გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/33029-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - შპს „ია---------------------–----------–-----–-------------------------–-----–--ი“
წარმომადგენელი - მა-------------–---–ი
მოპასუხე - შპს “J--O”
წარმომადგენელი - სა------------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების 14 700,00 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის ურთიერთობა ხანგრძლივი დროის მანძილზე. 2016 წლის 27 ოქტომბერს მოპასუხემ შეიძინა 14 700,00 აშშ დოლარის ღირებულების მასალები (გრანიტისა და მარმარილოს წებო, მოქნილი მილი, „ხელის ურიკა დაშლილი“) (ს.ფ. 110-111). მოპასუხე ვალდებული იყო გონივრულ ვადაში გადაეხადა საქონლის საფასური. მყიდველს დავალიანება არ გადაუხდია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 14 700,00 აშშ დოლარიდან გადაუხდელ დავალიანებას წარმოადგენს 3 020,00 აშშ დოლარი. თუმცა, ამ თანხის გადახდა მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს, ვინაიდან მოსარჩელემ მყიდველს მიაწოდა წუნდებული პროდუქტი, რასთან დაკავშირებითაც მოპასუხემ გამყიდველს ზეპირი ფორმით განუცხადა პრეტენზია (იხ. მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 26 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:32:31 – 10:46:13).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, ფაქტი იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის 2013 – 2018 წლებში არსებობდა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რის საფუძველზედაც გამოწერილი იქნა 20 - მდე ანგარიშფაქტურა და ინვოისი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 26 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:24:45; იხ. 2019 წლის 31 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:14:10).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 26 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:32:31; იხ. 2019 წლის 31 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:22:31).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 3 575,4 აშშ დოლარს.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2016 წლის 27 ოქტომბრის №88561 ანგარიშფაქტურაზე, რომლის თანახმად შპს „ია-------------------------–----------–--------–------–--------------------------------------–---------–-------ი“ - მა შპს „J--O”-ს („გადამხდელი“) მიაწოდა 14 700,00 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი (გრანიტისა და მარმარილოს წებო, მოქნილი მილი, „ხელის ურიკა დაშლილი“) (ს.ფ. 122).
მხარეებს შორის, როგორც ზემოთ აღინიშნა, ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა 2013 წლიდან 2018 წლამდე, რა დროის განმავლობაშიც გამოიწერა არაერთი ანგარიშ-ფაქტურა და ინვოისი.
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 11 აპრილის №17245 ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „ია-------------------------–----------–--------–------–--------------------------------------–---------–-------ი“ - მა შპს „J--O”-ს („გადამხდელი“) მიაწოდა 16 416,00 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი (ს.ფ. 22); მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 13 ოქტომბრის თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (გაცემული სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ), რომლის თანახმად 2017 წლის 11 აპრილის №17245 ინვოისის საფუძველზე (რაც მითითებულია დანიშნულების გრაფაში) შპს „J--O“-ს მიერ გადახდილია საქონლის ღირებულება 10 000,00 აშშ დოლარი მოსარჩელის სასარგებლოდ (ს.ფ. 91). მხარეებს ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ; ასევე 2017 წლის 25 სექტემბრის საგადახდო დავალების (გაცემული სს „თიბისი ბანკის“ მიერ) თანახმად, 2017 წლის 11 აპრილის №17245 ინვოისის საფუძველზე (რაც მითითებულია დანიშნულების გრაფაში) შპს „J--O“-ს მიერ გადახდილია საქონლის ღირებულება 10 000,00 აშშ დოლარი მოსარჩელის სასარგებლოდ (ს.ფ. 92). მხარეებს ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ; ჯამურად, 2017 წლის 11 აპრილის №17245 ანგარიშფაქტურაზე მითითებით გადახდილია 20 000,00 აშშ დოლარი, რაც ამავე ანგარიშფაქტურით განსაზღვრული მიწოდებული საქონლის ღირებულებას აღემატება 3 584,00 აშშ დოლარით;
2013 წლის 18 ივლისის №49324 ანგარიშფაქტურის (ს.ფ. 153-157) თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულება შეადგენს 13 316,00 აშშ დოლარს; 2014 წლის 15 ივლისის საგადახდო დავალების (№3, გაცემული სს „თიბისი ბანკის“ მიერ) (ს.ფ. 161) თანახმად, 2013 წლის 18 ივლისის №49324 ანგარიშფაქტურის საფუძველზე, შპს „J--O“-ს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილია საქონლის ღირებულება 9 161,60 აშშ დოლარი (15 000,00 დოლარიდან); 2016 წლის 6 მაისის სალაროს გასავლის №184 ორდერის (ს.ფ. 137) თანახმად, შპს „J--O”-ს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის 18 ივლისის №49324 ინვოისის საფუძველზე მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილია საქონლის ღირებულება 26 568,00 ლარი, რაც გადახდის დროისათვის შეადგენდა 12 000,00 აშშ დოლარს (იხ, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 10:32:31); მოსარჩელე მხარეს ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია; ჯამურად, 2013 წლის 18 ივლისის №49324 ანგარიშფაქტურაზე მითითებით გადახდილია 21 161,6 აშშ დოლარი, რაც ამავე ანგარიშფაქტურით განსაზღვრული და მიწოდებული საქონლის ღირებულებას აღემატება 7 845,6 აშშ დოლარით;
2013 წლის 29 აგვისტოს №49337 ანგარიშფაქტურის (ს.ფ. 158-160) თანახმად, შპს „J--O”-ს მიერ მოსარჩელისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულება შეადგენს 23 143,90 აშშ დოლარს; 2014 წლის 15 ივლისის საგადახდო დავალების (№3, გაცემული სს „თიბისი ბანკის“ მიერ) (ს.ფ. 161) თანახმად, 2013 წლის 29 აგვისტოს №49337 ანგარიშფაქტურის საფუძველზე, შპს „J--O“-ს მიერ გადახდილია საქონლის ღირებულება 5838,4 აშშ დოლარი (15 000,00 დოლარიდან) მოსარჩელის სასარგებლოდ; 2017 წლის 13 იანვრის სალაროს გასავლის ორდერის №4-ის (ს.ფ. 138) თანახმად, შპს „J--O”-ს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის 29 აგვისტოს №49337 ინვოისის საფუძველზე მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილია საქონლის ღირებულება 27 372,00 ლარი, რაც გადახდის დროისათვის შეადგენდა 10 000,00 აშშ დოლარს; მოსარჩელე მხარეს ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია; 2017 წლის 09 აპრილის სალაროს გასავლის ორდერის №87-ის (ს.ფ. 139) თანახმად, შპს „J--O”-ს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის 29 აგვისტოს №49337 ინვოისის საფუძველზე გადახდილია საქონლის ღირებულება 16 905,70 ლარი, რაც გადახდის დროისათვის შეადგენდა 7 000,00 აშშ დოლარს; მოსარჩელე მხარეს ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია; ჯამურად, 2013 წლის 29 აგვისტოს №49337 ანგარიშფაქტურის საფუძველზე გადახდილია 22 838,4 აშშ დოლარი, რაც ამავე ანგარიშფაქტურით განსაზღვრული და მიწოდებული საქონლის ღირებულებაზე ნაკლებია 305,00 აშშ დოლარით.
ამასთან დამატებით აღსანიშნავია, რომ შპს „J--O”-ს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან მყიდველის მიერ გადასახდელ თანხა შეადგენს დაახლოებით 3 000,00 აშშ დოლარს, თუმცა გადახდის ვალდებულება მყიდველს არ გააჩნია, ვინაიდან მოსარჩელემ მას მიაწოდა წუნდებული პროდუქტი (იხ. შპს „J--O”-ს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 26 ივნისი, 10:32:31).
აღწერილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშედარებისა და შეჯერების შედეგად, სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 3 575,4 აშშ დოლარს.
3.2.2. არ დგინდება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის წუნდებული პროდუქტის მიწოდების შესახებ პრეტენზიის წარდგენის ფაქტი.
მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა გარემოებაზე, რომ გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა წუნდებული პროდუქტი, რაც გამორიცხავს არსებული დავალიანების შპს „J--O”-თვის გადახდის დაკისრებას. მითითებული გარემოების დასადასტურებლად, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია აუდიტორული დასკვნა, რომლის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ „2017 წლის 11 აპრილის №17245 ფაქტურის საფუძველზე 2017 წლის 20 აპრილს იმპორტირებული საქონლის ვარგისიანობის დადგენილი ორწლიანი ვადა ამოიწურა 2017 წლის 27, 28 და 29 აპრილს. შესაბამისად, მოცემულ საქონელზე (გრანიტის წებო - EB25), 2017 წლის 01 მაისის მდგომარეობით ვარგისიანობის ვადა გასულია“.
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეს ნივთის ნაკლზე მითითებისას წარმოეშვა სსკ-ის 487-ე-495-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების დადასტურების ვალდებულება.
ზოგადი წესის თანახმად, გამყიდველი, სსკ-ის 487-ე-489-ე მუხლების შესაბამისად, ვალდებულია მყიდველს გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი. თუმცა, ნასყიდობის ურთიერთობაში, სადაც მხარეებს მეწარმე სუბიექტები წარმოადგენენ, მყიდველს ეკისრება გარკვეული სახის ვალდებულება, რაც ნივთის დაუყოვნებლივ შემოწმებას გულისხმობს, რასაც, თავის მხრივ, შედეგად გამყიდველისათვის პრეტენზიის წარგდენა უნდა მოჰყვეს (სსკ-ის 495-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება“; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე, მაშინ მას არ შეუძლია დაეყრდნოს ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებას”.), რაც მყიდველს საშუალებას მისცემდა, მოეთხოვა ნივთის ნაკლის გამოსწორება ან ახლით მისი შეცვლა, ისევე როგორც შეეძლო მოეთხოვა ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭირო იქნებოდა ნაკლის გამოსასწორებლად.
საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მყიდველმა გამოიყენა პრეტენზიის წარდგენის უფლებამოსილება (რაც მტკიცების თვალსაზრისით მისსავე ვალდებულებას წარმოადგენს) და გამყიდველს წარუდგინა პრეტენზია. მოპასუხის წარმომადგენელი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებით, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელის წარმომადგენელი. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაითვალისწინოს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოება, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებითაც რომ შპს „J--O”-მ 2017 წლის 11 აპრილის №17246 ანგარიშფაქტურის საფუძველზე 2017 წლის 20 აპრილს იმპორტირებული საქონლის (რაც მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით, წარმოადგენდა წუნდებულ საქონელს) ღირებულება და, უფრო მეტიც, ამ საქონლის ღირებულებაზე 3 584,00 აშშ დოლარით მეტი თანხა გადაიხადა ჯერ კიდევ 2017 წლის 25 სექტემბერსა და 2017 წლის 13 ოქტომბერს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ია---------------------–----------–-----–-------------------------–-----–--ი“-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით მოწესრიგებას, რომლის შესაბამისადაც, გამყიდველმა (მოსარჩელემ) მყიდველს (მოპასუხეს) მიაწოდა საქონელი, ხოლო მყიდველს, ამ შემთხვევაში შპს „J--O”-ს წარმოეშვა საქონლის ღირებულების გადახდის ვალდებულება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „J--O”-ს დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 3 575,4 აშშ დოლარს.
მოპასუხე მხარემ შესაგებელი დაამყარა გარემოებაზე, რომ მიწოდებული საქონელი იყო წუნდებული, რაც გამორიცხავს დავალიანების გადახდას.
სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. 488-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
სსკ-ის 495-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე, მაშინ მას არ შეუძლია დაეყრდნოს ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი არ ავალდებულებს მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთანავე ნივთის (ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის) დაუყოვნებლივ შემოწმებას (იგულისხმება მისი ხარისხისა და მოხმარებისთვის აუცილებელი თვისებები (მახასიათებლები)). მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა უშვებს ამ წესიდან განსხვავებულ რეგულაციას მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც მეწარმეები არიან.
მხარეები წარმოადგენენ მეწარმეებს. განსახილველ შემთხვევაში გამყიდველისათვის მიწოდებული საქონლის ნაკლის შესახებ მყიდველის მიერ პრეტენზიის წარდგენის ფაქტი დადასტურებული არ არის.
სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებელი ადგენს გარკვეულ რეგულაციებს ნივთის ნაკლის გამო მყიდველის უფლებების თაობაზე სსკ 491-494-ე მუხლებით. კერძოდ, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ნივთის ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით (სსკ 491-ე მუხლი). ასევე, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი (სსკ 492-ე მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, მყიდველს არ გამოუყენებია ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული უფლებები. უფრო მეტიც, მყიდველმა გადაიხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება, მყიდველის მიერ კი პრეტენზიის წარდგენის ფაქტი დადასტურებული არ არის. ამდენად, მოპასუხის მითითება წუნდებული პროდუქტის მიწოდების გამო დავის ფარგლებში ფასის შემცირებაზე მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „J--O”, სსკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულია აუნაზღაუროს შპს „ია---------------------–----------–-----–-------------------------–-----–--ი“-ს მიწოდებული საქონლის ღირებულება 3 575,4 აშშ დოლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს იურიდიული მომსახურების მიზნით 1 416,25 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება (ს.ფ. 47). მოსარჩელემ მოითხოვა გაწეული ხარჯიდან 850,00 აშშ დოლარის ანაზღაურება. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს 656,64 აშშ დოლარი.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 291,38 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 139,85 ლარი, ხოლო 906,63 ლარი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ია---------------------–----------–-----–-------------------------–-----–--ი“-ის სარჩელი მოპასუხის შპს “J--O”-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. შპს “J--O”-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 3 575,4 აშშ დოლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 291,38 ლარის ანაზღაურება.
3. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „ია---------------------–----------–-----–-------------------------–-----–--ი“-ს შპს „ლეგალ სერვის ქორფორეიშენის“ მიერ 2018 წლის 13 ნოემბერს გადახდილი 1337,00 ლარიდან სახელმწიფო ბაჟი 139,85 ლარი.
4. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული ხარჯის 656,64 აშშ დოლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე