გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010310017001965177
№3-474/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–--------------“
წარმომადგენელი - ნო----- პა----ე, დ----- ბე------–ი, თ----- მი---–--ე, ა------- ხა----–ვილი, მ---- აღ---–---–-
მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ვა------ გე------ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი:
1.1. სასარჩელო მოთხოვნა:
ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–-------------მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
1) ბათილად იქნას ცნობილი:
ა) „სპეციალური (ზონალურ) შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მ----ს 20-7 წლის 4 მაისის №მ---- ბრძანება;
ბ) „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მ----ს 20-7 წლის 5 მაისის №მ---- ბრძანება;
2) დაევალოს მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას:
მოსარჩელის 20-7 წლის 8 თებერვლის №3----- განცხადებაზე აღმჭურველი აქტების გამოცემა, კერძოდ კი, მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საკულტო ნაგებობის-მეჩეთის მშენებლობის მიზნით:
-სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემა;
-მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა;
2) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მ----ის მხრიდან მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოფხვრა, ამ მიზნით:
ა) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მ----ის მიერ განხორციელებული პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენა;
ბ) დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება;
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–-------------ს“ გასაჩივრებული აქტებით უარი ეთქვა მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებაზე, რის შედეგად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეიზღუდა მოსარჩელის საკუთრების, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის უფლება. შესაბამისად, სადავო აქტებით მოსარჩელეს ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ორივე სადავო აქტი წარმოადგენს ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–--------------ს“ საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფესიური დანიშნულებით სამშენებლოდ განვითარებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას. კერძოდ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 20-7 წლის 5 მაისის №მ---- ბრძანებით მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე, ხოლო მითითებული გადაწყვეტილება არსებითად ეყრდნობა მეორე სადავო აქტს, სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მ----ს 20-7 წლის 4 მაისის №მ---- ბრძანებას. მოპასუხე მხარე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაში უარის თქმის დასაბუთებად უთითებს ისეთ რამეს, რომელიც თავის მხრივ, საერთოდ არ არის მოცემული, 20-7 წლის 4 მაისის №მ---- ბრძანებაში.
მოპასუხე მხარე სადავო გადაწყვეტილების თანახმად, საპროექტო მიწის ნაკვეთზე სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარს არსებითად მხოლოდ ორი პირობით ასაბუთებს.
1. სამშენებლო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საცხოვრებელ ზონა 6 (სზ-6), რომელიც არის მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული კვარტლის მყარად ჩამოყალიბებული განაშენიანება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის კუთხით არ უნდა შეიცვალოს და მისი სამომავლოდ განვითარება უნდა გაგრძელდეს ამ ზონაში არსებული დომინირებული სახეობის - საცხოვრებელი სახლების მშენებლობით.
2. საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა გადაადგილების, ავტოტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერების და სხვა თვალსაზრისით.
მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ ქ. ბათუმის საკრებულოს 20-2 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის წარდგინების საფუძველზე იღებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სახით.
ამავე დადგენილების მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კომისია არის საკონსულტაციო ორგანო და მისი გადაწყვეტილება სარეკომენდაციო შინაარსისაა. კომისიის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას და მისი მომზადებისა და გამოცემის მიმართ არ გამოიყენება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის დადგენილი მოთხოვნები.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი სადავო აქტში, უარის საფუძვლად არსებითად სწორედ კომისიის წარდგინებას მიიჩნევს და შესაბამისი მოკვლევისა და დასაბუთების გარეშე უარს აცხადებს, სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის თაობაზე.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ბათუმის მერიის მიერ სპეციალური (ზონალური) შეთანხების გაცემა წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის დისკრეციას, რომელიც მოითხოვს კონკრეტული პირობების არსებობის შესწავლის ვალდებულებასაც, რაც მითითებულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ განხორციელებულა. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრებოდა ვალდებულება, კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გაეთვალისწინებინა მოქალაქეთა ძირითადი უფლებებით დაცული ინტერესები. დისკრეციული უფლებამოსილების პირობები ქ. ბათუმის მერს პირდაპირ ავალდებულებდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე საფუძვლიანად და ობიექტურად ემსჯელა იმ გარემოებებზე, რომლებიც ზონალური შეთანხმების გასაცემად იყო საჭირო და გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა განხორციელებულიყო მოპასუხე მხარის თვითნებური, დისკრიმინაციული ჩარევა მუსლიმი თემის უფლებებში.
მოსარჩელე მხარის პოზიციის თანახმად, ქალაქთმშენებლობა ითვალისწინებს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეთანხმების ვალდებულებას და დასაშვებად მიიჩნევა ფიზიკურ და იურიდულ პირთა ინტერესების (უფლებების) შეზღუდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს.
მოსარჩელე მიიჩნევს, სადავო აქტებში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი მეჩეთის არსებობის პირობებში, მუსლიმი თემისთვის არასაკმარისია სალოცავი სივრცე, რის გამოც მუსლიმი მრევლის წარმომადგენლები წლების განმავლობაში იძულებული არიან ღია ცის ქვეშ ილოცონ და ხელი ეშლებათ რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილ სარგებლობაში.
მოსარჩელის კერძო ინტერესს წარმოადგენდა არა მხოლოდ კერძო საკუთრების უფლების, არამედ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული რელიგიის თავისუფლების რეალიზებაც, რაც საკუთარ თავში მოიაზრებს საშუალებას, მორწმუნეებმა კერძოდ თუ საჯაროდ მოახდინონ შეკრება და რელიგიური რიტუალის აღსრულება, ჯეროვან და სათანადო სივრცეში აღავლინონ ლოცვა.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ქ. ბათუმის მერმა გადაწყვეტილების გამოიტანისას უგულებელყო რეალური ფაქტობრივი გარემოებები და განმცხადებლის ინტერესი, რაც ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საჭიროებას უკავშირდებოდა და შესაბამისად, ადგილი აქვს შეცდომას დისკრეციულ უფლებამოსილებაში, მოპასუხე მხარემ დისკრიმინაციულად მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არსებითად ლახავს მოსარჩელის უფლებებს.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე მითითებულ მეორე არგუმენტს, რომლის თანახმად საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა, გადაადგილების ავტოტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერების და სხვა თვალსაზრისით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობა საპროექტო მიწის ნაკვეთთან მიმართებით ადგენს მხოლოდ მინიმალურ სტანდარტს მისასვლელთან დაკავშირებით, რისი არსებობაც მითითებულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ სადავო არ გამხდარა. სხვა საკანონმდებლო დათქმა საპროექტო მიწის ნაკვეთის ინფრასტრუქტურულ პირობებთან დაკავშირებით კი, არ არსებობს.
მოსარჩელე მხარის პოზიციის თანახმად, სადავო აქტებით, ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–-------------ს“ შეეზღუდა უფლება, აეშენებინა საკულტო ნაგებობა, რითაც, განხორციელდა ჩარევა რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში. მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა განსხვავებულ მოპყრობას, რამდენადაც მოსარჩელე არის დაცული ნიშნის, რელიგიის მატარებელი პირი, ხოლო კომპარატორად გამოყენებული უნდა იქნას, იგივე მახასიათებლების მქონე პირი, რომელიც წარმოადგენს დაცული ნიშნის მქონე დომინანტ ჯგუფს, ასეთად კი მითითებულ შემთხვევაში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია შეიძლება ჩაითვალოს.
მოსარჩელეს მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ სადავო აქტები ფორმალურად ასაბუთებს უარს და არგუმენტაციად მიწის ნაკვეთის ზონალურ სტატუსს იყენებს, აღნიშნული არ გამორიცხავს დისკრიმინაციის არსებობას. აღსანიშნავია, რომ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე, მხოლოდ საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარე რაიონში 7 მართლმადიდებლური საკულტო ნაგებობაა განთავსებული, საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ შემდგარ კვარტლებში. ამასთან, ამ 7 საკულტო ნაგებობებიდან 3 მათგანი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. მათი მშენებლობის თაობაზე არ არსებობს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეთანხმებული არანაირი პროექტი, ან ნებართვა, ხოლო მოპასუხეს არ მიუღია რაიმე ზომები, უკანონო მშენებლობების შესახებ.
მოსარჩელე მხარე დისკრიმინაციის ინსტიტუციური ბუნების და სტანდარტების შესახებ მიუთითებს ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, კერძოდ, საქმეზე „ივანოვა ბულგარეთის წინააღმდეგ“ (IVANOVA v. BULGARIA) განაცხადი no. 52435/99, 12 აპრილი 2007, § § 83 – 86 და საქმეზე, „იოკსასი ლიტვის წინააღმდეგ“ (JOKŠAS v. LITHUANIA) განაცხადი no. 25330/07, 12 ნოემბერი 20-3, § 72), რომლებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, დისკრიმინაცია გულისხმობს მოვლენების, ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობაში შეფასებას, რის შედეგადაც, სასამართლო სწორედ ყველა გარემოების შეჯერების შედეგად მიდის საბოლოო დასკვნამდე, ამასთან, გასათვალისწინებელია განსახილველ საქმესთან დაკავშირებული ფართო კონტექსტიც.
მოსარჩელე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ადგილობრივი თვითმმართველობა თავის ქონებას გადასცემს იმავე ზონაში, საკულტო ნაგებობების მშენებლობისა და რელიგიის თავისუფლებით სარგებლობისთვის, ხოლო მუსლიმ თემს, რომელიც მრევლის შემოწირულობების საფუძველზე შეძენილ მიწის ნაკვეთზე ითხოვს საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვას, უარს ეუბნება თავის საკუთრებაზე მშენებლობის წარმოებაზე, ქალაქგანვითარებითი ინტერესების გამოყენებით.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი არათანაბრად ეპყრობა ორ რელიგიურ გაერთიანებას, რადგან, ერთი მხრივ, მერია საკუთარ რესურსებს (მიწის ნაკვეთებს) უთმობს ერთ რელიგიურ გაერთიანებას საკულტო ნაგებობის ასაშენებლად, ხოლო მეორე შემთხვევაში, საერთოდ უარს ეუბნება რელიგიურ უმცირესობას მშენებლობის ნებართვის მინიჭებაზე, თანაც, რელიგიური გაერთიანების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე.
მოსარჩელე მხარე განსხვავებულ მოპყრობასთან დაკავშირებით მიუთითებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზე, საქმეზე Inze v. Austria, judgment of 28 October 1987, Series A no. 126, § 41, გვ. 14) და საქმეზე Kiyutin v. Russia (no. 2700/10, ECHR 20-1), § 62, გვ 18; ასევე Stec and Others v. the United Kingdom [GC], nos. 65731/0- and 65900/0-, §§ 51-52, ECHR 2006-VI) რომლის თანახმად, განსხვავებული მოპყრობის დასაბუთება უნდა იყოს ობიექტური და გონივრული, სხვა სიტყვებით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაზომიერება, გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის.
მოსარჩელე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ მეჩეთის აშენების საჭიროება ბათუმში ოთხმოცდაათიანი წლებიდან დგას. მუსლიმი მრევლისთვის მეჩეთის აგების დაპირება პოლიტიკური ძალებისგანაც არაერთხელ გაისმა. მაგალითად, 20-3 წლის 5 ოქტომბერს „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა განცხადა, რომ მეჩეთის მშენებლობას პირადად დააფინანსებდა.
ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას მუსლიმ თემს საჯაროდ აჭარის მთავრობაც დაჰპირდა. 20-3 წლის 8 ოქტომბერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ აჭარაში მუსლიმი მორწმუნეებისთვის მეჩეთი აშენდებოდა, თუმცა ტერიტორია ჯერ შერჩეული არ იყო.
მიუხედავად საჯარო დაპირებებისა, სახელმწიფომ ფაქტობრივად უარი განაცხადა ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე და სანაცვლოდ, 20-5 წელს „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ სარგებლობის უფლებით გადასცა მოქმედი მეჩეთი.
მუსლიმმა თემმა 20-6 წლის თებერვალში 12 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა ახალი მეჩეთისათვის მიწის გამოყოფის მოთხოვნით. ხელმოწერები „ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა“ აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიასა და საქართველოს მთავრობას წარუდგინა, თუმცა ამ ქმედებას რეაგირება არ მოყოლია.
ამის გათვალისწინებით, 20-6 წლის 16 ივნისს დაარსდა „ბ------–------–------------–-----–--------------“, რომელმაც მიზნად დაისახა მეჩეთის აშენებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
საბოლოო ჯამში, არც ხელმოწერების შეგროვებისა და არც მშვიდობიანი აქციების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებს კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ. აქედან გამომდინარე, „ბ------–------–------------–-----–-------------მა“ 20-6 წლის 7 სექტემბერს საკუთარი რესურსებითა და ადგილობრივი მორწმუნეების შემოწირულობებით მიწის ნაკვეთი შეისყიდა, რომელზე მშენებლობის ნებართვასაც ამჟამად ითხოვს.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მისთვის მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაუცემლობას, არ შეიძლებოდა ჰქონოდა კანონიერი მიზანი. უფლების შეზღუდვის დროს, რელიგიურ გაერთიანებათა დიფერენციაცია, როცა ერთ-ერთ გაერთიანებას უფლება ეზღუდება, ხოლო კომპარატორს - არა, შეუძლებელია გამართლდეს რაიმე კანონიერი მიზნით. შესაბამისად, საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაუცემლობას არ გააჩნია კანონიერი მიზანი, ხოლო მათი დიფერენციაცია გაუმართლებელია.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიდგომის თანახმად, განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, თუ ასეთ მოპყრობას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება, ანუ როდესაც განსხვავებული მოპყრობა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, ან თუკი არ არის გონივრული თანაზომიერება გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის.
მოსარჩელე საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად მიიჩნევს, რომ ბათუმში მუსლიმები ყოველდღიურად არაერთ წინააღმდეგობას აწყდებიან, თუმცა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ისინი ლოცვისთვის საკმარისი სივრცის არარსებობას ასახელებენ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ბათუმში არსებული ერთადერთი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს და რამდენიმე ასეული მუსლიმი ლოცვას ქუჩაში, სიცხესა თუ სიცივეში, ღია ცისქვეშ აღავლენს. რელიგიური წეს-ჩვეულება მუსლიმებს ლოცვის წინ რიტუალურ განბანას ავალდებულებს, ამასთან, ლოცვა უნდა ტარდებოდეს სუფთა და მყუდრო გარემოში, ქუჩაში ლოცვის გამო კი მუსლიმები ამ სავალდებულო რიტუალს ვერ ასრულებენ. 20-2-დან 20-6 წლის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ რელიგიური ნიშნით ძალადობისა და უფლებების დარღვევის 8 მასშტაბური შემთხვევა (ნიგვზიანი, წინწყარო, ციხისძირი, სამთაწყარო, ჭელა, მოხე, ქობულეთი, ადიგენი) გამოვლინდა, რომელთა უმრავლესობა განგრძობადი ხასიათის იყო. სახელმწიფოს არცერთ შემთხვევაში სათანადოდ რეაგირება არ მოუხდენია, რამაც ძალადობის მასშტაბი დინამიურად გაზარდა და ხელი შეუწყო საზოგადოებაში შეუწყნარებლობის კულტივირებას.
მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ მუსლიმების წინააღმდეგ მართლმადიდებელი ქრისტიანების და/ან ხელისუფლების დაპირისპირების მიზეზი, ძირითადად, ლოცვა, საკულტო ნაგებობის, რელიგიური სასწავლებლის ფუნქციონირება თუ სხვა ფორმით რელიგიური იდენტობის საჯარო სივრცეში გამოხატვა იყო. მუსლიმებისთვის საჯარო სივრცეში რელიგიური რიტუალის აღსრულების მოწინააღმდეგეების არგუმენტი იყო ის, რომ მუსლიმებს შეეძლოთ ელოცათ პრივატულად, საკუთარ სახლებში, მაგრამ საჯარო სივრცის დაკავებას ისინი ვერ შეძლებდნენ. გასათვალისწინებელი ფაქტორია ის, რომ ხშირ შემთხვევაში კონფლიქტის წარმოშობა მუსლიმების მიერ კონსტიტუციით მინიჭებეული რელიგიის თავისუფლების რეალიზებას სდევდა თან, მაგალითად ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში.
მოსარჩელე მიუთითებს, სასამართლომ სწორად, ობიექტურად და სრული მასშტაბით უნდა გაანალიზოს ის ფაქტი რომ საჯარო სივრცე მთლიანად მონოპოლიზებული და ათვისებული აქვს საქართველოს საპატრიარქოს, ხოლო სხვა რელიგიური გაერთიანებები ხშირად ამ სივრცის მიღმა რჩებიან. ყოველი ინდივიდუალური მცდელობა, მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა მოახდინონ რელიგიის თავისუფლების უფლებით მინიჭებული ლოცვის და სხვა რელიგიური რიტუალების აღსრულება, ხელოვნურ, დაუსაბუთებელ და უკანონო წინააღმდეგობებს აწყდება.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელე მხარის მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ 20-7 წლის 8 თებერვალს №3----- განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთები მდებარეობს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 20-2 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ მოქმედებს. შესაბამისად, აღნიშნული განაცხდი უნდა გადაწყვეტილიყო №50 დადგენილებით დადგენილი წესების შესაბამისად.
სადავო არაა, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთები მდებარეობს საცხოვრებელ ზონა-6-ში (სზ-6). იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი ობიექტის, საკულტო ნაგებობის - მეჩეთის მშენებლობა წარმოადგენს საეკლესიო ობიექტს, მისი მშენებლობა საჭიროებდა, სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას.
ბათუმის მუნიციპალიტეტში, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის 20-7 წლის 1-ლი მაისის ოქმით, განხილულ იქნა მოსარჩელე მხარის 20-7 წლის 8 თებერვალს №3----- განცხადება და დაგეგმილ მშენებლობაზე გაიცა, უარყოფითი რეკომენდაცია.
საკრებულოს №50 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება შესაძლებელია, თუ: ა) ამას მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე, ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ) ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით; გ) ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები.
მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის წარდგინების საფუძველზე იღებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, არ გაიზიაროს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის წარდგინება.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი მშენებლობა არ აკმაყოფილებდა №50 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, ამასთან, დასახლებათა ტერიტორების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის მიერ გაცემულ იქნა უარყოფითი დასკვნა, ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და 20-7 წლის 4 მაისის №მ---- ბრძანებით მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე. აღნიშნული კი, მოპასუხე მხარის პოზიციის მიხედვით, თავის მხრივ, უპირობო საფუძველი იყო იმისა, რომ მ----ას არ მოეხდინა მოსარჩელის განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის, სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, რის გამოც, 20-7 წლის 5 მაისის №მ---- ბრძანებით უარი ეთქვა მოსარჩელეს, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე.
მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მ----ის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს, რითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა, კანონის ნორმის მიზნების და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით მიიღოს კონკრეტულ შემთხვევაში სათანადო გადაწყვეტილება. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა, მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გააზრებულ იქნას, თუ რა მიზნით აქვს მინიჭებული ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება.
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის 20-7 წლის 1-ლი მაისის ოქმით ირკვევა, რომ კომისიის წევრები გასულები იყვნენ სამშენებლო ტერიტორიაზე, იქ ადგილზე იქნა დათვალიერებული და შესწავლილი აღნიშნული ტერიტორია, მისი განაშენიანება და დადგინდა, რომ სამშენებლო ტერიტორია განაშენიანებულია საცხოვრებელი სახლებით, უფრო მეტია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. თავად კვარტლის ამ ნაწილის განვითარება გათვლილია, სწორედ, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის კუთხით და ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაგეგმარდა ამ მიმართულებით. ამ თვალსაზრისით კომისიას მიმაჩნია, რომ დარჩენილი ტერიტორიის შემდგომი განვითარება არ უნდა შეიცვალოს და დომინირებულ სახეობად, საცხოვრებელი სახლები უნდა დარჩეს უცვლელი, ამ კვარტალთან მიმართებაში.
ასევე, ქალაქ ბათუმის ტერიტორიის სტრატეგიული დაგეგმარების თვალსაზრისით ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის წინასაპროექტო კვლევის მომზადება. აღნიშნული გეგმის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა ზონებისათვის შეიძლება დადგინდეს განსხვავებული, ან მკვეთრად განსაზღვრული განაშენიანება, ურბანული განვითარების მიმართულებები და ამ ეტაპზე კვარტლის ამ ნაწილში განსხვავებული განაშენიანების დადგენა, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.
კომისიის მიერ სამშენებლო მიწის ნაკვეთი ასევე გადამოწმდა საავტომობილო გზის კუთხითაც და დადგინდა, რომ მას კვეთს შიდასაავტომობილო გზა. მართალია მიწის ნაწილის გადაკვეთა ხდება საპროექტო ობიექტის ნაწილზე, თუმცა კვარტლის ამ მონაკვეთში მზარდი ტემპით საცხოვრებელი სახლების მშენებლობამ შეიძლება მოითხოვოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საავტომობილო გზის პროექტის კორექტირება, რამაც შეიძლება გადაკვეთოს საპროექტო მიწის ნაკვეთის უფრო დიდი ნაწილი. ასევე აღიშნიშნა, რომ საკულტო ნაგებობა არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და მას განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა სჭირდება, რათა უზრუნველყოფილი იქნას იქ მიმსვლელი მოსახლეობის დაკმაყოფილება, როგორც გადაადგილების, ავტომანქანების გაჩერების, ასევე, სხვა სახის უნფრასტრუქტურის კუთხით, რასაც ნაგებობის განთავსების შემთხვევაში მოსარჩელის ნაკვეთი ვეღარ უზრუნველყოფს.
სწორედ, ზემოაღნიშნული გარემოებები იქნა გათვალისწინებული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, 20-7 წლის 4 მაისის №მ---- ბრძანებით გამოვიდა უარყოფითი გადაწყვეტილება.
მოპასუხე მხარე ამასთან ერთად აღნიშნავს, მერიის მიერ სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების დადგენას მოსარჩელე მოითხოვს იმ მიზნით, რომ მისი შედეგების აღმოსაფხვრელად ბათილად იქნას ცნობილი ქ. ბათუმის მერის 20-7 წლის 4 მაისის №მ---- და 20-7 წლის 5 მაისის №მ---- ბრძანებები, რასაც იგი მოითხოვს, პირველი სასარჩელო მოთხოვნითაც. შინაარსობრივად, აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს აღიარებით სარჩელს, სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის (პოზიტიური აღიარებითი სარჩელი) დადგენის შესახებ, ვინაიდან, ზოგადი სახის აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობაა უკვე არსებული სამართლებრივი ურთიერთობა.
