გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.11.2019
საქმის ნომერი
150210019003155533
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

150210019003155533

საქმე №2/199-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

 

შესავალი ნაწილი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე

 

მოსარჩელე - სს ,,ს----------–---------“,;

წარმომადგენელი - ქ------------–------

მოპასუხე - გ--------------

თარჯიმანი - გალაქტიონ გავრელიშვილი

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ--------------ს სს "ს----------–---------ს" სასარგებლოდ 2018 წლის 16 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს - 2 438-43 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 516.77 ლარი, პროცენტი - 396.59 ლარი და პირგასამტეხლო - 525-07 ლარი.

 

1.2. გ--------------ს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარი.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: 2018 წლის 16 ოქტომბერს სს „ს----------–--------ს“ და გ--------------ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც გ--------------მა სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ აღიარა დავალიანება შემდეგი მოცულობით -2 393.85 ლარი. სესხის ძირი თანხა - 1 675.85 ლარი, სარგებელი (პროცენტი) – 483.27 ლარი და პირგასამტეხლო - 234.73 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი 24% და პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით. სს „ს----------–---------ს“ მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად - კერძოდ მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ დაირღვა კრედიტის დაფარვის გრაფიკი, აღნიშნულს ადასტურებს საკრედიტო ხელშეკრულება და ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან. გ--------------ს მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ. სესხის სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა პირობების და ვადების დარღვევა, მის მიერ დარღვეულ იქნა გადახდის გრაფიკი, რის გამოც მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება პირგასამტეხლო. ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხე გ--------------ს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დღევანდელი მდგომარეობით ერიცხება დავალიანება - 2 438.43 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 516.77 ლარი, პროცენტი - 396.59 ლარი და პირგასამტეხლო 525.07 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, და განმარტა, რომ მან ნამდვილად აიღო სესხი 1516.77 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნობს, კერძოდ 2 393,83 ლარის ნაწილში და მოითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე მისი უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ სს „ს----------–--------ს“ და გ--------------ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც გ--------------მა სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ აღიარა დავალიანება შემდეგი მოცულობით - ძირითადი თანხა 1516.77 ლარი. სარგებელი (პროცენტი) – 396,59 ლარი და პირგასამტეხლო - 525,07 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით.

 

3.1.2. დადგენილია, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხე გ--------------ს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დღევანდელი მდგომარეობით ერიცხება დავალიანება - 2 438.43 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 516.77 ლარი, პროცენტი - 396.59 ლარი და პირგასამტეხლო 525.07 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულება;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- წერილობითი შეტყობინება; საფოსტო დასტური;

- მხარეთა ახსნა-განმარტება; (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

აღნიშნული თანხებიდან მოპასუხემ ცნო ბანკის მოთხოვნა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის -1516,77 ლარის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოსა და პროცენტის ნაწილის დაფარვის შესახებ რაიმე მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სს ''ს----------–---------ს'' სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 361-ე; 400-ე , 417-ე ,420-ე, 626-ე, მუხლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, 873-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დავალიანების ძირითადი თანხის ნაწილის 1516.77 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. სადავო არ არის, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მისგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს სს ”ს----------–--------სა” გ--------------ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის Nას-103-99-2016 განჩინებაში აღნიშნულია: პირგასამტეხლოს განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს“;

 

პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობისას, ,,სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვ. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, ამით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს“;

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ს----------–---------'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის - 1516.77 ლარის და პროცენტი - 396.59 ლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს . აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომხელშეკრულებისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო (ფიქსირებულ პირაგასამტეხლოსთან ერთად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%, 1% ან 1,5%) არ არის გონივრული, იგი 10-ჯერ უნდა შემცირდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2018 წლის 16 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით - 50 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელის აღძვრისას სს ,,ს----------–---------ს’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხემ სესხის ძირი თანხის ნაწილში სარჩელი ცნო. შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე გ--------------ს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელე სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. ასევე, მოსარჩელე სს „ს----------–---------ს“ მიერ სარჩელის აღძვრისას წინასწარ სახემწიფო ბაჟის სახით გადახდილი ნაწილი 50.00 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 268-ე, 269-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს "ს----------–---------ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე გ--------------ს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ 2018 წლის 16 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს -1963,36 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 516.77 ლარი, პროცენტი -396.59 ლარი და პირგასამტეხლო - 50 ლარი.

 

3. მოპასუხე გ--------------ს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 ლარის გადახდა.

 

4. მოსარჩელის სს „ს----------–---------ს“ მიერ სარჩელის აღძვრისას წინასწარ სახემწიფო ბაჟის სახით გადახდილი ნაწილი 50.00 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან