გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.11.2019
საქმის ნომერი
010210018002303118
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
25.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010210018002303118

საქმე №2-571-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

9 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე

მოსარჩელე - ზუ-–---------–-------–--–-ი

წარმომადგენელი - სუ-–--------–-------–---–ი

მოპასუხე - შპს „მე-------------ი“

წარმომადგენელი-არ-----------ან

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - შპს „ნი-- ფ----- ი---------–----– ჯ--------“

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა, თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე შპს „მე-------------ს“ დაეკისროს მოსარჩელე ზუ-–---------–-------–--–-ის სასარგებლოდ 1 399 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე შპს „მე-------------ს“ დაეკისროს მოსარჩელე ზუ-–---------–-------–--–-ის სასარგებლოდ ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1 801 ლარის ოდენობით;

2. მხარეთა პოზიცია:

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ზუ-–---------–-------–--–-ი არის ისრაელის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში, ქალაქ ბათუმში. 2017 წლის 31 ოქტომბერს, შპს ,,მე-------------ის“ მაღაზიაში შეიძინა 9 775 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ანგარიშსწორება განხორციელდა საბანკო გადარიცხვის გზით. შეძენილი ნივთების ტრანსპორტირების ვალდებულება იკისრა მოპასუხემ. შეძენილი ნივთები მიტანილი იქნა ქ. ბათუმში, შ----------–--–---–-- ქუჩა N49-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ე.წ. „რესეფშენში“ და ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს. მყიდველის მიერ ტექნიკის მიღების და შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ტელევიზორი (მოდელი LG 43LJ610V) არ მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ტელევიზორს რაიმე გარეგნული ნაკლი არ აღენიშნებოდა. მოსარჩელემ, ნივთობრივი ნაკლის აღმოჩენისთანავე, დააბრუნა ტელევიზორი სავაჭრო ობიექტში და მოითხოვა შეკეთება ან ახლით შეცვლა. თუმცა, შპს „მე-------------მა“ უარი განაცხადა, როგორც ფულის დაბრუნებაზე, ისე ახლით შეცვლაზე. შესაბამისად, მოპასუხემ მოშალა ხელშეკრულება ნაკლული ტელევიზორის ნაწილში და მოითხოვს ნასყიდობის საფასურის უკან დაბრუნებას და ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.

 

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოადგინა უფლების განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი. მოპასუხე ადასტურებს მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას და შეთანხმებული ფასის გადახდის ფაქტს. თუმცა, განმარტავს, რომ ვალდებულება გამყიდველის მხრიდან შესრულდა ჯეროვნად, საქონლის მიწოდება განხორციელდა იმ მისამართზე, რა მისამართიც იყო მითითებული მყიდველის მიერ, მიღება-ჩაბარების აქტი შედგა და აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტს ხელი მოაწერა მოსარჩელის უფლებამოსილმა პირმა, კერძოდ, იმ კომპანიის თანამშრომელმა, რომლის დამფუძნებელიც და დირექტორიც არის მოსარჩელე. ნივთის ნაკლი შესახებ პრეტენზია განცხადებული არ ყოფილა. რაც შეეხება მოპასუხის მიერ დაზიანებული ტელევიზორის მაღაზიაში უკან მიტანას, აღნიშნული მოსარჩელის მიერ განხორციელდა 2018 წლის 10 იანვარს, თითქმის სამი თვის შემდეგ, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნივთი დაზიანებული უნდა იყოს მიმღების მფლობელობაში. ტელევიზორის და მის შეფუთვას გარეგნული დაზიანება არ აღენიშნება. სწორედ, ამიტომ განაცხადა კომპანიამ უარი წარმოდგენილი დაზიანებული ნივთის შეკეთებასა ან ახლით შეცვლაზე. მოპასუხე თვლის, რომ ხელშეკრულება მოიშალა არამართლზომიერად, სასარჩელო მოთხოვნა ნივთის ღირებულების უკან დაბრუნების ნაწილში არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, ასევე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის დაკისრების ნაწილშიც.

 

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - შპს „ ნი-- ფ----- ი---------–----– ჯ--------მ“ შესაგებელი არ წარმოადგინა. მესამე პირის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მოსარჩელე ზუ-–---------–-------–--–-ს და შპს „მე-------------ს“ შორის, 2017 წლის 31 ოქტომბერს, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, მათ შორის სადაო ტელევიზორზე. ნასყიდობის საგნების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 9 775 ლარით. სადავო ტელევიზორის (მოდელი LG 43LJ610V) ფასი განისაზღვრა 1399 ლარით. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონელი უნდა გაგზავნილიყო, ქ. ბათუმში, შ----------–--–---–-- ქუჩა N49, 23-ე სართულზე, ბინა N4-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს „მე-------------ის“ ინვოისი;

 

3.1.2. მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სრულად აქვს გადახდილი მოპასუხისათვის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა და გაყიდული ნივთების გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, მთლიანობაში 9 775 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს „მე-------------ის ინვოისი“;

-თანხის გადარიცხვის ელექტრონული ქვითრის ფოტო ილუსტრაცია;

 

3.1.3. შპს „მე-------------ს“ და შპს „ნი-- ფ----- ი---------–----–ჯ--------ს„ შორის, 2016 წლის 1 დეკემბერს, გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, შპს „ნი-- ფ----- ი---------–----–------------ იკისრა შეძენილი საქონელის/საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიტანის ვალდებულება, ხელშეკრულებით შეთანხმებულ მისამართზე, კერძოდ, ქ. ბათუმში, შ----------–--–---–-- ქუჩა N49, 23-ე სართული, ბინა N4-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს „მე-------------ის ინვოისი“;

-მიღება-ჩაბარების აქტი

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს აწევთ დასადგენი ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი, ხოლო აღნიშნული ტვირთის რეალიზება ხდება სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მართალია, მტკიცების ტვირთის პრინციპის საფუძველზე ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მითითების შესაძლებლობის რეალიზაცია მხარის უფლებაა, თუმცა ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა იწვევს ამ მხარისათვის არასახარბიელო მატერიალურ-სამართლებრივ სამართლებრივ შედეგს, მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.

 

მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. (სუსგ საქმე Nას-1359-2018წ. 2 ნოემბერი, 2018 წელი).

სასამართლო, საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და ანალიზის შედეგად ადგენს იმ ძირითად სადავო ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთაც დავის გადაწყვეტისათვის აქვს მნიშვნელობა.

 

3.2.2. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა, ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის გამო, ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის მართლზომიერება და ორმხრივი რესტიტუცია. მოსარჩელე/მყიდველი აცხადებს, რომ ნასყიდობის საგანი იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე, რის გამოც, ნაკლის გამოსწორების დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, მართლზომიერად მოშალა ნასყიდობის ხელშეკრულება. მოპასუხე/გამყიდველი განმარტავს, რომ ნივთი იყო ნივთობრივად უნაკლო და მყიდველმა ნაკლის თაობაზე განაცხადა მხოლოდ ნივთის ჩაბარებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ, ამდენად, ნასყიდობის საგანი დაზიანდა მყიდველის მიერ, რაც გამორიცხავს ხელშეკრულების მოშლის მართლზომიერ საფუძველს.

 

დავის საგნიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის მიღების მომენტში იყო თუ არა ტელევიზორი ნივთობრივი ნაკლის მქონე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-მიღება-ჩაბარების აქტი;

-ექსპრეს-ზედდებული N56001200404424;

 

3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქონლის ტრანსპორტირების ვალდებულება იკისრა გამყიდველმა. გამყიდველის მიერ არ მომხდარა მყიდველის ინფორმირება საქონლის გაგზავნის თაობაზე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მყიდველთან დაკავშირება განხორციელდა მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე და მყიდველი ინფორმირებული იყო საქონლის გაგზავნის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული ტელეფონის ნომერი და არც საქმეშია წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ გამყიდველი მყიდველს დაუკავშირდა ტელეფონით. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსარჩელე არ ფლობს ქართულ ენას, მოპასუხის წარმომადგენელი კი განმარტავს, რომ მყიდველთან დაკავშირება განხორცილდა ტელეფონის საშულებით, ქართულ ენაზე.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ნივთის მიტანა გამყიდველის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა, მისამართზე: ქ. ბათუმი, შ----------–--–---–-- ქუჩა N49-ის პირველ სართულზე შესასვლელში და არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ მისამართზე, კერძოდ ქ. ბათუმი, შ----------–--–---–-- ქუჩა N49, 23-ე სართული, ბინა N4-ში. დადგენილია, რომ ნივთის მიტანის მომენტისათვის მყიდველის ინფორმირება არ მომხდარა, იგი არ იმყოფებოდა აღნიშნულ მისამართზე და 2017 წლის 13 ნოემბერს ნასყიდობის საგანი მას არ ჩაბარებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს „მე-------------ის ინვოისი“;

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-მიღება-ჩაბარების აქტი;

-ექსპრეს-ზედდებული N56001200404424;

 

3.2.4. სასამართლოს დადგენილად მიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა არაუფლებამოსილი პირის მიმართ.

 

სასამართლო ვერ გაზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვალდებულება შეასრულა უფლებამოსილი პირის მიმართ და ნასყიდობით განსაზღვრული საქონელი ჩაიბარა მოსარჩელის წარმომადგენელმა. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა 2017 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული მიღება - ჩაბარების აქტი და ექსპრეს-ზედდებული. წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტში, მიმღებად მითითებულია შპს „ზულუ ვი. აი. პი“, მიღება-ჩაბარების აქტს კი ხელს აწერს არაიდენტიფიცირებული პირი. ასევე, ექსპრეს- ზედდებულში მითითებულია, რომ საქონელი მიიღო, მიმღების წარმომადგენელმა შპს „ზულუ ვი. აი. პიმ“. საქმეში არაა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამ პირის უფლებამოსილებას ნივთების მიღებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს „მე-------------ის ინვოისი“;

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-მიღება-ჩაბარების აქტი;

-ექსპრეს-ზედდებული N56001200404424;

 

3.2.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „მე-------------მა“ მყიდველს/მოსარჩელს მიაწოდა ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთი - ტელევიზორი მოდელი LG 43LJ610V, გამყიდველმა შპს „მე-------------მა“ კი ნაკლის გამოსწორებაზე ან/და ნივთის შეცვლაზე უარი განაცხადა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხესა და ექსპედიტორს შორის 2016 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების თანახმად გადამზიდავი ვალდებული იყო გაეხსნა საქონელი და ეჩვენებინა მიმღებისათვის მისი ვარგისიანობა. სასამართლოს შეკითხვაზე, თუ დაზიანება არაა გარეგნული, როგორ ხდება მისი ვარგისიანობის შემოწმება, მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ უშუალოდ ტელევიზორის გადაცემის მომენტისთვის, გადამცემი ვალდებულია ჩართოს ტელევიზორი, გამოსახულების ეკრანზე გამოსახვის შემთხვევაში ითვლება, რომ ტელევიზორი ჩაირთო და მუშაობს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ტელევიზორი შესაძლოა დაზიანდა მიმღები კომპანიის მფლობელობაში. სასამართლო მიუთითებს მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპზე, რომლის თანახმად, ნივთის ვარგისიანობის შესახებ მტკიცების ტვირთი ეკისრება: ნივთის გადაცემამდე გამყიდევლს, ხოლო ნივთის მიღების შემდეგ მყიდველს.

 

შპს „ნი-- ფ----- ი---------–----–ჯ--------მ“ სასამართლოში საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამტკიცება, რომ მიღება-ჩაბარების მომენტში, ექსპედიტორმა უფლებამოსილი პირის წინაშე მოახდინა ტელევიზორის ჩართვა და მისი ვარგისიანობის შემოწმება. საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჩაბარების მომენტისათვის ნივთის ვარგისიანობის შემოწმების ფაქტს. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნივთი მიიღო არა გამყიდველის ან მისი წარმომადგენლისაგან, არამედ არაუფლებამოსილი პირისაგან. შესაბამისად, ნასყიდობის საგნის დაზიანების რისკის მატარებელი არის არა მყიდველი, არამედ გამყიდველი, რომელსაც სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაემტკიცებინა საწინააღმდეგო. მოპასუხემ ვერ შეძლო აღნიშნული პროცესუალური უფლების რეალიზაცია. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს „მე-------------ის“ მიერ გაყიდული ნივთი გადაცემის მომენტშივე იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-მიღება-ჩაბარების აქტი;

-ექსპრეს-ზედდებული N56001200404424;

-შპს „მე-------------ს“ და შპს „ნი-- ფ----- ი---------–----–ჯ--------ს„ შორის გაფორმებული 2016 წლის 1 დეკემბრის შეთანხმება;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზუ-–---------–-------–--–-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნასყიდობის საფასურის დაბრუნების ნაწილში, ხოლო უარი უნდა ეთქვას მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

-სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა, სადავოა მოპასუხის მიერ ნივთობრივად უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულების შესრულება.

 

სასამართლო უთითებს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია, მიიღოს შესრულება; თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი. სასამართლო განმარტავს, რომ „შესრულების მიმღებად, უპირველეს ყოვლისა, ითვლება კრედიტორი. ზოგჯერ შესრულება შეიძლება, განხორციელდეს კრედიტორის ნაცვლად, სხვა პირის მიმართ. შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირი სასამართლოს გადაწყვეტილებითაც შეიძლება განისაზღვროს. კრედიტორის ნაცვლად შესრულების მიმღები მესამე პირის უფლებამოსილება შეიძლება, სხვადასხვაგვარად დადგინდეს, მაგალითად, როგორიცაა წერილობითი საბუთი, რომლითაც დგინდება მესამე პირის ვინაობა; მინდობილობა; სადამფუძნებლო დოკუმენტები (იურიდიული პირების მიმართ) ან გამომდინარეობდეს საქმის გარემოებებიდან“ (სუსგ №ას-1003-924-2017, 01.12.2017).

 

სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მოპასუხემ არ მოახდინა მოსარჩელის ინფორმირება საქონლის გაგზავნის თაობაზე. მოპასუხის მიერ ნივთი მიტანილი არ იქნა ხელშეკრულებით დათქმულ ადგილას და ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, რომელსაც მყიდველის მხრიდან აღნიშნული შესრულების მიღებაზე უფლებამოსილება არ გააჩნდა. დადგენილია, რომ ამ შესრულებით კრედიტორრს სარგებელი არ მიუღია, ვინაიდან, ნასყიდობის საგანი აღმოჩნდა ნივთობრივი ნაკლის მქონე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის მიხედვით, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის, ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯები. გამყიდველს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე ნივთის შეცვლაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს. თუ გამყიდველი ნაკლის გამოსწორების მიზნით მყიდველს გადასცემს უნაკლო ნივთს, მაშინ მას შეუძლია მყიდველს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნივთის უკან დაბრუნება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზუ-–---------–-------–--–-ის მიერ ნაყიდი ერთ-ერთი ტელევიზორი (LG 43LJ610V) იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე. დადგენილია, რომ ნივთი მყიდველმა მიიღო არაუფლებამოსილი პირისგან, დადგენილია, რომ ნაკლი აღმოჩენილი იქნა მყიდველის მიერ ნივთის მიღების მომენტში. დადგენილია, რომ აღმოჩენისთანავე მოსარჩელემ მოახდინა მისი სავაჭრო ობიექტში დაბრუნება.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის მუხლი 491-ე მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.

 

სასამართლო კვლავ მოიხმობს, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლს, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. ამავე კოდექსის 405-ე მუხლი განამტკიცებს იმ პირობებსა და გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში მხარეს შეუძლია, გამოიყენოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, ესენია - ვალდებულების შესრულებაზე დამატებითი ვადების გასვლა და ინტერესის დაკარგვა ვალდებულების დარჩენილი ნაწილის მიმართ. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზუ-–---------–-------–--–-ა შპს „მე-------------ს“ გაუგზავნა შეტყობინება, მოძრავი ქონების ნაკლის გამოსწორების ან ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის (მოშლის) და ნასყიდობის საფასურის დაბრუნების თაობაზე, რაზედაც უარი მიიღო.

 

6.4. „ხელშეკრულებიდან გასვლა არის ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით ვალდებულებითი ურთიერთობის უკუქცევა“ (გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარი). ხელშეკრულებიდან გასვლის კანონიერი უფლება წარმოიშვება მხარეების მიერ ვალდებულების დარღვევის საფუძველზე და უფლებას აძლევს კრედიტორს გავიდეს ხელშეკრულებიდან აღნიშნულზე ნების გამოხატვის და ამ ნების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მყიდველის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის კანონიერი საფუძველი.

დადგენილია, რომ მყიდველმა, ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე, შეატყობინა გამყიდველს შესყიდული პროდუქციის ნაწილის ნივთობრივი ნაკლის შესახებ და აცნობა ხელშეკრულებიდან გასვლის ნება. ასევე, დადგენილია, რომ გამყიდველმა მიიღო მყიდველის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის ნების გამოვლენა. დადგენილია, რომ გამყიდველის მხრიდან მოხდა ნაკლის აღმოფხვრისათვის ან ნასყიდობის საგნის შეცვლისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის შეთავაზება. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის გასვლა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან განხორციელდა მართზომიერი საფუძვლით.

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

სამოქალაქო კოდექსის 354-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები მხარეებმა უნდა შეასრულონ ერთდროულად. სასამართლო განმარტავს, რომ გასვლის შესახებ განცხადების გაკეთების და ამ განცხადების გამყიდველის მიერ მიღების შემდეგ, ნასყიდობის ხელშეკრულება გარდაიქმნება „მიღებულის უკუქცევის ურთიერთობად, რომელიც მხარეებმა ერთდროულად უნდა შეასრულონ“ (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი) ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ მხარეთა მოვალეობას წარმოადგენს ორმხრივი რესტიტუცია, რომელიც ხელშეკრულების უკვე შესრულებული ნაწილის უკან დაბრუნების ვალდებულებაში გამოიხატება.

დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაუბრუნა ნასყიდობის საგანი მოპასუხეს, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეს ნასყიდობის საგნის ღირებულება მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად ორმხრივი რესტიტუციის განხორციელების მოვალეობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის და ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ნასყიდობის თანხის უკან დაბრუნების თაობაზე დასაბუთებულია ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლით, რის გამოც ის უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, მოპასუხე შპს „მე-------------ს“ მოსარჩელის ზუ-–---------–-------–--–-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 399 ლარის გადახდა.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ სადაო ტელევიზორის გაუმართავობის გამო ვერ შეძლო უძრავი ქონების გაქირავება და სწორედ, ამის გამო ვერ მიიღო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა უძრავი ქონების გაქირავების შემთხვევაში. საქმის მასალებიდან არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ მის მიერ მითითებული მიზეზის გამო ვერ გააქირავა ქონება. მხოლოდ მხარის მითითება, რომ მას ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მიადგა ზიანი და ვერ მიიღო შემოსავალი, სასამართლოს მოსაზრებით არ არის საკმარისი საფუძველი მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს ამ ნაწილში უსაფუძვლოდ მიაჩნია, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა, ხოლო ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორცი--ლად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „მე-------------ს“ ზუ-–---------–-------–--–-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 43.71 ლარი, დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. დარჩენილი ნაწილი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზუ-–---------–-------–--–-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. დაეკისროს მოპასუხე შპს „მე-------------ს“ მოსარჩელე ზუ-–---------–-------–--–-ის სასარგებლოდ 1 399 ლარი;

 

3. დაეკისროს მოპასუხე შპს „მე-------------ს“ მოსარჩელე ზუ-–---------–-------–--–-ის სასარგებლოდ 43.71 ლარი, სახელმწიფო ბი--ჯეტში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნი--პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე