გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6611-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2019 წ. ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - შპს ,,ე---------------+“
წარმომადგენელი - გ------- თ-------–---–ი, ნ----- ვ-------–---–ი
მოპასუხე - ზ------ შ----------–---–ი, გ------- ჩ-–---ე
წარმომადგენელი - პ----- ხ----–--–---
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს: ზ------ი შ----------–---–ს და გ------- ჩ-–---ეს, მოსარჩელე შპს ,,ე--------------- +“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, ვალდებულების ძირითადი თანხის 3151 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებლის 2177.4 აშშ დოლარის, ჯარიმის 30 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 1247.4 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეებს: ზ------ი შ----------–---–ს და გ------- ჩ-–---ეს, მოსარჩელე შპს ,,ე--------------- +“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, სააღსრულებო წარმოების ხარჯის 100 ლარის გადახდა.
1.3. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2016 წლის 25 აპრილს შპს "ე--------------- +"-სა და ზ------ი შ----------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ზ------ გ-------–ის კუთვნილი ავტომობილი - ბმვ 5 სერია. ხელშეკრულების თანახმად გირავნობის საგანი, ავტომობილი, არ წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთ საშუალებას, მსესხებელი პასუხისმგებელია მთელი თავისი ქონებით (ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი). 2016 წლის 25 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელემ მსესხებელს ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 3500 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 212 აშშ დოლარის ოდენობით ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად.
2016 წლის 25 აპრილს სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებით გ------- ჩ-–---ე, 11400 აშშ დოლარის ფარგლებში, სოლიდარულ თავდებად დაუდგა მსესხებელს შპს "ე--------------- +"-ს წინაშე. კერძოდ, სოლიდარულმა თავდებმა ვალდებულება იკისრა, თუ მსესხებელი გადააცილებდა ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შესრულებას, სესხის ხელშეკრულებით დადგენილ ვადას და უშედეგოდ იქნებოდა გაფრთხილებული ან/და მისი გადახდისუუნარობა იქნებოდა აშკარა, მისი იძულებითი გაფრთხილების გარეშეც, სოლიდარული თავდები კრედიტორისათვის უზრუნველყოფდა ძირითადი ვალის გადახდას ზღვრული თანხის ფარგლებში.
მოპასუხეს შპს "ე---------------+"-ის მიმართ ერიცხება სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 150 ლარის ოდენობით. ვინაიდან, გირავნობის საგნის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით შსს "მომსახურების სააგენტო"-ს მიერ 30.10.2017 წელს გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა (გირავნობის მოწმობის საფასური- 50 ლარი), რომლის საფუძველზე 30.10.2017 დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილი იძებნებოდა.
მიუხედავად მოსარჩელის არაერთი კანონიერი მოთხოვნისა, მოპასუხემ ვერ/არ უზრუნველყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით განსაზღვრული ფულადი ვალდებულებების შესრულება, კონკრეტულად კი, მის მიერ გადახდილია 8 თვის გადასახადი სრულად, რაც შეეხება მე-9 თვის გადასახადს 212 აშშ დოლარის ნაცვლად მის მიერ გადახდილია 34 აშშ დოლარი, რომელიც არასრულად გაიქვითა იმავე თვის სარგებელში 158 აშშ დოლარში და გადასახდელი დარჩა 124 აშშ დოლარი. მე-9 თვის დარჩენილი ნაწილი და მომდევნო თვეების გადასახადი მის მიერ ამ დრომდე გადახდილი არ არის. გირავნობის საგანი, ავტომობილი განადგურებულია. 2018 წლის 16 თებერვალს ხელშეკრულებით დადგენილი წესით, მოსარჩელემ მოპასუხეებს გაუგზავნა შეტყობინებები და გააფრთხილა, რომ ნებაყოფლობით დაეფარათ დავალიანება, ხოლო მიცემულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსარჩელე მიმართავდა სასამართლოს, აღნიშნული შეტყობინება ჩაბარდა მხოლოდ მსესხებელს პირადად, თუმცა მოპასუხეების მიერ ვალდებულება არ შესრულებულა.
სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოპასუხეებს შპს ,,ე--------------- +"-ს მიმართ სოლიდარულად ერიცხებათ შემდეგი დავალიანება: ა. სესხი - 3151 აშშ დოლარი; ბ. სარგებელი - 2017 წლის 25 იანვრის დარჩენილი 124 აშშ დოლარი, 25.02.17-ის და ყოველი მომდევნო თვის 25 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5%, რაც შეადგენს თვიურ 157.55 აშშ დოლარს. ვინაიდან 2017 წლის 25 თებერვლიდან წინამდებარე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გასულია სრული 13 თვე (25.02.2017 -25.02.2018) და 1 კალენდარული დღე (2018 წლის 25 თებერვლიდან), რიცხული სარგებელი შეადგენს 2177.4 აშშ დოლარს (25.01.17-ის დარჩენილი 124 აშშ დოლარს +157.55X13+ 1 დღის სარგებელი 5.25 აშშ დოლარი); გ. ჯარიმა - 30 აშშ დოლარი გადახდის ვადის 21-დან 30 კალენდარული დღით გადაცილებისთვის; დ. პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0.1%-ის ოდენობით (რაც შეადგენს 3.15 აშშ დოლარს). ვინაიდან 2017 წლის 26 იანვრიდან დღემდე გასულია 396 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 1247.4 აშშ დოლარი. (396X3.15). პირგასამტეხლო ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0.5%, მაგრამ მოსარჩელის ნებით შემცირებულია ხუთჯერ.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე გ------- ჩ-–---ემ არ ცნო და მიუთითა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება მოსარჩელის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ გირავნობის საგანი არის განადგურებული. საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში, როგორც მოპასუხისთვის ცნობილია გირავნობის საგანი უმნიშვნელოდ დაზიანდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად და იმყოფება შსს საჯარიმო სადგომზე, ამდენად მოსარჩელეს სრული უფლება ჰქონდა მოთხოვნის დაკმაყოფილება განეხორციელებინა გირავნობის საგნის რეალიზაციის გზით, რისთვისაც მის მიერ აღებული იქნა ავტომანქანაზე გირავნობის მოწმობა, თუმცა ამის მიუხედავად იგი თავს არიდებს გირავნობის საგანზე გადახდევინების მიქცევას, რაც არის მისი მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, ვინაიდან მოსარჩელეს, მიუხედავად იმისა, რომ უფლება ჰქონდა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა გირავნობის საგნის რეალიზაციის გზით, რაც ასევე ცნობილი იყო თავდებისათვის გ------- ჩ-–---ისათვის და რაც ერთ-ერთ საფუძვლად დაედო გ------- ჩ-–---ის მხრიდან თავდებობის ხელშეკრულების დადებას, მას ეს არ განუხორცილებია და ცდილობს მოთხოვნა დაიკმაყოფილოს თავდების მიმართ თანხის დაკისრებით, გირავნობის საგნის რეალიზაციაზე გვერდის ავლით. საქმეზე წარმოდგენილი საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ 2016 წლის 25 აპრილის ხელშეკრულების მე-6 მუხლით განსაზღვრულია მოგირავნის ინტერესების დაკმაყოფილების წესი, რომლის 1-3 პუნქტებით დადგენილია ვალდებულების დარღვევის გამო გირავნობის საგანზე გადახდევინების მიქცევის ნორმები, სადაც ცალსახადაა მითითებული რომ მოგირავნემ, მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უნდა განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია სხვადასხვა შესაძლო ფორმებით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელემ არ მოახდინა გირავნობის საგნით მოთხოვნის დაკმაყოფილება, მან დაარღვია, როგორც კანონი, ასევე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, რის გამოც მის მიერ დადგენილი და მოთხოვნილი დავალიანების თანხა, რაც თავისი მხრივ არის უკანონო და რაზედაც შემდგომ მოგახსენებთ, არის დაუზუსტებელი, უკანონო, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა არის ბუნდოვანი და დაუზუსტებელი, რაც წარმოადგენს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
გ------- ჩ-–---ის, როგორც თავდების პასუხისმგებლობა წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრულია 3800 აშშ დოლარით, ხოლო სასარჩელო მოთხოვნების მიხედვით მოსარჩელე ითხოვს მისთვის ძირითადი თანხის 3151 აშშ დოლარის, სარგებლის 2177.4 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 12 474 აშშ დოლარის, სულ 6576.8 აშშ დოლარის დაკისრებას, რაც არის უკანონო და დაუსაბუთებელი და მეორე რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სარგებლისა და პირგასამტეხლოს ერთდროულად მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, მოპასუხემ მიუთითა, რომ სკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია, ხოლო ამავე კოდექსის 419-ე მუხლით კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. ხსენებული ნორმების გაანალიზების შედეგად სკ-403 მუხლის დანაწესის მიხედვით, კრედიტორი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილებისას უფლებამოსილია მოითხოვოს მხარეთა შორის განსაზღვრული პროცენტი, ხოლო სხვა მოთხოვნის საფუძვლების არსებობისას რომელიც მეტია მხარეთა შორის შეთანხმებულ პროცენტზე, მაგალითისთვის, როგორიცაა მხარეთა შორის შეთანხმება ვალდებულების დარღვევის გამო მოვალისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის თაობაზე, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამ სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე პროცენტით გათვალისწინებულ თანხაზე მეტი თანხის დაკისრება მოვალისათვის, ანუ ხსენებული მუხლით განსაზღვრულია ალტერნატივა კრედიტორის მიერ თუ რომელი მოთხოვნა იქნება გამოყენებული მოვალის წინააღმდეგ, ასევე სკ-ის 419-ე მუხლის თანახმად ცალსახად დადგენილია, რომ კრედიტორს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუ მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას დადგენილ დროში, მაგალითისთვის, თუ მოვალემ არ გადაიხადა დადგენილი ყოველთვიური სარგებელი, კრედიტორს შეუძლია მოსთხოვოს მოვალეს სარგებელიც და სარგებელზე დარიცხული პირგასამტეხლო ერთდროულად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის შეწყვეტილია ხელშეკრულება, კრედიტორს არ შეუძლია გარდა ძირითადი თანხისა, მოითხოვოს მოვალისაგან ვალდებულების შესრულება, ანუ სარგებლის დარიცხვა და პირგასამტეხლო ერთდროულად. მოცემულ შემთხვევაში, ხაზგასასმელია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების გამო კრედიტორის უფლება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა კრედიტორს მიუხედავად იმისა, რომ მოვალემ გაცილებით მეტი დროით გადააცილა სარგებლის გადახდის ვადას, კრედიტორს არ მოუთხოვია ხელშეკრულებით განსაზღვრული ნორმით მისი შეწყვეტა, სწორედ იმის გამო, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ იგი ვეღარ მოითხოვდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 25 აპრილს შპს "ე--------------- +"-სა და ზ------ი შ----------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.
2016 წლის 25 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელემ მსესხებელს ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 3500 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 212 აშშ დოლარის ოდენობით ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად.
სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ზ------ გ-------–ის კუთვნილი ავტომობილი - შემდეგი საიდენტიფიკაციო მახასიათებლებით: მარკა, მოდელი - B---------, გამოშვების წელი - 2005, საიდენტიფიკაციო ნომერი - W---------------4.
ხელშეკრულების 4.5 მუხლის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენდა მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და გამსესხებელს უფლება ჰქონდა მოეთხოვა მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან.
ხელშეკრულების 3.4 მუხლის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში, ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ჯარიმასთან ერთად, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო, მსესხებლისთვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0.5%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდებოდა გამსესხებლის მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებამდე.
ხელშეკრულების მე-12 მუხლის თანახმად, მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება უნდა გადაწყვეტილიყო მხარეთა მოლაპარაკების გზით, ხოლო დავის ან/და უთანხმოების მოლაპარაკების გზით მოგვარების შეუძლებლობის შემთხვევაში, იგი უნდა განეხილა და გადაეწყვიტა საქართველოს სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 25 აპრილის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ (ს.ფ. 20-25);
- სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 26);
- #1------ სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 27);
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 28);
- დანართი #2 (ს.ფ. 29);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს;.ფ. 30-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2016 წლის 25 აპრილს, შპს ,,ე--------------- +“-ს და გ------- ჩ-–---ეს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გ------- ჩ-–---ე ზ------ი შარმანაზაშვილს დაუდგა თავდებად, 2016 წლის 25 აპრილს, შპს ,,ე--------------- +“-თან დადებული სესხის და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად.
თავდებობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით 11 400 აშშ დოლარით.
თავდებობის ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება უნდა გადაწყვეტილიყო მხარეთა მოლაპარაკების გზით, ხოლო დავის ან/და უთანხმოების მოლაპარაკების გზით მოგვარების შეუძლებლობის შემთხვევაში, იგი უნდა განეხილა და გადაეწყვიტა საქართველოს სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 32-33);
- 2016 წლის 25 აპრილის წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. ავტომობილი - შემდეგი საიდენტიფიკაციო მახასიათებლებით: მარკა, მოდელი - B---------, გამოშვების წელი - 2005, საიდენტიფიკაციო ნომერი - W---------------4 არსებული მდგომარეობით აღრიცხულია ს-------- დ-------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.10.2017 წლის გირავნობის მოწმობა N0----- (ს.ფ. 35);
3.1.4. მოპასუხეების ზ------ი შ----------–---–ის და გ------- ჩ-–---ის დავალიანება 2018 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით შეადგინს 6605.8 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3151 აშშ დოლარი, სარგებელი - 2177.4 აშშ დოლარი, ჯარიმა -30 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს 1247 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26/02/2018 წლის ცნობა (ს.ფ. 44);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები (მოპასუხე მხარის მიერ დავალიანების ციფრობრივი გაანგარიშება სადავო არ გამხდარა, მითითება მოხდა საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, გირავნობის საგნის რეალიზაციის აუცილებლობაზე, რაც გადასახდელი დავალიანების მოცულობას შეამცირებდა).
3.1.5. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ მსესხებლის მიერ ჯამში სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილია 1730 აშშ დოლარი; კერძოდ, სრულად არის გადახდილი გადახდის გრაფიკის შესაბამისად პირველი 8 თვის შენატანი (212 აშშ დოლარი*8 თვეზე + მე-9 თვის შესატანი ნაწილობრივ 34 აშშ დოლარი, რაც ჯამში შეადგენს 1730 აშშ დოლარს).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 25 აპრილის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ (ს.ფ. 20-25);
- სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 26);
- #1------ სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 27);
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 28);
- დანართი #2 (ს.ფ. 29);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს;.ფ. 30-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. სასამართლო დადგნილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი მისი დარღვევის შემთხვევაში 60%-ის ოდენობით, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას - აღნიშნულზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8-ე, 54-ე, 62-ე, 325-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე-895-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით შპს ''ე---------------ის'' და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.
დადგენილია რომ მხარეებს შპს ე---------------+"-სა და მოპასუხე ზ------ი შ----------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს "ე---------------ი+" უფლებამოსილია მოითხოვოს სესხისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული სესხის ძირითადი თანხის - 2341.14 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებლის 610.22 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 200 აშშ დოლარის გადახდა (მითითებული თანხის ოდენობის თაობაზე იხ. გადაწყვეტილების 6.3 პუნქტი).
სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხე მხარის მითითება სარჩელის უსაფუძვლობასთან მიმართებით იმ დასაბუთებით, რომ არ არის მოთხოვნა დაყენებული გირავნობით დატვირთული ავტომობილის რეალიზაციასთან დაკავშირებით. გირავნობა კრედიტორის მიმართ არსებული ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. წარმოდგენილ შემთხვევაში ავტომაქანის რეალიზაციის მოთხოვნის არ არსებობა ვერ შეზღუდავს კრედიტორის უფლებას მოითხოვოს მოვალისაგან ფულადი ვალდებულების შესრულება. გირავნობის უფლება წარმოადგენს კრედიტორისათვის ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში რისკის მინიმალიზაციის და არა მის ბოჭვის საშუალებას.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 25 აპრილს, შპს ,,ე--------------- +“-ს და გ------- ჩ-–---ეს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გ------- ჩ-–---ე ზ------ი შ----------–---–ს დაუდგა თავდებად, 2016 წლის 25 აპრილს, შპს ,,ე--------------- +“-თან დადებული სესხის და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად.
თავდებობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით 11 400 აშშ დოლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებ პირს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2016 წლის 25 აპრილის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
6.3. მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი მისი დარღვევის შემთხვევაში 60%-ის ოდენობით, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2016 წლის 25 აპრილის სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით ყოველთვიურად 5%-ს დარიცხვის ნაწილში. როგორც აღინიშნა სარგებლის სახით მხარეთა მიერ განსაზღვრულია ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის - 5%, რაც წლიური საპროცენტო განაკვეთით მისი დარღვევის შემთხვევაში 60%-ს შეადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულის საფუძველი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.
სასამართლოს მოსაზრებით გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 5%. მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებელი ზ------ი შ----------–---–ი დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც შპს ,,ე--------------- +'' მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: ''თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე''. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 60%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 25 აპრილის ხელშეკრულების დებულება (მე-3-ე პუნქტი), რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ, საქმე N663-629-2015, 28.07.2015 წელი).
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს შპს ''ე--------------- +''-ის წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად, სრულად და ერიცხება დავალიანება.
დადგენილია, რომ ზ------ი შ----------–---–ის და გ------- ჩ-–---ის მიერ არ მომხდარა ვალდებულების შესრულება. საქმის გარემოებების შესაბამისად, მოპასუხე ზ------ი შ----------–---–ის სასარგებლოდ დაგირავებული ავტომობილი იძებნებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ არ ყოფილა გირავნობის საგნის რეალიზაცია და თანხის გაქვითვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებს შორის ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთად სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 24%. აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს უკვე გადახდილი საპროცენტო სარგებლის შემცირება და გადახდილი თანხის ძირითად ვალდებულების ანგარიშში ჩათვლა. კერძოდ, დადგენილია რომ მოპასუხე მხარის მიერ გადახდილია ჯამში პირველი 8 თვის განმავლობაში 1696 აშშ დოლარი და მეცხრე თვის შესატანი ნაწილობრივ 34 აშშ დოლარის ოდენობით, ჯამში 1730 აშშ დოლარი; 8 თვის საპროცენტო სარგებელი 24% წლიური გაანგარიშებით შეადგენს 533.14 აშშ დოლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხის მიერ გადახდილი 1730 აშშ დოლარიდან 809.86 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითად თანხაში გადახდილად, ხოლო 533.14 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებლის ანგარიშში. შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხის მოცულობა უნდა განისაზღვროს 2341.14 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, ვინაიდან წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი დავალიანების პერიოდი არის 2018 წლის თებერვლის თვის ჩათვლით. აღნიშნულის გათვალისწინებით დარჩენილი ძირითადი თანხის (2341.14 აშშ დოლარი) წლიური 24%-ის გაანგარიშებით მითითებულ პერიოდზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის მოცულობა შეადგენს 610.22 აშშ დოლარს (13 თვე*46.82 აშშ დოლარი).
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი 1247.4 აშშ დოლარის ნაწილში პირგასამტეხლოს განაკვეთის ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს 2016 წლის 25 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 200 აშშ დოლარის გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე მხარეს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3151.36 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2341.14 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 610.22 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 200 აშშ დოლარი.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 25 აპრილის სესხის და გირავნობის ხელშეკრულების მე-12 პუნქტის და 2016 წლის 25 აპრილის თავდებობის ხელშეკრულების მე-8 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის მოხდა პირდაპირი წერილობითი შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულის ნორმის შესაბამისად, მოპასუხეებს შპს ,,ე--------------- +“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო 235.36 ლარის ანაზღაურება.
სასამართლო მოსარჩელე მხარის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება მოპასუხე მხარისთვის გირავნობის მოწმობის აღებისათვის გადახდილი 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის დაკისრებას, განმარტავს, რომ მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, შპს ,,ე--------------- +“-ს მოთხოვნები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ,,ე---------------+“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ზ------ შ----------–---–ს და გ------- ჩ-–---ეს შპს ,,ე---------------+“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3151.36 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2341.14 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 610.22 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 200 აშშ დოლარი.
3. შპს ,,ე---------------+“-ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მხარისათვის სესხის ძირითადი თანხის სახით 809.86 აშშ დოლარის, სარგებლის სახით 1567.18 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს სახით 1077.4 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. შპს ,,ე---------------+“-ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მხარისათვის გირავნობის მოწმობის აღებისათვის გადახდილი 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
5. ზ------ შ----------–---–ს და გ------- ჩ-–---ეს შპს ,,ე---------------+“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 235.36 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე