გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.07.2019
საქმის ნომერი
330210119002986791
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10163-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

02.07.2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ირაკლი კოპალიანი

სხდომის მდივანი - სალომე გურგუჩიანი

 

მოსარჩელე: ა--–--------------------

წარმომადგენელი: ნი---------–---–ი

 

მოპასუხე: ლ-–---–-–-----ი

წარმომადგენელი: დ-------------ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ლ-–---–-–-----ს ა--–--------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 9415 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2018 წლის 6 დეკემბერს ლ-–---–-–-----ს და ა--–--------------------- შორის დაიდო იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ლ-–---–-–-----მა აიღო ვალდებულება დაეცვა მოსარჩელის და ხ-------–-------ის ინტერესები რეზიდენტობის საკითხთან დაკავშირებით და მის საბოლოო მიღებამდე, მათ შორის სასამართლოში და ნებისმეირ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებაში. აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის ა--–--------------------მა ლ-–---–-–-----ს ხელშეკრულების საფუძველზე გადაუხადა 3500 აშშ დოლარი (9415 ლარი). ლ-–---–-–------- მიერ გაწეული კონსულტაციის და მოთხოვნის საფუძველზე მოსარჩელემ და ხ-------–-------მა 2018 წლის 7 დეკემბერს გასცეს მინდობილობები ლ-–---–-–------- და დ-------------ის მიმართ, რათა მათ განეხორციელებინათ ყველა ის სამართლებრივი ქმედება, რაც საჭირო იქნებოდა მათ ინტერესების სადასაცად რეზიდენტობის საკითხთან დაკავშირებით მის საბოლოო მიღებამდე მათ შორის სასამართლოშიც. მინდობილობა გაიცა იმ დათქმით, რომ მარწმუნებლები ვალდებულნი იყვნენ ყველა განსახორციელებელი მოქმედება შეეთანხმებინა მარწმუნებლებთან და შემდგომ ემოქმედათ, ასევე ჩაებარებინათ ანგარიში გაწეულ საქმესთან დაკავშირებით. ლ-–---–-–------- რეკომენდაციით ვინაიდან ხ-------–-------ის სურდა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მიღება, მან 2018 წლის 10 დეკემბერს შეიძინა ბინა, გადაიღო ბინადრობის ნებართვის განცხადების წარდგენისთვის საჭირო ფოტო 2018 წლის 12 დეკემბერს და გადასცა ბინის ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ნასამართლეობის ცნობა, ფოტო, პასპორტის ასლი და თანხა ლ-–---–-–-----ს, რათა მას განეხორციელებინა უძრავი ქონების შეფასება, ნასამართლეობის ცნობის ლეგალიზება და შემდგომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისთვის განაცხადის შევსება გადაცემული დოკუმენტების საფუძველზე. 2018 წლის 14 დეკემბერს მარწმუნებელმა დ-------------მა ხ-------–-------თან შეუთანხმებლად წარადგინა განცხადება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შრომით ბინადრობის ნებართვის მისაღებად, რომელსაც დაურთო ხარვეზიანი დოკუმენტაცია, კერძოდ, ნასამართლობის ცნობა და გადაიხადა მომსახურების თანხა. აღნიშნული განცხადება დარჩა განუხილველი 2019 წლის 23 იანვარს. აღნიშნული გადაწყვეტილება რწმუნებულმა დ-------------მა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 25 თებერვალს, სარჩელის შეტანის გზით გასაჩივრების 30 დღიანი ვადის დარღვევით. ასევე 2018 წლის 12 დეკემბერს დ-------------მა ხ-------–-------ის საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელებაზე შეიტანა განცხადება, რომელიც დაკმაყოფილდა და საქართველოში ყოფნა ხ-------–-------ს გადაუვადდა 2019 წლის 15 იანვრამდე. თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია დ-------------ს ხ-------–-------ისათვის. საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების გადაწყვეტილების დაკმაყოფილების შემდგომ საჭიროა მოხდეს სამგზავრო დოკუმენტში პასპორტში შტამპის დასმა, სადაც მითითებულია საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების თარიღი. აღნიშნული ქმედება არ განახორციელა რწმუნებულმა. აღნიშნულიდან გამომდინარე ხ-------–-------ის ინტერესების დაცვა არ განხორციელდა სათანადოდ, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებების დარღვევა და მიადგა მას როგორც ფინანსური, ასევე მორალური ზიანი. 2019 წლის 9 აპრილს მოსარჩელემ გააუქმა რწმუნებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ლ-–---–-–-----მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა სრულად და პირნათლად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პოზიცია გაასაჩივრა სასამართლოში, ხოლო სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებები თუ მიუღებელი აღმოჩნდა მოსარჩელისთვის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ წარმომადგენლობით უფლებამოსილება შესრულებულია არაკეთილსინდისიერად და ლ-–---–-–-----ს თანხის დაკისრება უნდა დაეკისროს. ასევე, მოპასუხის განმარტებით, თითოეული ნაბიჯი ყოველთვის შეთანხმებული იყო მოსარჩელესთან წინასწარ, რის გამოც გაუგებარია მოსარჩელის პოზიცია.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 6 დეკემბერს ა--–--------------------ს და ლ-–---–-–-----ს შორის დაიდო ხელშეკრულება იურიდიული (საადვოკატო) მომსახურების შესახებ, რომლითაც ადვოკატი უწევს კლიენტს იურიდიულ მომსახურებას, კერძოდ - აწარმოებს საქმეს კლიენტის ინტერესების დასაცავად რეზიდენტობის საკითხთან დაკავშირებით და მის საბოლოო მიღებამდე (სასამართლოში, ასევე ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებაში) აღნიშნული მომსახურება უნდა გაეწიოს ორ მოქალაქეს: ა--–--------------------ს და ხ------–--------. იურიდიული მომსახურების საფასური შეადგენდა - 3500 აშშ დოლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება იურიდიული (საადვოკატო) მომსახურების შესახებ (ს.ფ. 21-26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2018 წლის 7 დეკემბერს ა--–--------------------მა და ხ------–-------მა მინდობილობები გაუფორმეს ლ-–---–-–-----ს და დ-------------ს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რწმუნებულებები (ს.ფ. 27-38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ხარვეზი დაუდგინა ხ------–-------- საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადებაზე და ამ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო განცხადება 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა განუხილველი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართვა და გადაწყვეტილება (ს.ფ. 49-51);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხ------–-------- საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2019 წლის 6 იანვრიდან 2019 წლის 15 იანვრამდე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 52);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

მთავარი სადავო გარემოებაა, შეასრულა თუ არა მოპასუხემ მასზე ნაკისრი ვალდებულება და გაუწია თუ არა მოსარჩელეს ჯეროვანი იურიდიული მომსახურება, მოსარჩელის განმარტებით, მას სურდა ადვოკატი დახმარებოდა ბინადრობის ნებართვის მიღებაში, თუმცა არ სურდა შრომითი ბინადრობის მიღება, ამის საპირისპიროდ კი მოპასუხემ განაცხა, რომ ბინადრობის ნებართვის კონკრეტულ სახეზე სპეციალური მითითება არ ყოფილა.

 

მხარეებს შორის 2018 წლის 6 დეკემბერს დადებული იურიდიული (საადვოკატო) მომსახურების ხელშეკრულებით და 2018 წლის 07 დეკემბრის მინდობილობით განსაზღვრული იყო ადვოკატისათვის მინიჭებული უფლებამოსილებები, ამ შეთანხმებებით არ ყოფილა კონკრეტულად მითითებული თუ რა სახის ნებართვა უნდა მოეთხოვა მოპასუხეს. მინდობილობის მიხედით ლ-–---–-–-----ს და დ-------------ს მიენიჭა უფლებამოსილება აწარმოოს მოსარჩელის და ხ------–-------ის ბინადრობის (დროებითი, მუდმივი) მინიჭების (მიღების) საქმეები, აიღოს ნასამართლობის ცნობა ირანის საელჩოდან, ჩააბაროს ნასამართლეობის ცნობა, ამასთან დაკავშირებით შეაგროვოს, ჩააბაროს, გამოითხოვოს და მიიღოს ჩააბაროს ყველა საჭირო ცნობები, მოწმობები, ინფორმაცია, ამონაწერი, დაესწროს გასაუბრებაზე გადაიხადოს გადასახადები და მოსაკრებლები, დაწეროს საჭირო განცხადება ან/და მიმართვა, იყოს წარმომადგენელი სამოქალაქო რეესტრის საჯარო რეესტრის სააგენტოში, საჯარო რეესტრში, იუსტიციის სახლში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ირანის საელჩოში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებაში, ხელი მოაწეროს და განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებულია ამ დავალების შესრულებასთან. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ მასთან შეთანხმების გარეშე შეიტანა წარმომადგენელმა განცხადება შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად. საქმეში წარმოდგენილია განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ, რომელსაც ერთვის ხ------–-------ის ფოტოსურათი, ხ------–-------მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ იგი დასაქმებული იყო კომპანია ,,გ---–----------------------ში“ და ფოტოსურათი გადაიღო ამ განცხადების შეტანის დროს იუსტიციის სახლში.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ მოსარჩელის და ხ------–-------ის ბინადრობის მიღებასთან დაკავშირებით წარმომადგენლებმა მიმართეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოიპოვეს ნასამართლობის ცნობა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. მოსარჩელე მისი წარმომადგენლის მხრიდან მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ერთ-ერთ ფაქტად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული აქტი გასაჩივრებული იყო გასაჩივრების 30 დღიანი ვადის დარღვევით, შესაბამისად სარჩელი იყო ხანდაზმული. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. თუ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა საეჭვოა ან მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, სასამართლო სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს განმწესრიგებელ სხდომას. მხარეთა გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საკითხის განხილვას. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. სარჩელს ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის განჩინება, რომლის თანახმადაც, სარჩელი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით მიღებულია წარმოებაში, დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა, რაც ნიშნავს იმას, რომ შესწავლილი იქნა გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დაცვის საკითხი და სარჩელმა გადალახა დასაშვებობის ეტაპი, შესაბამისად ამ საკითხში დაუსაბუთებელია მოსარჩელის პრეტენზია.

 

ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ შრომითი კონტრაქტიც სწორედ მოსარჩელემ მიაწოდა მარწმუნებლებს. რატომ აღჭურვავდა მოსარჩელე მარწმუნებელს ამ დოკუმენტით, თუ მის სურვილს არავითარ შემთხვევაში წარმოადგენდა ე.წ. შრომითი ბინადრობის მოპოვება.

 

გარდა ამისა, ასევე სხდომაზე გაირკვა, რომ ნასამართლობის არქონის შესახებ დოკუმენტაციაც ირანიდან გამოთხოვილ იქნა სწორედ რწმუნებულების მიერ;

 

გარდა ამისა, სხდომაზე დადასტურდა, რომ რწმუნებულმა განუმარტა მოსარჩელეს, რომ საბოლოოდ გაჭირდებოდა შედეგის მიღწევა და მხოლოდ საქართველოში ყოფნის გაჭიანურებას თუ მოახერხებდნენ.

 

საყურადღებოა ასევე მოწმის სახით დაკითხული მ-------–--ის ჩვენება, რომელიც არ ყოფილა უშუალო მოწმე მხარეებს შორის არსებული კომუნიკაციისა და ფაქტებს გადმოსცემდა მხოლოდ მოსარჩელის მეირ მიწოდებული ინფორმაციით.

 

ამ ფაქტების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ წარმომადგენლებმა არ შეასრულეს, ან არაჯეროვნად შეასრულეს მათზე ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც არ არსებობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული დათქმის დარღვევა, რომლის თანახმადაც თუ ადვოკატი განზრახ (შეგნებულად) არ ასრულებდა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მან უნდა დაუბრუნოს კლიენტს იურიდიული მომსახურებისათვის აღებული მთლიანი თანხა, შესაბამისად მოპასუხეს ვერ წარმოეშვება გადახდილი ჰონორარის უკან დაბრუნების ვალდებულება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა--–--------------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 394-ე,408-ე, 411-412-ე, 712-ე და 713-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 6 დეკემბერს ა--–--------------------ს და ლ-–---–-–-----ს შორის დაიდო ხელშეკრულება იურიდიული (საადვოკატო) მომსახურების შესახებ, რომლითაც ადვოკატი უწევს კლიენტს იურიდიულ მომსახურებას, კერძოდ - აწარმოებს საქმეს კლიენტის ინტერესების დასაცავად რეზიდენტობის საკითხთან დაკავშირებით და მის საბოლოო მიღებამდე (სასამართლოში, ასევე ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებაში) აღნიშნული მომსახურება უნდა გაეწიოს ორ მოქალაქეს: ა--–--------------------ს და ხ------–--------. იურიდიული მომსახურების საფასური შეადგენდა - 3500 აშშ დოლარს.

მოსარჩელის განმარტებით მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო მას მიადგა ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მისი გამოყენების წინაპირობებია: მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 712-ე დ 713-ე მუხლების შესაბამისად, რწმუნებული ვალდებულია იმოქმედოს მარწმუნებლის დავალების შესაბამისად. ნორმებით, ასევე დადგენილია მარწმუნებლის ინფორმირების ვალდებულება.

 

გასაგებია, რომ რწმუნებული სწორედ იმისთვის სჭირდება ამა თუ იმ პირს, რომ მისი დავალებები შეასრულოს. თუმცა წინამდებარე დავაში მოპასუხემ ვერ გამოკვეთა თუ რომელი კონკრეტული დავალება ვერ შეასრულა მოპასუხემ.

 

სადავო ფაქტობრივ გარემოებებში, უკვე ვიმსჯელეთ, რა მოქმედებები განხორციელდა რწმუნებულთა მიერ და აქ აღარ გავმეორდებით. მხოლოდ მოკლედ აღვნიშნავთ, რომ ვერ დადასტურდა რწმუნებულთა ისეთი მოქმედებები, რომლებიც მიღებული დავალების შინაარსისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იურიდიული წარმომადგენლობა თავისი არსით შეიცავს წარუმატებლობის რისკებს. სამართლებრივ მოქმედებათა იურიდიული ბუნება თავშივე შინაარსობრივად რთული და მეტად დატვირთულია. სწორედ ამიტომაც საჭიროებს პირი იურიდიული ცოდნით აღჭურვილი რწმუნებულის მომსახურებას. შესაბამისად, თუნდაც გარკვეული წარუმატებლობა ვერ გახდება მომსახურების ანაზღაურების უკან მოთხოვნის წინაპირობა ამ შემთხვევაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა--–--------------------ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას, სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 432.45 ლარის ოდენობით, ამავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი ბაჟი 282.45 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო ზედმეტად გადახდილი 150 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 230-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259.1-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა--–--------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 282.45 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. ა--–--------------------- დაუბრუნდეს, 23/04/2019 წელს, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 432.45 ლარის ნაწილი _ 150 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300773150; მიმღები ბანკი/ხაზინა: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური; ბანკის კოდი: TRESGE22; საგადასახადო დავალება №0.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი