩამოთვლილი ორგანოები: კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა – საქართველოს განათლების სამინისტრო; ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად: 1. ამ კანონის ამოქმედებიდან ლიცენზირებას ექვემდებარება მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული სამეწარმეო საქმიანობა. 2. პირები, რომლებიც ახორციელებენ ამ კანონით განსაზღვრულ, ლიცენზირებას დაქვემდებარებულ სამეწარმეო საქმიანობას და რომელთაც მიღებული აქვთ ლიცენზია ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულნი არიან მისი ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული - სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის განმახორციელებელმა პირებმა 2000 წლის 1 ოქტომბრამდე წერილობით მიმართონ ლიცენზიის გამცემ ორგანოს ლიცენზიის სალიცენზიო რეესტრში შესატანად, ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონის ამოქმედებამდე მიღებული ლიცენზიები ითვლება გაუქმებულად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 1992 წლის 15 სექტემბერს ქუ-----------------------–--------------–---------------ზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №------------- ლიცენზია. ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ 1996 წლის 3 სექტემბერს რეგისტრაციაში გატარდა შპს ჰუ------------–---------------–-------------ტი. ამავე სასამართლოს 1998 წლის 12 იანვარს რეგისტრაციაში გატარდა სპს ბო--------------უ------------–---------------–-------------ტი №2, რომელიც წარმოადგენს ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ 1996 წლის 3 სექტემბერს რეგისტრირებული სუბიექტის უფლებამონაცვლეს. 1999 წელს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრირებული იქნა შპს ჰუ------------–---------------–-------------ტი, ნაცვლად სპს ბო--------------უ------------–---------------–-------------ტი №2-სა. სპს ბო--------------უ------------–---------------------–---------------------- განიცადა რეორგანიზაცია და ფუნქციონირებდა, როგორც შპს ქუ-----------------------–---------------–-------------------.
საქმეში წარმოდგენილი დიპლომით დგინდება, რომ გი---------–---ს ქუთაისის ჰუ------------–---------------–----------------------ის იურიდიული ფაკულტეტის 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, მიენიჭა იურისტის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი და მის სახელზე გაიცა დიპლომი A----------
.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილებით, გი---------–---ს უარი ეთქვა კუთვნილი A--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. ცენტრმა მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს ქუ-----------------------–--------------–---------------ი №2-ს 2000 წლის 1 იანვრამდე არ მიუმართავს საქართველოს განათლების სამინისტროსათვის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით, მან დაკარგა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება 2000 წლის პირველი იანვრიდან. ცენტრმა ასევე მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე №------------ , რომელიც ეხება ქუთაისის ჰუ------------–---------------–------–---–-------------------ს ხელმძღვანელ პირთა მიერ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტს.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გი---------–---ს მიერ სწავლის ფაქტის გამომრიცხველი რაიმე გარემოება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოვლენილი არ ყოფილა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ უმაღლესი განათლების მიღებისას თავად უმაღლესი სასწავლებლის მიერ შესაძლოა დარღვეული იყო პროცედურული წესი საგანმანათლებლო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად, არ ქმნის კონკრეტული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესაძლებლობას. ისევე, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობაზე მითითება არ ასაბუთებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძვლიანობას, ვინაიდან, როგორც სადავო გადაწყვეტილებით ირკვევა, სისხლის სამართლის საქმე თავად გი---------–---ს ქმედების კანონშეუსაბამობის დადგენის მიზნით არ მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ვიდრე სათანადო წესით, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი არ არის რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გი---------–---ს კუთვნილი დიპლომის გაცემის ფაქტთან დაკავშირებით, შეუძლებელია პირს უარი ეთქვას დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელ პირთა მიერ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მითითებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი
ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება, იურისტის კვალიფიკაციით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანაწესი, რომ კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადექვატურად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (ზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, სახეზე არ არის აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ
გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოცემულ შემთხვევაში რაიმე მტკიცებულებით დადგენილი არ არის ის ფაქტი, რომ გი---------–---ს შესაძლოა სცოდნოდა მის მიერ არჩეული საგანმანათლებლო დაწესებულების ლიცენზირების ხარვეზის თაობაზე და მიუხედავად აღნიშნულისა, იგი უშვებდა ამგვარ დაწესებულებაში განათლების მიღების შესაძლებლობას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ენდობოდა გაცემული დიპლომის სტაბილურობას და დიპლომით მინიჭებულ უფლებამოსილებას, შრომითი საქმიანობა განეხორციელებინა იმავე საფეხურის შესაბამისად, რომელ საფეხურსაც უთანაბრდება მიღებული განათლებით დადასტურებული კვალიფიკაცია უმაღლესი განათლების სისტემის ფარგლებში. მოსარჩელის ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ ზღუდავს დიპლომით დადგენილი უფლების ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს უარი თქვას მოსარჩელის მიერ შპს ქუთაისის ჰუ------------–---------------–-------------ტ №2-ის მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
აღსანიშნავია, რომ ძირითადად სწორედ ამგვარადაა განმარტებული კანონიერი ნდობის პრინციპი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერაც (საქმე ბს-1153-1142(კ-11)).
7.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი---------–---ს სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული განათლების ბუნებითი უფლების, აგრეთვე შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილება და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გი---------–---ს სასარგებლოდ A-------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით. შესაბამისად მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მოსარჩელე - გი---------–---ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გი---------–---ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება გი---------–---ს კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გი---------–---ს კუთვნილი A--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
4. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გი---------–---ს სასარგებლოდ ანაზღაურება.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა აფციაური