გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.10.2019
საქმის ნომერი
080310018002294177
კატეგორია
დავის ტიპი
საბაჟო-საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებით
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310018002294177

საქმე № 3/97-2018 წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე, სოფიო ბრეგვაძე, ალექსანდრე ხაჭაპურიძე

მოსარჩელე - ზ------ი მ---–---;

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - მ----------–--ე;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება.

ა ღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 დეკემბრის N21-10-21.182725 წერილი მისი გამოცემის მომენტიდან;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს 2018 წლის 18 იანვრის N720 ბრძანება;

 

1.3. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის მიერ იმპორტირებული მოტოციკლის საბაჟო გაფორმება გადასახადის დარიცხვა განახორციელოს 2017 წლის 15 ნოემბრამდე მოქმედი საგადასახადო წესით, აქციზის განაკვეთის ნაცვლად დამატებითი ღირებულების გადასახადის 18% განაკვეთით.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 15 აგვისტოს აშშ-ში აუქციონზე შეიძინა მოტოციკლი, რომელიც ტრანსპორტირების შემდეგ საქართველოში ჩამოიტანა 2017 წლის 13 ოქტომბერს. 2017 წლის 13 ოქტომბრიდან განბაჟებისათვის მიეცა 60 დღე. იმ დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, უნდა მომხდარიყო მოტოციკლის სატარიფო შეფასება ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ საქონლის საბაზრო ღირებულების მიხედვით. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული საქონლის ღირებულების 18%, რაც მისთვის, როგორც ნივთის შემძენისათვის იყო მისაღები. 2017 წლის 7 ნოემბერს, სათანადო ექსპერტიზების ჩატარების მიზნით მიმართა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და განსაზღვრულ დროში მიიღო სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნები. 2017 წლის 15 ნოემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ 188-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა 41 გრაფა, რითაც შეიცვალა მოტოციკლის დაბეგვრის წესი.

 

2017 წლის 30 ნოემბერს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა მის მიერ შეძენილ ნივთზე დაბეგვრა მომხდარიყო იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, რა დროსაც მოხდა ნივთის (მოტოციკლის) საქართველოს საზღვრებში შემოტანა. 2017 წლის 4 დეკემბრის N21-10-21/182725 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადებისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით კი აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათების დაწესება და ცალკეულ პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

 

მოსარჩელემ, 2017 წლის 8 დეკემბერს, საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს და მოითხოვა აღნიშნული საკითხის შესწავლა. 2018 წლის 18 იანვარს სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის N720 ბრძანებით, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე.

 

მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხის პოზიციას და აღნიშნავს, რომ მას საკანონმდებლო ცვლილებით გაუძვირდა გადასახადი და ამით გაუარესდა მისი, როგორც გადასახადის გადამხდელის მდგომარეობა. მხარეს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება მის მიმართ არ უნდა გავრცელდეს, რადგან მისთვის უცნობი იყო და არ შეიძლება სცოდნოდა საგადასახადო კოდექსში მის მიერ ნივთის შეძენის შემდეგ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წერილობითი სახის შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის მასალების თანახმად, ზ------ მ---–---მ აშშ გამართულ აუქციონზე 2017 წლის 15 აგვისტოს შეიძინა მოტოციკლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, მოტოციკლის შეძენის დოკუმენტები (იხ. ს.ფ. 2-13; 15-19);

 

3.1.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 ოქტომბრის N4956088 შეტყობინების თანახმად, ზ------ მ---–--ის მფლობელობაში არსებული მოტოციკლი - ვინ კოდით: N1HFSC2203TA802149 საბაჟო კონტროლის ზონა დატოვა 2017 წლის 13 ოქტომბერს.

 

ამავე N4956088 შეტყობინებით ზ------ მ---–---ს ეცნობა, რომ დეკლარაციით გადასახდელი თანხის გადახდის ბოლო ვადაა 18.10.2017 წელი. მომსახურების საფასური - 50 ლარი; გახსნის თარიღი: გამოცხადების ბოლოო ვადაა - 12.12.2017 წელი. ავტომობილი NTCNU7743560, ადგილის N CI-5-136.

 

დადგენილია, რომ ზ------ მ---–--ის მიერ 2017 წლის 13 ოქტომბერს გადახდილი იქნა მომსახურების საფასური 50 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის N4956088 შეტყობინება (იხ. ს.ფ. 20);

- ქვითარი N97610727 (იხ. ს.ფ. 21);

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 7 ნოემბერს ზ------ მ---–---მ მოტოციკლის სატარიფო ღირებულების დადგენის მიზნით, მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (იხ. ს.ფ. 23);

 

3.1.4. 2017 წლის 29 ნოემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N007007817 დასკვნით დადგენლია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ,,HONDA GLX 1500’’, საიდენტიფიკაციო ნომრით N1HFSC2203TA802149, დამზადებულია (გამოშვების წელი) 1996 წელი, ძრავის მოცულობა შეადგენს - 1520 სმ3, ძრავის სიმძლავრეა - 100ცხ.ძ. – 73კვ; დაუტვირთავი წონა - 372 კგ. დასაშვები წონა - 583კგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N007007817 დასკვნა (იხ. ს.ფ.176-180);

 

3.1.5. 2017 წლის 30 ნოემბერს ზ------ მ---–---მ განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს მთავარ სამმართველოს რეგიონალური მართვის სამმართველოს აჭარის სამსახურის უფროსს და აღნიშნა, რომ 2017 წლის 15 აგვისტოს კოპარქსის აუქციონზე შეიძინა წყალში ჩანაძირი მოტოციკლი 1996 წლის HONDA GLX 1500’’, აღნიშნულმა მოტოციკლეტმა საქართველოს საბაჟო გადმოკვეთა 2017 წლის 13 ოქტომბერს. განმცხადებელმა ითხოვა მოტოციკლის განბაჟება ძველი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს ზ------ მ---–---მ განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსს და აღნიშნა, რომ 2017 წლის 15 აგვისტოს კოპარქსის აუქციონზე შეიძინა წყალში ჩანაძირი მოტოციკლი 1996 წლის HONDA GLX 1500’’, აღნიშნულმა მოტოციკლეტმა საქართველოს საბაჟო გადმოკვეთა 2017 წლის 13 ოქტომბერს. განმცხადებელმა ითხოვა მოტოციკლის განბაჟება ძველი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს მთავარ სამმართველოს რეგიონალური მართვის სამმართველოს აჭარის სამსახურის მიერ ზ------ მ---–--ის განცხადება შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილი იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადებები (იხ. ს.ფ. 22, ს.ფ.24-25);

 

3.1.6. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N21-10/21/1827725 წერილით და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 17 დეკემბრის N21-10-21/187616 წერილით ზ------ მ---–---ს ეცნობა, რომ ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ’’ 2017 წლის 15 ნოემბრის საქართველოს კანონის (1378-Iს) თანახმად, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8711 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) იმპორტი მიმდინარე წლის 18 ნოემბრიდან დაექვემდებარა აქციზის განაკვეთით დაბეგვრას, მაგრამ გათავისუფლდა დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან. შესაბამისად სეს ესნ-ის 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლი (მოპედის ჩათვლით) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას, დღგ-ის 18%-იანი განაკვეთის ნაცვლად იბეგრება აქციზის განაკვეთით, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის 41 გრაფის შესაბამისად.

 

ამასთან, განმცხადებელს განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გამონაკლისის სახით, მოტოციკლის იმპორტის ძველი წესით დაბეგვრის თაობაზე განემარტა, რომ საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადისაგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანით’’. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით კი აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბაჟო დეპარტამენტმა ზ------ მ---–---ს უარი უთხრა მოთხოვნას დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N21-10/21/1827725 წერილი (იხ. ს.ფ. 26);

- N21-10-21/187616 წერილი (იხ. ს.ფ. 27);

3.1.7. 2017 წლის 7 დეკემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N007167917 დასკვნით ირკვევა შემდეგი: მარკა - ჰონდა, ძრავი მოცულობა 1520, ვინ კოდი: N1HFSC2203TA802149; გამოშვების წელი -1996 წელი, დაუტვირთავი წონა - 372; დასაშვები წონა - 583; მასა -583; სიმძლავრე - 73, საწვავი - ბენზინი; სატარიფო ღირებულებაა - 5500,00 ლარი; სიმძლავრე და წონის ფარდობა - 0,2688; სეს ესნ კოდი: 8711 50 000 00. მოტოციკლი იმყოფება არამუშა მდგომარეობაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N007167917 დასკვნა (იხ. ს.ფ. 32-33);

 

3.1.8. დადგენილია, რომ 2017 წლის 8 დეკემბერს ზ------ მ---–---მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს და 2017 წლის 4 დეკემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის N21-10/21/1827725 წერილის გაუქმება ითხოვა.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 18 იანვრის სსიპ შემოსავლების სამსახურის N720 ბრძანებით ზ------ მ---–--ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჩივარი (იხ. ს.ფ. 35-36);

- N720 ბრძანება (იხ. ს.ფ. 37-38);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს საგადასახდო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 დეკემბრის N21-10-21.182725 წერილი, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს 2018 წლის 18 იანვრის N720 ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ზ------ მ---–--ის მიერ შეძენილი მოტოციკლის იმპორტი უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის 15 ნოემბრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით (გადასახადის დარიცხვა განხორციელდეს დამატებითი ღირებულების გადასახადის 18% განაკვეთით), თუ 2017 წლის 15 ნოემბრის საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად (აქციზით განაკვეთით დაბეგვრა).

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადასახადის სახეებია საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს მიეკუთვნება: ა) საშემოსავლო გადასახადი; ბ) მოგების გადასახადი; გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ); დ) აქციზი; ე) იმპორტის გადასახადი.

 

2017 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მოქმედი საქართველოს საგადასახდო კოდექსის 1761-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, ამ შემთხვევაში დღგ-ით არ იბეგრება: ა) საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაცია; ბ) მიწის ნაკვეთის რეალიზაცია; გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილის რეალიზაცია; დ) ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია.

 

,,ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივლისის №290 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით ამ წესის შესაბამისად იბეგრება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია;

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელად ითვლება პირი, რომლის საქონლის რეალიზაციაც ხდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე;

 

მითითებული საკანონმდებლო ნორმები ადგენდა დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრას 2017 წლის 15 ნოემბრამდე.

 

2017 წლის 15 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, დღგ-ით არ იბეგრება: საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) რეალიზაცია; (სსკ-ის 1761-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი) (15.11.2017. №1378).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლში მოცემულია აქციზის განაკვეთები: კერძოდ, საქართველოს საგადასახო კოდექსში 2017 წლის 15 ნოემბრის განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 188-ე მუხლის 41 მუხლის თანახმად, მოტოციკლი (მოპედის ჩათვლით) (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით), ძრავის მოცულობის 1 სმ³ 8711 (გარდა 8711 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ეტლისა) ა) 1 წლამდე - 1 სმ³ -1.5; ბ) 1 წლის - 1 სმ³ -1.3; გ) 2 წლის -1 სმ³ -0.7; დ) 3 წლის - 1 სმ³ -0.7; ე) 4 წლის -1 სმ³ -0.7; ვ) 5 წლის - 1 სმ³- 0.7; ზ) 6 წლის -1 სმ³ - 0.8; თ) 7 წლის -1 სმ³ -0.8; ი) 8 წლის - 1 სმ³; 0.8; კ) 9 წლის - 1 სმ³ - 0.8; ლ) 10 წლის - 1 სმ³ - 1.; 0.

 

მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ზ------ მ---–---მ მოტოციკლი შეიძინა აუქციონზე 2017 წლის 15 აგვისტოს.

 

ასევე, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ზ------ მ---–--ის მოტოციკლი - ვინ კოდით: N1HFSC2203TA802149 საბაჟო კონტროლის ზონა დატოვა 2017 წლის 13 ოქტომბერს. სატრანსპორტო საშუალების (მოტოციკლი - N1HFSC2203TA802149) ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 2017 წლის 13 ოქტომბერს და საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადა განისაზღვრა 2017 წლის 12 დეკემბერი (რომელიც შემდეგ გაგრძელდა 2018 წლის 11 იანვრის ჩათვლით).

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 7 ნოემბერს ზ------ მ---–---მ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მოტოციკლის სატარიფო ღირებულების დადგენის მიზნით.

 

6.3. სადავო პერიოდში მოქმედი ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ 2012 წლის 26 ივლისის საქართველოს ფინანსთა მინისტრის N290 ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას, მაგრამ არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა, რომელიც აითვლება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (დანართი №II-01) რეგისტრაციის ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციის ან საბაჟო საწყობის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის მე-4 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდების მომენტიდან.

 

უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ზ------ მ---–--ის მიერ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანისას იგი ექცეოდა იმ დროს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში და მის მიმართ უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელდა საქონლის ზოგადი დეკლარირება - საბაჟო ორგანოში წარდგენის ვადა განესაზღვრა 60 დღით, რომელიც იწურებოდა 2017 წლის 12 დეკემბერს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 15 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მოსარჩელე ზ------ მ---–--ის მიერ იმპორტირებული მოტოციკლის საბაჟო გაფორმებისას აქციზის განაკვეთით გადასახადის დარიცხვამ გააუარესა მისი, როგორც გადასახადის გადამხდელის მდგომარეობა. სასამართლოს მოსაზრებით, საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ ვალდებულების შესრულების დაწყების შემდგომ განხორციელდა და ვალდებულების შესრულების დასასრულისათვის შედეგობრივად განსხვავებულ რეგულაციას ადგენს, ვერ გახდება მომეტებული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და გადასახადის გადამხდელის იურიდიული და ფინანსური მდგომარეობის დამძიმების საფუძველი. კანონმდებლობის მოქმედება ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომელიც ნორმის ამოქმედების შემდეგ განხორციელდა ხოლო, ზ------ მ---–--ისათვის, როგორც გადასახადის გადამხდელისათვის, მოტოციკლის საზღვარზე შემოტანისა და ზოგადი დეკლარირების მომენტში იურიდიული შედეგი ნათელი, განსაზღვრული და არაორაზროვანი იყო.

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ ზ------ მ---–---ს მოტოციკლის - ვინ კოდით: N1HFSC2203TA802149 შეძენისას დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშვა საბაჟო კონტროლის ზონაში მოქცევის დროს - 2017 წლის 13 ოქტომბერს, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ მ---–--ის მოტოციკლი ექვემდებარება დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრას, რადგან მისი ვალდებულების წარმოშობის დრო წარმოადგენს საქონლის ზოგადი დეკლარირების დრო, რადგან ამ მომენტისათვის კანონმდებლობამ საქონელზე ოპერაციის განსაზღვრის პროცედურებისათვის ვადად დააწესა 60 დღე. ხოლო, ის გარემოება, რომ 2017 წლის 13 ოქტომბერს დაწყებული საგადასახადო ვალდებულების დასრულების პერიოდში (60 დღის პერიოდში) შეიცვალა რეგულაცია, არ ნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულების დაწყების დროს არსებული სამართლებრივი შედეგი, ცვლილების განხორციელების გამო სხვაგვარი, უფრო მძიმე სამართლებრივი შედეგით უნდა დასრულდეს. კანონის მოთხოვნების შესრულება გულისხმობს პირის სურვილს და განზრახვას მისი ქმედება შეუსაბამოს მოქმედ ნორმატიულ სივრცეს, რაც თავის მხრივ, ასევე გულისხმობს პასუხისმგებლობას განხორციელებული ქმედების და მისი შედეგის კანონიერების მიმართ. პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე კი ნიშნავს კანონით მინიჭებულ უფლებასაც, ნებისმიერი პირი დაცული იყოს მისი ქმედების შეფასების სტაბილური სამართლებრივი გარანტიებით. სამართლებრივი გარანტიების შემქნა და შენარჩუნება კი, სოციალური სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების დროს უნდა ხელმძღვანელობდნენ კონკრეტული საკანონმდებლო დანაწესით და მათი ქმედება, მით უფრო როდესაც ის ეხება ადამიანის ძირითად უფლებებს, უნდა ექვემდებარებოდეს კანონმდებლის შინაარსობრივი ნორმირებას და არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ზოგად პრინციპებზე მითითებით, რადგან დაუკონკრეტებელი და არამკაფიოდ განსაზღვრული ზოგადი ხასიათის დათქმა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს უფლებამოსილებას, ცალკეულ შემთხვევაში თვითონ განსაზღვროს ქმედების თავისუფლების ფარგლები, არ შეესაბამება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერების პრინციპის დაცვას.

 

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, მოქალაქის თავისუფლების უპირატესობის ვარაუდთან ერთად, მოითხოვს თითოეულის დაცვას საჯარო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული არასაჭირო, ზედმეტი შეზღუდვებისაგან; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უფლების ამგვარი ხელყოფა გამოწვეულია კანონით გათვალისწინებული პრინციპისა თუ აკრძალვის აუცილებლობით, მაშინ სავალდებულოა, მოქალაქეს განემარტოს მისი წინაპირობები და მისთვის გასაგები ფორმით მიეწოდოს ამასთან, რაც უფრო მეტად ეხება კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა ადამიანის თავისუფალი მოქმედების გამოვლენის ელემენტარულ ფორმას, მით უფრო ზედმიწევნითა და სიფრთხილით უნდა მოხდეს მოქალაქის თავისუფლების, უფლების, როგორც ძირითადი პრინციპისა, და აღნიშნული შეზღუდვის გამამართლებელი საფუძვლების ურთიერთშეფარდება. ყოველივე აღნიშნული, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ შეზღუდვის საშუალებები შეესაბამებოდეს კანონით გათვალისწინებულ მიზანს და ზედმეტად არ ზღუდავდეს ცალკეულ მოქალაქეს.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის მოტოციკლის საბაჟო გაფორმება, გადასახადის დარიცხვის განხორცილება აქციზის განაკვეთის შესაბამისად უკანონოა, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა - დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის მიერ იმპორტირებული მოტოციკლის საბაჟო გაფორმება, გადასახადის დარიცხვა განხორცილდეს 2017 წლის 15 ნოემბრამდე მოქმედი საგადასახდო კოდექსით დადგენილი წესით, კერძოდ აქციზის განაკვეთის ნაცვლად დამატებითი ღირებულების გადასახადის 18% განაკვეთით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოტანილია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რომლის არარსებობისას საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად სახეზეა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალდებულების პირობები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ – ზ------ მ---–---მ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 100 (ასი) ლარი; სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ზ------ მ---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 დეკემბრის N21-10-21.182725 წერილი მისი გამოცემის მომენტიდან;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს 2018 წლის 18 იანვრის N720 ბრძანება;

 

4. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს მოსარჩელის მიერ იმპორტირებული მოტოციკლის საბაჟო გაფორმება გადასახადის დარიცხვა განახორციელოს 2017 წლის 15 ნოემბრამდე მოქმედი საგადასახადო წესით, აქციზის განაკვეთის ნაცვლად დამატებითი ღირებულების გადასახადის 18% განაკვეთით.

 

5. სსიპ შემოსავლების სამსახურს ზ------ მ---–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი