გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210019003036059
№2-1873/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 აგვისტო, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე ი/მ მ-------- ნ-------
წარმომადგენელი ნ------------ა
მოპასუხე სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
წარმომადგენელი ა-–------–---–-–---–ი, მ-------- კ------ე, გ-------------
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს მოსარჩელე ი/მ მ-------- ნ-------ს სასარგებლოდ დაეკისროს 10 874,26 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან სარჩელს და განმარტავენ, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს იმ თანხას, რომელიც მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად და რომელიც ხელშეკრულების შესაბამისად შემსყიდველის მიერ გაქვითული იქნა გადასახდელი თახიდან. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 3 ოქტომბერს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა (შემდგომში ,,შემსყიდველი”) და ი/მ მ-------- ნ-------ს (შემდგომში ,,მიმწოდებელი”) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №245 ხელშეკრულება, რომლის თანახმად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება 112 111.97 ლარად შეესრულებინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს საბადრაგო მიშენებისა და შიდა ინტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ხელშეკრულების 6.1, 6.2. და 6.3. პუნქტებით განისაზღვრა, შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესი, კერძოდ: სამუშაოების მიღება-ჩაბარება წარმოებს ეტაპობრივად, არანაკლებ 30 000 ლარის ღირებულების შესრულების შესაბამისად, ორმხრივად ხელმოწერილი ფორმა №2-ების და მათზე ექსპერტიზ(ებ)ის დადებითი დასკვნის გათვალისწინებით. ფორმა №2 წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ასახავს სამუშაოების შესრულებას და რომელიც შემსყიდველის მხრიდან ხელმოწერილია უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ; სამშენებლო სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ექსპერტიზის დასკვნის/ების გათვალისწინებით მხარეთა შორის დგება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი; იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზისთვის წარდგენილი ფორმა №2(ებზე) შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა გულისხმობს ფორმა №2 (ების) კორექტირებას, ანგარიშსწორების საფუძველს წარმოადგენს კორექტირებული ფორმა №2.
ხელშეკრულების 7.1. მუხლის თანახმად სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №245;
3.1.2. 2019 წლის 28 იანვარს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს წერილობით მიმართა ი/მ მ-------- ნ-------ს წარმომადგენელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ, მაგრამ ფორმა №2 წარადგინა დაგვიანებით 2019 წლის 12 თებერვალს, ფორმა №2 შეიცავდა გარკვეულ ხარვეზებს, რის თაობაზეც სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 13 თებერვალს წერილობით ეცნობა ი/მ მ-------- ნ-------ს. 2019 წლის 19 თებერვალს ი/მ მ-------- ნ-------ს მიერ კვლავ წარდგენილი იქნა სხვა შესწორებული ფორმა №2, აღნიშნული ფორმა №2-იც შეიცავდა ხარვეზებს, რის შესახებაც 2019 წლის 26 თებერვალს კვლავ ეცნობა წერილობით ი/მ მ-------- ნ-------ს. 2019 წლის 1 მარტს ი/მ მ-------- ნ-------მ წერილობით მიმართა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს და წარადგინა კორექტირებული ფორმა №2, რომლიც შესაბამისობაში იყო 2018 წლის 3 ოქტომბრის ხელშეკრულებასთან და ფაქტიურად შესრულებულ მოცულობებთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №245;
- ი/მ მ-------- ნ-------ს წერილი 28.01.2019წ;
- სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2019 წლის 13 თებრვლის №03-1360 წერილი;
- ი/მ მ-------- ნ-------ს წერილი 19.02.2019წ;
- სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2019 წლის 26 თებრვლის №03-1876 წერილი;
- ი/მ მ-------- ნ-------ს წერილი 01.03.2019წ;
3.1.3. 2019 წლის 7 მარტს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, 2018 წლის 3 ოქტომბრის ხელშეკრულების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მოცულობასა და ხარისხთან მიმართებაში. 2019 წლის 22 აპრილის №002694019 დასკვნით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომ დაადგინა, რომ ი/მ მ-------- ნ-------ს მიერ შესრულებული სამუშაოები, შეიცავდა რიგ ხარვეზებს, რომლებიც საჭიროებდა გამოსწორებას, აღნიშნულის თაობაზე 2019 წლის 24 აპრილს წერილობით მიმართა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა მოსარჩელეს და №002694019 დასკვნის საფუძველზე მოითხოვა ხარვეზების გამოსწორება, რომელიც გამოსწორებული იქნა ი/მ მ-------- ნ-------ს მიერ და დადასტურდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 2 მაისის №5002698319 დასკვნით.
2019 წლის 8 მაისს მხარეთა შორის შედგა სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც საბოლოოდ დადასტურდა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და ი/მ მ-------- ნ-------ს შორის 2018 წლის 3 ოქტომბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №245 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაობის დასრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №245;
- ი/მ მ-------- ნ-------ს წერილი 28.01.2019წ;
- სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2019 წლის 7 მარტის №03-2286 წერილი;
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 22 აპრილის №002694019 დასკვნა;
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 22 აპრილის №002694019 დასკვნა;
- სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2019 წლის 24 აპრილის №03-3992 წერილი;
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 2 მაისის №5002698319 დასკვნა;
- 08.05.2019 წ მიღება-ჩაბარების აქტი;
3.1.4. ხელშეკრულების მე-13 მუხლით განისაზღვარა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რომლის 13.1. პუნქტის თანახმად „ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 1 მაისის ჩათვლით“. 2019 წლის 30 აპრილს ი/მ მ-------- ნ-------ს და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმება №245/2, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №245 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, კერძოდ- შევიდა ცვლილება ხელშეკრულების მე-13 მუხლის 13.1. პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „13.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა შორის მისი ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 13 მაისის ჩათვლით“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №245;
-30.04.2019წ ურთიერთშეთანხმება №245/2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №245 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
3.1.5. ხელშეკრულების 4.1. მუხლით შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 112 111,97 ლარით. 2019 წლის 10 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება №3, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №245 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №002694019 და №5002698319 დასკვნების გათვალისწინებით, დაკორექტირდა ხარჯთაღრიცხვა და შემცირდა ხელშეკრულების ღირებულება 6 563, 26 ლარით, რის შემდეგაც ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 105 548,71 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №245;
-10.05.2019წ შეთანხმება, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №245 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 22 აპრილის №002694019 დასკვნა;
-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 2 მაისის №5002698319 დასკვნა;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ხელშეკრულების მე-7 მუხლით განისაზღვრა სამუშაოების შესრულების პირობები და გარანტია, კერძოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 7.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ „დრო რომელიც ესაჭიროება შემსყიდველს ექსპერტიზის განსახორცილებლად არ ჩაითვლება სამუშაოების შესრულების სავალდებულო ვადებში. ამასთან ექსპერტიზის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ხარვეზის/შეუსრულებლობის დადგენის შემთხვევაში, ექსპერტიზის მიმდინარეობის ვადა მიეთვლება ხარვეზის გამოსასწორებელ ვადას და მთელ პერიოდზე დაირიცხება პირგასამტეხლო ჯამური ღირებულების 0.1% ოდენობით თითოეულ დღეზე. ექსპერტიზის მიერ ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, გამოსწორებულ ხარვეზზე უნდა ჩატარდეს განმეორებითი ექსპერტიზა, რომლის ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი. სამუშაო გამოსწორებული უნდა იყოს სამუშაოს სირთულის გათვალისწინებით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №245;
3.2.2. 2019 წლის 10 მაისს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ ი/მ მ-------- ნ-------ს გაეგზავნა წერილი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და მოსარჩელეს განემარტა, რომ ვინაიდან შესრულებული სამუშაოების ხარვეზების შესწორების გამო, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2019 წლის 8 მაისს, გამომდინარე ხელშეკრულების 7.2 პუნქტიდან, ი/მ მ-------- ნ-------ს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მათ შორის ექსპერტიზის დროის და ხარვეზის გამოსასწორებელი ვადის ჩათვლით, მთლიანობაში 90 დღე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1.%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 10 874,26 ლარს. ასევე აღნიშნული წერილის თანახმად სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა მოსარჩელეს აცნობა, რომ იმ დროისათვის დარჩენილი ვალდებულება ი/მ მ-------- ნ-------ს მიმართ შეადგენდა 13 548.71 ლარს, ვინაიდან ი/მ მ-------- ნ-------ს დაერიცხა პირგასამტეხლო 10 874,26 ლარის ოდენობით, მოპასუხემ გამოიყენა ხელშეკრულების მე-8 მუხლი და განუმარტა, რომ თუკი 2019 წლის 1 აგვისტომდე არ განხორციელდებოდა ი/მ მ-------- ნ-------ს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდა, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა დარჩენილი ვალდებულებიდან ჩაირიცხებოდა ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე, ხოლო მათ მიერ გადასახდელად დარჩენილი თანხა ჩაერიცხებოდა მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
ხელშეკრულების საფუძველზე, შესყიდული სამუშაოსათვის სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა ი/მ მ-------- ნ-------ს ნაცვლად 105 548,71 ლარისა, 94 674,45 ლარი გადაუხადა, სხვაობამ შეადგინა 10874.26 ლარი, რომელიც მოპასუხის მიერ გაქვითული იქნა პირგასამტეხლოს ანგარიშში.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ი/მ მ-------- ნ------- სადაოდ არ ხდის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტს, სადაოდ ხდის მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ვადებს/ოდენობას და განმარტავს, რომ ხელშეკრულების 7.2. პუნქტის შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა დაერიცხოს 2019 წლის 20 აპრილიდან 2 მაისამდე, რაც შეადგენს ვადას ექსპერტიზის ფაქტობრივი ჩატარებიდან, მის მიერ დადგენილი ხარვეზისა და განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნის პერიოდს, რაც მთლიანობაში შეადგენს 12 დღეს.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას და დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ი/მ მ-------- ნ-------ს მიერ ვადაგადაცილებული იყო 90 სამუშაო დღე, მათ შორის ექსპერტიზის დროის და ხარვეზის გამოსასწორებელი ვადის ჩათვლით და მოსარჩელეს სწორად დაერიცხა პირგასატეხლოს გადახდა 10 874.26 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №245;
-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 22 აპრილის №002694019 დასკვნა;
-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 2 მაისის №5002698319 დასკვნა;
-სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2019 წლის 10 მაისის №06-4465 წერილი;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ მ-------- ნ-------ს სასარჩელო განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 50-ე, 327-ე, 629-ე, 641-ე, 417-ე, 418-ე, 361-ე, 400-ე მუხლებით,ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
2018 წლის 3 ოქტომბერს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და ი/მ მ-------- ნ-------ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №245 ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულება თავისი არსით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას და შესაბამისად მხარეებს შორის აღნიშნული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი იქნა უფლება-მოვალეობები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის თანახმად ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ი/მ მ-------- ნ-------მ აიღო ვალდებულება ბათუმის საქალაქო სასამართლოს საბადრაგოების მიშენებისა და შიდა ინტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისა. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №245 ხელშეკრულებით და შეთანხმებით №3, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 105 548.71 ლარს. ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო მომსახურების გაწევა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში.
6.3. ხელშეკრულების 6.1. მუხლის თანახმად, სამუშაოების მიღება-ჩაბარება წარმოებდა ეტაპობრივად, ორმხრივად ხელმოწერილი ფორმა №2-ების და მათზე ექსპერტიზ(ებ)ის დადებითი დასკვნის გათვალისწინებით.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2019 წლის 28 იანვარს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს წერილობით მიმართა ი/მ მ-------- ნ-------ს წარმომადგენელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ და განაცხადა, რომ მან შეასრულა მასზე ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები, თუმცა მას არ წარუდგენია ფორმა N2, რომლის წარდგენაც აუცილებელი იყო ექსპერტიზაზე გადასაგზავნად და შემდგომში შესრულებული სამუშაოს მისაღებად. საბოლოო კორექტირებული ფორმა №2 ი/მ მ-------- ნ-------ს წარმომადგენელმა წარადგინა 2019 წლის 1 მარტს. 2019 წლის 7 მარტს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, 2018 წლის 3 ოქტომბრის ხელშეკრულების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მოცულობასა და ხარისხთან მიმართებაში. 2019 წლის 22 აპრილის №002694019 დასკვნით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, რომ ი/მ მ-------- ნ-------ს მიერ შესრულებული სამუშაოები შეიცავდა რიგ ხარვეზებს, რომლებიც საჭიროებდა გამოსწორებას, აღნიშნულის თაობაზე 2019 წლის 24 აპრილს წერილობით მიმართა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა მოსარჩელეს და №002694019 დასკვნის საფუძველზე მოითხოვა ხარვეზების გამოსწორება, რომელიც გამოსწორებული იქნა ი/მ მ-------- ნ-------ს მიერ და დადასტურდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 2 მაისის №5002698319 დასკვნით. 2019 წლის 8 მაისს მხარეთა შორის შედგა სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც საბოლოოდ დადასტურდა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და ი/მ მ-------- ნ-------ს შორის 2018 წლის 3 ოქტომბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №245 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაობის დასრულება.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 7.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ „დრო რომელიც ესაჭიროება შემსყიდველს ექსპერტიზის განსახორცილებლად არ ჩაითვლება სამუშაოების შესრულების სავალდებულო ვადებში. ამასთან ექსპერტიზის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ხარვეზის/შეუსრულებლობის დადგენის შემთხვევაში, ექსპერტიზის მიმდინარეობის ვადა მიეთვლება ხარვეზის გამოსასწორებელ ვადას და მთელ პერიოდზე დაირიცხება პირგასამტეხლო ჯამური ღირებულების 0.1% ოდენობით თითოეულ დღეზე.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ადგენს ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ არ არის შესრულებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის მოთხოვნები და ი/მ მ-------- ნ-------ს მიერ მოპასუხისათვის დროულად არ არის წარდგენილი ფორმა №2 (რომელიც არ შეიცავდა ხარვეზს და იყო კორექტირებული), აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე ი/მ მ-------- ნ-------ს მიერ ვადაგადაცილებული იყო 90 სამუშაო დღე, მათ შორის ექსპერტიზის დროის და ხარვეზის გამოსასწორებელი ვადის ჩათვლით. სწორედ, ზ/აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო წარმოეშვა მოპასუხეს მოსარჩელეზე პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-417-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.
დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულების მე-8 პუნქტით შეთანხმდნენ ანგარიშსწორების წესზე, ასევე შეთანხმდნენ, რომ „იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო, მისთვის თანხის გადარიცხვა, ასევე საბანკო გარანტიის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნება წარმოებს პირგასამტეხლოს გადახდის შემდგომ. ამასთან, თუ 2019 წლის 1 აგვისტომდე პირგასამტეხლო არ იქნება გადახდილი და მიმწოდებელმა არ მიმართა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, შემსყიდველი უფლებამოსილია გაქვითვის გზით პირგასამტეხლოს თანხა მიმართოს სახელმწიფო ხაზინის სპეციალურ ანგარისზე“ .
დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მაისს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ ი/მ მ-------- ნ-------ს გაეგზავნა წერილი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და მოსარჩელეს განემარტა, რომ ვინაიდან შესრულებული სამუშაოების ხარვეზების შესწორების გამო, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2019 წლის 8 მაისს, გამომდინარე ხელშეკრულების 7.2 პუნქტიდან, ი/მ მ-------- ნ-------ს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მათ შორის ექსპერტიზის დროის და ხარვეზის გამოსასწორებელი ვადის ჩათვლით, მთლიანობაში 90 დღე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1.%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა 10 874,26 ლარს. ასევე აღნიშნული წერილის თანახმად სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა მოსარჩელეს აცნობა, რომ თუკი 2019 წლის 1 აგვისტომდე არ განხორციელდებოდა ი/მ მ-------- ნ-------ს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდა, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა დარჩებოდა 2019 წლის 01 აგვისტომდე მოპასუხის ანგარიშზე, ხოლო შემდგომ გადაირიცხებოდა ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე, რაც საბოლოოდ განხორციელდა.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა 10 874,26 ლარის ოდენობით არის სწორედ ის პირგასამტეხლოს თანხა, რომლიც მოპასუხის მიერ დაერიცხა მოსარჩელეს ვალდებულების დარღვევის გამო და რომელიც მხარეებს შორის 2018 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანხამად შემსყიდველმა გაქვითა გადასახდელი თანხიდან. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზ/აღნიშნული თანხის მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი.
6.5. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ ი/მ მ-------- ნ-------ს სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ი/მ მ-------- ნ-------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ არსებობს მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ი/მ მ-------- ნ-------ს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე