გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210019002929612 (N2/260-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი
(შესავალი ნაწილი)
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - სს ,,თი---------ი”
წარმომადგენლები - თე---------------ა, ლე-–--------–--ე, ლო-–-----–--ე
მოპასუხე - ვა---------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ვა---------------–---–ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 07 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1844.74 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1378.27 ლარი, პროცენტი - 282.06 ლარი, ჯარიმა - 181.16 ლარი და დაზრღვევა - 3.25 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2017 წლის 07 მარტს სს ,,თი---------მა” ვა---------------–---–ზე ინტერნეტ ბანკის მეშვეობით განახორციელა შეთავაზება სწრაფ სამომხმარებლო სესხზე, სესხის პირობებს და ვებ-გვერდზე ატვირთულ ხელშეკრულებას მოპასუხე გაეცნო და ვებ-გვერდზე დასტურის ღილაკზე მითითებით დაეთანხმა აღნიშნულს პირობებს, რომლის თანახმად მხარეთა შორის დაიდო საბანკო კრედიტის N3-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1500 ლარის ოდენობით, 2021 წლის 15 მარტამდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 40%-ით. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა ფიქსირებულ პირგასამტეხლოს 20 ლარის ოდენობით და ამას დამატებული პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. რაც გამოიხატა დავალიანების თანხის გადაუხდელობაში, კერძოდ, ბოლო გადახდა განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვეში, გაეგზავნა გამაფრთხილებელი წერილები ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ, თუმცა უშედეგოდ, შესაბამისად ბანკმა 2018 წლის 20 ივნისს ცალმხრივად შეწყვიტა მხარეთა შორის გაფორმებული N3-------------- საკრედიტო ხელშეკრულება.
2018 წლის 20 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 1844.74 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1378.27 ლარი, პროცენტი - 282.06 ლარი, ჯარიმა - 181.16 ლარი და დაზრღვევა - 3.25 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მან განმარტა, რომ იგი ნამდვილად იმყოფება სახელშეკრულებო ვალდებულებით ურთიერთობაში მოსარჩელესთან, თუმცა ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შესძლო დავალიანების დაფარვა, სარჩელს ცნობს ძირითადი თანხისა ნაწილში, ხოლო რაც შეეხება პროცენტსა და პირგასამტეხლოს ითხოვს შემცირებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 07 მარტს სს ,,თი---------მა” ვა---------------–---–ზე ინტერნეტ ბანკის მეშვეობით განახორციელა შეთავაზება სწრაფ სამომხმარებლო სესხზე, სესხის პირობებს და ვებ-გვერდზე ატვირთულ ხელშეკრულებას მოპასუხე გაეცნო და ვებ-გვერდზე დასტურის ღილაკზე მითითებით დაეთანხმა აღნიშნულს პირობებს, რომლის თანახმად მხარეთა შორის დაიდო საბანკო კრედიტის N3-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1500 ლარის ოდენობით, 2021 წლის 15 მარტამდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 40%-ით. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა ფიქსირებულ პირგასამტეხლოს 20 ლარის ოდენობით და ამას დამატებული პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ. 16)
-2017 წლის 07 მარტის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება N3-------------- და დანართი ( ს.ფ.17)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. ვა---------------–---–ის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. რაც გამოიხატა დავალიანების თანხის გადაუხდელობაში, კერძოდ, ბოლო გადახდა განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვეში, გაეგზავნა გამაფრთხილებელი წერილები ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ, თუმცა უშედეგოდ, შესაბამისად ბანკმა 2018 წლის 20 ივნისს ცალმხრივად შეწყვიტა მხარეთა შორის გაფორმებული N3-------------- საკრედიტო ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. 2018 წლის 20 ივნისის მდგომარეობით მოპასუხე ვა---------------–---–ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 1844.74 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1378.27 ლარი, პროცენტი - 282.06 ლარი, ჯარიმა - 181.16 ლარი და დაზრღვევა - 3.25 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 18)
- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თი---------ის” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-ე, 208-ე
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 400-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად, ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის და დაზღვევის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტები 1500 ლარის ოდენობით. ვა---------------–---–მა ხელშეკრულებებზე ხელის მოწერით იკისრა ვალდებულება გადაეხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. ანუ, საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე: თანხის ოდენობაზე, ვადაზე, სარგებელზე და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობის წესსა და ოდენობაზე.
სასმართლო მიუთითებს, რომ 2017 წლის 07 მარტის ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
როგორც ზემოთ აღინიშნა ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს „თი---------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტები, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები სრულად არ შესრულებულა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ N3-------------- ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული სესხის პროცენტის (282.06 ლარის) თაობაზე მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ სს „თი---------სა“ და ვა---------------–---–ს შორის 2017 წლის 07 მარტს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 40%-ით, კრედიტის ვადა - 2012 წლის 15 მარტამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 16 რიცხვში გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
6.4. რაც შეეხება სარჩელს პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მოქმედი კოდექსი აღიარებს და ეფუძნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუძემდებლურ - ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე ვადაგადაცილება და, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს შეთანხმების არსებობისას ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამიტომ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო (შეთანხმებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა), მხარეებს შორის არსებული წერილობითი შეთანხმების თანახმად, მოსარჩელეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-418-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სადავო არაა, რომ მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ (ხელშეკრულებების 2.9. - 2.10. მუხლები), რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც კრედიტორს ანიჭებს პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლებას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. ამასთან, კერძოსამართლებრივი ურთიერთობა მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა და კანონი თანაბარ მდგომარეობაში განიხილავს მის სუბიექტებს. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდნეობა არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 106.77 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირითადი თანხისა და დაზღვევის ნაწილში. ამდენად, სს ,,თი---------ს” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი, ანუ - 41.45 ლარი, ამასთან ,,თი---------ს" უნდა დაუბრინდეს საღჩელზე ხედმეტად გადახდილი ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 8.45ლარის ოდენობით სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად (სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკმაყოფილების ნაწილში); ასევე მოსარჩელის მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების საფასურის - 73.79 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,თი---------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე ვა---------------–---–ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 07 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1844.74 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1378.27 ლარი, პროცენტი - 282.06 ლარი, ჯარიმა - 181.16 ლარი და დაზრღვევა - 3.25 ლარი.
2. მოპასუხე ვა---------------–---–ს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 8.45 ლარისა და იურიდიული მომსახურების საფასურის - 73.79 ლარის ანაზღაურება.
3. სს ,,თი---------ს” დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 25 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 106.77 ლარიდან - 98.22, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3--------, საგადახდო დავალება N34.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო როხვაძე