ზოგადი პრინციპის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შესაძლებელია აღიძრას მაშინ, როცა სხვაგვარი სარჩელის აღძვრა შესაძლებელი არ არის (სასკ-ის 25-ე II მუხლი), ან შეუძლებელია უფლების - კანონიერი ინტერესის დაცვა სხვაგვარად. მოცემულ შემთვევაში კი, მოსარჩელე მხარე პირველი სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს ბათუმის მერის 20-7 წლის 4 მაისის №მ---- და 20-7 წლის 5 მაისის №მ---- ბრძანებების ბათილად ცნობას და მიუთითებს ამის სამართლებრივ საფუძვლებზე. შესაბამისად, მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელე მხარეს გააჩნია უფლება და შესაძლებლობა, იმ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს მიაჩნია, ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია კანონიერი ინტერესი, სხვა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში დამატებით მოხდეს სასამართლოს მიერ ამის აღიარება, რაც უპირობოდ გამორიცხავს აღიარებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას, სამართალურთიერთობის დადგენის თაობაზე.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 2016 წლის 16 ივნისიდან რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბ------–------–------------–-----–--------------“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 4--------.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–--------------ს“ საკუთრებაში ირიცხება ქ. ბათუმში, გ-------–----–------–-----------------ში მდებარე, 1201,00 კვ.მ. მიწის ნაკვთი (საკადასტრო კოდი: 0--3--0-.3--.) და გ-------–----–------–-----------------ში მდებარე, 1,250.00 კვ.მ. მიწის ნაკვთი (საკადასტრო კოდი: 0--3--0-.----).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 16.06.2016 წ;
- საჯარო რეესტრის 2016 წლის 7 სექტემბრის ამონაწერი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–-------------მა“ 2017 წლის 8 თებერვალს №3----- განცხადებით მომართა ქ. ბათუმის მ----ას და მოითხოვა ქ. ბ------–--------------–------------- და 4----ში მდებარე 1,201.00 და 1,250.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე საკულტო ნაგებობის - მეჩეთის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–--------------ს“ 2017 წლის 8 თებერვლის №3----- განცხადება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის მიერ განხილულ იქნა მოსარჩელე მხარის 2017 წლის 8 თებერვლის №3----- განცხადება და 2017 წლის 1-ლი მაისის ოქმით, ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–--------------ს“ დაგეგმილ მშენებლობაზე გაიცა, უარყოფითი რეკომენდაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის 2017 წლის 1-ლი მაისის ოქმი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მუნიციპალიტეტის მ----ს 2017 წლის 4 მაისის №მ---- ბრძანებით ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–--------------ს“ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მას უარი ეთქვა სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე, რადგანაც მეჩეთის მშენებლობა კონკრეტული ფუნქციური ზონისათვის დასაშვებად არ იქნა მიჩნეული.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 მაისის №მ---- ბრძანებით მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე, ორი საფუძვლით:
ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 6-ში (სზ-6), რომელიც წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებული სახეობაა, საცხოვრებელი სახლები. საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული კვარტალის მყარად ჩამოყალიბებული განაშენიანება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის კუთხით არ უნდა შეიცვალოს და მისი სამომავლოდ განვითარება უნდა გაგრძელდეს იმ ზონაში არსებული დომინირებული სახეობის - საცხოვრებელი სახლების მშენებლობით
ბ) საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა, გადაადგილების ავტოტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერების და სხვა თვალსაზრისით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 მაისის №მ---- ბრძანება;
- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 მაისის №მ---- ბრძანება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–--------------ს“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;
- საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“;
- ევროპული კონვენციის მე-12 ოქმი;
- „ლიცენზიებისა და ნებართვები შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილება;
- „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილება;
- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის №14 სექტემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, „1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით“.
ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავისი სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან.
ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთხელ გაუსვა ხაზი სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობას. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
6.2. განსახილველი დავის საგანს და სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კანონიერების შემოწმების თვალსაზრისით, მათი ბათილად ცნობა და მოპასუხის მხრიდან, მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა, ასევე, მისი შედეგების აღმოფხვრა, მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულებით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლით დადგენილ რეგულაციაზე, რომლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
სასამართლო განმარტავს, რომ დისკრიმინაციის განუხორციელებლობის ტვირთი მთლიანად მოპასუხეს ეკისრება, თუმცა აღნიშნულით არ იგულისხმება, რომ მოსარჩელე უნდა ჩამოშორდეს მტკიცების პროცესს.
დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლის მიერ დისკრიმინაციული მოპყრობის დასადასტურებლად, მოსარჩელემ უნდა წარადგინოს ფაქტები, პრეზუმფციული ვარაუდის შექმნისათვის, რომელიც ადასტურებს, რომ იგი ექცევა (ან აღქმულია) დაცული ნიშნის ქვეშ, და მის მიმართ განხორციელდა არახელსაყრელი მოპყრობა, ხოლო ამ ფაქტების გაქარწყლების ან/და დიფერენციაციის ობიექტური და გონივრული გამართლების მითითების ვალდებულება და მტკიცების ტვირთი, მოპასუხე მხარეს გააჩნია.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვები შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ქ“ პუნქტის (სადავო აქტებისგამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, „მშენებლობის ნებართვა წარმოადგენს განსხვავებული იერარქიულ ნებართვას, რომელიც ნებართვის მაძიებელთა ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად:
I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა;
II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება;
III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულ სტადიებზე ვრცელდება ამ კანონით ნებართვის გაცემისათვის განსაზღვრული წესები და პრინციპები. (ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე განიხილება, როგორც არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, ხოლო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი შეიძლება განხილული იქნეს, როგორც არქიტექტურული პროექტი);
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სწორედ მშენებლობის ნებართვის I სტადიის გაცემაზე, ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენაზე (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) ეთქვა უარი.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების მე-3 მუხლის 36-ე პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები წარმოადგენს პირობებს, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე. ამ პირობათა საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები;
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების წესს განსაზღვრავს, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ IX თავი, რომლის 43-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთი ხვდება ტერიტორიების სივრცითი მოწყობის ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოქმედების არეალში, მაშინ განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ უნდა დაეყრდნოს ასეთი სივრცითი მოწყობის ან/და ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებს.
ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთი არ ხვდება დასახლებათა ტერიტორიების მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტების საზღვრებში, მაშინ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტი უნდა დაეყრდნოს ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების მოთხოვნებს.
6.4. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საგანს, პრინციპებს, პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და დაგეგმვის დოკუმენტების ფორმებს სადავო აქტების მიღების დროს განსაზღვრავდა საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ (ძალადაკარგულია 20-9 წლის 3 ივნისიდან საქართველოს 07/20/2018 №3213 კანონით), რომლის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიებზე უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესებს. ხოლო, ამავე კანონის 26-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად კი, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებისა და წესების მიზანია, მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების გამოყენებისა და განაშენიანების პირობების დადგენა. მიწის ნაკვეთების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების მიზნით დაგეგმვაზე უფლებამოსილი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყება შეიმუშავებს და ამტკიცებს „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითად დებულებებს“ (შემდგომში – „განაშენიანების ძირითადი დებულებები“).
26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული „განაშენიანების ძირითადი დებულებების“ საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები შეიმუშავებენ და ამტკიცებენ „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს“ (შემდგომ – „განაშენიანების რეგულირების წესები“) დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებასთან შეთანხმებით.
ზემოაღნიშნულის ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები და წესები ადგენს მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების გამოყენებისა და განაშენიანების პირობებს, საიდანაც ძირითადი დებულებების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყება, ხოლო წესის დამდგენი უფლებამოსილი ორგანო კი არის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები დადგენილია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანებით, ხოლო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგულირების წესი განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით“.
6.5. სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის სამართლებრივ შეფასებას შემდეგზე: იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული მიწის ნაკვეთი ხვდება ტერიტორიების სივრცითი მოწყობის ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოქმედების არეალში, მაშინ განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ უნდა დაეყრდნოს, ასეთი სივრცითი მოწყობის ან/და ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებს, ანუ კონკრეტული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემუშავებულ და დამტკიცებულ წესს, რასაც ეთანხმება მოსარჩელე მხარეც.
ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–-------------მა“ 2017 წლის 8 თებერვალს №3----- განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიას და მოითხოვა ქ. ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქ. №4--- და 4----ში მდებარე, 1,201.00 და 1,250.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე საკულტო ნაგებობის - მეჩეთის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე 2017 წლის 8 თებერვალს №3----- განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთები მდებარეობს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მოქმედებს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“, კერძოდ, საცხოვრებელ ზონა-6-ში (სზ-6). შესაბამისად, ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–--------------ს“ განაცხადი უნდა გადაწყვეტილიყო №50 დადგენილებით დამტკიცებული ნორმების საფუძველზე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 მაისის №მ---- ბრძანებით ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–--------------ს“ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგანაც მეჩეთის მშენებლობა კონკრეტული ფუნქციური ზონისათვის დასაშვებად არ იქნა მიჩნეული.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 მაისის №მ---- ბრძანებით მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე, ორი საფუძვლით:
- სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 6-ში (სზ-6), რომელიც წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებული სახეობაა, საცხოვრებელი სახლები. საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული კვარტალის მყარად ჩამოყალიბებული განაშენიანება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის კუთხით არ უნდა შეიცვალოს და მისი სამომავლოდ განვითარება უნდა გაგრძელდეს იმ ზონაში არსებული დომინირებული სახეობის - საცხოვრებელი სახლების მშენებლობით.
- საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა, გადაადგილების, ავტოტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერების და სხვა თვალსაზრისით.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ზონა 6-ის არსი განმარტებულია „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების მე-12 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, სზ-6 წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები.
ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-6 მუხლი განსაზღვრავს, კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) სახეობების ჩამონათვალს, აღნიშნული მუხლის 6.3. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს საცხოვრებელ ზონა-6-ში (სზ-6) ზონის ტერიტორიისთვის დასაშვებ უძრავი ქონებების (ობიექტების) ჩამონათვალს, სადაც მითითება საკულტო და/ან საეკლესიო ნაგებობებზე არ არის. ანუ, აღნიშნულ ფუნქციურ ზონაში არ არის დაშვებული საკულტო და/ან საეკლესიო ნაგებობის მშენებლობა, თუმცა აღნიშნული მუხლის 6.3. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, საცხოვრებელ ზონა-6-ში (სზ-6) ითვალისწინებს ისეთი ობიექტების მშენებლობას, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას და ამ ჩამონათვალში არის საეკლესიო ობიექტებიც.
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ მე-12 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მეორე წინადადება ასევე დასაშვებად მიიჩნევს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობას კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით;
სწორედ, მითითებული ნორმის საფუძველზე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის №14 სექტემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით“ არის განსაზღვრული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შენობა-ნაგებობების სზ-6-ში დასაშვები დანიშნულება. კერძოდ კი, მითითებული დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სზ-6-ის ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობებია მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები, კინოთეატრები, იურიდიული კონსულტაციები და ა.შ. ხოლო, ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სზ-6 ზონის ტერიტორიისათვის, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა, მათ შორის, იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას სხვა საზოგადოებრივი საჭიროების ობიექტებთან ერთად განსაზღვრულია „საეკლესიო ობიექტები“, რომელიც რელიგიური თვალსაზრისით მისი არანეიტრალური ხასიათის მიუხედავად, ფართოდ განიმარტება და მასში მოიაზრება ნებისმიერი საკულტო ნაგებობა, მათ შორის მეჩეთიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს ადგენს, რომ სზ-6-ში მეჩეთის მშენებლობა, წარმოადგენს უძრავი ნივთის (საპროექტო მიწის ნაკვეთის) სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით ნებადართულ სახეობას.
6.7. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის №14 სექტემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-9 მუხლი განსაზღვრავს, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ცნებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება არის კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, რომელზეც მოთხოვნილია მშენებლობის ნებართვის გაცემა, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით დადგენილი ძირითადი პარამეტრებისაგან (მოთხოვნებისაგან) განსხვავებული პარამეტრების (მოთხოვნების) დადგენა. ხოლო, მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას საჭიროებს კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის ძირითადი ნებადართული სახეობის გარდა, კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა უძრავი ქონების (ობიექტების) და- საშვები სახეობ(ებ)ის განსაზღვრა.
სპეციალური (ზონალური) შეთანხმება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ მე-2 მუხლის „ღ“ და „შ“ პუნქტების თანახმად, სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც საპროექტო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება ხდება იმ ფუნქციური დანიშნულებით, რომლისთვისაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული განაშენიანების რეგულირების წესებისა და უფლებრივი ზონირების რუკების შესაბამისად, აუცილებელია სპეციალური ზონალური შეთანხმების მიღება.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის წარდგინების საფუძველზე იღებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სახით.
ამავე დადგენილების მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კომისია არის საკონსულტაციო ორგანო და მისი გადაწყვეტილება სარეკომენდაციო შინაარსისაა. კომისია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისად იგი არ წარმოადგენს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მას კომისიის მიერ განხილულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები პირისათვის აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით“ (მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო წინადადება) მოცემულია დათქმა, რომელიც კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არასავალდებულო ხასიათიდან გამომდინარე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს პირდაპირ ანიჭებს უფლებამოსილებას, არ გაიზიაროს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის წარდგინება.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი სადავო აქტში, უარის საფუძვლად სწორედ კომისიის ამ დასკვნაზე მიუითებს.
6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სპეციალური (ზონალური) შეთანხებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება წარმოადგენს, ადგილობრივი თვითმმართველობის დისკრეციას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.ერთი მხრივ დაცული უნდა იქნეს იმ ნორმის ფარგლები, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება; ხოლო, მეორე მხრივ, დაცული უნდა იქნეს, ზოგადად, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება უნდა განხორციელდეს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოები ნორმათშეფარდებითი საქმიანობისას უნდა ითვალისწინებდნენ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი ადგენს სამართლიანი სასამართლოს ძირითად საპროცესო უფლებას და გულისხმობს სახელმწიფოს ყველა იმ გადაწყვეტილების შემოწმებას, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
ადმინისტრაციული აქტის მიღებისას დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გულისხმობს შესაძლებლობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად აირჩიოს კანონმდებლობის მიერ განსაზღვრული რამდენიმე ღონისძიებიდან კონკრეტული ვითარებისათვის ყველაზე უფრო მისაღები სამართლებრივი შედეგი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება არის „უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება“.
ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება ვალდებულება, კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გაითვალისწინოს მოქალაქის ძირითადი უფლებებით დაცული ინტერესები.
ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება სახეზეა მაშინ, როცა სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს რჩება შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში, არ არის განსაზღვრული ერთი კონკრეტული სამართლებრივი შედეგი და ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, თავად განსაზღვროს სამართლებრივი შედეგი. დისკრეციული უფლებამოსილება ასევე მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობას, კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა, რაიმე მოქმედება.
დისკრეციული უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობის, თანასწორობის, თანაზომიერების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას და დასაბუთების ვალდებულების განსაკუთრებული მაღალი ხარისხია საჭირო იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
სასამართლო მიუთითებს, თუ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით, ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს მოქმედებისა და გადაწყვეტის თავისუფალი სივრცე, იგი ვალდებულია, ის შესაბამისი მიზნის მისაღწევად გამოიყენოს და შეარჩიოს ერთ-ერთი იმ გადაწყვეტილებებიდან, რომელთა მიღების უფლებაც მას კანონით აქვს მინიჭებული. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მოთხოვნის უგულებელყოფა შედეგად იწვევს ადმინისტრაციული აქტის უკანონობას.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს მიღწეული მიზნისა და მის მისაღწევად გამოყენებული საშუალების თანაზომიერების შემოწმებას. ღონისძიება, რომელიც კონკრეტული შედეგის მისაღწევად იქნება გამოყენებული, უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და შესაბამისი, ანუ პროპორციული. განხორციელებული ღონისძიება არის დასაშვები, როდესაც ის გარკვეული მიზნის მისაღწევი საშუალებაა, ე.ი. როდესაც ის შესაძლებელს ხდის მიზნის მიღწევას. დასაშვები ღონისძიება არის აუცილებელი, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს სხვა საშუალება, რომელიც მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც საზოგადოებას, ისე თითოეულ ადამიანს. აუცილებელი ღონისძიება არის პროპორციული, როდესაც ადმინისტრაციული აქტის გამოცემით გამოწვეული უფლების შეზღუდვა პროპორციულ, თანაზომიერ დამოკიდებულებაშია შეზღუდვის მიზანთან.
თანაზომიერების პრინციპი გამომდინარეობს, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ამ პრინციპის დაცვა მნიშვნელოვანია არა მარტო მმართველობითი აქტების გამოცემისას, არამედ საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელების პროცესში. ის საკანონმდებლო ხელისუფლებას ადამიანის უფლებების შეზღუდვისას გარკვეულ ჩარჩოში აქცევს და, ამასთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო ინტერესების შეჯერების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ დისკრეციის ფარგლებში ადმინისტრაციული მოქმედების არსებული შესაძლო ვარიანტები ზოგადად ყოველთვის შეესაბამება ლეგალურობის მოთხოვნებს, თუმცა, ადმინისტრაციული ორგანოს ამოცანას წარმოადგენს, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და განსხვავებული მოპყრობის გარეშე.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრეცია სპეციალური (ზონალური) შეთანხების გაცემასთან დაკავშირებით არ არის შეუზღუდავი, არამედ წარმოადგენს კვალიფიციურ დისკრეციას და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვასთან ერთად მოითხოვს კონკრეტული პირობების არსებობის შესწავლის ვალდებულებასაც, რაც სასამართლოს შეხედულებით, მითითებულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დასმული საკითხის გადაწყვეტის დროს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ განხორციელებულა.
6.9. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ ქ. ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება შესაძლებელია, თუ:
ა) მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე, ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები;
ბ) ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით;
გ) ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები.
როგორც მითითებული ნორმის ფორმულირებიდან იკვეთება, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია სადავო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნული პირობები ქ. ბათუმის მერს პირდაპირ ავალდებულებდა, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე საფუძვლიანად და ობიექტურად ემსჯელა იმ გარემოებებზე, რომლებიც ზონალური შეთანხმების გასაცემად იყო საჭირო და მათ შორის, გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა განხორციელებულიყო მოპასუხე მხარის განსხვავებული, დისკრიმინაციული მიდგომა, მუსლიმი თემის უფლებებისადმი.
შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა შეეფასებინა, რამდენად წარმოადგენს ქ. ბათუმში მუსლიმი მრევლის მოთხოვნა და 12 ათასი ხელმოწერით დადასტურებული მეჩეთის მშენებლობა, ისეთ განსაკუთრებულ მიზეზს, რომელსაც შეეძლო გადაეფარა კონკრეტული ქალაქგანვითარებითი ინტერესი, რომ კვარტლის განვითარება გაგრძელდეს ექსკლუზიურად საცხოვრებელი სახლების დანიშნულებით.
ამასთან მიმართებით კიდევ ერთხელ აღსანიშნავია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება, ისევე როგორც თავად ქალაქთმშენებლობა, ითვალისწინებს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეთანხმების ვალდებულებას. კერძოდ კი, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, სივრცითი მოწყობა და ქალაქთმშენებლობა ხორციელდება ტერიტორიის ჯეროვანი განვითარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო და კერძო სუბიექტების ინტერესების ურთიერთშეთანხმების ხელშეწყობის პრინციპით.
ამავე კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება: ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება. თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი.
მითითებული მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს კერძო ინტერესის არსს და უთითებს, რომ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს განეკუთვნება: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ობიექტების) სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს.
შესაბამისად, კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს ფიზიკურ და იურიდულ პირთა ინტერესების (უფლებების) შეზღუდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს. მითითებულ შემთხვევაში კი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვად მხოლოდ ქალაქგანვითარების გარკვეული ხედვების და მოსაზრებების ინტერესზე უთითებს. როგორც თვითონ დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის 2017 წლის 1-ლი მაისის სხდომის ოქმშია აღნიშნული, ქალაქ ბათუმის ტერიტორიის სტრატეგიული დაგეგმარების თვალსაზრისით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის წინასაპროექტო კვლევის მომზადება და აღნიშნული გეგმის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა ზონებისათვის შეიძლება დადგინდეს განსხვავებული, ან მკვეთრად განსაზღვრული განაშენიანება.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ კომისიის ასეთი რეკომენდაცია, რაც სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად იქნა გაზიარებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ემყარება ერთ-ერთ ისეთ გარემოებას, რომლის დამდგარი შედეგის მიხედვით შეფასება, ამ ეტაპისთვის შეუძლებელია, რამდენადაც ჯერ-ჯერობით ქალაქ ბათუმისა და ამ კონკრეტული უბნის (სადაც სამშენებლო მიწის ნაკვეთები მდებარეობს) განვითარების გენერალური გეგმის მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, მზადდება გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის წინასაპროექტო კვლევა. ამასთან, როგორც კომისიის რეკომენდაციაშია მითითებული, არ არის გამორიცხული, განსხვავებული ან მკვეთრად განსაზღვრული განაშენიანება, რომლითაც ასევე, შესაძლოა გათვალისწინებული იქნას საზოგადოებრივი დანიშნულების ისეთი ნაგებობის მშენებლობაც, რასაც მოითხოვს მოსარჩელე მხარე.
შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ მგავსი ლეგიტიმური მიზნის (საჯარო ინტერესის) დასახელების მიუხედავად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იყო დაესაბუთებინა, რომ მის მიერ განხორციელებული ჩარევა მოსარჩელის რიგ უფლებებში, აკმაყოფილებს კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის ტესტს, რაც მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას არ განუხორციელებია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს არ დაუსაბუთებია, რატომ მიანიჭა კონკრეტული კვარტლის ექსკლუზიურად საცხოვრებელი სახლების დანიშნულებით განვითარების ინტერესს პრიორიტეტი, მოსარჩელეთა რელიგიის თავისუფლების, საკუთრების უფლების და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებებთან მიმართებით, როდესაც მოთხოვნა ემყარებოდა იმ მოცემულობას, რომ ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–--------------ს“ მტკიცებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთი მეჩეთის (ორთაჯამეს) არსებობის პირობებში, მუსლიმი თემისთვის არასაკმარისი იყო სალოცავი სივრცე, რის გამოც ისინი წლების განმავლობაში იძულებული არიან ღია ცის ქვეშ ილოცონ და ხელი ეშლებათ რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილ სარგებლობაში.
შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეანალიზებინა და სწორად შეეფასებინა, რომ ერთ მხარეს იდგა ქალაქგანვითარების ინტერესი, ხოლო მეორე მხარეს მუსლიმთა ინტერესი, საკუთარი შემოწირულობების შედეგად შეძენილ მიწის ნაკვეთზე რელიგიის თავისუფლებით სარგებლობა, საკულტო ნაგებობის აშენებით.
მოპასუხე მხარისთვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელე მიუთითებდა 12000 მოქალაქის ხელმოწერაზე, რომელიც მოითხოვდა და უთითებდა ბათუმის ტერიტორიაზე მეჩეთის მშენებლობის აუცილებლობაზე. შესაბამისად, ამით მოსარჩელე უსაბუთებდა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ რეალურად არსებობდა ისეთი განსაკუთრებული მიზეზები, რომლებიც ადგილობრივი თვითმართველობის დისკრეციას გარკვეულწილად ბოჭავდა და მნიშვნელოვან საფუძველს ქმნიდა სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის დასაბუთებისათვის.
მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის დაგეგმვაზე განაცხადი ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) კერძო ინტერესს წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული რელიგიის თავისუფლების რეალიზების შესახებ, რაშიც მოიაზრება ის შესაძლებლობაც, რომ მორწმუნეებმა კერძოდ, თუ საჯაროდ მოახდინონ შეკრება და რელიგიური რიტუალის აღსრულება, ჯეროვან და სათანადო სივრცეში აღავლინონ ლოცვა.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მითითებულ დასაბუთებას და მუსლიმი თემის ლეგიტიმურ მოთხოვნას საკუთარი უფლებებით სარგებლობაზე, მხოლოდ ქალაქგანვითარებითი ინტერესები დაუპირისპირა, რაც ვერანაირად განიხილება გადასაწყვეტი საკითხის ობიექტურ და გონივრულ შეფასებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს, არამედ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმებითაც. სამართლებრივი აქტი უნდა პასუხობდეს მიზანშეწონილობისა და კანონიერების მოთხოვნებს. მიზანშეწონილობა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება.“ (ბს-755-741(კ-კს-14) ზ. ხ-ს სარჩელისა გამო ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.)
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქ. ბათუმის მერმა გადაწყვეტილების გამოიტანისას უგულებელყო რეალური ფაქტობრივი გარემოებები და განმცხადებლის ინტერესი, რაც ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საჭიროებას უკავშირდებოდა. ამ მხრივ სადავო აქტი ფაქტობრივად დაუსაბუთებელია და მისი დისკრიმინაციული ხასიათის დასაფარად გამოყენებულია შეუსაბამო არგუმენტები, რომელიც კონკურენციას ვერ უწევს განმცხადებლის კანონიერ ინტერესს.
სასამართლო აღნიშნავს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.4 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთების ვალდებულების განსაკუთრებული მაღალი ხარისხის საჭიროებაზე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმეზე №ბს-525-512(კ-14) 19.02.2015წ. ნ. ს-ს სარჩელისა გამო, საქართველოს პროკურატურის მიმართ, იმ შემთხვევისათვის, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში: „დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს, დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ეს პრინციპი უგულებელყოფილი იქნა, რაც წარმოადგენს შეცდომას, დისკრეციულ უფლებამოსილებაში. სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილება თვითნებურად იქნა გამოყენებული და მოპასუხე მხარემ დისკრიმინაციულად მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არსებითად ლახავს მოსარჩელის უფლებებს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გააჩნდა სრულყოფილი ინფორმაცია, იმისათვის, რომ შეეფასებინა მუსლიმი მრევლის მოთხოვნა, მეჩეთის მშენებლობის საჭიროების მხრივაც, თუმცა ამ გარემოების ანალიზი არ გაუკეთებია და ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო შეცდა დისკრეციაში, რადგანაც არ გითვალისწინა მუსლიმი მრევლის მაღალი ინტერესი და ამის გარეშე პრიორიტეტი მიანიჭა საჯაო ინტერესს, განაშენიანების შესახებ, მაშინ როცა უგულებელყოფილი იქნა, მნიშვნელოვანი კერძო ინტერესი.
6.10. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოსარჩელის მიმართ განხორციელებული პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენა. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემული აქტები, რომლითაც უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის თაობაზე, არსებითად დისკრიმინაციულია, რითაც რელიგიურ უმცირესობას ხელი ეშლება საკულტო ნაგებობების მშენებლობასა და რელიგიის თავისუფლებით სარგებლობაში.
დისკრიმინაციის მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს, თავდაპირველი, პრეზუმფციული ვარაუდის შექმნა, რის შემდგომაც, მტკიცების ტვირთი მოპასუხეს უნდა გადაეკისროს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დეკლარირებულია თანასწორობის პრინციპი, რაც გულისხმობს ყველასათვის თანაბარ უფლებებს, მათი რეალიზების თანაბარ შესაძლებლობასა და კანონის წინაშე თანასწორობას. მე-14 მუხლი, როგორც კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს, არ დაუშვას (მათ შორის, კერძო სექტორში) ადამიანთა პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია.
ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლი უზრუნველყოფს თანასწორობის პრინციპის განმტკიცებასა და განხორციელებას ადმინისტრაციულ სამართალში, როცა მისი 1-ლი ნაწილი აცხადებს კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობას, ხოლო მე-3 ნაწილი პირდაპირ ადგენს, რომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, თუ ამისთვის აუცილებელი კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ თანასწორუფლებიანობის ცნებას ცენტრალური ადგილი უჭირავს ადამიანის უფლებათა დავის სფეროში. „თანასწორუფლებიანობის“ დარღვევა, საფუძვლიანი მიზეზის გარეშე, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიების დარღვევას. ამ მნიშვნელობით, თანასწორუფლებიანობის, ან „თანაბარი უფლებების“ უფლება, ქმნის ყველა სხვა ადამიანის უფლებათა ნაწილს. ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის პრეამბულით თანასწორუფლებიანობის მნიშვნელობა იმით განისაზღვრება, რომ „ადამიანთა ოჯახის ყველა წევრის თანდაყოლილი და განუყოფელი უფლების აღიარება წარმოადგენს სამყაროში თავისუფლების, სამართლიანობის და მშვიდობის საფუძველს“. თანასწორუფლებიანობა არ არის მხოლოდ თეორიული იდეა; თანასწორუფლებიანობის პრონციპის უგულვებელყოფა ადამიანთა ცნობიერებაზე სერიოზულ პრაქტიკულ შედეგს იძლევა. დისკრიმინაცია გავლენას ახდენს ადამიანთა ყველა ასპექტზე - მას მოსდევს გარიცხვა, მარგინალიზაცია და დეჰუმანიზაცია.
დისკრიმინაციის აკრძალვა და თანასწორუფლებიანობის პრონციპი, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, იმდენად ფუნდამენტურია, რომ შესულია ადამიანთა დაცვის ყველა ძირითად ინსტრუმენტში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ (1950 წ. 4 ნოემბერი, რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 30/03/2001 № 839-IIს დადგენილებით) მე-12 ოქმის 1-ლი მუხლის თანახმად, კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით. აღნიშნული ნორმა დისკრიმინაციის საერთო აკრძალვას ითვალისწინებს, ანუ უზრუნველყოფს თანასწორ მოპყრობას კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის დროს.
მე-12 დამატებით ოქმზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ოქმის 1-ლი მუხლის დაცვის ფარგლები ვრცელდება, მათ შორის საჯარო დაწესებულების მიერ დისკრეციული უფლებამოსილების შესრულებისას (მათ შორის გარკვეული სუბსიდიების მინიჭებისას), ასევე ხელისუფლების ორგანოს ნებისმიერი სხვა მოქმედებისას ან უმოქმედობისას. აღნიშნულ დებულებას ევროპული სასამართლო თავის პრაქტიკაშიც ეყრდნობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, არსებობს ტესტი, რითაც სასამართლო ხელმძღვანელობს პირდაპირი დისკრიმინაციის საქმეთა განხილვისას. მითითებული ტესტი არსებითად თანხვედრაშია, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის პირველი წინადადებით განსაზღვრული პირდაპირი დისკრიმინაციის ელემენტებთან, კერძოდ კი, აღნიშნული ნორმის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
სასამართლო განსახილველი დავის ფარგლებში დისკრიმინაციის საკითხს განიხილავს ტესტის საფეხურების მიხედვით:
ა) რამდენად ხდება სადავო საქმის ფაქტები უფლების დაცულ სფეროში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-9 და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და მე-19 მუხლების თანახმად, ყველა ადამიანისთვის გარანტირებულია რელიგიის თავისუფლება. ევროპული სასამართლოს განმარტებით კი, აღნიშნული უფლება მოიცავს კომპონენტს - რელიგიური ნაგებობის მშენებლობის/ფლობის უფლებას, რომელიც, რეგულარულ საწყისებზე, იქნება გამოყენებული რელიგიური ჯგუფის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, სადავო აქტებით ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–-------------ს“ სწორედ ეს უფლება შეეზღუდა, რომ აეშენებინა საკულტო ნაგებობა, რომლის დადასტურების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ განხორციელებულად ჩაითვლება ჩარევა, რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში.
რელიგიის თავისუფლების მიერ მოცულია საკულტო ნაგებობის ქონის უფლება, რაც დადასტურებულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მთელი რიგი გადაწყვეტილებებით. მაგალითად, საქმეში იეჰოვას მოწმეების სოლიდარობის ასოციაცია და სხვები, თურქეთის წინააღმდეგ (განაცხადები N36915/10 და 8606/13 სასამართლომ დაადგინა დარღვევა, რადგან სახელმწიფო, ლეგიტიმური მიზნისა და საზოგადოებრივი აუცილებლობის გარეშე არ აძლევდა უფლებას განმცხადებლებს, გამხდარიყვნენ საკულტო ნაგებობის მესაკუთრეები.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ რელიგიის თავისუფლება მოიცავს საკულტო ნაგებობის მშენებლობის, გახსნისა და ექსპლუატაციის (მომსახურების) უფლებებს, რაც აღნიშნულია გადაწყვეტილებებში, საქმეზე The Church of Jesus Christ of Latter-day Saints v. the United Kingdom, § 30; განათლებისა და საქმეზე, კულტურის რესპუბლიკური ცენტრის ფონდი, თურქეთის წინააღმდეგ, § 41.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი მეჩეთის საჭიროებისა და მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით მუსლიმი თემის დამოკიდებულებისა და მოთხოვნის შესახებ, მოპასუხე მხარეს საჭირო ინფორმაცია მიღებული ჰქონდა, ასევე, მოსარჩელეც მოახსენებდა ამის თაობაზე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების მოთხოვნისას.
ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს სახალხო დაცველის 2018 წლის 28 მარტის N04-9/4743 რეკომენდაციაზე, რომლის თანახმად, „მუსლიმი თემი აჭარაში 1990-იანი წლებიდან მუდმივად ითხოვდა ახალი მეჩეთის მშენებლობას და მშენებლობის პროცესში მხარდაჭერას. ბათუმში მხოლოდ ერთი (ორთა) მეჩეთი ფუნქციონირებს, რომელიც მლოცველებს ვერ იტევს და მრევლს ღია ცის ქვეშ უწევს რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა. აღნიშნული საკითხები ასახვას პოვებდა სახალხო დამცველის ანგარიშებშიც. მუსლიმებმა მიიღეს საჯარო დაპირებები მეჩეთის მშენებლობის პროცესში მხარდაჭერის თაობაზე, როგორც აჭარის მთავრობის, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, თუმცა დაპირებები არ შესრულებულა. ამის შემდეგ, 2016 წელს მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის მოთხოვნით, ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა ბათუმის მერიას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობებს 12 000 ხელმოწერით მიმართა. აღსანიშნავია, რომ მითითებულ მიმართვასაც არ მოჰყოლია რაიმე სახის რეაგირება. მოგვიანებით, შემოწირული თანხებით ფონდმა თავად შეიძინა მიწის ნაკვეთი და მერიაში წარადგინა მოთხოვნა მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით“.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხსა და მის საჭიროებაზე ყურადღებას ამახვილებს როგორც ადგილობრივი მუსლიმი თემი, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
კერძოდ, Democracy & Freedom Watch-ის 2017 წლის 9 იანვრის წერილში მითითებულია, რომ მიუხედავად 30 წლიანი მცდელობისა, მეორე მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიღებაზე, ქალაქში ჯერ კიდევ მხოლოდ ერთი მეჩეთია (მიუხედავად მნიშვნელოვანი მუსულმანი მოსახლეობისა), პარასკევის ლოცვის დროს ორთაჯამის მეჩეთი ხშირად არის გადავსებული.
Democracy & Freedom Watch-ის 2017 წლის 9 ივნისის (რეპორტაჟი) წერილში „აჭარის მთავრობა მუსლიმებს ახალი მეჩეთის ნაცვლად ძველის გაფართოებას სთავაზობს“ მითითებულია, რომ „აჭარის მთავრობა ადგილობრივი მუსლიმებისათვის ორი შენობის შეძენას გეგმავს, ერთ-ერთში საბავშვო პანსიონი განთავსდება, მეორეში კი სამუფთო რეზიდენცია. გადაწყვეტილების მიზანია, ბათუმის ერთადერთი, ორთაჯამეს მეჩეთში ადგილი გამოთავისუფლდეს, რადგანაც ათწლეულებია მეჩეთი მლოცველებს ვეღარ იტევს. მუსლიმ მრევლს ბათუმის მეჩეთის ირგვლივ ქუჩებში უხდება პარასკევობით ლოცვა. ისინი დაახლოებით 30 წელია ამ პრობლემის გადაჭრას ითხოვენ და სურთ, მიიღონ ნებართვა, რომ ბათუმში მეორე მეჩეთი აშენდეს, თუმცა არცერთმა მთავრობამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ბათუმში არსებულ დიდი ხნის პრობლემას მოხსნის და მომლოცველები მეჩეთში დაეტევიან, რადგანაც სამუფთო რეზიდენცია სხვაგან გადავა. ეს სავარაუდოდ მარტის ბოლოს მოხდება. საქართველოს მუფთმა, ელდარ ქამაშიძემ DF Watch-ს უთხრა, რომ ამჟამად ბათუმის მუსლიმთა პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს. თუ ორთაჯამეს მეჩეთის გაფართოების შემდეგ ისევ იქნება მუსლიმთა სამლოცველოს საჭიროება, მაშინ ახალი მეჩეთი აშენდება.“
ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღდეგ, 2015 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ აღნიშნავს, რომ რელიგიური უმცირესობები პრობლემებს აწყდებიან საკულტო ნაგებობათა მშენებლობის დროს. ბათუმის მეჩეთზე კი, კომისია პირდაპირ აღნიშნავს, რომ მუსლიმი თემისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა მეჩეთის მშენებლობის მოპოვება, რის აღმოსაფხვრელადაც სახელმწიფოს მიმართ პირდაპირ გასცემს რეკომენდაციას, რომ საკულტო ნაგებობების მშენებლობების გაცემაზე უარი არ თქვას რელიგიური წინასწარი განწყობების ან ადგილობრივების პროტესტის გამო, არამედ ნებართვების გაცემა მოხდეს კანონმდებლობის საფუძველზე. (ECRI REPORT ON GEORGIA (fifth monitoring cycle), Adopted on 8 December 2015, Published on 1 March 2016 №95-96).
რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევად აფასებს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის შეუძლებლობას სახალხო დამცველიც საკუთარ ანგარიშში. (საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ).
მოსარჩელე მხარე მიუთითებდა ქალაქ ბათუმის მერიასაც და თავის სარჩელშიც აღნიშნავს, მუსლიმი თემის ინტერესსა და საჭიროებაზე, მეორე მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი, „ორთა ჯამეს“ ისტორიული მეჩეთი მდებარეობს, რომლის სივრცე მლოცველებს ვერ იტევს, რის გამოც ყოველ პარასკევს, ლოცვის დროს რამდენიმე ასეულ ადამიანს (500-1000 მდე მლოცველი) ქუჩაში არასათანადო პირობებში უწევს ლოცვა; რომ სადღესასწაულო ლოცვების, ბაირამის დროს მეჩეთში ლოცვის მიზნით 3000-5000-მდე ადამიანი გროვდება (2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით აჭარის რეგიონში 132 852 ათასი მუსლიმი ცხოვრობს, უშუალოდ ბათუმში კი - 38 762) შესაბამისად, ასეთ დღეებში მრევლის დიდ ნაწილს - ათასობით მუსლიმს წვიმაში, თოვლსა და ქარში ქუჩაში ლოცვა უწევს. ასეთი სივიწროვე და გარემო ფაქტორები მუსლიმი ქალების დიდ ნაწილს მთლიანად ართმევს ლოცვის აღსრულების შესაძლებლობას. მუსლიმი თემი ბათუმში ახალი მეჩეთის საჭიროებაზე უკვე არაერთი წელია საუბრობს. ახალი მეჩეთის ასაშენებლად სახელმწიფოსაგან მიწის ნაკვეთის გამოყოფას მუსლიმი თემი 1990-იანი წლებიდან აქტიურად ითხოვს.
2014 წელს ერთ-ერთი მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციის, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ სასულიერო პირების ნაწილმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელშიც მათ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ალტერნატივად, სამმართველოს რეზიდენციისა და მედრესესთვის შენობის გადაცემა მოითხოვეს, მაგრამ სამმართველოსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების მიუხედავად, რეალურად მუსლიმი თემის საჭიროება და სურვილი, ბათუმში ახალი მეჩეთი აშენებულიყო არ შეცვლილა, რისი დემონსტრირებაც იყო მუსლიმი თემის მიერ ბათუმში ახალი მეჩეთის მოთხოვნით, 12000 ხელმოწერის შეგროვება.
2016 წლის თებერვალში ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერები (ხელმომწერებს შორის იყვნენ სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ სასულიერო პირებიც) სახელმწიფო ორგანოებს, მათ შორის აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიასა და საქართველოს მთავრობას გადაუგზავნა და ქალაქის ცენტრში, ხელმისაწვდომ ადგილას მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის მოთხოვნით მიმართა, თუმცა მუსლიმ თემს ბათუმში მეჩეთის მშენებლობისათვის მიწის გამოყოფაზე უარი ეთქვა. ამის შემდეგ, 2016 წლის 16 ივნისს დარეგისტრირდა ორგანიზაცია ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–--------------“ და 2016 წლის 7 სექტემბერს ფონდმა განვადებით შეისყიდა ქ. ბათუმში, გენერალ ა. აბაშიძის ქ. №4---, N4---ში მდებარე მიწის ნაკვეთები (ს/კ 0--3--0-.3--; №0--3--0-4--) ახალი მეჩეთის მშენებლობის მიზნით.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის გარემოებები დასახელებული კრიტერიუმების შესაბამისად ხვდება, ადამიანის უფლებათა დაცულ სფეროში.
ბ) დისკრიმინაციის ტესტის მეორე საფეხურზე უნდა დადგინდეს, სახეზეა თუ არა განსახვავებული მოპყრობა.
ამის დასადგენად, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რამდენად თანასწორ მდგომარეობაში იყვნენ სხვადასხვა პირები და განხორციელდა თუ არა მათ მიმართ უთანასწორო, განსხვავებული მოპყრობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა, ამ მიზნით უნდა გამოვლინდეს კომპარატორი, პირი, რომელთან მიმართებაშიც განიხილება მოსარჩელის მიმართ მოპყრობა. მითითებულ შემთხვევაში მოსარჩელე დავობს, რომ იგი არის დაცული ნიშნის, რელიგიის მატარებელი პირი, რომელიც თავად იურიდიული პირის დასახული მიზნებიდან და საქმიანობიდან გამომდინარეობს, ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–--------------ს“ წესდების მე-2 მუხლის ე) პუნქტის თანახმად, ფონდის ერთ-ერთ მიზანს სწორედ ახალი სამლოცველოების შეძენა და მშენებლობა წარმოადგენს.
ასეთ კომპარატორად შეიძლება გამოყენებულ იქნას, იგივე მახასიათებლების მქონე პირი, რომელიც წარმოადგენს დაცული ნიშნის მქონე ჯგუფს, ასეთად კი მოსარჩელე მხარე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას მიიჩნევს, რომელიც ასევე რელიგიურ გაერთიანებას წარმოადგენს და რომელიც ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფება. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ რელიგიურ გაერთიანებას ასევე გააჩნია საჭიროება, საკულტო ნაგებობების მშენებლობისა. ამასთან, არ არსებობს არავითარი კანონისმიერი დათქმა ან ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მიანიშნებს, რომ ნახსენები რელიგიური ჯგუფი რაიმე განსხვავებული მახასიათებლის მატარებელია, მშენებლობის ნებართვების მიღების სფეროში, ვიდრე მოსარჩელე, მეტიც, ისინი, უფლებრივი თვალსაზრისით თანასწორნი არიან, მათზე თანაბრად ვრცელდება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის სტანდარტი და სახელმწიფოს მათ მიმართ თანასწორი მოპყრობის ურყევი ვალდებულება გააჩნია.
კომპარატორის გამოვლენის შემდეგ, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა (აქვს თუ არა) განსხვავებულ მოპყრობას ადგილი.
როგორც სასამართლოს მიერ დადგენილია, მოსარჩელისთვის მშენებლობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი უძრავი ქონების ზონალური სტატუსი და ადგილზე შექმნილი ფაქტობრივი მდგომარეობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სადავო აქტი ფორმალურად ასაბუთებს უარს და არგუმენტაციას მიწის ნაკვეთის ზონალურ სტატუსს იყენებს, აღნიშნული არ გამორიცხავს დისკრიმინაციის არსებობას.
აღსანიშნავია, რომ ქ. ბათუმის ამ ტერიტორიაზე, მხოლოდ საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარე რაიონში შვიდი მართლმადიდებლური საკულტო ნაგებობაა განთავსებული, საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ შემდგარ კვარტლებში. ამასთან, მითითებული საკულტო ნაგებობებიდან სამი მათგანი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული.
შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთის მხრივ ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობა მართლმადიდებელ ეკლესიას აძლევს შესაძლებლობას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ დასახლებულ კვარტლებში, საკულტო ნაგებობების მშენებლობისა და რელიგიის თავისუფლებით სარგებლობისთვის, ხოლო მეორეს მხრივ მუსლიმ თემს, რომელიც საკუთარ მიწის ნაკვეთზე ითხოვს საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვას, უარს ეუბნება ქალაქგანვითარებითი ინტერესების დასაბუთებით.
აქვე აღსანიშნავია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის №14 სექტემბრის №50 დადგენილების თანახმად, საეკლესიო ობიექტების მშენებლობისთვის ყველა ზონაში (საცხოვრებელი ზონა 3, საცხოვრებელი ზონა 5, საცხოვრებელი ზონა 6, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – 1, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – 2, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – 3) „საეკლესიო ობიექტის“ მშენებლობისთვის აუცილებელია სპეციალური ზონალური შეთანხმების მიღება. აღნიშნული დადგენილების თანახმად, საეკლესიო ობიექტების მშენებლობა სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გარეშე დასაშვებია, მხოლოდ სარეკრეაციო და საკურორტო-სარეკრეაციო ზონა-2-ში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და უსაფუძვლო იქნებოდა იმის მტკიცება, რომ მუნიციპალიტეტი თანაბრად ეპყრობა ორივე რელიგიურ გაერთიანებას, რადგან, იდენტური პირობების შემთხვევაში, აშკარად, ორი სხვადასხვა სამართლებრივი შედეგია დამდგარი. უფრო ზუსტად, ერთი მხრივ, მერია საკუთარ რესურსებს (მიწის ნაკვეთებს) უთმობს ერთ რელიგიურ გაერთიანებას საკულტო ნაგებობის ასაშენებლად, ხოლო მეორე შემთხვევაში, უარს ეუბნება რელიგიურ უმცირესობას მშენებლობის ნებართვის მინიჭებაზე, რელიგიური გაერთიანების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე.
გ) განსხვავებული მოპყრობის დადგენის შემდეგ, აუცილებელია გაირკვეს, ხომ არ გააჩნია განსხვავებულ მოპყრობას ობიექტური და გონივრული გამართლება.
სასამართლო ამასთან დაკავშირებით მიუთითებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე, „ლითგოუ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1986 წელი), რომლის 177-ე პუნქტში აღნიშნულია შემდეგი:
„კონვენციის მე-14 მუხლი არ კრძალავს ყოველგვარ განსხვავებულ მოპყრობას, კონვენციით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების თვალსაზრისით. ის იცავს დისკრიმინაციული განსხვავებული მოპყრობისაგან პირებს (იურიდიული პირების ჩათვლით), რომლებიც ,,აღმოჩნდნენ ანალოგიურ ვითარებაში“; მე-14 მუხლის მიზნებისათვის განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, თუკი მას ,,არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება“, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია ,,კანონიერი მიზანი“, ან ის არ არის ,,გონივრულად პროპორციული, გამოყენებული საშუალებებისა და კანონიერი მიზნის თვალსაზრისით“. უფრო მეტიც, ხელმომწერ სახელმწიფოებს გააჩნიათ გარკვეული მიხედულების ფარგლები, რათა მსგავს ვითარებაში შეაფასონ რამდენად და რა დოზით ამართლებს კანონით განსხვავებულ მოპყრობას; მიხედულების ფარგლები იცვლება გარემოებებისა და წინაისტორიის მიხედვით“.
საქმეში ,,უნალ ტეკელი თურქეთის წინააღმდეგ (2004)“ 49-ე პუნქტში მითითებულია, რომ „კონვენციის მე-14 მუხლი იცავს დისკრიმინაციისაგან, კონვენციის არსებითი მუხლებით უზრუნველყოფილი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას. თუმცა, ყველა განსხვავებული მოპყრობა არ გამოიწვევს ამ მუხლის დარღვევას. დადასტურებული უნდა იქნას, რომ სხვა პირები ანალოგიურ ვითარებაში, ან შედარებით მსგავს ვითარებაში; უფრო მეტი პატივისცემით სარგებლობდნენ და რომ განსხვავება დისკრიმინაციულია“.
საქმეში „ფრედინი შვედეთის წინააღმდეგ“, პუნქტ 60-ში აღნიშნულია, რომ მე-14 მუხლი იცავს დისკრიმინაციისაგან ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე, რაც განსხვავებულ მოპყრობას ნიშნავს,,,ბელგიელი ლინგვისტების საქმე (1968)“, მე-10 პუნქტში მითითებულია, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს კრიტერიუმი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს დავადგინოთ მოცემული განსხვავებული მოპყრობა, რომელიც რა თქმა უნდა, შეეხება ჩამოთვლილი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას, ეწინააღმდეგება თუ არა მე-14 მუხლს. ამ საკითხზე, სასამართლო ეყრდნობა რა მრავალი დემოკრატიული ქვეყნის სამართლებრივ პრაქტიკას, ადგენს, რომ თანასწორი პრინციპი ირღვევა, თუკი განსხვავებას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება. ამგვარი გამართლების არსებობა უნდა შეფასდეს გამოყენებული სადავო ღონისძიების მიზნისა და შედეგის მიხედვით, იმ თვალსაზრისით, რომ უპირატესობა მიენიჭოს ჩვეულებრივ დემოკრატიულ საზოგადოებაში პრევალირებად პრინციპებს. კონვენციით ჩამოთვლილი უფლებებით სარგებლობისას განსხვავებული მოპყრობა კანონიერი უნდა იყოს არა მარტო მიზნის მიმართ, მე-14 მუხლი შეიძლება დაირღვეს, როდესაც უდავოდაა დადგენილი, რომ არ არსებობს განივრული პროპორცია გამოყენებულ ღონისძიებებსა და მიზანს შორის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელიც ყველა სახის დისკრიმინაციას კრძალავს, ადგენს შემთხვევებს, როცა განსხვავებული მოპყრობა დასაშვებია. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, განსხვავებული მოპყრობა, პირობების შექმნა ან/და მდგომარეობა დასაშვებია თუ ორი წინაპირობა არის დაკმაყოფილებული. კერძოდ, თუ არსებობს სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი და სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, შესაბამისად, კანონმდებლის მიერ პირთა დიფერენციაციისას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვით, უნდა დასაბუთდეს პირთა დიფერენციაციისთვის არსებობს თუ არა სახელწმიფოს დაუძლეველი ინტერესი.
განსხვავებული მოპყრობა უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ლეგიტიმურ მიზანს და უნდა არსებობდეს გონივრული, პროპორციული ურთიერთმიმართება განსხვავებულ მოპყრობასა და დასახულ ლეგიტიმურ მიზანს შორის. (საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება no. 2/1/536, II-19;
განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვლება, თუ დაკმაყოფილდება ყველა დადგენილი კრიტერიუმი. კერძოდ, გააჩნია თუ არა განსხვავებულ მოპყრობას კანონიერი მიზანი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, (მაგალითად, საქართველოს მოქალაქე - ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება N 2/5/556, II.25.) დისკრიმინაციას წარმოადგენს არა მარტო ისეთი შემთხვევა, როდესაც საჯარო ხელისუფლების მოქმედება პირდაპირ ისახავდა მიზნად პირის ან პირთა ჯგუფის დისკრიმინაციას, არამედ ისეთიც, რომელსაც შედეგად მოჰყვა მათი დე ფაქტო დისკრიმინაცია.
სასამართლო აღნიშნავს, საქართველო, როგორც სეკულარული და დემოკრატიული სახელმწიფო, აღიარებს რელიგიის თავისუფლებას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, მოიცავს საკულტო ნაგებობის აშენების უფლებასაც.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილებაში საქმეზე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, დისკრიმინაციაზე მსჯელობისას, ორი სახის ტესტს - მკაცრი შეფასების ტესტსა და რაციონალური დიფერენცირების ტესტს იყენებს. ტესტის გამოყენების საჭიროება, დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, რომელთა შორისაც უმნიშვნელოვანესია ჩარევის ინტენსივობა და დიფერენცირების ნიშანი, რადგან, სასამართლოს განმარტებით, „ისტორიულად, კონსტიტუციებში ხდებოდა იმ ნიშნების ჩამოთვლა, რომელთა მიხედვით, ადამიანთა ჯგუფებს აერთიანებდა მათთვის დამახასიათებელი პირადი, ფიზიკური თვისებები, კულტურული ნიშნები ან სოციალური კუთვნილება. ამ ნიშნების კონსტიტუციებში ჩამოთვლა ხდებოდა ზუსტად მათ საფუძველზე, ადამიანების დისკრიმინაციის დიდი გამოცდილების არსებობის და, ამასთან, ასეთი მოპყრობის გაგრძელების შიშის გამო (საპასუხოდ)“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/1/493, 27 დეკემბერი, 2010 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის პოზიციის თანახმად, დისკრიმინაცია რელიგიის ნიშნით ხორციელდება, რაც სასამართლოს შეფასებით, პირდაპირ წარმოადგენს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ ნიშანს და ეს გარემოება, სწორედ მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენების აუცილებელი წინაპირობაა, ხოლო ეს სტანდარტი თავის მხრივ თანაზომიერების პრინციპს ეფუძნება, რომლის თანახმად ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი“.
ამასთან, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ უფლების შეზღუდვის დროს, რელიგიურ გაერთიანებათა დიფერენციაცია, როცა ერთ-ერთ გაერთიანებას უფლება ეზღუდება, ხოლო კომპარატორს - არა, შეუძლებელია გამართლდეს რაიმე სახის ლეგიტიმური მიზნით. საკულტო ნაგებობის აგების მიზნით კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლოდ გამოყენების პირობების შეზღუდვა შეიძლებოდა გამართლებული ყოფილიყო ქალაქგეგმარებითი ან/და საინვესტიციო კონკრეტული გეგმების განხორციელების მიზნებით, თუმცა, ცხადია, რომ ეს არგუმენტი ვერ გამოდგება რელიგიურ გაერთიანებათა დიფერენციაციის გასამართლებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე საკულტო ნაგებობის მშენებლობისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისთვის საჭირო აქტების გაუცემლობას, ვერ ექნება კანონიერი მიზანი, ხოლო რელიგიურ გაერთიანებათა დიფერენციაცია ვერ იქნება გამართლებული, ანუ, ამ შემთხვევაში განსხვავებულ მოპყრობას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება.
შესაბამისად, ვინაიდან ტესტის ეს კრიტერიუმი არ არის დაკმაყოფილებული, შემდეგი საფეხურების (საშუალებების პროპორციულობა, სახელმწიფოს მიხედულება) გავლას, დავის გადაწყვეტისათვის სასამართლო საჭიროდ აღარ მიიჩნევს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტისას, საკულტო ნაგებობის მშენებლობისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელდა დისკრიმინაცია, რელიგიის ნიშნით.
სასამართლო განმარტავს იმ გარემოებასაც, რომ განხილული დავის ფარგლებში დისკრიმინაციული მოპყრობა სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა მხოლოდ კონკრეტული შემთხვევისათვის, მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისი საკითხის გადაწყვეტის და ამის შესახებ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებასთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა, არ ნიშნავს თვითმმართველობის ორგანოს, ან სახელმწიფოს მხრიდან, ამ კონკრეტული რელიგიის მიმდევართა მიმართ ზოგადად დისკრიმინაციული დამოკიდებულების დადგენას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის შთანხმებასთან დაკავშირებით დიალოგი და შეთანხმების მიღწევის რესურსი ამოწურული არ არის და სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიღების პირობებშიც რჩება ადგილი, მხარეთა მოლაპარაკებითა და შეთანხმებით საკითხის გადასაწყვეტად.
6.11. რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ გამოცემული სადავო აქტებით, სპეციალური (ზონალურ) შეთანხმებასა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის მეორე არგუმენტს, რომლის თანახმად საპროექტო მიწის ნაკვეთი ვერ უზრუნველყოფს განსაკუთრებულ ინფრასტრუქტურას, რასაც საჭიროებს საკულტო ნაგებობა გადაადგილების, ავტოტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერების და სხვა თვალსაზრისით, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:
სამშენებლო მიწის ნაკვეთის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული დათქმა განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის №57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმადაც, სამშენებლო მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა მშენებლობა დამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელის არსებობა, მათ შორის, სერვიტუტის გამოყენებით.
შესაბამისად, კანონმდებლობა საპროექტო მიწის ნაკვეთთან მიმართებით ადგენს მხოლოდ მინიმალურ სტანდარტს მისასვლელთან დაკავშირებით, რისი არსებობაც მითითებულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ სადავო არ გამხდარა. სხვა საკანონმდებლო დათქმა საპროექტო მიწის ნაკვეთის ინფრასტრუქტურულ პირობების შესახებ, არ არსებობს.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 43-ე მუხლი განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის შემადგენლობას:
1. განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადიისათვის აუცილებელ, ნებართვის მაძიებლის მიერ მოთხოვნილ პირობებს.
2. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ეხება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენ, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების განაცხადის შემადგენლობას.
3. განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ მოიცავს:
ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის შესახებ;
ბ) მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითად მოთხოვნებს.
4. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ:
ა) მიწის ნაკვეთის მდებარეობა დასახლებათა ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვრებში;
ა1) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გრუნტების ზოგადი მახასიათებლები;
გ) მიწის ნაკვეთის სახეობა გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით ამ დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად;
დ) მითითება მიწის ნაკვეთის ზოგად ან/და კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) მითითება მიწის ნაკვეთის ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) მითითება მიწის ნაკვეთის კულტურული მემკვიდრეობის ან/და გარემოს დაცვის ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
თ) მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის კეთილმოწყობა (მაგ.: შემოღობვა, საბავშვო სათამაშო მოედნები, გამწვანება);
თ1) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, ასევე − ინფორმაცია დაგეგმილი გამწვანების შესახებ, სავარაუდო გამწვანების პროექტის აღწერით (გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემისას);
ი) საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური მომზადება (მაგ.: გრუნტის ზედაპირის ცვლილება, ზედაპირული ან/და გრუნტის წყლის გადაყვანა/მოცილება, დამცავი ნაგებობები);
კ) ავტომანქანების სადგომი ადგილების რაოდენობა;
ლ) შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის დროს საჭიროების შემთხვევაში არსებული მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები ან მათი არარსებობის შემთხვევაში აზომვითი პროექტი, აგრეთვე საექსპერტო დასკვნა შენობა-ნაგებობის მდგომარეობის შესახებ;
მ) საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი სხვა ინფორმაცია.
5. მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითადი მოთხოვნები მოიცავს:
ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტს;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს;
გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტს;
დ) შენობა-ნაგებობების ფუნქციურ დანიშნულებას;
ვ) შენობა-ნაგებობების სართულიანობასა და გაბარიტებს;
ზ) სამშენებლო მოედნის მოწყობას საზოგადოებრივი სივრცის/ტერიტორიის გამოყენების შემთხვევაში;
თ) საჭიროების შემთხვევაში, ამ დადგენილების შესაბამისად სხვა მონაცემებს.
ამ ჩამონათვალში არ არის მითითებული, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიწის განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის თაობაზე, რასაც საჭიროებს საკულტო ნაგებობა მასთან მისასვლელი გზებით გადაადგილებისა თუ, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი და შიგასაავტომობილო გზების, ავტოსადგომების, მათ მოწყობისა და ა.შ. მონაცემები „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 47-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მე-2 სტადიის, არქიტექტურული პროექტის შემადგენელ ნაწილს. კერძოდ, 1-ლი პუნქტის ე.გ) ქვეპუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან“ შესაბამისობის ანალიზს: მიწის ნაკვეთთან მისასვლელ და შიგასაავტომობილო გზებს, ავტოსადგომებს, საფეხმავლო ბილიკებს, საველოსიპედე ბილიკებს, გამწვანება, კეთილმოწყობა და სხვა.
მოსარჩელე მხარე ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ საკულტო ნაგებობა ნამდვილად წარმოადგენს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტს, რომლის სრულყოფილი მუშაობისთვის აუცილებელი იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მშენებლობის ნებართვის II სტადიაზე-არქიტექტურული პროექტი შეთანხმების ეტაპზე დაგეგმილი ჰქონდა შესაბამისი პროექტის წარდგენა, რომლითაც გათვალისწინებული იყო მიწისქვეშა პარკირების სივრცის მოწყობა, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელეს ყოველგვარი დასაბუთებისა და პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობის გარეშე, მოპასუხე მხარის მიერ უარი ეთქვა 1-ლი სტადიის ნებართვის გაცემაზე, მოსარჩელემ ვერ შეძლო მიწის ნაკვეთის შესაბამისი ინფრასტრუქტურული მოწყობის გეგმების მშენებლობის, ნებართვის II სტადიაზე გაზიარება მოპასუხე მხარისთვის.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის ეს საფუძველი, რაც მითითებულია სადავო აქტებში, არ არის სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, რის გამოც წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ სამშენებლო კანონმდებლობასთან.
6.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სადავო აქტები, „სპეციალური (ზონალურ) შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 მაისის №მ---- ბრძანება და „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 მაისის №მ---- ბრძანება, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის, საქართველოს კონსტიტუციის, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59-ე დადგენილების მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, რაც ამ აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სპეციალური (ზონალურ) შეთანხმებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, ზოგადი წესის თანახმად, ამ სახის სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, რომლითაც მოსარჩელე მხარე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ითხოვს რა, მის სასარგებლოდ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, სპეციალური (ზონალურ) შეთანხმებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ, სასამართლო მაშინ დააკმაყოფილებდა სრულად სარჩელს, თუ გადასაწყვეტი საკითხი არ იქნებოდა მიკუთვნებული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის განსხვავებული წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო, სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.
მოცემულ შემთხვევაში ორივე მხარე თანხმდება და სასამართლოც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სპეციალური (ზონალური) შეთანხებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება წარმოადგენს, ადგილობრივი თვითმმართველობის უფებამოსილი ორგანოს დისკრეციას.
როგორც სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას არ გამოუკვლევია და არ აუსახავს თავის გადაწყვეტილებაში, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა აკმაყოფილებდა თუ არა, ყველა დანარჩენ იმ პირობებს, რაც მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისათვის არის დადგენილი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ IX თავით (მუხლები 42-45) და შემოიფარგლა მხოლოდ იმის კვლევით, რომ სზ-6-ში მიზანშეუწონელი იყო საკულტო ნაგებობის მშენებლობა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსარჩელეთა უფლებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ ქალაქგანვითარების გარკვეული ხედვების ინტერესზე მითითება კი, სასამართლომ არ მიიჩნია კანონშესაბამისად და არ ჩათვალა მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის საკმარის საფუძვლად.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 43-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის კანონმდებლობასთან შესაბამისობას და კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ამტკიცებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს.
მოქმედი სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებით ეს გამოსაკვლევ საკითხთა ისეთი წრეა, რომელიც მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს გამოსაკვლევი და გადასაწყვეტია, რაც უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს წმინდა დისკრეციას განეკუთვნება და სასამართლო ამ მხრივ ვერ შეზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
როგორც სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას არ გამოუკვლევია და არ აუსახავს თავის გადაწყვეტილებაში, მოსარჩელე მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებული მუსლიმი თემის კერძო ინტერესისა და თვითმმართველობის საჯარო ინტერესის პროპორციულობის საკითხი, როდესაც ეს წარმოადგენდა მნიშვნელოვან ფაქტორს, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობისა და თანასწორობის პრინციპის გატარების დროს. ამასთან, გამოკვლევისა და შეფასების გარეშე არის დარჩენილი ის გარემოებები, რაც დაკავშირებულია მოსარჩელის მოთხოვნის კანონშესაბამოსობასთან, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, სამშენებლო პირობებისა და რეგულაციების დაკმაყოფილების მხრივ.
ამ ყველაფერთან ერთად, რაც დისკრეციას და არათანაბარ მოპყრობას შეეხება, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გააანალიზოს ყველა სხვა სამშენებლო რეგულაციები, სრულყოფილად და ამომწურავად უნდა იქნას გამოკვლეული ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობა, იმისათვის, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზნის გათვალისწინებით, ქალაქგეგმარებითი ან/და საინვესტიციო კონკრეტული გეგმების განხორციელებასთან დაკავშირებით, მიიღოს კანონშესაბამისი და სწორი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა საფუძველი, მოსარჩელის მოთხოვნის გამართლებული შეზღუდვისა, თუ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.
სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის 2017 წლის 1-ლი მაისის უარყოფითი დასკვნისა, სპეციალური ზონალური შეთანხმების შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ ყოფილა შეზღუდული, ამ საკითხებზე თავისუფლად ემსჯელა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო, კომისიის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის ამ დასკვნაზე დაფუძნებული უარი, ფორმალურ ხასიათს ატარებს.
მიუხედავად იმისა, რომ სადავო აქტების გამოცემის პროცესში სასამართლოს მიერ დადგენილია დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–--------------ს“ მოთხოვნის თავიდან განხილვის პროცესში მერიის მიერ გათვალისწინებული უნდა იქნას ამ გადაწყვეტილებაში მითითებული ყველა სხვა გარემოება, სახალხო დამცველის დასკვნა საკითხთან დაკავშირებით, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ და საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებები.
სასამართლო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ სადავო აქტებით მოსარჩელე მხარისათვის უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს, სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის საჭიროება და ამ მხრივ საპროექტო მიწის ნაკვეთის შეუსაბამობა დადგენილ სამშენებლო ნორმებთან, თუმცა სადავო აქტებში დასაბუთებული არ არის, კონკრეტულად რაში გამოიხატება სატრანსპორტო საშუალებებისთვის ასეთი განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის საჭიროება, როდესაც დაინტერესებული პირის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, რაც წარდგენილი იყო ქალაქ ბათუმის მერიისათვის, გათვალისწინებულია ავტოსადგომი და ამასთან, საქართველოს მთავრობის №57-ე დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ თანახმად, სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის გადაწყვეტას და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენას, მშენებლობის ნებართვის გაცემის ეს სტადია არ ითვალისწინებს. მიწის ნაკვეთთან მისასვლელი და შიგასაავტომობილო გზების, ავტოსადგომების, მათ მოწყობისა და ა.შ. მონაცემები „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 47-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მე-2 სტადიის, არქიტექტურული პროექტის შემადგენელ ნაწილს.
ამიტომ, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, ამ ზოგადი სამართლებრივი მიდგომიდან კონკრეტულ შემთხვევაში თუ არსებობს განსაკუთრებული პირობები, რაში გამოიხატება ისინი, რაც აუცილებელს ხდის მშენებლობის ნებართვის 1-ელ სტადიაზევე ინფრასტრუქტურის მოწყობის გეგმის ქონის აუცილებლობას და რატომ ენიჭება მას პრიმატი, მოსარჩელის მოთხოვნის შესახებ კერძო ინტერესთან შეფარდებით.
მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული გარემოებების სრულყოფილი შესწავლის, გამოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების გზით უნდა შეამოწმოს, სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს თუ არა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის; „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის; „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების; „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59-ე დადგენილების; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის №14 სექტემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მოთხოვნებს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–--------------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი, „სპეციალური (ზონალურ) შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 მაისის №მ---- ბრძანება და „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 მაისის №მ---- ბრძანება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–--------------ს“ განცხადებაზე, სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–--------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. დადგინდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული დისკრიმინაცია, ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–--------------ს“ მიერ მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას.
3. ბათილად იქნას ცნობილი „სპეციალური (ზონალურ) შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 მაისის №მ---- ბრძანება და „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 მაისის №მ---- ბრძანება;
4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–--------------ს“ განცხადებაზე, სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე.
5. ა(ა)იპ „ბ------–------–------------–-----–--------------ს“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
6. მოპასუხე მხარეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, 50 ლარი.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე