გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2019
საქმის ნომერი
190210019003069421
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1189-2019წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.10.2019 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე გი------ ტ-------ე

გ-- ტ-------ე

ლ--–- შ----ე

წარმომადგენელი ნიკა ნანობაშვილი

მოპასუხე ა-- ძ------–---–ი

წარმომადგენლები ნინო ბერიძე, გიორგი თათელაძე

არასრულწლოვანის წარმომადგენელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი პაატა ცნობილაძე

დავის საგანი არასრულწლოვან შვილთან/შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

II აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები

 

1.1. მოსარჩელეებს 2016 წლის 8 ნოემბერს დაბადებულ ა------- ტ-------ესთან ურთიერთობისთვის განესაზღვროთ კვირაში სამი დღე, ღამე დარჩენის უფლებით, საკუთარი მამის საცხოვრებელ ადგილას. კერძოდ ყოველი კვირის პარასკევი დღის 10 საათიდან ორშაბათი დღის 10 საათამდე, ზაფხულის არდადეგების პერიოდში ივლისის თვის პირველი რიცხვიდან 10 საათიდან 14 რიცხვის ჩათვლით 10 საათამდე და აგვისტოს თვის პირველი რიცხვიდან 10 საათიდან 14 რიცხვის ჩათვლით 10 საათამდე ა------- ტ-------ემ გაატაროს მოსარჩელეებთან ღამე დარჩენის უფლებით, მათ საცხოვრებელ ადგილას.

 

1.2. ზამთრის არდადეგების პერიოდში 2 იანვრიდან 10 საათიდან 16 იანვრის ჩათვლით 10 საათამდე ა------- ტ-------ემ გაატაროს მოსარჩელეებთან ღამე დარჩენის უფლებით, მათ საცხოვრებელ ადგილას.

 

1.3. სადღესასწაულო დღეებში შვილთან ურთიერთობისთვის დრო განისაზღვროს თანაბრად დედასა და მამას შორის. მათ შორის აღდგომის პერიოდში ა------- ტ-------ემ დრო გაატაროს მოსარჩელეებთან კვირა, ორშაბათი (კვირა 09:00 საათზე წაყვანისა და სამშაბათს 09:00 საათზე დედასთან მიყვანის უფლებით).

 

1.4. ახალი წლის სადღესასწაულო პერიოდში მოსარჩელეებს ა------- ტ-------ესთან ურთიერთობისათვის განესაზღვროს 31 დეკემბერი 18 საათიდან 01 იანვრის 10:00 საათამდე.

 

1.5. ყოველი წლის 8 ნოემბერს (ბავშვის დაბადების დღეს) ა------- ტ-------ესთან ურთიერთობისათვის მოსარჩელეებს განესაზღვროთ 8 ნოემბერს 18:00 საათიდან 9 ნოემბრის 10 საათამდე. მამის გი------ ტ-------ის დაბადების დღე 27 აპრილი ა------- ტ-------ემ გაატაროს მოსარჩელეებთან, კერძოდ 27 აპრილს 10:00 საათზე წაიყვანოს და 28 აპრილს დედასთან მიყვანის უფლებით.

 

1.6. პაპის გ-- ტ-------ის დაბადების დღე, 10 მარტს ა------- ტ-------ემ გაატაროს მოსარჩელეებთან კერძოდ 10 მარტს 10:00 საათზე წამოყვანისა და 11 მარტს 10:00 საათზე დედასთან მიყვანის უფლებით.

 

სარჩელის გარემოებები:

 

გი------ ტ-------ე და ა-- ძ------–---–ი 2016 წლის 26 ოქტომბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, 2016 წლის 08 ნოემბერს შეეძინათ ვაჟი ა------- ტ-------ე. 2019 წლის დასაწყისიდან მეუღლეებს შორის გახშირდა კონფლიქტი, რის გამოც ა-- ძ------–---–ი საცხოვრებლად გადავიდა საკუთარ მშობლებთან, ასევე წაიყვანა სამი წლის ვაჟი და მას შემდეგ მამას გი------ ტ-------ეს, ბაბუას - გ-- ტ-------ეს და ბებიას - ლ--–- შ----ეს არა აქვთ ბავშვთან ხშირი ურთიერთობის შესაძლებლობა და ამ საკითხზე მხარეებს შორის შეუთანხმებლობაა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ა-- ძ------–---–მა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ გახშირებული კონფლიქტის გამო იგი ბავშვთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან. ბავშვის პაპა და ბებია თავიანთი შეხედულებისამებრ ნახულობენ ბავშვს. იგი არ არის წინააღმდეგი მოსარჩელეებს ჰქონდეთ ურთიერთობა ბავშვთან, თუმცა არ ეთანხმება ბავშვის მცირე ასაკიდან გამომდინარე ღამით მათთან დარჩენას. თანახმაა საბავშვო ბაღის დასრულების შემდგომი დროიდან ბავშვი წაიყვანონ ღამით დარჩენის უფლებითაც.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის განყოფილების წარმომადგენლის განმარტებით, ორივე მშობელთან ბავშვის აღზრდის სათანადო პირობებია შექმნილი და ბავშვზე მშობლები და ნათესავები სათანადოდ ზრუნავენ. საბავშვო ბაღის დასრულების შემდგომი დროიდან ღამით დარჩენის უფლების მინიჭება ბავშვის ინტერესებს არ შეესაბამება, რადგან ამჟამად ბავშვი 3 წლის ასაკშია, ხანგრძლივი დროით თუკი ასეთი ურთიერთობა მოსარჩელეებთან არ ექნება, გაუცხოება იჩენს თავს და ღამით დარჩენის რეალურად განხორციელება შესაძლებელიც ვერ იქნება.

(22.10.2019 სხდომის ოქმი CD დისკები)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდაო გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 26 ოქტომბერს დაქორწინდნენ ა-- ძ------–---–ი და გი------ ტ-------ე, ქორწინება რეგისტრირებულია სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში. მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. ლ--–- შ----ე და გ-- ტ-------ე არიან გი------ ტ-------ის მშობლები.

 

საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის თანახმად, ა-- ძ------–---–სა და გი------ ტ-------ეს შორის 2016 წლის 26 ოქტომბერს ქორწინება რეგისტრირებულია სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში.მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი.

 

2016 წლის 8 ნოემბერს დაბადებული ა------- ტ-------ე. სასამართლოში დავის განხილვის პერიოდში მათ შეეძინათ მეორე შვილი ნ--- ტ-------ე. ბავშვი დაიბადა 2019 წლის 20 ივლისს. დაბადების მოწმობის თანახმად, მათ მშობლებად რეგისტრირებულნი არიან: დედა – ა-- ძ------–---–ი, მამა - გი------ ტ-------ე.

 

მოსარჩელეები ლ--–- შ----ე და გ-- ტ-------ე არიან ბავშვების პაპა და ბებია, ისინი არიან გი------ ტ-------ის მშობლები.

 

ა-- ძ------–---–ი და გი------ ტ-------ე რამდენიმე თვეა ერთად არ ცხოვრობენ. ა-- ძ------–---–ი შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლებთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- დაბადების მოწმობების ასლი (ს.ფ. 24. 174. ტომი 1 )

- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 23. ტომი 1)

 

3.2.2. მოსარჩელეებს შესწევთ უნარი სათანადოდ იზრუნოს მცირეწლოვან შვილსა და შვილიშვილზე, მათთან შექმნილია ბავშვისათვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ა------- ტ-------ის განვითარებისათვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საზიანო იქნება მამის ოჯახში ღამით დარჩენა.

 

მოსარჩელის მოთხოვნაა მას ნება დაერთოს არასრულწლოვანი შვილი წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას როგორც დღის განმავლობაში, ისე ბავშვი მასთან დარჩეს ღამით. მოპასუხე თანახმაა ბავშვი დღის განმავლობაში იმყოფებოდეს მოსარჩელესთან, ხოლო ღამით დარჩენის წინააღმდეგია ბავშვის მცირეწლოვანი ასაკის გამო.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, ა-- ძ------–---–ი მშობლებთან მარინა ჭკუასელთან და ჯუმბერ ძ------–---–თან ერთად ცხოვრობს ქალაქ რუსთავში ოჯახის საკუთრებაში არსებულ კეთილმოწყობილ ბინაში. საცხოვრებელში არის გათბობა, საჭირო ავეჯი და ნივთები, ა-------ს დედას ბინაში აქვს საკუთარი ოთახი, სადაც ბავშვს სძინავს. ბინაში საყოფაცხოვრებო ნივთები კეთილსაიმედოა, უსაფრთხოა ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ა-------ს ბინაში აქვს საკუთარი ნივთები, მის ასაკის შესაბამისი სათამაშოები, წიგნები, სეზონის შესაბამის ტანისამოსი. ბავშვი პაპისა და ბებიის მიმართ გამოხატავს სითბოსა და სიყვარულს, ასევე ბავშვს აქტიურად ეთამაშებიან, თბილის სიტყვებით მიმართავენ, ვიზიტის დროს ბავშვი მხიარულად გამოიყურებოდა, ბავშვი ოჯახის წევრებს არ სცილდებოდა, ოჯახში თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობდა. ბინაში აქვთ ბავშვისათვის საჭირო სეზონური ტანისამოსი, ასაკის შესაბამისი სხვადასხვა სათამაშოები. ბავშვი რეგისტრირებულია რუსთავის N25 ბაგა-ბაღში. ოჯახის წევრების გადმოცემით, მათ სამუშაო დროის განრიგი ისეთი აქვთ, რომ ხელს არ შეუშლის ბავშვის მოვლა-პატრონობის სრულფასოვნად განხორციელებაში, ა-- ძ------–---–ი უმუშევარია, რის გამოც მას აქვს მთელი დღის განმავლობაში ბავშვზე ზრუნვის შესაძლებლობა. ბავშვის ბებია მუშაობს რუსთავის მე-18 სკოლაში, სადაც დილით სამსახურში წასვლის დროს შეძლებს ბავშვი ბაღში წაიყვანოს. დედის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას არ აღენიშნება რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა. ბავშვი აღრიცხვაზე იმყოფება რუსთავის N2 სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში. ბავშვის ზოგადი განვითარება ასაკის შესაბამისია, თავისუფლად ამოძრავებს კიდურებს და სხეულის ნაწილებს, შეუძლია მეტყველება და საკუთარი აზრის გადმოცემა. ბავშვი ადექვატურად გამოხატავს ემოციებს, ის საკმაოდ მხიარულია და ლაღია. ოჯახის წევრებს ის ეუბნებოდა, თუ რა საკვები უნდოდა, რისი გაკეთება სურდა. ბავშვმა აღნიშნა, რომ იგი დედასთან ერთად სასეირნოდ პარკში დადის, მიჰყავთ მაკდონალდსში. შაბათ-კვირას დაჰყავთ ტაძარში მსახურებაზე. ა--ს ოჯახის წევრები ჩართული არიან ბავშვზე ზრუნვაში. ბავშვი სუფთად და მოწესრიგებულად გამოიყურება, არ სჭირდება განსაკუთრებული კვება. სოციალური მუშაკის გადმოცემით, ა-- ძ------–---–ი მხოლოდ ბავშვის ღამით მამასთან დარჩენის წინააღმდეგია, რადგან ბავშვი ღამით გაღვიძებისას დედას კითხულობს, ბავშვი მასზე მიჯაჭვულია. ა--ს დედის გადმოცემით, მისი სიძის მშობლები კარგი ადამიანები არიან. ისინი ბავშვის თანდასწრებით მათზე საუბარს ერიდებოდნენ.

 

მოსარჩელეების შესახებ დასკვნაში მითითებულია შემდეგი გარემოებები:

 

გი------ ტ-------ის ოჯახის ცხოვრობს ქალაქ რუსთავში, მათთან ერთად ცხოვრობს ასევე გი------ ტ-------ის და ხატია ტ-------ე, საცხოვრებელში არის გათბობა, საჭირო ავეჯი და ნივთები, ოჯახის წევრებმა კეთილმოაწყვეს ა-------ს საძინებელი ოთახი იმ მიზნით, რომ ბავშვის მათთან ყოფნის პერიოდში შეუქმნან კომფორტული გარემო, ბინაში საყოფაცხოვრებო ნივთები კეთილსაიმედოა, დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, რომელიც უსაფრთხოა ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. გ-- ტ-------ეს აქვს საკუთარი ბიზნესი. ლ--–- შ----ეც დასაქმებულია. გი------ ტ-------ე მუშაობს რესტორანში მომღერლად, ასევე დასაქმებულია მაღაზიაში ელიტელექტრონიქსი. აქვს სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი. გი------ ტ-------ის განმარტებით, მოპასუხესთან ერთად ცხოვრების პერიოდში მაქსიმალურად ცდილობდა ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას, დაესწრო ბავშვის დაბადების პროცესს, შეეძლო შვილის მარტო დატოვება, მისთვის ეჭამა, გამოეცვალა ტანისამოსი, მისი თქმით აქვს სათანადო უნარჩვევები შვილის მოვლისათვის. ბავშვის ერთერთი წამოყვანის დრო ა--ს ძმასთან მოუვიდა კონფლიქტი, შემდეგ ანამ განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ბავშვს აღარ გაატანდა. მისი განმარტებით, ყოველნაირად ცდილობს ბავშვთან ურთიერთობას, თუმცა ერიდება მისი ოჯახის წევრებთან კონფლიქტს. მშობლებისგან, რომლებიც ნახულობენ ბავშვს, აქვს ინფორმაცია მისი მდგომაროების შესახებ. გი------ ტ-------ის მშობლები ასევე ემოციურად საუბრობენ შვილიშვილზე, დიდი სიყვარულით მოიხსენიებენ ბავშვს. გი------ს დედა დღის მეორე ნახევარში ბრუნდება სახლში, თუ საჭირო გახდა მზადაა სამსახურს თავი დაანებოს, რათა ა-------ზე იზრუნოს, ისინი არ ერევიან შვილისა და რძლის ურთიერთობაში, მიესალმებიან მათ შერიგებას. გი------ს დედის თქმით მას ა------- დაუტოვებია მარტო, ზრუნავდა შვილიშვილზე,ბავშვის მხრიდან შეინიშნება სიყვარული მამის მიმართ. შეფასების დროს გი------ ტ-------ის ოჯახის მხრიდან არ გამოიკვეთა ისეთი სახის ზეგავლენა, რაც საფრთხეს შეუქმნის ბავშვის ჯანმრთელობას, განვითარებას და სიცოცხლეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 131-135. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელეებს უნდა განესაზღვროთ ბავშვთან ურთიერთობის წესი, რაც მოიცავს გარკვეული პერიოდულობით მათთან ღამით დარჩენას.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1203-ე, 1198-ე, 1200-ე, 1199-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

- ” ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” მე-3, მე-7, მე-9, 18-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით ამავე ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის მიხედვით, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ხსენებული ნორმის მიხედვით, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ბავშვის ოჯახური ურთიერთობის მონაწილეები მხოლოდ მშობლები არ არის, პაპა და ბებია ბავშვის ოჯახის წევრები არიან და ბავშვისთვის ოჯახური გარემოს შექმნაში იგულისხმება ასევე პაპასა და ბებიასთან ურთიერთობაც. 1197-ე მუხლი მშობლებს ავალდებულებს ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, შესაბამისად შვილის აღზრდაში მონაწილეობა, მასთან ურთიერთობა არის არა მშობლის უფლება, არამედ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვის ამ უფლების რეალიზაცია. ბავშვის ეს უფლება უზრუნველყოფილი უნდა იყო ასევე მშობლების დაშორების შემდეგაც იმგვარად, რომ ბავშვს მიეცეს ორივე მშობელთან ინტენსიური პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა შექმნილი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლებს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

გაეროს მიერ მიღებული ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგან---ბი – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

1984 წლის 22 ნ---მბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ოქმი №7-ის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

ამდენად, ”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მშობლებთან შვილების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები, რადგან მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლის უფლება უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების სასიკეთოდ.

 

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვის ინტერესში იგულისხმება უპირველეს ყოვლისა მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა. ოჯახური გარემოს შექმნა გულისხმობს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ. ბავშვი უნდა გრძნობდეს მასზე ზრუნვაში მშობლების და ნათესავების უშუალო და პირად მონაწილეობას.

 

მშობლებს ან ოჯახის წევრებს შეიძლება შეეზღუდოთ ან ჩამოერთვათ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათი ბავშვთან ურთიერთობა მის აღზრდა-განვითარებაზე მავნე ზეგავლენას მოახდენს, ასეთი ურთიერთობა ნეგატიურად აისახება ბავშვის აღზრდის პროცესზე, საზიანო იქნება მისი ფსიქოემოციური სტაბილურობისათვის, ჯანმრთელობისათვის.

 

მოსარჩელეები არიან ბავშვის მამა და პაპა და ბებია, მათ მიერ მოთხოვნილია ბავშვთან ურთიერთობის წესის დადგენა იმგვარად, რომ ჰქონდეთ მათ საცხოვრებელ ადგილას ბავშვის ღამით დარჩენის უფლებაც. მოპასუხე მოსარჩელეების ოჯახში ბავშვის ღამით დარჩენის წინააღმდეგია სასკოლო ასაკის მიღწევამდე. მისი განმარტებით, ბავშვი ასაკის გამო მასზე მიჯაჭვულია და ღამით მასთან ძილის დროსაც დედას კითხულობს.

 

ა------- ტ-------ე არის 3 წლის ასაკში. ბავშვის მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ თითქმის 5 თვეა, ბავშვი მუდმივად დედის ოჯახში ცხოვრობს, თუმცა პერიოდულად მას აქვს ურთიერთობა მოსარჩელეებთან - უმეტესად პაპასა და ბებიასთან, სარჩელის აღძვრის შემდეგ ურთიერთობის წესი დადგენილია დროებითი განკარგულებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში დედის როლი და მნიშვნელობა განსაკუთრებულია და ეს განპირობებულია დედასა და შვილს შორის მჭიდრო ბიოლოგიური კავშირით, რაც მყარდება ბავშვის დაბადებამდე. თუმცა ბავშვის აღზრდის პროცესში ასევე მნიშვნელოვანია მამის როლი, მისი პირადი და ინტენსიური მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში. ბავშვის უფლებაა აღიზარდოს ოჯახურ გარემოში, ბავშვმა უნდა შეიგრძნოს ორივე მშობლის ინტენსიური, უშუალო, ფიზიკური ჩართულობა მასზე ზრუნვაში.

 

მცირეწლოვანი ასაკის ბავშვთან მშობლების ურთიერთობის საკითხი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მათი ურთიერთობის ხასიათზე, მშობლის დამოკიდებულებაზე და უნარებზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვზე მზრუნველობის, მასთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი, რადგან ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობა ორივეს უფლებაა. ასეთ დავაში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც აქვთ პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.

 

ბავშვს მისი ასაკის გამო არა აქვს დამოუკიდებლად მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ბავშვი ჯერ განვითარების პროცესშია და დამოკიდებულია მშობლების მიერ შექმნილ გარემოზე. მშობელთან ურთიერთობის შეზღუდვის საფუძვლები სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული. ასეთი საკითხის გადაწყვეტისათვის უმთავრესია თავად მშობლის პიროვნული მახასიათებლები, შვილის მიმართ მისი დამოკიდებულების ხასიათი, მშობლებს და ოჯახის სხვა წევრებს შორის არსებული ურთიერთობა.

 

მხარების დაშორებამდე მოსარჩელეები ბავშვის ოჯახური ცხოვრების მონაწილეები იყვნენ, ზრუნავდნენ მასზე, ბავშვთან ინტენსიური პირადი ურთიერთობა ჰქონდათ. ბავშვი ამჟამად არის 3 წლის ასაკის, რის გამოც ასაკით გამოწვეული განვითარების თავისებურების გამო მნიშვნელოვანია ჩამოუყალიბდეს სტაბილური და ჰარმონიული ურთიერთობა მშობლებთან, ნათესავებთან და ასეთი ურთიერთობის შედეგად მკაფიოდ აღიქვას მის აღზრდაში მათი მნიშვნელოვანი როლი.

 

”ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” მე-7 მუხლის მიხედვით, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით.

 

”ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინაღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგან---ბი, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

კონვენციის საფუძველზე ბავშვის აღზრდაში უპირატესობა ოჯახურ გარემოს ენიჭება. ეს პრინციპი ძალაშია ასევე მშობლების განქორწინების პირობებშიც, თუმცა რადგან მშობლების ერთად ცხოვრება შეუძლებელია, შესაბამისად უზრუნველყოფილი უნდა იქნას ბავშვის აღზრდის ისეთი პირობები, როცა მას ორივე მშობელთან პირადი ურთიერთობა ინტენსიურად ექნება. მშობელთან ურთიერთობის შესაძლებლობა შეიძლება შემცირდეს ან შეწყდეს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების გამო.

 

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეებს პერიოდულად მიჰყავთ ბავშვი, მათთან შეხვედრის შემდეგ ბავშვი გახარებულია, კმაყოფილია. მოსარჩელის განმარტებით, მამასთან ბავშვის ყოფნის დროს იგი მშვიდად და იმედიანად არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ბავშვისათვის საზიანო იქნება მოსარჩელეების ოჯახში ღამით დარჩენა და ამ დროს ვერ იქნება უზრუნველყოფილი ბავშვის სიმშვიდე. მხოლოდ ბავშვის მცირეწლოვანი ასაკი არ არის განმსაზღვრელი ამ საკითხის გადაწყვეტისთვის, რადგან ეს ბავშვსა და ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის ხასიათზეა დამოკიდებული. მოსარჩელეს არ მიუთითებია ისეთი გარემოებები, რაც ასაბუთებს, რომ მოსარჩელეებთან ურთიერთობის შემდეგ ბავშვი ემოციურად დაძაბულია, გაღიზიანებულია, მოსარჩელეს არ განუმარტავს, რომ ბავშვი მათთან ყოფნაზე რაიმე მიზეზით უარს აცხადებს. ბავშვის მშობელთან ურთიერთობის შემცირების შესაძლებლობას საფუძვლად შეიძლება დაედოს უპირველეს ყოვლისა, მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება.

 

ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპიდან გამომდინარე უნდა გამოირკვეს ურთიერთობის მოთხოვნილი წესი ბავშვის ინტერებს შეესაბამება თუ არა და საკითხის გადაწყვეტის დროს მშობლის უფლების დაცვის პრიორიტეტულობაზე აქცენტირება არ ხდება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ოჯახურ ცხოვრებაზე პატივისცემის უფლებიდან გამომდინარე სახელმწიფო გააჩნია არა მარტო ნეგატიური ვალდებულება (არ დაერღვიათ ის), არამედ პოზიტიურიც - ეზრუნათ იმისათვის, რომ ხელი შეეწყოთ ამ უფლების უზრუნველყოფისათვის. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს იმაზე, რომ განმტკიცდეს ოჯახური კავშირები და შექმნას კანონიერ გარანტიები იმისათვის, რომ ბავშვი დაბადებისთანავე ჩაებას ოჯახურ კავშირში. (იხ. 1994 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება CASE OF KEEGAN v. IRELAND )

 

სტრასბურგის სასამართლომ 2015 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ( CASE OF ZAWADKA v. POLAND ) კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების უმოქმედობა გადაედგათ ნაბიჯები, რათა მომხდარიყო მომჩივნის - მამის უფლების რეალიზება იძულებით აღსრულების შედეგად ენახა საკუთარი შვილი, როდესაც დედამ უარი განაცხადა დამორჩილებოდა მშობლებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ მომჩივანმა დაკარგა მუდმივი კონტაქტი ბავშვთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ მის უნარები ყოფილიყო მშობელი, ამრიგად, ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს, შემცირდეს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ამავე გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტისათვის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება, არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა, შემცირება ან გამორიცხვა პროპორციული ზომა და არის თუ არა უფლების შეზღუდვის შემცირების ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული.

 

ამ დავაში უნდა შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფისათვის აუცილებელია თუ არა ბავშვის ღამით დარჩება მოსარჩელეების ოჯახში, რა გავლენას მოახდენს ეს ბავშვის ჯანმრთელობაზე, მისი ემოციურ განვითარებაზე,საქმეში არ არის მითითებული ისეთი გარემოება და წარმოდგენილი არ არის ისეთი მტკიცებულება, რომლის შედეგად ეჭვქვეშ შეიძლება დადგეს მოსარჩელეების უნარი იზრუნონ ბავშვზე. მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ მოსარჩელეები გულგრილად ეპყრობიან ბავშვის ინტერესებს და მისი აღზრდის საკითხებს. ასეთი გარემოება დასაბუთებული არ არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპიდან გამომდინარე გადამწყვეტია მშობლების დაშორების გამო ბავშვმა შეინარჩუნოს და გააღრმავოს მეორე მშობელთან და მის ნათესავებთან ურთიერთობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის აღზრდის და სწორი განვითარებისათვის აუცილებელია ბავშვმა მკაფიოდ აღიქვას მამის მნიშვნელოვანი როლი მის აღზრდაში, მათ შორის განმტკიცდეს ემოციური კავშირი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის აღზრდაზე დადებით ფსიქოლოგიურ გავლენას ვერ მოახდენს მოსარჩელეებთან მხოლოდ დღის განმავლობაში ურთიერთობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ თუ ეს შესაძლებელია, ბავშვს უნდა მიეცეს შესაძლებლობა უშუალო ურთიერთობა ჰქონდეს იმ მშობელთან, რომელთანაც ძირითადად არ ცხოვრობს. ამ გზით არის შესაძლებელია ბავშვის გარშემო შეიქმნას ოჯახური გარემო, იგრძნოს ორივე მშობლის შეძლებისდაგვარად თანაბარი მონაწილეობა მის აღზრდაში, არ გაუცხოვდეს იმ მშობლის მიმართ, რომელთანაც მუდმივად არ ცხოვრობს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ დღის განმავლობაში ბავშვის წაყვანა ასეთი ინტენსივობის ურთიერთობის ჩამოყალიბებას ხელს არ უწყობს, რადგან დღისით ურთიერთობა გარკვეული დროის ჩარჩოებში აქცევს ამ ურთიერთობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის მიერ ღამის გატარება მშობელთან ან ნათესავთან მოიცავს არა მარტო დაძინებას, ძილს, არამედ დაძინებამდე ძილისათვის ბავშვის მომზადების პროცესს, რა დროსაც შესაძლოა ჩაერთონ ოჯახის სხვა წევრებიც. დაძინებამდე ბავშვს შესაძლოა წაუკითხონ წიგნი, ისაუბრონ ბავშვისათვის საინტერესო თემებზე და ა.შ., რაც ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობას აღრმავებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, ბავშვს მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან ჩამოყალიბებული აქვს უშუალო, ახლო, ოჯახური ურთიერთობა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ღამით მოსარჩელეებთან დარჩენა ბავშვის ჯანმრთელობისათვის საზიანო იქნება. შესაბამისად, მოსარჩელეებს უნდა მიეცეთ ღამით ბავშვის საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის უფლება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვი მუდმივად საჭიროებს მასზე ზრუნვას და ყურადღებას, რის შედეგად მას უყალიბდება მიჯაჭვულობა, რაც არის ძლიერი გრძნობითი კავშირი, რომელიც ადამიანებს მათთვის ემოციურად მნიშვნელოვანი ადამიანების მიმართ აქვთ. მიჯაჭვულობას ახლავს დაცულობის გრძნობა. სიმყუდროვე და შვება. ბავშვისათვის მიჯაჭვულობის გრძნობის განცდა აუცილებელია, მოზრდილი ადამიანის მიმართ მიჯაჭვულობის გრძნობის გარეშე ბავშვი სრულფასოვნად ვერ განვითარდება. მიჯაჭვულობის შედეგად ბავშვს შეუძლია განასხვავოს ნაცნობი და უცნობი ადამიანი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ბავშვი წაიყვანონ ყოველ კვირაში რამდენჯერმე დღის საათებში იმაზე მეტი სიხშირით, ვიდრე თანახმაა მოპასუხე, რადგან კვირის მანძილზე მხოლოდ 2 დღეს ბავშვის წაყვანით ბავშვს მცირე ხნით ექნება მათთან ურთიერთობა. მოსარჩელეებს ნება უნდა დაერთოთ ბავშვი წაიყვანონ კვირის როგორც სამუშაო დღეებში, ისე დასვენების დღეს, რათა დასვენების დღეს ჰქონდეთ ბავშვთან უფრო მეტი დროით ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

მოსარჩელეების მოთხოვნაა ნება დაერთოს კვირის განმავლობაში სამი ღამით დარჩენის შესაძლებლობით წაიყვანოს ბავშვი, მოთხოვნილია პარასკევს დღის 10:00 საათიდან ორშაბათს დღის 10:00 საათამდე ბავშვის წაყვანა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის მცირეწლოვანი ასაკის გამო კვირის მანძილზე სამი ღამით და ყოველი კვირის დასვენების დღეებში მოსარჩელეებთან დარჩენა მიზანშეწონილი არ არის. სასამართლოს მიაჩნია, რომ კვირის მანძილზე 3 ღამის განმავლობაში მცირეწლოვანი ბავშვი ხანგრძლივად მოწყვეტილი იქნება ძილის ჩვეულ გარემოს, რაც მისი ასაკის გათვალისწინებით უარყოფითად აისახება მის განვითარებაზე, რადგან კვირის განმავლობაში სხვა დღეებში მოსარჩელეებს აქვთ დღის განმავლობაში ბავშვთან ინტენსიური ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებს ნება უნდა დაერთოთ ბავშვის ასაკის მომატების შემდეგ, 3 წლის და 6 თვის ასაკის შესრულების შემდეგ თავის საცხოვრებელ ადგილზე წაიყვანოს ხანგრძლივი ვადით, ღამით დარჩენით პარასკევს ბაღის დასრულების შემდეგ შაბათს საღამომდე. სასამართლოს მიაჩნია, რომ 3 წლის ასაკიდანვე ბავშვის ღამით დატოვება ბავშვის ასაკის გამო მიზანშეწონილი არ არის, რადგან რამდენიმე თვეა მხარეების დაშორების გამო იგი მუდმივად მათთან აღარ ცხოვრობს და ასეთი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ ბავშვთან სტაბილურად ხშირი ურთიერთობის ჩამოყალიბების შედეგად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებს ასევე ნება უნდა დაერთოთ ბავშვი წაიყვანონ მამისა და პაპის დაბადების დღეზე დღის განმავლობაში, რადგან ოჯახის წევრების დაბადების დღეების აღნიშვნაში ბავშვის მონაწილეობა მათ ურთიერთობის გამყარებსა უწყობს ხელს.

 

ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ბავშვის დაბადების დღეს მისი წაყვანის შესახებ და შესაძლებლობა მიეცეთ დღის საათებში ჰქონდეთ ბავშვთან ურთიერთობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ა------- ტ-------ეს ჰყავს უმცროსი ძმა, რომელიც ამჟამად ჩვილ ასაკშია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვისათვის დაბადების დღე განსაკუთრებით საზეიმო და მნიშვნელოვანი დღეა. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად უმცროსი ძმისგან განცალკევებით ყოფნა ბავშვების ფსიქოემოციურ მდგომარეობისათვის სასარგებლო არ არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების მოთხოვნა 31 დეკემბრის 18 საათიდან 1 იანვრის 10:00 საათამდე ბავშვის წაყვანის შესახებ. მოსარჩელის მოთხოვნა ფაქტობრივად არის ახალი წლის შესახვედრად ბავშვის წაყვანა და ახალი წლის მხოლოდ მოსარჩელეების ოჯახში ყოფნა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვისათვის ახალი წლის საზეიმო მნიშვნელობის განსაკუთრებულობის გამო არ არის მიზანშეწონილი სრულად ერთერთ მშობელთან გაატაროს ეს დრო, რის გამოც მოსარჩელეებს ნება უნდა დაერთოთ ყოველი წლის 1 იანვარს წაიყვანონ ა------- ტ-------ე თავიანთ საცხოვრებელ ადგილას.

 

არდადეგებზე და საღდესასწაულო დღეებში ბავშვთან ურთიერთობის შესახებ მოსარჩელეების მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. მათი მოთხოვნაა ზამთრის არდადეგებზე 2 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით ბავშვმა გაატაროს მათ საცხოვრებელ ადგილას ღამით დარჩენით, რაც გულისხმობს ზამთრის არდადეგების თითქმის სრული დროის ბავშვის მათთან ყოფნას. სასამართლოს აღნიშნავს, რომ ზამთრის არდადეგები გამოირჩევა ბავშვებისათვის საზეიმო საჯარო ღონისძიებებით, რომელშიც მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად მონაწილეობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპს არ შეესაბამება, ვერ უზრუნველყოფს ახალი წლის, როგორც საერთო ოჯახური დღესასწაულის აღქმის შექმნას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებს ნება უნდა დაერთოთ ზამთრის არდადეგებზე 2 იანვრიდან 5 დღე, 7 იანვრის ჩათვლით ბავშვი წაიყვანონ თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე ღამით დარჩენით ბავშვისათვის 3 წლის და 6 თვის ასაკის შესრულების შემდეგ, რადგან შობის დადგომა მამის გარემოცვაში აღნიშნოს ბავშვმა.

 

ზაფხულის არდადეგებზე მოსარჩელეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა მათ მიერ მოთხოვნილი პერიოდულობით წაიყვანონ ბავშვი 3 წლის და 6 თვის ასაკის შესრულების შემდეგ. სასამართლოს აღნიშნავს, რომ მხარეები ცხოვრობენ ქალაქ რუსთავში, რის გამოც მოსარჩელეების ოჯახში ყოფნის დროსაც ბავშვს სურვილისამებრ ექნება ასევე მოპასუხესთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

სააღდგომო დღესასწაულზე ურთიერთობისათვის მოსარჩელეებს ნება უნდა დაერთოთ ბავშვი წაიყვანონ თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე აღდგომის დღეს დღის საათებში, ასეთივე დროით უნდა წაიყვანონ ბავშვი თავიანთ საცხოვრებელ ადგილას სხვა სადღესასწაულო დღეებში. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აღდგომის დღესასწაულზე ბავშვის წაყვანა კვირა დღეს სამშაბათს დილის 9:00 საათამდე. მოსარჩელეების განმარტებით, მათი მოთხოვნაა სადღესასწაულო დღეების დროის თანაბრად განსაზღვრა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში სააღდგომო დღესასწაულის მეტ დროს ბავშვი მოსარჩელეებთან იქნება, რის გამოც მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებებს, ასეთი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის, განსახილველ საქმეში არ დასტურდება, რომ ღამით მამასთან დარჩენა ბავშვის ჯანმრთელობის და განვითარებისათვის საზიანო იქნება, რის გამოც მოსარჩელეს უნდა მიეცეს ღამით ბავშვის დატოვების უფლება, რაც ასევე ბავშვის მამასთან ყოფნის უფლების რეალიზაციაა .

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი. ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ამ საქმეზე 2019 წლის 16 ივლისის განჩინებით გამოყენებულია დროებითი განკარგულება, რომლით დადგენილი ბავშვთან ურთიერთობის წესი ძალაშია ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

IV სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს გი------ ტ-------ის, გ-- ტ-------ის და ლ--–- შ----ის სარჩელი;

2. გი------ ტ-------ეს, გ-- ტ-------ეს და ლ--–- შ----ეს 2016 წლის 8 ნ---მბერს დაბადებულ ა------- ტ-------ესთან ურთიერთობისთვის განესაზღვროთ შემდეგი წესი:

2.1. ყოველი კვირის სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს ბავშვი წაიყვანონ თავიანთ საცხოვრებელ ადგილას დღის 10:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე პერიოდში, ხოლო ბავშვისათვის 3 წლის და 6 თვის ასაკის შესრულების შემდეგ ნება დაერთოთ ბავშვი წაიყვანონ თავიანთ საცხოვრებელ ადგილას ასევე პარასკევს საბავშვო ბაღის დასრულების შემდეგ შაბათს საღამოს 21:00 საათამდე;

 

2.2. ზამთრის არდადეგების პერიოდში 2 იანვრიდან 5 დღე ბავშვმა გაატაროს მოსარჩელეების საცხოვრებელ ადგილას ღამით დარჩენის შესაძლებლობით ბავშვის 3 წლის და 6 თვის ასაკის შესრულების შემდეგ;

 

2.3. ზაფხულის არდადეგებზე 1 ივლისიდან 14 ივლისამდე და 1 აგვისტოდან 14 აგვისტომდე ბავშვი წაიყვანონ თავიანთ საცხოვრებელ ადგილას 3 წლის და 6 თვის ასაკის შესრულების შემდეგ;

 

2.4. სადღესასწაულო დღეებში, მათ შორის აღდგომის დღეს ა------- ტ-------ემ დრო გაატაროს მოსარჩელეებთან დღის განმავლობაში 10:00 საათიდან იმავე დღის 21:00 საათამდე;

 

2.5. ახალი წლის სადღესასწაულო პერიოდში მოსარჩელეებს ა------- ტ-------ესთან ურთიერთობისათვის განესაზღვროს 1 იანვრის 10:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდი;

 

2.6. ყოველი წლის 8 ნ---მბერს (ბავშვის დაბადების დღეს) ა------- ტ-------ესთან ურთიერთობისათვის მოსარჩელეებს განესაზღვროთ დრო 8 ნ---მბერს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში. მამის - გი------ ტ-------ის დაბადების დღე 27 აპრილი და პაპის გ-- ტ-------ის დაბადების დღე, 10 მარტს ა------- ტ-------ემ გაატაროს მოსარჩელეებთან, მათ საცხოვრებელ ადგილას ღამით დარჩენის აუცილებლობის გარეშე;

 

3. ა-- ძ------–---–ს დაეკისროს გი------ ტ-------ის, გ-- ტ-------ის და ლ--–- შ----ისათვის სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი