გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/10316-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი
სხდომის მდივანი ანა ჩიკვილაძე
მოსარჩელე: თ----------------
წარმომადგენელი: ს--–--------------–---–ი
მოპასუხე: ც-----------------ე
წარმომადგენელი: ლ--–-------–--ე
დავის საგანი: ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნოტარიუს ი------------ის მიერ 2019 წლის 04 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის N--------- გაუქმება, ვალდებულების შესრულების გამო.
1.2. 2017 წლის 22 თებერვალს თ----------------სა და ც-----------------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება.
სესხის ხელშეკრულების გათვალისწინებით თ----------------ს ვალდებულება ც-----------------ის მიმართ განისაზღვრა 10 600 ლარით.
სესხი იყო სარგებლიანი. სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ გამსესხებელი მსესხებლისგან ყოველთვიურად მიიღებდა სარგებელს 3%-ის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მსესხებელი გამსესხებელს გადაუხდიდა სესხის ძირითადი თანხის 0,17%-ს, ყოველი გადაცილებული დღისათვის.
2019 წლის 04 მარტს ც-----------------ემ მიმართა ნოტარიუს ი------------ს და გაიცა სააღსრულებო ფურცელი N---------, რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს მოვალის/მსესხებლის თ----------------ს კუთვნილი ნებისმიერი უძრავი ქონების დაყადაღება და იძულებითი აღსრულება. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2019 წლის 04 მარტის მდგომარეობით შეადგენს 10 600 ლარს და 2017 წლის 22 მაისიდან პირგასამტეხლოს სესხის ძირითადი თანხის 0,17 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი პერიოდულად იხდიდა თანხებს სასესხო ვალდებულების დასაფარად, ამასთან უთითებს, რომ მის მიერ გადახდილი თანხებით მოხდა სადავო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, შესაბამისად იგი მოითხოვს გაუქმდეს ნოტარიუს ი------------ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი ვალდებულების შესრულების გამო.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნოტარიუს ი------------ის მიერ გაცემული 2019 წლის 04 მარტის სააღსრულებო ფურცლის გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, რადგან თ----------------ს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 22 თებერვალს თ----------------სა და ც-----------------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N---------. ხელშეკრულების თანახმად თ----------------ს ვალდებულება ც-----------------ის მიმართ განისაზღვრა 10 600 ლარის ოდენობით, სარგებლის ოდენობა შეადგენდა ყოველთვიურად 3%-ს, ხოლო ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 22 მაისამდე. ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კერძოდ სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მსესხებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს გამსესხებელს პირგასამტეხლო, ყოველი გადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0,17 %-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 22.02.2017 წლის სესხის ხელშეკრულება; (ს.ფ. 29-31)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. გამსესხებელ ც-----------------ის განცხადების საფუძველზე, 04.03.2019 წელს ნოტარიუსმა ი------------მა 22.02.2017 წლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი (გამსესხებელი - ც-----------------ე, მსესხებელი - თ----------------.) სააღსრულებო ფურცლის მიხედვით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს სესხის ძირითად თანხას - 10 600 ლარი და 2017 წლის 22 მაისიდან პირგასამტეხლოს სესხის ძირითადი თანხის 0,17% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.03.2019 წლის ნოტარიუს ი------------ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი; (ს.ფ. 32-34)
3.1.3. 2019 წლის 04 მარტს კერძო აღმასრულებელმა ნ------–--–---–მა, თ----------------ს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის მიხედვით, კრედიტორ ც-----------------ის განცხადების (კრედიტორმა შეამცირა მოთხოვნა, კერძოდ პირგასამტეხლოს ნაწილში) და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კრედიტორის მოთხოვნა შეადგენს 12 300 ლარს, აქედან 10 600 ლარი ძირი თანხა და 1 700 ლარი დარიცხული პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.03.2019 წლის კერძო აღმასრულებელ ნ------–--–---–ის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ; (ს.ფ. 20-23)
3.1.4. გამსესხებელ ც-----------------ესა და მსესხებელ თ----------------ს შორის 2016-2017 წლებში, ასევე სანოტარო წესით გაფორმდა სხვა ოთხი სესხის ხელშეკრულება, აქედან ერთი ხეშეკრულება შეწყვეტილია ვალდებულების შესრულების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 11 თებერვლის სესხის ხელშეკრულება, რეგისტრაციის N---------; (ს.ფ. 90-94)
- 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულება, რეგისტრაციის N---------; (ს.ფ. 72-76)
- 2017 წლის 14 თებერვლის სესხის ხელშეკრულება, რეგისტრაციის N---------; (ს.ფ. 85-89)
- 2017 წლის 22 თებერვლის სესხის ხელშეკრულება, რეგისტრაციის N---------. (ს.ფ. 29-31)
3.3. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.3.1. სამართალწარმოების პროცესში მოსარჩელე მხარე უთითებდა, რომ მსესხებელმა თ----------------მ გამსესხებელ ც-----------------ეს წინასწარ გადაუხადა ერთი თვის პროცენტი - 318 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან მიმართებით მტკიცებულების სახით მოსარჩელე უთითებს 2017 წლის 22 თებერვლის სესხის ხელშეკრულებას. (ს.ფ. 29-31).
სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული სესხის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ სარგებლის ოდენობასა და გადახდის წესზე, ხელშეკრულებით არ დასტურდება კონკრეტულად 2017 წლის 22 თებერვალს, მსესხებლის მხრიდან გამსესხებლის მიმართ წინასწარ ერთი თვის სარგებლის - 318 ლარის გადახდა.
3.3.2. მოსარჩელე მხარემ სამართალწარმოების პროცესში მიუთითა, რომ სხვადასხვა დროს მსესხებლის მამამ დ----------------მ და დედამ ც-------------ემ, გამსესხებელ ც-----------------ეს გადაურიცხეს გარკვეული რაოდენობის თანხები. ჩარიცხვები, რომლებიც დასტურდება წარმოდგენილი ქვითრებით: 2017 წლის 07 აპრილს, დ----------------ს მიერ ც-----------------ის მიმართ 550 აშშ დოლარის ჩარიცხვა; 2017 წლის 03 მაისს ც-------------ის მიერ ც-----------------ის მიმართ 550 აშშ დოლარის ჩარიცხვა; 2017 წლის 24 მაისს დ----------------ს მიერ ც-----------------ის მიმართ 300 აშშ დოლარის ჩარიცხვა.
ასევე მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ 2017 წლის 23 ივნისს დ----------------ს ც-----------------ის მიმართ ჩარიცხული აქვს 2 600 ლარი, 2017 წლის 07 აგვისტოს 2 400 ლარი. დასახელებული ჩარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტები მხარეს არ წარმოუდგენია. ამავე დროს, მოპასუხე აღიარებს, რომ 2600 და 2400 ლარი მართლაც ჩაერიცხა ამ უკანასკნელს; თუმცა არ ვლინდება, რომ ეს ორი ციფრი სწორედ სადავო ხელშეკრულების მომსახურებისათვის იყო გამიზნული (როგორც ვიცით სხვა სასესხო ურთიერთობებიც არსებობდა მხარეებს შორის საკმაოდ მაღალ თანხებზე).
საქმეში წარმოდგენილია სხვადასხვა ქვითრები ჩარიცხვების შესახებ (ს.ფ. 38-41); გვ 38-ე ჩანს, რომ თანხა ჩარიცხული აშშ დოლარში, თუმცა არ ჩანს თუ რომელი სესხის მომსახურებისათვის იყო ის, ამავე დროს ვიცით რომ სადავო ხელშეკრულება დადებული იყო ლარში (10600), ხოლო ჩარიცხვა კი განხორციელებულია დოლარში; ამავე დროს, სადავო სესხის მომსახურება უნდა მომხდარიყო 22 რიცხვში, ეს უკანასკნელი კი ჩარიცხულია 7-ში.
გვ. 39-ზე ასევე ჩარიცხვაა აშშ დოლარში 5 რიცხვში და არ ჩანს რომელი სესხის მომსახურებისათვის;
გვ. 40-ზე ჩანს თანხის ჩარიცხვა ასევე დოლარში, 10 რიცხვში. ასევე არ ჩანს დანიშნულება;
იგივე გარემოებაა გვ.41-ზე.
ამავე დროს საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის მიერ რამოდენიმე სხვა სასესხო ხელშეკრულება, რომლებითაც ვლინდება, რომ თ----------------ს ასევე ჰქონდა სხვა სესხები: 8000 აშშ დოლარი; 5000 და 9000 აშშ დოლარი; 11000 ლარი; 2200 აშშ დოლარი;
სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიმართ, სხვადსხვა დროს გარკვეული თანხების ჩარიცხვა დასტურდება, ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტებით არ დგინდება სადავო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. შესაბამისად მოსარჩელის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თ----------------მ შეასრულა სადავო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, დასახელებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავოა, საკითხი იმის შესახებ, თ----------------მ შეასრულა თუ არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოსარჩელე უთითებს, რომ პერიოდულად ახორციელებდა გადახდებს, თუმცა არ დასტურდება კონკრეტულად სადავო სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. შესაბამისად აღნიშნული გახდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი. მოსარჩელე მხარემ სადავოდ გახადა სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა მისი გაუქმება ვალდებულების შესრულების გამო.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ნაწილში თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს, ხოლო თანხის დაბრუნებისა და ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მსესხებელს. შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება, დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არ აქვს რაიმე საჭიროება, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ზემოაღნიშნული მოსაზრებით მოვალე აღჭურვილია უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულებისა და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მხოლოდ მოვალეს შეიძლება დაეკისროს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხესთან ჰქონდა რამოდენიმე სესხის ხელშეკრულება, ვერ ადასტურებს მის მიერ განხორციელებული ჩარიცხვების კონკრეტულად სადავო ხელშეკრულებაზე მიმართვის საკითხს, რითაც ვერ დგინდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულია მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რაც სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს სესხის უზრუნველყოფის საშუალებას, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე. მაშასადამე, სახეზეა ნამდვილი სესხის ხელშეკრულება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრუოებით გათვალისწინებული მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო.
დადგენილად არის მიჩნეული, რომ სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს სახით მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0.17%-ს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო ფურცელში რის საფუძველზეც უნდა მოხდეს აღსრულება, არ არის მითითებული სესხის ძირ თანხასთან ერთად პირგასამტეხლოს ოდენობა. სააღსრულებო ფურცელში მითითებულია ძირი თანხა 10 600 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში აღნიშნულია მხოლოდ პირგასამტეხლოს გამოთვლის წესის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ეყრდნობა კერძო აღმასრულებელ ნ------–--–---–ის წინადადებას გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რა შემთხვევაშიც სესხის ძირ თანხასთან (10 600 ლარი) ერთად მითითებულია პირგასამტეხლოს ოდენობაც, (1 700 ლარი), ასევე სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის ნებას, პირგასამტეხლოს 1 700 ლარამდე შემცირებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ცვლილება უნდა შევიდეს სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ნაწილში, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაში მოდის როგორც წინადადებასთან გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ისე მოპასუხე მხარის ნებასთან, ვინაიდან მოპასუხე მხარემ, ჯერ კიდევ სააღსრულებო წარმოების ეტაპზე მიიღო მოთხოვნის 1 700 ლარამდე შემცირების გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. ამასთან, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის უზრუნველსაყოფად 500 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ი------------ის 2019 წლის 04 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი 1--------) მითითებული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის ნაწილში და სესხის ძირი თანხასთან _ 10 600 ლარი ერთად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 1 700 ლარის ოდენობით.
1.2. დაეკისროს მოპასუხე ც-----------------ეს, მოსარჩელე თ----------------ს სასარგებლოდ, 500 ლარის გადახდა, მის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი