გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
330210019002844472
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2386-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე სს „მ----------------------“

წარმომადგენელი გი----------------

მოპასუხე ბ-----------

დავის საგანი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე

ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ბ-----------სათვის მოსარჩელე სს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 3 214 ლარის გადახდის დაკისრება.

 

1.2. მოპასუხე ბ-----------სათვის მოსარჩელე სს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სარგებლის 2 532.18 ლარის გადახდის დაკისრება.

 

1.3. მოპასუხე ბ-----------სათვის მოსარჩელე სს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი 100 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2017 წლის 08 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება ND----------, რომლის საფუძველზე მსესხებელს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადაეცა სესხი 3 214 ლარის ოდენობით.

 

მსესხებელი ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმდაგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად.

 

სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი ოპელ ვექტრა.

 

ხელშეკრულების შესაბამისად, 2017 წლის 08 ივლისს მოპასუხეს გადაეცა სესხი 3214 ლარის ოდენობით.

 

მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2018 წლის 30 მარტს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. ავტომობილი გაიყიდა 750 ლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად: 324 ლარით სრულად გაიქვითა დარიცხული პირგასამტეხლო, 426 ლარით ნაწილობრივ გაიქვითა დარიცხული სარგებელი.

 

გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისათვის მოპასუხეს სს „მ----------------------ს“ მიმართ ერიცხებოდა სესხის ძირითადი თანხა 3214 ლარი, რეალიზაციის შემდეგ სარგებლიდან გადასახდელი დარჩა 920.81 ლარი და შემდეგ გადაუხდელ თანხაზე დარიცხული სარგებელი 1612 ლარი.

 

2017 წლის 23 ოქტომბერს მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, გზავნილი ჩაბარდა მსესხებელს, თუმცა მისი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

 

სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით 2018 წლის 20 დეკემბერს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მსესხებელს და მიეცა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა მისი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

 

მსესხებელს 2019 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 5 846.81 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. ნასყიდობის საგანი იყო ნაკლიანი, რის გამოც უარი განაცხადა სესხის დაფარვაზე.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 08 ივლისს შპს „მ----------------------ა“ და ბ-----------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება ND----------, რომლის თანახმად, საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობაა 4000 ლარი.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სესხის თითოეული ნაწილის გადაცემის შესახებ მხარეთა შორის შედგება საკრედიტო შეთანხმება, რომელიც ავტომატურად იქცევა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად.

 

მხარეთა შორის 2017 წლის 08 ივლისს გაფორმებული საკრედიტო შეთანხმების თანახმად, გამსესხებელმა შპს “მ-----------------------“ მსესხებელზე გასცა სესხი 3214 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 36 თვე.

 

სესხი პროცენტიანია და სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%.

 

ხელშეკრულების თანახმად, სესხის დაბრუნება და მასზე დარიცხული სარგებლის ყოველთვიურად 195 ლარის ოდენობით გადახდა განხორციელდება 36 თვის განმავლობაში ეტაპობრივად, იმდაგვარად, რომ მსესხებელი ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავს სესხს და გადაიხდის სესხის სარგებელს. სესხისა და სარგებლის გადასახდელი ნაწილის (თანხის) ოდენობა და მათი გადახდის პერიოდულობა განსაზღვრულია ხელშეკრულების დანართი N1-ში მოცემული გადახდის გრაფიკით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება;

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ.

 

3.1.2. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დაიტვირთა მსესხებლის ბ-----------ს კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, მარკა მოდელი ოპელ ვექტრა, სარეგისტრაციო ნომერი: D------, გამოშვების წელი 1995.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება.

 

3.1.3. ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი თოთხმეტი დღით გადააცილებს რომელიმე საკრედიტო შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც მსესხებლისათვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც, ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისათვის სესხის თითოეული ნაწილის გადახდა. ამასთანავე, მსესხებელს აგრეთვე ეკისრება სესხის თითოეული ნაწილის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება.

 

3.1.4. 2017 წლის 23 ოქტომბერს მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, გზავნილი ჩაბარდა მსესხებელს, თუმცა მისი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 2017 წლის 23 ოქტომბრის წერილი.

- უკუგზავნილი.

 

3.1.5. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2018 წლის 30 მარტს სს „მ-----------------------“ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია, 750 ლარად, საიდანაც 324 ლარით დაიფარა დარიცხული პირგასამტეხლო, 426 ლარით -დარიცხული 1346.81 ლარიდან სარგებლის ნაწილი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 2018 წლის 30 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება.

- 2018 წლის 20 დეკემბრის წერილი.

 

3.1.6. შპს „მ----------------------ა“ და შპს „ჯ-------------“ შორის 2017 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „მ----------------------ს“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მიიღო შესრულებული სამუშაო, ავტომობილის OPEL VECTRA-ს ღირებულების შეფასება შედარების მეთოდით.

 

აღნიშნული მომსახურების ღირებულება შეადგენს 100 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 2017 წლის 26 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 370-ე, მე-400, 276-ე, 316-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 625-ე, 403-ე, 54-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 370-ე მუხლი აწერიგებს ისეთ სამართალურთიერთობას, როდესაც სახეზეა, ორი დამოუკიდებელი ხელშეკრულება, რომლებიც, ეკონომიკური თვალსაზრისით, მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ხელშეკრულებათა მჭიდრო ეკონომიკური კავშირი აღნიშნული სამართალურთიერთობის ერთიან ხელშეკრულებად აღქმის შესაძლებლობას იძლევა, რაც საერთ ჯამში, კანონმდებლის მიერ სამომხმარებლო კრედიტად არის წოდებული. ხელშეკრულებათა ერთიანი ეკონომიკური კავშირი ის ძირითადი ინდიკატორია, რითაც 370-ე მუხლით გათვალისწინებული სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება საბანკო ურთიერთობებში მოქმედი სამომხმარებლო კრედიტის ცნებისაგან განსხვავდება (მარტივი სამომხმარებლო კრედიტი). მარტივი სამომხმარებლო კრედიტი, რომელიც საბანკო პრაქტიკაში „სამომხმარებლო სესხადაც“ იწოდება, არის კრედიტი, რომელსაც მომხმარებელი პირადი მოხმარებისათვის, გარკვეული საქონლის ან მომსახურების შესაძენად იღებს. მარტივი სამომხმარებლო კრედიტით მომხმარებელს შეუძლია უზრუნველყოს საყოფაცხოვრებო ტექნიკის, წვრილმანი საოჯახო ნივთების, ყოველდღიური მოხმარების საგნების, მოგზაურობისა და სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსება. მარტივი სამომხმარებლო კრედიტი, როგორც წესი, მოკლევადიანია და შესაბამისად ძვირი სხვა სესხებთან (კრედიტებთან) შედარებით საპროცენტო განაკვეთი, ძირითადად დამოკიდებულია სესხის ვადაზე, მოცულობასა და მომხმარებლის შემოსავალზე. მარტივი სამომხმარებლო კრედიტი (სესხი), როგორც წესი, არაუზრუნველყოფილია და მხოლოდ ფიზიკურ პირებზე გაიცემა. საბანკო ურთიერთობებში დამკვიდრებული ტერმინი -სამომხმარებლო კრედიტი (მარტივი სამომხმარებლო კრედიტი) არ ქმნის ეკონომიკურ ერთიანობას იმ ხელშეკრულებებთან, რა მიზნითაც კრედიტის მიმღები სამომხმარებლო კრედიტს იღებს. მართალია, სამომხმარებლო კრედიტი მიზნობრივია, თუმცა კრედიტის მიმცემი აღნიშნული მიზნის მიღწევის გარანტიას არ იძლევა და არც მიზნის მიუღწევლობის რისკებს იღებს თავის თავზე. იგი საკრედიტო ხელშეკრულების მომზადების ან დადების დროს არც იმ მესამე პირის მონაწილეობას იყენებს, რომელთანაც მსესხებელი მიზნობრივი კრედიტის საფუძველზე სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედის. შესაბამისად, თუ სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე, სესხის მიმღებს მესამე პირმა ხელშეკრულება დაურღვია, რის საფუძველზეც სესხის მიმღებს მის მიმართ დასაბუთებული შესაგებლის წარდგენის უფლება წარმოეშვა,სესხის მიმღები აღნიშნული შესაგებლით საკრედიტო დაწესებულების წინააღმდეგ ვერ ისარგებლებს. ამდენად, ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებო ტერმინოლოგიურ კონტექსტში მარტივი სამომხმარებლო კრედიტი (სესხი) მიზნობრივია, თუმცა მიზნობრივ ხელშეკრულებასთან ერთად ეკონომიკურ ერთიანობას არ ქმნის, რადგან მიზნობრივი ხელშეკრულება საკრედიტო ხელშეკრულებისაგან დამოუკიდებელია, როგორც სამართლებრივი, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. სამოქალაქო კოდექსის 370-ე მუხლის სიტყვა-სიტყვითი განმარტების შედეგად,სამომხმარებლო კრედიტი ორი თვისობრივად დამოუკიდებელი, თუმცა, ერთმანეთზე ეკონომიკური თვალსაზრისით დამოკიდებული ხელშეკრულებისაგან შედგება. აღნიშნული ხელშეკრულებები ნორმის ტექსტში სახელდებით არის მოცემული. ესენია საბანკო კრედიტისა და ნასყიდობის ხელშეკრულებები. დასახელებულ ხელშეკრულებათა ეკონომიკური ერთიანობა გამოიხატება არამხოლოდ იმაში, რომ კრედიტი შესასყიდი ფასის დაფინანსებას ემსახურება, არამედ იმაშიც, რომ კრედიტის გამცემი, საკრედიტო ხელშეკრულების მომზადების ან დადების დროს, გამყიდველის მონაწილეობას იყენებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 370-ე მუხლის ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტების შედეგად, სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებაში, ნაცვლად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა, შეიძლება არსებობდეს სესხის ხელშეკრულება (623), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების ნაცვლად - საქონლის მიწოდების სხვა ხელშეკრულება ან მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. 370-ე მუხლის შემადგენლობას იძლევა დასახელებულ ხელშეკრულებათა ისეთი ურთიერთკავშირი, როდესაც სესხი მთლიანად ან ნაწილობრივ მეორე ხელშეკრულების დაფინანსებას ემსახურება და ორივე ხელშეკრულება ეკონომიკურ ერთიანობას ქმნის.

 

ამდენად, სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება, ისეთ ხელშეკრულებათა ეკონომიკური ერთიანობაა, როდესაც ერთი ხელშეკრულებით (სესხი, საბანკო კრედიტი), მეორე ხელშეკრულება (ნასყიდობა, საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევის სხვა ხელშეკრულება) ფინანსდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებითა და მის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებით სესხის გაცემის თაობაზე, არ დასტურდება, რომ სესხის გაცემის მიზანს წარმოადგენდა ავტომანქანის შეძენა. აქედან გამომდინარე, მოპასუხის უარი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებაზე, იმ მოტივით, რომ მესამე პირისაგან შეძენილი ავტომანქანა ნაკლიანი იყო, უსაფუძვლოა, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ გაცემული სესხი წარმოადგენს, სამოქალაქო კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებულ სამომხმარებლო სესხს, რომლითაც დაფინანსდა ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

ზემოღნიშნული ნორმის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების დათქმულ დროს შესრულება კანონისმიერი პირობაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს „მ----------------------ა“ და მოპასუხე ბ-----------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა სს „მ-----------------------“ იკისრა ვალდებულება გაეცა მსესხებლისთვის სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის თანხა 3214 ლარის ოდენობით, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (გირავნობის საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეები ასეთ განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 ნაწილით.

 

კრედიტორმა სს „მ-----------------------“ გამოიყენა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ. რეალიზაციის შედეგად სესხის ძირითადი თანხა არ დაფარულა, შესაბამისად, გადასახდელი ძირი თანხაა 3214 ლარი, რომლის შესრულების ვადაც სასამართლოს მიერ სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტის დროისათვის დამდგარია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალე ბ-----------ს კრედიტორის სს „მ----------------------ს“ წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა 3214 ლარი. ამასთან, მსესხებელს ეკისრება კრედიტორის სასარგებლოდ გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში გაწეული ხარჯის, კერძოდ, ავტომანქანის შეფასების მომსახურებისათვის გადახდილი 100 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი წლიური 60 პროცენტი, მეტად დიდია. იგი ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს. სასამართლო პრაქტიკისათვის ფაქტობრივად უცნობია მხარეთა შეთანხმება სარგებლის მსგავს ოდენობაზე როგორც ბანკებთან, ასევე მიკროსაფინანსო ან ფიზიკურ პირებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში. შესაბამისად, მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობა ზემოთ მითითებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს ზემოთ უნდა ჩაითვალოს ბათილად, მისი ამორალური ხასიათის გამო. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. უნდა ითქვას, რომ მითითებული ნორმით გარკვეულწილად შეზღუდულია ადამიანის ნების გამოვლენის აბსოლუტური თავისუფლება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს თვითონ განაგოს მისი ცხოვრება, იმოქმედოს ისე როგორც მას სურს, დადოს გარიგებები, რომლებიც მისთვის მისაღებია და იტვირთოს პასუხისმგებლობა იმ სახით, როგორც ამას თვითონ გადაწყვეტს. მას შეუძლია სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე დაამყაროს ადამიანებთან მისთვის სასურველი ურთიერთობა, შესაბამისად, დადოს ისეთი სახის გარიგება, როგორც მისთვის მისაღებია, ამოირჩიოს კონტრაჰენტი, განსაზღვროს ხელშეკრულების პირობები და ა.შ. აღნიშნული უკავშირდება ნების გამოვლენის თავისუფლებას, რაც გარანტირებულია მთელი რიგი სამართლის ნორმებით. გარიგების დადების შემდეგ მხარეთა მიერ გამოხატული ნება მხარეთათვის გადაიქცევა სავალდებულოდ შესასრულებლად. მათი შემდგომი მოქმედებები კი იზღუდება მათ მიერ გარიგებაში გამოხატული ნების შესაბამისად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახელმწიფო მხარეთა მიერ ნების გამოვლენას გარიგებათა დადების დროს, აქცევს გარკვეულ ფარგლებში და მას სამართლებრივ ზღვარს უდებს. ამისი მაგალითია შემთხვევები, როდესაც კანონმდებლობა გარკვეული სახის გარიგებებს ბათილად მიიჩნევს. ამ ფარგლების გაცდენის შემთხვევაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ბათილი გარიგების ერთ-ერთ სახეს ამორალური გარიგება წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ამორალური გარიგება განმარტებულია, როგორც გარიგება, რომლებიც ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს. ზნეობის ნორმებში ყოველთვის იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანაბრობის პრინციპის დაცვას. ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის შესატყვისი უნდა იყოს მეორე მხარის ვალდებულებებთან. ამ თანაფარდობის დარღვევა ყოველთვის ბადებს გარიგების მონაწილეებზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენის, შეცდომაში შეყვანის, ან სხვაგვარი ზემოქმედების ვარაუდს, რაც ხშირად იწვევს უსამართლობისა ან უწესობის განცდას. როგორც აღვნიშნეთ, მხარეთა მიერ ვალდებულებების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. მისი უგულვებელყოფა კი გარიგებათა ბათილობის საფუძველია. ეს პრინციპი მოქმედებდა და მოქმედებს საუკუნეების განმავლობაში ევროპის უმეტეს სახელმწიფოებში. მისი მოქმედება ყოველთვის მიმართული იყო სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უსამართლო, არაკეთილსინდისიერი შედეგებისაგან დაცვისაკენ. (რომაული სამართლის მიხედვით ბათილად მიიჩნეოდა გარიგება, თუ გასაყიდი მიწის ღირებულება რეალური ღირებულების ნახევარი იყო, ასევე, ავსტრიისა და გერმანიის სამოქალაქო კოდექსების მიხედვით, მხარეებს ხელშეკრულების მოშლა შეეძლოთ, თუ მათ მიერ გაწეული სამსახური ორჯერ აღემატებოდა გადახდილ საფასურს და ა.შ.). ბევრი ქვეყანა ბათილად მიიჩნევს გარიგებებს თუ სახეზეა მხარეთა ვალდებულებათა დისპროპორცია და იგი დადებულია მეორე მხარის გონივრული განსჯის უუნარობით, ნების მნიშვნელოვანი სისუსტით, მძიმე მდგომარეობით და ა.შ (ავსტრიის, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, შვეიცარიის კანონი ,,ვალდებულებითი სამართლის შესახებ’’ და ა.შ.). აღნიშნული საკითხის მსგავსი რეგულირება ქმნის ხელშეკრულების შედარებით სუსტი მხარის დაცვის წინაპირობებს მეორე მხარის ძალმომრეობისაგან. შესაბამისად, იგი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო სამართლიანობას მხარეთა შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ამორალურ გარიგებებთან მიმართებაში შეიცავს მხოლოდ იმ დათქმას, რომ იგი არის გარიგება, რომელიც არღვევს ზნეობის ნორმებს. განსხვავებით გავლენის ბოროტად გამოყენების შედეგად ან იძულებით დადებული გარიგებებისაგან (სამოქალაქო კოდექსის 55-ე, 85-ე მუხლები), გარიგების ამორალურად მისაჩნევად აუცილებელი არ არის იმ გარემოებათა დადგენა-დადასტურება, რამაც განაპირობა ამ გარიგების დადება. საკმარისია, არსებობდეს დისპროპორცია ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორის, რომ სასამართლომ იგი მიიჩნიოს ამორალურ გარიგებად. შესაბამისად, შეუძლებელია, გარიგების ამორალური ბუნების გამორიცხვა იმის გამო, რომ არ დგინდება ერთ მხარეზე მეორე მხარის მიერ განხორცილებული იძულების ფაქტი. სამოქალაქო კანონმდებლობა არ აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ამორალურ ქმედებად, მაგრამ იგი იცავს საზოგადოებას ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებისაგან. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მორალური ღირებულებების დაცვა კანონის საფუძველზე წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული შეხედულებებისა და სამართლის ნორმების ჰარმონიზაციის ნიმუშს. კანონის შესაბამისად, ზნეობის საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ შედეგებთან და იგი იწვევს ადამიანთა მიმართ მთელი რიგი მაიძულებელი ღონისძიებების გატარებას. ზნეობის ნორმის დაუცველობა განაპირობებს ადამიანთა მიერ გამოვლენილი ნების გაბათილებას. მისი საწინააღმდეგო შეთანხმებები არარაა და მათ არანაირი სამართლებრივი შედეგების დადგომა არ უკავშირდება. ხშირად საზოგადოების მიერ ამორალურად მიიჩნევა ისეთი შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულების მხარეები ერთმანეთს უწესებენ ბევრად უფრო მძიმე მოთხოვნებს, ვიდრე ეს მართებულად მიჩნეულია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მსგავსი მოთხოვნები არ გამომდინარეობენ საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებლობიდან. პირიქით, ისინი გაუმართლებლად ლახავენ საზოგადოების წევრთა უფლებებსა და ინტერესებს, საფრთხეს უქმნიან ადამიანის მთელ რიგ ღირებულებებს. ასეთი სახის შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს განუზომლად მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაკისრება. შეუძლებელია, წლიური 60 პროცენტიანი განაკვეთის არსებობა გონივრულად ჩაითვალოს. შესაბამისად, უნდა გაბათილდეს მხარეთა მიერ დათქმული საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, 30%-ის ნაწილში, რომელიც ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ, დარჩენილი სარგებელი 920.81 ლარი და 2018 წლის 30 მარტიდან 2019 წლის 31 იანვრამდე პერიოდში დარიცხული სარგებელი - 1612 ლარი, ჯამში, 2532.81 ლარი, უნდა განახევრდეს, სარგებლის შესახებ შეთანხმების ნაწილობრივ ბათილად ცნობის გამო და მსესხებლის დავალიანება ამ ნაწილში განისაზღვროს 1266. 40 ლარით. შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია მსესხებლისაგან სარგებლის სახით მოითხოვოს ამ თანხის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 137.41 ლარის გადახდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „მ----------------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ბ-----------ს მოსარჩელე სს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის - 3214 ლარის გადახდა;

1.2. დაეკისროს მოპასუხე ბ-----------ს მოსარჩელე სს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სარგებლის 1266.40 ლარის გადახდა.

1.3. დაეკისროს მოპასუხე ბ-----------ს მოსარჩელე სს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ბ-----------ს მოსარჩელე სს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ 137.41 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია