განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4190-19
(გამოძიების №------------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - ანნა ქოჩიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-–----------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შ--–------------- (დაბადებული - 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, ქ--------------- ს.ს; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: გარდაბნის რაიონი, ს------–---------)
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 09:15 საათზე, შ--–--------------, ქვის სროლით, განზრახ გაანადგურა (სრულად ჩაამსხვრია) ქ. თბილისში, რ------------------–--–---------ში განთავსებული ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მ--------------–---- ადმინისტრაციული შენობის გვერდითა ფასადი მინა-პაკეტი და დააზიანა ამავე მინის „ჟალუზი“.
შ--–-------------ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, ფასადი მინა-პაკეტის განადგურებით მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 237.50 (ორას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი, ხოლო „ჟალუზის“ დაზიანებამ 70 (სამოცდაათი) ლარი. ჯამში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს მიადგა 307,50 (სამას შვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ შ--–-------------ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
შ--–-------------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ი-----–------–---–-- და ზ---------------- გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღებულ ქვას, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, №1/1/548, 22/01/2015, §41).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია სხვისი ნივთის განადგურებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაულის დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა. ნივთის განადგურება გულისხმობს ქონების ნივთზე იმგვარ გარეგან ზემოქმედებას, რის შედეგადაც წყდება მისი ფიზიკური არსებობა ამ იგი გამოუსადეგარი ხდება მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისათვის. ამასთან, განადგურება შეიძლება გამოიხატოს შენობა-ნაგებობის დანგრევაში ან მისი ისეთ მდგომარეობაში ჩაგდებაში, როდესაც იგი კარგავს თვისებრივ განსაზღვრულობას და სასარგებლო თვისებებს. ქონების განადგურების თავისებურება იმაშია, რომ იგი არ შეიძლება აღდგენილ იქნეს რემონტის ან რესტავრაციის საშუალებით. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ პირის მიერ ქონების დაზიანების შედეგად დაზარალებულს მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, 2019 წლის 13 აგვისტოს, შ--–--------------, ქვის სროლით, განზრახ გაანადგურა (სრულად ჩაამსხვრია) ქ. თბილისში, რ------------------–--–---------ში განთავსებული ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მ--------------–---- ადმინისტრაციული შენობის გვერდითა ფასადი მინა-პაკეტი და დააზიანა ამავე მინის „ჟალუზი“, რის შედეგადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს მიადგა 307,50 (სამას შვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
საქმეში არსებული მხარეთა მიერ არასადავოდ გამხდარი მტკიცებულებების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - შემადგენლობისთვის ყველა სავალდებულო ნიშანი.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შ--–-------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რისთვისაც შ--–------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს შ--–-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (შ--–-------------- ქვის სროლით გაანადგურა პოლიციის ადმინისტრაციული შენობის მინა და ჟალუზი და ქვამ, მისი მოზრდილი ფორმიდან გამომდინარე, შეაღწია შენობის შიდა პერიმეტრში, იმ პერიოდში როდესაც შენობაში იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას. ასევე, იმ გარემოებას, რომ შ--–------------- აღიარებს წარდგენილ ბრალდებას, მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ასევე იმ ფაქტს, რომ ბრალდებული ნასამართლევია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან 2019 წლის 28 ივნისს. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ გატარებულმა საშეღავათო ღონისძიებებმა, ვერ იქონია მჯავრდებულის რესოციალიზაცია და მან კვლავ ახალი დანაშაული ჩაიდინა წინა დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებიდან მცირე პერიოდში, პირობითი მსჯავრისთვის დადგენილ გამოსაცდელ ვადაში.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით შ--–------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი 4 (ოთხი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით შ--–------------- პირობით ვადამდე გათავისუფლდა 1 (ერთი) წლით, 2 (ორი) თვით და 9 (ცხრა) დღით ადრე.
ამდენად, შ--–------------- ნასამართლევია, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის, მას ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. ამდენად, შ--–------------- სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ქვა და მინის ნატეხები - განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ--–------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 5 (ხუთი) წლით, 2 (ორი) თვით და 9 (ცხრა) დღით თავისუფლების აღკვეთიდან 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, შ--–------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
შ--–------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 აგვისტოდან.
შ--–-------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ქვა და მინის ნატეხები - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი