გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.11.2019
საქმის ნომერი
330310019003048263
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4622-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე - მა---- ვა---–---–ი

წარმომადგენელი - თე----- გო----ე

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - სი---- ბე------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ზიანის ანაზღაურების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე მა---- ვა---–---–ისათვის სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 10 აგვისტოს №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მა---- ვა---–---–ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, 2007 წლის დეკემბრამდე, მისი ოჯახის წევრებისათვის დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობით;

 

1.4. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 2007 წლის დეკემბრიდან, 2017 წლის აპრილის ჩათვლით 22000 ლარის ოდენობით;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემის და ზიანის ანაზღაურების დავალების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის მშობლებს - ლამარა ვა---–---–ს და დავით ვა---–---–ს, მარჩენალი შვილის დაკარგვის გამო, 1997 წლის 1 იანვრიდან „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაენიშნათ სახელმწიფო პენსია ოჯახის თითოეულ წევრზე.

 

2006 წლის 1 მარტიდან, ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის ოდენობა გაიზარდა 5 ლარით, ხოლო იმავე წლის 1 სექტემბრიდან კიდევ 5 ლარით, თუმცა იმის გამო, რომ მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის ოჯახის წევრთა სახელმწიფო კომპენსაციის და ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის გაერთიანება ერთ გასაცემლად განხორციელდა 2007 წლის 1 აგვისტოდან და სახელმწიფო პენსიის აღნიშნული მატება არ უნდა ასახულიყო იმ პირებზე, რომელთაც ერთდროულად ჰქონდათ დანიშნული ორი სახელმწიფო გასაცემელი (სახელმწიფო კომპენსაცია და სახელმწიფო პენსია), შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ 2006 წლის 1 მარტიდან, 2007 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის ოჯახის წევრთა მიერ მიღებული გაზრდილი სახელმწიფო პენსია, ჯამში 140 ლარის ოდენობით, ზედმეტად იყო ჩარიცხული, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული თანხის, ეტაპობრივად, სახელმწიფო კომპენსაციიდან დაკავების თაობაზე.

მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის მამის - დავით ვა---–---–ის გარდაცვალების თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, სსიპ სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზიდან ცნობილი გახდა 2007 წლის ნოემბერში, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის დედას - ლამარა ვა---–---–ს 2007 წლის 1 დეკემბრიდან შეუჩერდა სახელმწიფო კომპენსაციის და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის მამის - დავით ვა---–---–ის გარდაცვალების თარიღად ფიქსირდებოდა 2005 წლის 3 ოქტომბერი, ხოლო მისმა მეუღლემ - ლამარა ვა---–---–მა ამის თაობაზე არ განაცხადა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, 2005 წლის 1 ნოემბრიდან 2007 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად ჩარიცხული თანხა - 1730.25 ლარი დაკავებული იქნა მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის დედის - ლამარა ვა---–---–ის სახელმწიფო კომპენსაციიდან, მის სრულ დაფარვამდე. ამასთან, 2007 წლის 1 დეკემბრიდან, მას აღუდგა სახელმწიფო კომპენსაციის და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება.

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2011 წლის 1 დეკემბრიდან განხორციელდა ზედმეტად ჩარიცხული თანხების ლეგალიზაცია, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ შეწყვიტა მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის დედისათვის - ლამარა ვა---–---–ისათვის ზედმეტად ჩარიცხული თანხების დაკავება და მისი სახელმწიფო კომპენსაციის ყოველთვიურმა ოდენობამ შეადგინა 78.54 ლარი.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, იმის გამო, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციები, 2013 წლის 1 აპრილიდან დაექვემდებარა გადაანგარიშებას, ხოლო მა---- ვა---–---–მა, როგორც მისი დედის - ლამარა ვა---–---–ის მინდობით აღჭურვილმა პირმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა 2016 წლის 7 მარტს, მისი ოჯახის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდა 2016 წლის 1 აპრილიდან და მის ოჯახს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 195 ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №0------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 22-23);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებები (ს.ფ. 87-91);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.2. მოსარჩელე მა---- ვა---–---–მა 2018 წლის 14 მაისს, განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა მისი ოჯახისათვის 2007 წლის 1 დეკემბრიდან, 2017 წლის აპრილის ჩათვლით, არასწორი გაანგარიშების გამო მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №0------- წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც მის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორთან, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 10 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილებით მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადება (ს.ფ. 19);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №0------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 22-23);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 10 აგვისტოს №0------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მა---- ვა---–---–ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული კოდექსის 202-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე მა---- ვა---–---–ისათვის სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 10 აგვისტოს №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რომლითაც მის ოჯახს დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი, მათ შორის შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის მოთხოვნა მის სასარგებლოდ 2007 წლის 1 დეკემბრიდან, 2017 წლის აპრილის ჩათვლით, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 22000 ლარის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის მიღება კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის მოთხოვნა ეფუძნება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი გასული წლების მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან მეორე მსოფლიო ომში და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპულ (უგზო-უკვლოდ დაკარგულ) ან იქ მიღებული ჭრილობის, დასახიჩრების, კონტუზიისა და სხვა დაავადების შედეგად გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების ერთ-ერთი საფუძველია მარჩენალის გარდაცვალება. ამასთან, იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრთათვის სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის პირობები რეგულირდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ ან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, 1996-1997 წლებში მოქმედი რედაქციის 26-ე მუხლის მიხედვით, მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში პენსიის მიღების უფლება ჰქონდათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი დაღუპული (გარდაცვლილი) მარჩენალის ოჯახის წევრებს, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ და ოჯახის შრომისუუნარო წევრებად ითვლებოდნენ დედა, მამა, ცოლი, ქმარი, თუ მათ შეუსრულდათ საპენსიო ასაკი: ქალებს 60 წელი, მამკაცებს - 65 წელი ან არიან ინვალიდები.

 

მითითებული კანონის, იმავე რედაქციის 32-ე და 33-ე მუხლების შესაბამისად, თუ მეორე მსოფლიო ომსა და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში, რომლებიც მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, დაღუპულთა (გარდაცვლილთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) შრომისუუნარო მშობლებს და მეუღლეს ჰქონდათ სხვადასხვა ორგანოებიდან ორი სახის პენსიის მიღების უფლება, დაენიშნებოდათ ორივე. მარჩენალის დაკარგვის გამო დადგენილია შემდეგი ოდენობის პენსია: ა) ამ კანონის მე-19 მუხლის "ა" მუხლის "ა" პუნქტში აღნიშნული მიზეზების შედეგად დაღუპულ (გარდაცვლილ) პირველი მუხლის "ა" პუნქტში და 26-ე მუხლში ჩამოთვლილ პირთა ოჯახის ყოველ შრომისუუნარო წევრზე - 50 პროცენტი ფულადი სარგოსი, რომელიც დადგენილია კანონის მე-10 მუხლით. ამავე ოდენობით მიეცემათ პენსია დედ-მამით ობოლ ბავშვებს. ბ) ამ კანონის მე-19 მუხლის "ბ" პუნქტში აღნიშნული მიზეზების შედეგად დაღუპულთა (გარდაცვლილთა) პირველი მუხლის "ა" პუნქტში და 26-ე მუხლში ჩამოთვლილ პირთა ოჯახის ყოველ შრომიუუნარო წევრზე - 40 პროცენტი ფულადი სარგოსი,რომელიც დადგენილია კანონის მე-10 მუხლით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის მშობლებს - ლამარა ვა---–---–ს და დავით ვა---–---–ს, მარჩენალი შვილის დაკარგვის გამო, 1997 წლის 1 იანვრიდან „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაენიშნათ სახელმწიფო პენსია ოჯახის თითოეულ წევრზე.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ 2006 წლის 1 მარტიდან, ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის ოდენობა გაიზარდა 5 ლარით, ხოლო იმავე წლის 1 სექტემბრიდან კიდევ 5 ლარით, თუმცა იმის გამო, რომ მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის ოჯახის წევრთა სახელმწიფო კომპენსაციის და ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის გაერთიანება ერთ გასაცემლად განხორციელდა 2007 წლის 1 აგვისტოდან და სახელმწიფო პენსიის აღნიშნული მატება არ უნდა ასახულიყო იმ პირებზე, რომელთაც ერთდროულად ჰქონდათ დანიშნული ორი სახელმწიფო გასაცემელი (სახელმწიფო კომპენსაცია და სახელმწიფო პენსია), შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ 2006 წლის 1 მარტიდან, 2007 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის ოჯახის წევრთა მიერ მიღებული გაზრდილი სახელმწიფო პენსია, ჯამში 140 ლარის ოდენობით, ზედმეტად იყო ჩარიცხული, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული თანხის, ეტაპობრივად, სახელმწიფო კომპენსაციიდან დაკავების თაობაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არა აქვს გამოკვლეული და მითითებული ის სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა გამოც პენსიის გაზრდა არ გავრცელდა მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის ოჯახის წევრებზე და მითითებულ პერიოდში ჩარიცხული პენსიის ნაწილი ჩაითვალა ზედმეტად, უსაფუძვლოდ ჩარიცხულად.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის მამის - დავით ვა---–---–ის გარდაცვალების თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, სსიპ სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზიდან ცნობილი გახდა 2007 წლის ნოემბერში, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის დედას - ლამარა ვა---–---–ს 2007 წლის 1 დეკემბრიდან შეუჩერდა სახელმწიფო კომპენსაციის და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის მამის - დავით ვა---–---–ის გარდაცვალების თარიღად ფიქსირდებოდა 2005 წლის 3 ოქტომბერი, ხოლო მისმა მეუღლემ - ლამარა ვა---–---–მა ამის თაობაზე არ განაცხადა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, 2005 წლის 1 ნოემბრიდან 2007 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად ჩარიცხული თანხა - 1730.25 ლარი დაკავებული იქნა მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის დედის - ლამარა ვა---–---–ის სახელმწიფო კომპენსაციიდან, მის სრულ დაფარვამდე. ამასთან, 2007 წლის 1 დეკემბრიდან, მას აღუდგა სახელმწიფო კომპენსაციის და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება.

 

სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას ოჯახის მარჩენალდაკარგულ წევრებს შორის. ოჯახს უფლება აქვს, აირჩიოს ამ კანონით ან საქართველოს კანონმდებლობით მარჩენალის გარდაცვალების გამო ოჯახისთვის განსაზღვრული სხვა სარგებლის მიღების უფლება.

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი და არა ოჯახის წევრთა ინდივიდუალური სარგებელი. შესაბამისად, კომპენსაციის მიმღები ოჯახის წევრის გარდაცვალება რატომ წარმოშობს სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივ საფუძველს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არ არის გამოკვლეული, შეფასებული და დასაბუთებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში გამოკვლეული და მითითებული არ არის, ასევე 2011 წლის 1 დეკემბრიდან დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის - 78.54 ლარის კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, იმის გამო, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციები, 2013 წლის 1 აპრილიდან დაექვემდებარა გადაანგარიშებას, ხოლო მა---- ვა---–---–მა, როგორც მისი დედის - ლამარა ვა---–---–ის მინდობით აღჭურვილმა პირმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა 2016 წლის 7 მარტს, მისი ოჯახის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდა 2016 წლის 1 აპრილიდან და მის ოჯახს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 195 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ქვემოთ ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია არ ექვემდებარება გადაანგარიშებას ამ კანონის III, IV, V და VI თავების მიხედვით, კერძოდ აქართველოს კანონით „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“.

ამრიგად, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არა აქვს გამოკვლეული, შეფასებული და დასაბუთებული 2013 წლის 1 აპრილიდან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის ოჯახისათვის უკვე დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, მოსარჩელის ოჯახის მიერ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გამოკვლეული და დასაბუთებული.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებშიც კი, თუ მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის ოჯახისათვის დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია კანონით დაექვემდებარა გადაანგარიშებას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გამოკვლეული და დასაბუთებული რატომ იყო ამისათვის კომპენსაციის მიმღები ოჯახის წევრის განცხადება აუცილებელი და მისი წარუდგენლობა რატომ უნდა გამხდარიყო სახელმწიფო კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი მაშინ, როდესაც უკვე დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილებას წარმოადგენს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

მითითებული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების მიხედვით, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.

 

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო, ზემოაღნიშნული გარემოებების გამო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს თითქმის არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.

 

ამრიგად, სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე მა---- ვა---–---–ისათვის სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 10 აგვისტოს №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და მოპასუხემ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, ზემოთ აღნიშნული გარემოებების საფუძვლიანად გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №0------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 10 აგვისტოს №0------- წერილობითი მიმართვებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რამდენადაც იგი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც ისინი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად უნდა იქნეს ბათილად ცნობილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მა---- ვა---–---–თან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს, გამომდინარე იქედან, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მა---- ვა---–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 12 ივნისის №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე მა---- ვა---–---–ისათვის სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 10 აგვისტოს №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე მა---- ვა---–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მა---- ვა---–---–თან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით და ვადაში;

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დავით წერეთელი