გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2019
საქმის ნომერი
820210018002750726
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820210018002750726 (2-738/18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17.10.2019 წ. ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე: შპს "ემ------------ი"

წარმომადგენელი: ტა-----–--------ძე

მოპასუხე: თ----- თა---------–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. მოპასუხე თ----- თა---------–--ეს მოსარჩელე შპს „ემ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 900 ლარის გადახდა, საიდანაც 550 ლარი სესხის ძირი თანხაა, 102.67 ლარი - სარგებელი, 20 ლარი - ერთჯერადი ჯარიმა, 227.33 ლარი - პირგასამტეხლო.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2016 წლის 18 ნოემბერს მოპასუხე თ----- თა---------–--ესა და შპს „ემ------------ს“ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება ნომერ 4----- რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 550 ლარის ოდენობით, 2016 წლის 29 დეკემბრამდე. კომპანიასა და მსესხებლის შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვერბ- გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ ხდება ელექტრონულად, რაც ავტომატიურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 550 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 102,67 ლარი დაებრუნებინა 41 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 7.4. პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა, 20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულებით 7.5. პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 პროცენტის ოდენობით, რამაც შეადგინა 977,33 ლარი.

მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე თ----- თა---------–--ემ სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, განმარტა, რომ სესხის გადახდა ვერ შეძლო მძიმე ოჯახური პირობების გამო, გადიოდა აუცილებელ მკურნალობას, ამჟამადაც აქვს მძიმე მდგომარეობა, მაგრამ თანახმაა გადაიხადოს ძირი თანხა და სარგებელი, ხოლო ჯარიმა და პირგასამტეხლო არ უნდა დაეკისროს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 18 ნოემბერს მოპასუხე თ----- თა---------–--ესა და შპს „ემ------------ს“ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება ნომერ 4----- რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 550 ლარის ოდენობით, 2016 წლის 29 დეკემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ინტერნეტ (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება;

-მსესხებლის მიერ შესრულებული ელექტრონული განაცხადის ფორმა;

-გამსესხებლის მიერ მსესხებლის წარმოდგენილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ქვითარი.

 

3.1.2. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 550 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 102,67 ლარი დაებრუნებინა 41 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სასესხო ხელშეკრულების სპეციალური პირობები;

- ინფორმაცია დავალიანების შესახებ;

 

3.1.3. მოპასუხე თ----- თა---------–--ეს სესხის სახით მიღებული თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვა უნდა უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. ის პირადად იყო ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სასესხო ხელშეკრულების სპეციალური პირობები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავოა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა.

მოპასუხე თ----- თა---------–--ე მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 977.33 ლარი აშკარა შეუსაბამოა და არ არის ვალდებულების დარღვევის პროპორციული.

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე შეამცირა პირგასამტეხლო და სარჩელით მოთხოვნილი 1650 ლარის ნაცვლად პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველზე მოითხოვა მოპასუხისათვის მთლიანობაში 900 ლარის დაკისრება.

რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოპასუხის შესაგებელი, ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-418-ე, 115-ე, 420-ე, 623-625-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ხოლო ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა სარგებლიანი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა სესხი გარკვეული პირობებით, მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო სესხის დაფარვა, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე მოითხოვს სასარჩელო წარმოების წესით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, დაარღვია სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვის პირობები. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხის სახით მიღებული თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ნაწილობრივ აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნას სესხის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ნაწილში, რაც სსკ-ის 131-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვითაც, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ დაარღვია, სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 18.11.2016 წლის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხის - 550 ლარის, და მასზე დარიცხული სარგებლის 102,67 ლარის და ერთჯერადი ჯარიმის 20 ლარის ანაზღაურება.

 

6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ასევე მოიცავს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის სარჩელის აღძვრამდე პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის - 977.33 ლარის (რაც სასამართლო სხდომაზე შემცირებული იქნა მოსარჩელის მიერ) ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ემუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა დავალიანების 1,5%-ის ოდენობით. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავისუფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ვადაგადაცილებული თანხის 1.5%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

 

სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ მიუთითებს დარღვევის შედეგად მიყენებულ რაიმე ფინანსურ ზარალზე. ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზეც არ მიუთითებს და მიიჩნევს, ასევე მოპასუხის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა 18.11.2016 წლის სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში მთლიანობაში უნდა განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით.

 

შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, 100 ლარის ოდენობით..

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, მოსარჩელეს შესატყვისი პროპორციული ოდენობით უნდა დაუბრუნდეს ბაჟის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან, სსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 და მესამე ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად.

 

კერძოდ, მოპასუხე თ----- თა---------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 15 ლარის ოდენობით, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ინ ნაწილის პროპორციულად, რომელიც აღიარებული არ ყოფილა მოპასუხის მიერ. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან უნდა დაუბრუნდეს 35 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ემუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს „ემ------------ის“ მოთხოვნა, მოპასუხე თ----- თა---------–--ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხე თ----- თა---------–--ის მოსარჩელე შპს „ემ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 772.67 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 550 ლარი, სარგებელი - 102,67 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი.

 

2. მოპასუხე თ----- თა---------–--ის მოსარჩელე შპს „ემ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 15 ლარის ოდენობით.

 

3. მოსარჩელე შპს „ემ------------ს“ (ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 35 ლარი. (,სს "--------------- გადახდის თარიღი 16.11.2018 წ. საგადასახადო დავალება N----------- სახაზინო კოდით - 300733150.

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე