გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.06.2019
საქმის ნომერი
330310018002587244
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5138-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ე--------------ა

წარმომადგენელი - რ-------------------ა

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - თ------–------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №--- ბრძანება, ე--------------ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ე--------------ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ კანონის შესაბამისად არის გამოცემული, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2002 წლის 26 ივნისს გაცემული (აღდგენილი) დაბადების მოწმობის თანახმად, ე--------------–-------------- დაიბადა 1----–-–-----------, აფხაზეთში, გ--–--------------------–-----------ში.

 

2005 წლის 04 ივლისს განმეორებით გაცემული №0----- დაბადების მოწმობის თანახმად, ე--------------–-------------- დაიბადა 1----–-–-----------, აფხაზეთში, გ--–--------------------–-----------ში.

 

1981 წლის 25 ივნისს გაცემული საშუალო განათლების №1----- ატესტატით დგინდება, რომ ე---------------- 1982 წელს დაამთავრა აფხაზეთის ასსრ გ--–---------------------------- ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ე--------------ას დაბადების მოწმობის ასლები (ს.ფ. 38, 165);

- საშუალო განათლების ატესტატი (ს.ფ. 42).

 

3.2. გალის რაიონის სოფელი მ-----------------ს ადმინისტრაციის გამგებელმა 2012 წლის 8 სექტემბერს გასცა №2-- ცნობა მასზედ, რომ ე--------------–--------------, დაბადებული 25.05.1--- წელს, ნამდვილად ცხოვრობს და ჩაწერილია აფხაზეთის რესპუბლიკაში, გალის რაიონის სოფელ მ-----------------ში.

 

მ-----------------ს გამგებელმა 2014 წლის 26 ივლისს გასცა №-- ცნობა მასზედ, რომ ე--------------–-------------- დაბადებიდან (1961 წლიდან) სოფელ მ-----------------დან არ ამოწერილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობები (ს.ფ. 45-46).

 

3.3. დევნილთა განსახლების კომიტეტმა ე--------------ას სახელზე გასცა იძულებით გადაადგილებული პირის №--- მოწმობა, რომელიც ძალაში იყო 1995 წლიდან. მოწმობაში დაფიქსირდა, რომ ე--------------ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გ--–--------------------–------------, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს - ქ. ზუგდიდი, წ--------–---------. მას ჰყავს შვილები: ნ-----------------------------------------.

 

ე--------------ას მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2014 წლის 28 თებერვალს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა, რომლის მიხედვით, ე--------------ა (სარეგისტრაციო ნომერი - 0--------) მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია აფხაზეთი, გ--–----------–------------, დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) - სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზ-----------–------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იძულებით გადაადგილებული პირის №--- მოწმობის ასლი (ს.ფ. 39);

- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ. 36).

 

3.4. სსგს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში დაცული მონაცემებით, ე--------------ა: 1) 1990 წლის 26 ოქტომბერს დარეგისტრირდა მისამართზე: ზუგდიდი, წ-------–------, მის სახელზე 1----–-–----------- გალის შ.ს.გ-ს მიერ გაიცა პასპორტი: №------------ (დოკუმენტი გაუქმდა, სახლის ნომერი გადასწორდა 50); 2) 2002 წლის 28 ივნისიდან დარეგისტრირდა მისამართზე - გ--–----------–------------. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გალის სამსახურის მიერ 2002 წლის 28 ივნისს გაიცა პირადობის მოწმობა №--------, რომელიც გაუქმდა 2013 წლის 23 დეკემბერს; 3) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აფხაზეთის სამსახურის მიერ 2002 წლის 1 ივლისს გაიცა პასპორტი №-------, რომელიც 2011 წლის 31 იანვარს გაუქმდა (საფუძვლით: საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა); 4) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზუგდიდის სამსახურის მიერ 2011 წლის 26 აპრილს გაიცა პასპორტი №--------- (აქტიური, რეგისტრაციის ადგილი არაა განსაზღვრული); 5) 2002 წლის 28 ივნისიდან დარეგისტრირდა მისამართზე - გ--–----------–------------, იუსტიციის სამინისტროს მიერ 2013 წლის 23 დეკემბერს გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა №--------- (აქტიური).

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ამონარიდით დგინდება, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ე--------------ას მონაცემები (პ--------------) არ იძებნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსგს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 28 ივლისის №------------- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 172-174);

- ამონარიდი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან (ს.ფ. 176).

 

3.5. ზუგდიდის ქალაქის მმაჩის განყოფილების მიერ 1990 წლის 22 მაისს გაცემული №------ დაბადების მოწმობის თანახმად, ა-------------- დაიბადა 1----–-–-----------, ქ. ზუგდიდში. მამა - ე----------------------, დედა - ე--------------–--------------.

 

ზუგდიდის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 განყოფილების მიერ განმეორებით გაცემული დაბადების მოწმობის თანახმად, ნ-------------------- დაიბადა 1----–-–-------------, ქ. ზუგდიდში. მამა - ე-------------------, დედა - ე--------------ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 167-168).

3.7. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ე--------------ას დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და ინფორმაციის მოძიების მიზნით, წერილი გააგზავნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 4 სექტემბრის (რ--------------–------------ წერილით აცნობა, რომ მოქალაქე ე--------------–-------------- არ არის გ--–--------------------–-----------ს მუდმივი მცხოვრები.

 

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარდა ე--------------ასთან გასაუბრება და შეივსო გასაუბრების კითხვარი. კითხვარის თანახმად, ე--------------ა დაიბადა 1----–-–-----------, გალში. იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა მისამართზე - გ--–----------------------------------- და მისი ოჯახის წევრები იყვნენ: ნ---------------- - მამა, ლ---–-------- - დედა, რ-------------------- - ძმა, რ------------------- - ძმა, ლ------------------- - და, რ------------------ - ძმა, რ------------------ - ძმა, ნ----------------- - და. აქედან, ნ---------------- და ნ----------------- გარდაცვლილები არიან, ხოლო დანარჩენები გალში ცხოვრობენ. იძულებით გადაადგილების შემდეგ, მისი ოჯახის წევრები არიან რ-------------------- - ძმა, ლ---–-------- - დედა, მ----–-----–---–- - რძალი, ნ----–-------------- - ძმისშვილი, ნ------------------- - შვილი, ისინი გალში ცხოვრობენ. ე---------------- 1982 წელს მ--------------- საშუალო სკოლა დაამთავრა, 1989 წელს ზუგდიდის მაცხოვრებელზე დაქორწინდა. ორივე შვილი ზუგდიდში დაიბადა. მეუღლე ავადმყოფობს და ზუგდიდში მკურნალობს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორსართულიანი სახლი ჰქონდა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილინ 1993 წელს, ოჯახთან ერთად ავტომანქანით დატოვა. მისი მეზობლები იყვნენ მ------------------- და ვ----------–------. გასაუბრების დროს გალში, სოფელ მ-----------------ში ცხოვრობდა, თუმცა საბუთების არქონის გამო, მალულად გადაადგილდება.

 

იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, მოძიებული ინფორმაციის გათვალისწინებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ე--------------ასთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა, იმ საფუძვლით, რომ მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი მისამართზე: ქ. გ--–----------–------------ში არ დადასტურდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნა (ს.ფ. 102-103);

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2014 წლის 4 სექტემბრის (რ--------------–------------ წერილობითი პასუხი (ს.ფ. 110);

- დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი (ს.ფ. 105-108).

 

3.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 14 იანვრის №------------ მოხსენებითი ბარათის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა ე--------------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №--- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 14 იანვრის №------------ მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, ე--------------ას ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 14 იანვრის №------------ მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 100-101).

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №--- ბრძანება (ს.ფ. 99).

 

3.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ნ----------------მ განმარტა, რომ ცხოვრობს თბილისში, თუმცა დაიბადა და გაიზარდა გ--–--------------------–-----------ში. ე--------------ა, რომელიც არის მისი ნათესავი და ცხოვრობდა მის გვერდით სახლში, დაქორწინების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ზუგდიდში. მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ, ის ხშირად იყო დედ-მამასთან. ისინი ეხმარებოდნენ ბავშვის მოვლაში, ვინაიდან ბავშვი ავადმყოფობდა. ამასთან, შვილი აფხაზეთში დაჰყავდა სამკურნალოდ. ამიტომ ე--------------ა ბავშვებთან ერთად ხშირად იყო მშობლების სახლში, მაგრამ პერიოდულად ზუგდიდშიც მიდიოდა. მოწმის განმარტებით, თვითონ სოხუმში მუშაობდა, შესაბამისად, ცალსახად იმის დადასტურება, რომ ე--------------ას მუდმივი მაცხოვრებელი გალის რაიონი იყო არ შეუძლია, მაგრამ სოხუმიდან ჩასულს ე--------------ას გალში ხშირად ხვდებოდა.

ნ----------------ს განმარტებით, იგი არ ფლობს ინფორმაციას, თუ როდის დატოვა ე---------------- აფხაზეთის ტერიტორია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმის ჩვენება (იხ. 06.06.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი) (ს.ფ. 216-225).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; წ) დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციისა და ბაზის წარმოება.

 

წარმოდგენილი სარჩელით ე---------------- მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №--- ბრძანება, რომლითაც მას ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი; დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ე--------------ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, განსახილველ დავაში მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსზე, რომლის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №--- ბრძანება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც მოითხოვს მოსარჩელე მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსაგან.

 

6.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

 

დევნილის ცნებას განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ხოლო მითითებული მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

ამდენად, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ იმ გარემოებას, რომ პირს იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციაზე და აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. აღნიშნული ასევე განმტკიცებულია დავის გადაწყვეტის დროს მოქმედი რედაქციით საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.

 

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითადად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვრებელის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე, რომლითაც განსაზღვრულია იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესი.

 

აღნიშნული წესის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას ახორციელებს დეპარტამენტი. პირისთვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე დასკვნას ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი, ხოლო დევნილის სტატუსის ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნას – ასევე მოხელე, რომელმაც პირს ჩაუტარა გასაუბრება და შეავსო დადგენილი ფორმის კითხვარი. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნა დეპარტამენტის უფროსის მიერ წარედგინება მინისტრს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო.

 

დადგენილია, რომ ე--------------ას ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი და მის მიმართ გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. მონაცემთა ბაზის მიხედვით, დევნილობამდე მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ფიქსირდებოდა გ--–----------–------------ და იძულებით გადაადგილების შემდეგ, სხვადასხვა პერიოდში მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქალაქ ზუგდიდში არსებული სხვადასხვა მისამართი.

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ე--------------ას დევნილის სტატუსის კანონიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნული წარმოების ფარგლებში, ინფორმაცია იქნა მოძიებული როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ასევე, თავად დაინტერესებული პირისგან, რომელთანაც 2014 წლის 11 აპრილს ჩატარდა გასაუბრება. ე---------------- გამოკითხვისას განმარტა, რომ დაიბადა 1----–-–-----------, გალში. იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა მისამართზე - გ--–----------------------------------- და მისი ოჯახის წევრები იყვნენ: ნ---------------- - მამა, ლ---–-------- - დედა, რ-------------------- - ძმა, რ------------------- - ძმა, ლ------------------- - და, რ------------------ - ძმა, რ------------------ - ძმა, ნ----------------- - და. აქედან, ნ---------------- და ნ----------------- არიან გარდაცვლილები, ხოლო დანარჩენები ცხოვრობენ გალში. იძულებით გადაადგილების შემდეგ, მისი ოჯახის წევრები არიან რ-------------------- - ძმა, ლ---–-------- - დედა, მ----–-----–---–- - რძალი, ნ----–-------------- - ძმისშვილი, ნ------------------- - შვილი, რომლებიც ცხოვრობენ გალში. მან 1982 წელს დაამთავრა მ--------------- საშუალო სკოლა, ხოლო 1989 წელს დაქორწინდა ზუგდიდის მაცხოვრებელზე. მისი ორივე შვილი დაიბადა ზუგდიდში. მეუღლე ავადმყოფობს და მკურნალობს ზუგდიდში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს ორსართულიანი სახლი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა 1993 წელს, ავტომანქანით, ოჯახთან ერთად. მისი მეზობლები იყვნენ მ------------------- და ვ----------–------. გასაუბრების დროს იგი ცხოვრობს გალში, სოფელ მ-----------------ში, თუმცა საბუთების არქონის გამო, მალულად გადაადგილდება.

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მომზადდა დასკვნა ე--------------ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის მიზანშეწონილობის თაობაზე. აღნიშნული დასკვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 14 იანვრის №------------ მოხსენებითი ბარათით.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №--- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 14 იანვრის №------------ მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, ე--------------ას ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

სასამართლო უპირველ ყოვლისა მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს სსგს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში დაცულ მონაცემებზე, რომელთა თანახმად, ე--------------ა 1990 წლის 26 ოქტომბერს დარეგისტრირდა ზუგდიდში და 2002 წლის 28 ივნისიდან საინფორმაციო ბარათის გაცემის დრომდე (2014 წლის 28 ივლისი) - გალში, ს------–------------ში. ამასთან, დევნილთა ბაზაში არსებული მონაცემებით, იძულებით გადაადგილებამდე მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობდა გალში, ს------–-----------ში, ხოლო იძულებით გადაადგილების შემდეგ - სხვადასხვა პერიოდში ზუგდიდში მდებარე სხვადასხვა მისამართი. გარდა ამისა, გალის რაიონის სოფელი მ-----------------ს გამგებლის მიერ 2012 და 2014 წლებს გაცემული ცნობებით, ე--------------ა ნამდვილად ცხოვრობს და ჩაწერილია აფხაზეთის რესპუბლიკაში, გალის რაიონის სოფელ მ-----------------ში, დაბადებიდან (1961 წლიდან) სოფელ მ-----------------დან არ ამოწერილა, თუმცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფორმაციით, მოქალაქე ე--------------–-------------- არ არის გ--–--------------------–-----------ს მუდმივი მცხოვრები.

 

ამასთან, ზემოაღნიშნულის გარდა, როგორც თავად მოსარჩელე განმარტავს, დაიბადა გალში, ს------–-----------ში. 1989 წელს დაქორწინდა ზუგდიდის მაცხოვრებელზე და საცხოვრებლად გადავიდა ზუგდიდში, სადაც შეეძინა შვილები. ადმინისტრაციულ ორგანოში გამოკითხვისას განმარტა, რომ მისი მეუღლე ავადმყოფობს და მკურნალობს ზუგდიდში.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოწმის ჩვენებაზე, რომლის მიხედვით, ე--------------ა დაიბადა და გაიზარდა გალში, ს------–-----------ში. იგი დაქორწინდა ზუგდიდში და მეორე შვილის დაბადების შემდეგ, ხშირად იყო მშობლებთან, რომლებიც ბავშვის მოვლაში და მკურნალობაში ეხმარებოდნენ. მოწმემ აღნიშნა, რომ ცალსახად არ შეუძლია მიუთითოს, სადავო პერიოდში თუ სად ცხოვრობდა მუდმივად მოსარჩელე.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში, ნაკლებად სარწმუნოა მოსარჩელის განმარტება სადავო პერიოდში მუდმივ საცხოვრებელ ადგილად დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიის არჩევის თაობაზე. აღნიშნული არ ეფუძნება რაიმე კონკრეტულ, უტყუარ მტკიცებულებას. სასამართლოს შეფასებით, მითითებული გარემოება არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, სამოქალაქო აქტების ჩანაწერით, რომლის მიხედვითაც ე--------------ა გ--–--------------------–-----------ში რეგისტრირებულია 2002 წლის 28 ივნისიდან და არც მოწმის ჩვენებით, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ე--------------ა შვილებთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე.

 

მტკიცებულებათა შეფასებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობაში შეფასების შედეგად არ დასტურდება ის გარემოება, რომ საომარი მოქმედებების დროს ე--------------ა წარმოადგენდა გალის რაიონის მუდმივ მაცხოვრებელს და იქ ეწეოდა საქმიანობას, მისი დატოვება მოუწია ტერიტორიის ოკუპაციის გამო და ამ მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის არ წარმოადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირს - დევნილს; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევამდე სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები და სწორად შეაფასა მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, სასამართლოს დასკვნით, გასაჩივრებული აქტით მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა განხორციელდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის დაცვით.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო.

 

ამდენად, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობს ე--------------ას მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 11 თებერვლის №--- ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე--------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე