გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.11.2019
საქმის ნომერი
110310019003074381
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110310019003074381

N3/63-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე: ბ---- გ---------,მოპასუხე: სსიპ ქალაქ ზ------------ მ--- საჯარო სკოლა,წარმომადგენელი: ე-–--- ვ----–---–-;

მესამე პირები: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა,დავის საგანი: სრული ზოგადი განათლების აღიარება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

1.1. აღიარებულ იქნეს ბ---- გ---------- მიერ 1993 წელს ქალაქ ზ------------ N- საშუალო სკოლაში (ამჟამინდელი ქალაქ ზ------------ N- საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;

 

მოსარჩელის პოზიცია: 1993 წელს დაასრულა ზ------------ N- საშუალო სკოლის სრული კურსი, რაც დასტურდება 2019 წლის 06 ივნისს ამავე სკოლის დირექტორის მიერ გაცემული MES 3 19 00707928 ცნობით. სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო N A N 144 743 ატესტატი და შეფასების ფურცელი. ატესტატი დაკარგა გაურკვეველ ვითარებაში, რის გამოც საჭიროებიდან გამომდინარე მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით, თუმცა უარი ეთქვა საგანმანათლებრლო პროგრამის დასრულების შესახებ დოკუმენტაციის სკოლაში მოუძიებლობის გამო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ზ------------ N- საჯარო სკოლის (ყოფილი N- საშუალო სკოლა) წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი ცნო და დაეთანხმა ბ---- გ---------- მიერ ქალაქ ზ------------ N- საშუალო სკოლაში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა წარმომადგენელი.

 

3.2. მესამე პირს - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ვინაიდან მოსარჩელის შესახებ ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N113/ნ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ვერ მოხერხდა ინფორმაციის მოგროვება მოსარჩელის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების თაობაზე, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 1993 წელს დაასრულა ზ------------ N- საშუალო სკოლის სრული კურსი და გაიცა N 144 743 ატესტატი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 06 ივნისის MES 3 19 00707928 ცნობა;

 

4.2. მოსარჩელემ 2019 წლის 06 ივნისს N5000413151 განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის N27/150/გ გადაწყვეტილება;

 

4.3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის N27/150/გ გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის N27/150/გ გადაწყვეტილება;

 

4.4. სსიპ ქალაქ ზ------------ N- საჯარო სკოლაში დაცულია საშუალო განათლების ატესტატის გაცემის წიგნი, სადაც მე-2 ნომრად მითითებულია ბ---- გ---------- სახელზე გაცემული ატესტატის რეკვიზიტები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნის ასლი ;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ---- გ---------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია,„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება; ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.

 

ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა არის მოსარჩელის მიერ ქალაქ ზ------------ N- ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლაში სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ---- გ---------მ დაამთავრა ქალაქ ზ------------ N- ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის სრული კურსი და 1993 წელს მასზე გაიცა ატესტატი №144743.

 

საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის №27/150/გ გადაწყვეტილებით ბ---- გ---------ს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ მოქალაქე ბ---- გ---------- მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ბრძანება არ გამოცემულა. სსიპ ქალაქ ზ------------ N- საჯარო სკოლაში დაცულია საშუალო განათლების ატესტატის გაცემის წიგნი, სადაც მე-2 ნომრად მითითებულია ბ---- გ---------- სახელზე გაცემული ატესტატის რეკვიზიტები.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

 

ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ ბ---- გ---------- სახელზე 1993 წელს გაიცა ქ.ზ------------ N- ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის ზოგადი განათლების ატესტატი, ნომრით №144743. რაც ყველაზე საგულისხმოა, მოპასუხე სკოლამ წარმოდგენილი შესაგებლითაც და სასამართლო სხდომაზეც სარჩელი ცნო და დაადასტურა მოსარჩელის მიერ ქ.ზ------------ N- საშუალო სკოლაში სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას, გარდა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობისა, აფუძნებს საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, რომლითაც უტყუარად დასტურდება მოსარჩელის მიერ საშუალო განათლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბ---- გ---------- სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. აღიარებულ იქნეს ბ---- გ---------- (პ.ნ 1----------) მიერ 1993 წელს ქალაქ ზ------------ N- საშუალო სკოლაში (ამჟამინდელი ქალაქ ზ------------ N- საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;

 

3. ბ---- გ---------ს (პ.ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი ( საგადახდო დავალება №20691303, გადახდის თარიღი 1.07.2019 წელი, გადამხდელი მ----- ბ----------);

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).

 

მოსამართლე ელენე ოსაძე