გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
150210019002998802
საქმე # 2/111-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე _ მალხაზ ენუქიძე
სხდომის მდივანი _ დავით მელიქიძე
მოსარჩელე _ გიორგი მაცუკატოვი
წარმომადგენელი - ვასილ ბალხაძე
მოპასუხეები _ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია - წარმომადგენელი ხაჩატურ ალექსანიანი; ააიპ ახალქალაქის საბიბლიოთეკო გაერთიანება- წარმომადგენლები ეკატერინა აბაშიძე, თეკლა ვახტანგიშვილი
დავის საგანი _ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ფულადი ანაზღაურების დაკისრება, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიკვეთოს გიორგი მაცუკატოვის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა და მოპასუხე ააიპ ახალქალაქის საბიბლიოთეკო გაერთიანებას დაევალოს გაიტანოს მისი კუთვნილი წიგნები მოსარჩელე გიორგი მაცუკატოვის საცხოვრებელი სახლიდან მდებარე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხოსპიო;
1.2. მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე გიორგი მაცუკატოვის სასარგებლოდ დაეკისროს 24.000 (ოცდაოთხი ათასი) ლარის გადახდა;
სარჩელის თანახმად 2006 წლის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით დაიხურა არაერთი ბიბლიოთეკა მათ შორის ახალქალაქის რაიონის სოფელ ხოსპიოს ბიბლიოთეკა. მაშინდელ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები დროებით განთავსდა გიორგი მაცუკატოვის სახლში, იმ პირობით რომ უმოკლეს ვადაში გამონახავდნენ ადგილს და იქ მოხდებოდა წიგნების გადატანა. ამის შემდეგ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას, კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროს რათა მოეხდინათ წიგნების გატანა ან აენაზღაურებინათ ყოველთვიური ქირა. მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა დღემდე არ მოუხდენიათ წიგნების გატანა, რის გამოც დაზიანდა საცხოვრებელი სახლის ოთახი და უკვე ათეული წელია რაც მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები აღნიშნულ ოთახს ვეღარ იყენებენ, ფაქტიურად ოთახი იმყოფება მოპასუხეთა არამართლზომიერ მფლობელობაში. მოსარჩელის განმარტებით 1999-2005 წლებში მაშინდელი გამგეობა უხდიდა ქირის სახით ყოველთვიურად 21 ლარს, გარდა ამისა გამგეობის მაშინდელი ხელმძღვანელობა მას დაპირდა რომ თუ კი დადგენილ ვადაში ვერ მოხდებოდა წიგნების გადატანა ყოველთვიურად აუნაზღაურებდნენ ქირას 200 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნული თანხა დღემდე არ გადაუხდიათ, რითაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რადგან 2006 წლიდან დღემდე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის ნაწილს. ამიტომაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია გიორგი მაცუკატოვს გადაუხადოს 24.000 ათასი ლარი, რომელი თანხაც მან დაზოგა და რა თანხითაც ის უსაფუძვლოდ გამდიდრდა. კერძოდ, 10 წლის განმავლობაში მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადათ თვეში 200 ლარი, რაც 10 წლის განმავლობაში შეადგენს 24.000 ლარს. 2009 წელს გამგეობის მიერ კვლავ იქნა მიღებული ბრძანება, რათა სოფლის ბიბლიოთეკების წიგნები გადასცემოდა სკოლებს, რაც ასევე არ შესრულებულა. გარდა ამისა, მოსარჩელე იძულებული იყო იმ ოთახში სადაც განთავსებულია წიგნები ჩაერთო გათბობა, რათა არ დაზიანებულიყო წიგნები. მიუხედავად გიორგი მაცუკატოვის არაერთი გაფრთხილებისა და თხოვნისა მოპასუხეს აღეკვეთა უკანონო ხელშეშლა და გაეტანა წიგნები დღემდე შედეგი არ გამოუღია.
2. მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და თავის შესაგებელში განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მოსარჩელის მიერ არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი იმის თაობაზე, რომ მას მართლაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიადგა ზიანი. საქმეში არსებული ახალქალაქის რაიონული არქივის მიერ გაცემული ცნობიდან ირკვევა, რომ გიორგი მაცუკატოვი 1999 წლიდან 2005 წლის დეკემბრამდე ახალქალაქის რაიონის ხოსპიოს სასოფლო საბჭოდან იღებდა ბინის ქირას, ხოლო 2006 წელს დაიხურა ხოსპიოს ბიბლიოთეკა და შესაბამისად არქივის მიერ გაცემულ ცნობაში მითითებული თანხის მოსარჩელისათვის გაცემა შეწყდა, რადგან ხოსპიოს ბიბლიოთეკა როგორც ორგანო უკვე აღარ არსებობდა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, მას გაშვებული აქვს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რაც შეადგენს 3 წელს. მოსარჩელეს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია იმის შესახებ რომ მის სახლში არსებული წიგნები მართლაც სოფელ ხოსპიოს ყოფილი ბიბლიოთეკის კუთვნილი წიგნებია. ასევე ადგილი არა აქვს უსაფუძვლო გამდიდრებას, რადგან ჯერ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ფულადი ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელემ უნდა მიმართოს აიპ ახალქალაქის საბიბლიოთეკო გაერთიანებას და არა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას, რადგან სადავო წიგნების მესაკუთრე წარმოადგენს ზუსტად საბიბლიოთეკო გაერთიანება და არა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია. მოცემულ დავაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, რადგან მოსარჩელის ბინაში არსებული წიგნების მესაკუთრეს არ წარმოადგენს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია.
3. მოპასუხე ააიპ ახალქალაქის საბიბლიოთეკო გაერთიანების პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას და თავიანთ შესაგებელში განმარტავენ, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამასთან, მოსარჩელეს გაშვებული აქვს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც. საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, რადგანაც სარჩელი აღძრულია არასათანადო მოსარჩელის მიერ, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, მოსარჩელე არ არის უძრავი ქონების ერთადერთი მესაკუთრე.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე ააიპ ახალქალაქის საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენელმა ნაწილობრივ სცნო სარჩელი, კერძოდ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის - მისი კუთვნილი წიგნების გატანის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე გიორგი მაცუკატოვი არის უძრავი ქონების მდებარე: ახალქალაქი, სოფელი ხოსპიო, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2323.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა #1, #2 და #3 (მშენებარე), საკადასტრო კოდი: # 63.19.34.368, თანამესაკუთრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 100-114; სხდომის ოქმი ს.ფ. 55-67; 174-185);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17).
3.1.2. 2006 წლის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით დაიხურა არაერთი ბიბლიოთეკა მათ შორის ახალქალაქის რაიონის სოფელ ხოსპიოს ბიბლიოთეკა. მაშინდელ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები დროებით განთავსდა გიორგი მაცუკატოვის სახლში, იმ პირობით რომ უმოკლეს ვადაში გამონახავდნენ ადგილს და იქ მოხდებოდა წიგნების გადატანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 100-114; სხდომის ოქმი ს.ფ. 55-67; 174-185);
3.1.3. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რათა მოეხდინათ წიგნების გატანა ან აენაზღაურებინათ ყოველთვიური ქირა. მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა დღემდე არ მოუხდენიათ წიგნების გატანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 100-114; სხდომის ოქმი ს.ფ. 55-67; 174-185);
- 2010 წლის 22 ივლისის წერილი (ს.ფ. 16).
3.1.4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2010 წლის 22 ივლისის წერილიდან ირკვევა, რომ რაიონული ბიბლიოთეკები შედიოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში.
- მხარეთა ახსნა-განმარტება (დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 100-114; სხდომის ოქმი ს.ფ. 55-67; 174-185);
- 2010 წლის 22 ივლისის წერილი (ს.ფ. 16).
3.1.5. 1999-2005 წლებში მაშინდელი გამგეობა მოსარჩელე გიორგი მაცუკატოვს ქირის სახით ყოველთვიურად უხდიდა 21 (ოცდაერთი) ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 100-114; სხდომის ოქმი ს.ფ. 55-67; 174-185);
- 2019 წლის 13 მარტის AA2019004301-06 საარქივო ცნობა (ს.ფ. 31);
- ხელფასის გაცემის უწყისები (ს.ფ.161-172 ).
3.1.6. საქართველოს ეროვნული არქივის, 2019 წლის 05 აგვისტოს # 20/88906 წერილიდან ირკვევა, რომ „ახალქალაქის რეგიონულ არქივში დაცული ახალქალაქის რაიონის ხოსპიოს სასოფლო საბჭოს ხელფასის გაცემის უწყისების თანახმად, დასტურდება, რომ გიორგი მაცუკატოვს ხოსპიოს სასოფლო საბჭოს/საკრებულოს მიერ ერიცხებოდა ბინის ქირა. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია სასოფლო საბჭოს თავმჯდომარისა და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 100-114; სხდომის ოქმი ს.ფ. 55-67; 174-185);
- საქართველოს ეროვნული არქივის, 2019 წლის 05 აგვისტოს # 20/88906 წერილი (ს.ფ. 99).
3.1.7. ააიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის თ.ვახტანგიშვილის, 2017 წლის 30 მარტის წერილიდან ირკვევა, რომ „2006 წლის 15 დეკემბრის #36 ბრძანების 10.11.06 წ. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დაიხურა ყველა ბიბლიოთეკა-ფილიალი, მათ შორის ს. ხოსპიოს #45 ბიბლიოთეკაც. ხოსპიოს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი და ინვენტარი არ ჩაუბარებია არავისთვის ბიბლიოთეკის ყოფილ გამგეს იზოლდა მაცუკატოვს. მასზე ბოლო წლიური ანგარიშის მონაცემებით ირიცხება 9729 ეგზ. რამდენიმე წლის წინ, ოჯახის წევრის ნინო მაცუკატოვის მომართვის შემდეგ თ,ვახტანგიშვილმა ჩაუტარა ინსტრუქტაჟი ფონდის გადარჩევა გადახარისხების თაობაზე, რის შემდეგაც მათი ბიბლიოთეკის კომისიის ადგილზე მისვლით წარმართავდნენ შემდეგი ეტაპის საქმიანობას. მაგრამ დღემდე ამ საქმეს გაგრძელება არ მოჰყოლია“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 100-114; სხდომის ოქმი ს.ფ. 55-67; 174-185);
- ააიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის თ.ვახტანგიშვილის, 2017 წლის 30 მარტის წერილი (ს.ფ. 157).
3.1.8. 2019 წლის 31 ივლისის, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ „მოსარჩელის სახლის მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში, რომლის ფართობიც დაახლოებით არის 36 კვ.მ. განლაგებულია წიგნები ხის თაროებზე ალფავიტის მიხედვით და ასევე იატაკზე. თაროების საერთო რაოდენობა 16 ცალი. წიგნები არის ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე. მოსარჩელის მეუღლემ იზოლდა მაცუკატოვმა განმარტა, რომ წიგნები იმიტომ არის იატაკზე განლაგებული, რომ წიგნების გადატანის მიზნით მოეხდინა აღწერა და ამის გამო რამდენიმე თარო არის ცარიელი. ასევე იზოლდა მაცუკატოვმა დათვალიერების დროს სასამართლოს წარმოუდგინა ჩანაწერთა ჟურნალი, რომელშიც აღნიშნულია წიგნების რაოდენობა და მიღება-ჩაბარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 31 ივლისის, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 86-87).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2005 წლის შემდეგ გამგეობის მაშინდელი ხელმძღვანელობა მოსარჩელე გიორგი მაცუკატოვს დაპირდა რომ თუ კი დადგენილ ვადაში ვერ მოხდებოდა წიგნების გადატანა ყოველთვიურად აუნაზღაურებდნენ ქირას 200 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნული თანხა დღემდე არ გადაუხდიათ, რითაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რადგან 2006 წლიდან დღემდე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის ნაწილს. გარდა ამისა, მოსარჩელე იძულებული იყო იმ ოთახში სადაც განთავსებულია წიგნები ჩაერთო გათბობა, რათა არ დაზიანებულიყო წიგნები. მიუხედავად გიორგი მაცუკატოვის არაერთი გაფრთხილებისა და თხოვნისა მოპასუხეს აღეკვეთა უკანონო ხელშეშლა და გაეტანა წიგნები დღემდე შედეგი არ გამოუღია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 100-114; სხდომის ოქმი ს.ფ. 55-67, 174-185);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე გიორგი მაცუკატოვის სასარჩელო მოთხოვნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და ააიპ ახალქალაქის საბიბლიოთეკო გაერთიანების მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ფულადი ანაზღაურების დაკისრებისა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით, მოპასუხე ააიპ ახალქალაქის საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენელმა ნაწილობრივ სცნო სარჩელი, კერძოდ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის - მისი კუთვნილი წიგნების გატანის ნაწილში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 976-ე, 982-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი განსაზღვრავს საკუთრების უფლების შინაარსს, რომლის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
საკუთრების უფლება აბსოლუტური უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მესამე პირი ვალდებულია თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან. თუ არ ექნება ადგილი აღნიშნულ დარღვევას, მესაკუთრე შეძლებს ნივთთან თავისუფალი ურთიერთობის განხორციელებას. მესაკუთრის მოქმედებით ასევე არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების შინაარსი მდგომარეობს მასში, რომ მესაკუთრეს თავისუფლად უნდა შეეძლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა.
საკუთრების ბოჭვამ არ შეიძლება მოსპოს საკუთრება. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას, არ შეიძლება პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ახალქალაქის რაიონის სოფელ ხოსპიო, სასოფლო-სამეურნეო , დაზუსტებული ფართობი: 2323.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა #1; #2 და #3 (მშენებარე), საკადასტრო კოდით 63.19.34.368. წარმოადგენს ანდრო მაცუკატოვის, ანტონ მაცუკატოვის, გიორგი მაცუკატოვის, გიორგი მაცუკატოვის, ვანო მაცუკატოვის, იზოლდა მაცუკატოვისა და ნინო მაცუკატოვის თანასაკუთრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
ამავე კოდექსის 982-ე მუხლის საფუძველზე პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არაა, რომ 2006 წლის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით დაიხურა არაერთი ბიბლიოთეკა მათ შორის ახალქალაქის რაიონის სოფელ ხოსპიოს ბიბლიოთეკა. მაშინდელ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები დროებით განთავსდა გიორგი მაცუკატოვის სახლში, იმ პირობით რომ უმოკლეს ვადაში გამონახავდნენ ადგილს და იქ მოხდებოდა წიგნების გადატანა. საქართველოს ეროვნული არქივის, 2019 წლის 05 აგვისტოს # 20/88906 წერილიდან ირკვევა, რომ „ახალქალაქის რეგიონულ არქივში დაცული ახალქალაქის რაიონის ხოსპიოს სასოფლო საბჭოს ხელფასის გაცემის უწყისების თანახმად, დასტურდება, რომ გიორგი მაცუკატოვს ხოსპიოს სასოფლო საბჭოს/საკრებულოს მიერ ერიცხებოდა ბინის ქირა. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია სასოფლო საბჭოს თავმჯდომარისა და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით. ააიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის თ.ვახტანგიშვილის, 2017 წლის 30 მარტის წერილით დადგენილია, რომ „2006 წლის 15 დეკემბრის #36 ბრძანების 10.11.06 წ. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დაიხურა ყველა ბიბლიოთეკა-ფილიალი, მათ შორის ს. ხოსპიოს #45 ბიბლიოთეკაც. ხოსპიოს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი და ინვენტარი არ ჩაუბარებია არავისთვის ბიბლიოთეკის ყოფილ გამგეს იზოლდა მაცუკატოვს. მასზე ბოლო წლიური ანგარიშის მონაცემებით ირიცხება 9729 ეგზ. რამდენიმე წლის წინ, ოჯახის წევრის ნინო მაცუკატოვის მომართვის შემდეგ თ,ვახტანგიშვილმა ჩაუტარა ინსტრუქტაჟი ფონდის გადარჩევა გადახარისხების თაობაზე, რის შემდეგაც მათი ბიბლიოთეკის კომისიის ადგილზე მისვლით წარმართავდნენ შემდეგი ეტაპის საქმიანობას. მაგრამ დღემდე ამ საქმეს გაგრძელება არ მოჰყოლია“. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რათა მოეხდინათ წიგნების გატანა ან აენაზღაურებინათ ყოველთვიური ქირა. მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა დღემდე არ მოუხდენიათ წიგნების გატანა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა პოზიციას ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის გაშვებასთან დაკავშირებით, რადგანაც საკასაციო პალატის განმარტებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პრაქტიკის ანალიზი, უსაფუძვლო გამდიდრება, 2019 წელი), ვინაიდან განსახილველ საქმეში არსებულ ურთიერთობაზე ვრცელდება არა დელიქტური ვალდებულებების, არამედ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი, გამოყენებულ უნდა იქნეს ხანდაზმულობის საერთო ვადა _ 10 წელი სკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად. ეს ვადა დადგენილია ყველა იმ ურთიერთობებისათვის, რომელიც არ ითვალისწინებს სპეციალურ ვადას, მაგალითად, უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი. საკასაციო პალატის ვარაუდით, სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ხანდაზმულობის ინსტიტუტს. პალატის აზრით, ვინაიდან მესაკუთრის მოთხოვნა უკავშირდება მის მოთხოვნას - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, მესაკუთრის მიერ თავისი საკუთრების, როგორც აბსოლუტური უფლების დაცვაზე ხანდაზმულობის ინსტიტუტი არ ვრცელდება. ხოლო მიუღებელი სარგებელის თაობაზე მოთხოვნის წარმოშობა და მოცულობა განპირობებულია საკუთრების უკანონო ხელშეშლის ხანგრძლივობით. ხანდაზმულობა წარმოადგენს ვადას, რომლის განმავლობაში უფლებადარღვეულ პირს ეძლევა, შესაძლებლობა მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა (კონკრეტულ დავაში ხელმყოფისაგან უფლების მქონე პირისათვის მის უფლებაში ჩარევის გათანაბრების მოთხოვნა). შესაბამისად, სხვისი საკუთრების უკანონო ხელშეშლის ფაქტის გამო წარმოშობილი ვალდებულება არ შეიძლება, შეფასდეს, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება (პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოდგენს ვალდებულება, რომელიც კანონით ან ხელშეკრულებით გარკვეული დროის მონაკვეთში უნდა შესრულდეს განსაზღვრული პერიოდულობით, რა დროსაც თითოეული დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას). განსახილველ სადავო ურთიერთობის გათვალისწინებით საკუთრების უფლების ხელყოფის შედეგად დაკარგულმა სიკეთემ წარმოშვა არა პერიოდულად შესასრულებელი, არამედ ერთიანი ვალდებულება, ხოლო მიუღებელი ქირა მოთხოვნის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმია.
ამასთან, დადგენილია და სადავო არაა ის გარემოება რომ „ახალქალაქის რეგიონულ არქივში დაცული ახალქალაქის რაიონის ხოსპიოს სასოფლო საბჭოს ხელფასის გაცემის უწყისების თანახმად, დასტურდება, რომ 1999-2005 წლებში გიორგი მაცუკატოვს ხოსპიოს სასოფლო საბჭოს/საკრებულოს მიერ ერიცხებოდა ბინის ქირა ყოველთვიურად 21 (ოცდაერთი) ლარი, ხოლო 2006 წლიდან დღემდე მოპასუხეები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის ნაწილს და აღარც შეპირებულ ქირას არ უხდიან მოსარჩელეს. მიუხედავად გიორგი მაცუკატოვის არაერთი გაფრთხილებისა და თხოვნისა აღეკვეთათ უკანონო ხელშეშლა და გაეტანა წიგნები დღემდე შედეგი არ გამოუღია. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს მასზედ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ არაუფლებამოსილი მფლობელების მიერ განხორციელებული ფლობით მესაკუთრემ დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლება ეძლევა, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. რადგან „შესრულების დაბრუნება“ (მოსარჩელეების მიერ უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, სკ-ის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მესაკუთრემ) შეიძლება, გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც დგინდება მსგავსი ბინის ქირის ოდენობით. ამ შემთხვევაში „მიღებულ სარგებელს“ წარმოადგენს ფართით სარგებლობა, რაც შესაძლებელია გამდიდრების გათანაბრების ოდენობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დანაწესების გამოყენებით.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 10 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდასთა დაკავშირებით, რაც ჯამში შეადგენს 24.000 ლარს, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია, რამდენადაც აღნიშნული თანხა სრულიად შეუსაბამოა სადავო ქონებასთან (სახლი არ არის კეთილმოწყობილი), სხვა სახის რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა მოთხოვნილი ქირის გონივრულობაში, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გიორგი მაცუკატოვის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა აღიკვეთოს გიორგი მაცუკატოვის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა და მოპასუხე ააიპ ახალქალაქის საბიბლიოთეკო გაერთიანებას დაევალოს გაიტანოს მისი კუთვნილი წიგნები მოსარჩელე გიორგი მაცუკატოვის საცხოვრებელი სახლიდან მდებარე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხოსპიო; მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე გიორგი მაცუკატოვის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 12.000 (თორმეტი ათასი) ლარის გადახდა;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გიორგი მაცუკატოვი სასამართლოს მიერ გათავისუფლებული იქნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად რამდენადაც მოპასუხე ააიპ ახალქალაქის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მოპასუხეებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასა და ააიპ ახალქალაქის საბიბლიოთეკო გაერთიანებას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 360 (სამას სამოცი) ლარის ოდენობით;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ე1 ქვეპუნქტი, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გიორგი მაცუკატოვის (პ/ნ 07001007879) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. აღიკვეთოს გიორგი მაცუკატოვის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა და მოპასუხე ააიპ ახალქალაქის საბიბლიოთეკო გაერთიანებას დაევალოს გაიტანოს მისი კუთვნილი წიგნები მოსარჩელე გიორგი მაცუკატოვის საცხოვრებელი სახლიდან მდებარე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხოსპიო, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: # 63.19.34.368;
3. მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე გიორგი მაცუკატოვის სასარგებლოდ დაეკისროს 12.000 (თორმეტი ათასი) ლარის გადახდა;
4. მოპასუხეებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასა და ააიპ ახალქალაქის საბიბლიოთეკო გაერთიანებას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 360 (სამას სამოცი) ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალქალაქი, აშტოცის ქ. #110) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე: მალხაზ ენუქიძე