გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.11.2019
საქმის ნომერი
080210019003036395
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210019003036395

#2/1443-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.11.2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - სს „ლ-------------ი“;

წარმომადგენელი - ნ-------------ა;

მოპასუხე - თ--------------–---–ი;

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე თ--------------–---–ს- მოსარჩელე სს „ლ-------------ი“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2579,38 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1317,27ლარი, პროცენტი 851,35 ლარი ხოლო პირგასამტეხლო 410,76 ლარი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2018 წლის 29 იანვარს თ--------------–---–ის მიერ ბანკის ელექტრონული არხის საშუალებით შეივსო განაცხადი, რომლის საფუძველზე მასზე დამტკიცდა Liberty Exspress-ის (სწრაფი სესხის) ტიპის სესხი, გაცემული კრედიტის თანხამ შეადგინა 1500 ლარი, ვადა განისაზღვრა 12 თვე. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 68%, ხოლო მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს კრედიტორს ვადაგადიცილების პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.4%-ის ოდენობით. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2018 წლის 30 აპრილს და დღემდე არ ასრულებს მას. 2019 წლის 21 მაისის მდგომარეობით სს ლ-------------ის მიმართ ერიცხება დავალიანება 2579,38 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1317,27 ლარი, პროცენტი 851,35 ლარი, ჯარიმა 410,76 ლარის ოდენობით. (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე თ--------------–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ 1317,27 ლარის მოთხოვნის ნაწილში და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მოითხოვა სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდისგან გათავისუფლება. (იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 29 იანვარს სს „ლ-------------ისა“ და თ--------------–---–ს შორის გაფორმდა Liberty Exspress-ის (სწრაფი სესხის) ტიპის სესხი, გაცემული კრედიტის თანხამ შეადგინა 1500 ლარი, ვადა განისაზღვრა 12 თვე. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 68%, ხოლო მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.4%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 29 იანვრის განაცხადი საბანკო კრედიტის აღების შესახებ;

- სესხის გადახდის გრაფიკი;

- კრედიტის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით სარგებლობისთვის შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირი თანხის და სარგებლის მოთხოვნის უფლებას.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს –2579,27 ლარს საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1317,27 ლარი, პროცენტი 851,35 ლარი, პირგასამტეხლო 410,76 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს “ლ-------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი სახის გარემოებების გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208- მუხლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 361-ე, 868-ე, 625-ე, 54-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 29.01.2018 წლის სესხის ხელშეკრულება.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2018 წლის 29 იანვრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე და თ--------------–---–ზე გაცემული იქნა Liberty Exspress-ის (სწრაფი სესხის) ტიპის სესხი, კრედიტის თანხამ შეადგინა 1500 ლარი, ვადა განისაზღვრა 12 თვე. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 68%, ხოლო მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.4%-ის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსეხებელს თ--------------–---–ს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია. მის მიერ არ არის გადახდილი სესხზე რიცხული სარგებელი და არ მომხდარა სესხის ძირი თანხის დაბრუნება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო 1317,27 ლარის მოცულობით;

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ 2018 წლის 29 იანვარს მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე თ--------------–---–ზე გაიცა სესხი 1500 ლარის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 68%. სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას, შესაბამისად სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით წლიური 68%-ის დარიცხვის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

მხარეთა შორის დადებული 2018 წლის 29 იანვრის ხელშეკრულების დებულება, რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას გ--ა ს--ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ (სუსგ:№ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი).

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს სს ლ-------------ის წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად, სრულად და ერიცხება დავალიანება.

 

სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 34%, აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს უკვე გადახდილი საპროცენტო სარგებლის შემცირება და გადახდილი თანხის ძირითად ვალდებულების ანგარიშში ჩათვლა. კერძოდ, დადგენილია რომ მოპასუხე მხარის მიერ გადახდილია ჯამში 349 ლარი. აღნიშნული თანხით დაიფარა გრაფიკით გათვალისწინებული ვადამოსული გადასახდელი თანხა სრულად. 165,35 ლარი გაიქვითა სარგებელში. ასევე უნდა შემცირდეს მოთხოვილი სარგებლის ოდენობა და განისაზღვროს 425,67 ლარის ოდენობით.

 

წლიური საპროცენტო განაკვეთის 34%-ის გათვალისწინებით თ--------------–---–ის მიერ გადახდილი 349 ლარიდან 82,67 უნდა ჩაითვალოს საპროცენტო სარგებლის ანგარიშში, ხოლო დარჩენილი თანხა 82,67 ლარი უნდა გამოაკლდეს ძირითად თანხას 1317,27 ლარს, შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხის მოცულობა უნდა განისაზღვროს 1234,6 ლარის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კრედიტორს არ გადაუხადა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

მოპასუხე, დავით შალიკიანის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის თანხის დაკისრების საფუძველია.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ - 2018 წლის 29 იანვრის სესხის ხელშეკრულება.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

განსახილველ შემთხვევაში სესხზე რიცხული პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილში სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 2018 წლის 29 იანვარს სს ლ-------------სა და თ--------------–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

დარიცხულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა (სსკ 417-ე მუხლი). ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0,4%-ის ოდენობით, რაც არის შეუსაბამოდ მაღალი და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 41.07 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები.

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ფულის თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელზე _ გადასახდელი თანხით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. შესაბამისად მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 25.54 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 7.45 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ლ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. თ--------------–---–ს- სს ლ-------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1701.34 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1234.6 ლარი, პროცენტი- 425,67 ლარი, პირგასამტეხლო 41,07 ლარი.

 

3. თ--------------–---–ს- სს ლ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 7.45 ლარის ანაზღაურება.

 

4. სს ლ-------------ს (ს/ნ 2--------) დაუბრუნდეს 2019 წლის 06 თებერვალს სს 'ლ-------------ში' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 25.54 ლარი (საგადასახადო დავალება №5---------), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორიათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე