გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2019
საქმის ნომერი
831210019003145814
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

831210019003145814

საქმე № 2/115-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბაღდათი

შესავალი ნაწილი

ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი ირმა ჭუმბაძე

მოსარჩელე - სს ,,ლ--------------”

წარმომადგენელი - ლ--–- გვ-----ა

მოპასუხე - ა----- გო---–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ა----- გო---–--ეს სს ,,ლ--------------ს” სასარგებლოდ 2018 წლის 23 აპრილს გაცემული კრედიტიდან გამომდინარე დაეკისროს 1339.2 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 600 ლარი, % - 456.3 ლარი, ჯარიმა - 282.2 ლარი. მოპასუხე ა----- გო---–--ეს ოვერდრაფტიდან გამომდინარე დამატებით დაეკისროს 1405.8 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე ა----- გო---–--ეს სს ,,ლ--------------ს” სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 23 აპრილს სს „ლ--------------ს“ მიერ ა----- გო---–--ეზე საკრედიტო განაცხადის საფუძველზე გაიცა სესხი 600 ლარის ოდენობით (ლიბერთი ექსპრესი), კრედიტის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 70.2%, ხოლო ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - კრედიტის მთლიანი ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ იქნა შესრულებული.

 

გარდა აღნიშნულისა 2012 წლის 08 ნოემბერს მოპასუხემ ანგარიშზე გაიაქტიურა ოვერდრაფტი. ოვერდრაფტი წარმოადგენს ბანკის თანხმობით ბანკის ერთ ან რამდენიმე ანგარიშზე დაშვებულ ლიმიტს, რომლითაც სარგებლობის უფლება აქვს ლ--------------ს პლასტიკური ბარათის მქონე პირს. სს ,,ლ--------------’’ მომხმარებელს სთავაზობს ოვერდრაფტის გააქტიურებას ბანკომატის საშუალებითაც. ბანკომატი სთავაზობს მომხმარებელს სახელფასე ანგარიშზე ოვერდრაფტის გააქტიურების შესაძლებლობას, რაც თავისი შინაარსით წარმოადგენს ოვერდრაფტს და თავისი მხრივ მოვალე კონკლუდენტური მოქმედებით, რაც გამოიხატება სახელფასე ანგარიშზე ოვერდრაფტის გააქტიურებითა და თანხის გახარჯვით აცხადებს აქცეპტს და ეთანხმება კრედიტორის დადგენილ პირობებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა----- გო---–--ემ შესაგებელში სარჩელი ცნო ნაწილობრივ მხოლოდ სესხის ნაწილში და განმარტა, რომ გადაიხდიდა მხოლოდ ძირს 600 ლარს ეტაპობრივად. სასამართლოს სხდომაზე ასევე განმარტა, რომ ოვერდრაფტი მას ისედაც უნდა ჩამოწეროდა ვინაიდან იყო ძველი, დიდი ხნის და ხანდაზმული, რაზეც შეტყობინებაც კი მიიღო ბანკიდან..

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2018 წლის 23 აპრილს სს „ლ--------------ს“ მიერ ა----- გო---–--ეზე საკრედიტო განაცხადის საფუძველზე გაიცა სესხი 600 ლარის ოდენობით (ლიბერთი ექსპრესი), კრედიტის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 70.2%, ხოლო ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - კრედიტის მთლიანი ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით. მოპასუხის მიერ 2018 წლის 23 მაისიდან დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ს.ფ. 1–17);

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 18–37);

 

3.1.2. მოპასუხის დავალიანება სს ,,ლ--------------ს“ წინაშე შეადგენს 1339.2 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 600 ლარი, % - 456.3 ლარი, ჯარიმა - 282.2 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 23–26);

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელე მხარის განმარტებით დადგენილია, რომ მოპასუხემ 2012 წლის 08 ნოემბერს ანგარიშზე გაიაქტიურა ოვერდრაფტი. მას ტელეფონზე მოუვიდა შეტყობინება, ამ თანხის ჩამოწერის თაობაზე, რომლის თანახმადაც ჩათვალა, რომ ეს თანხა ჩამოეწერა, ვინაიდან იყო ძველი, ხანდაზმული დავალიანება და მისი დაკისრების საფუძველი აღარ არსებობდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარის ახსნა განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტებისა მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სესხის (ლიბერთი ექსპრესი) ნაწილში, ხოლო მოპასუხისათვის ოვერდრაფტის თანხის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული, შესაბამისად არ არსებობს სარჩელის ამ ნაწილში მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 144-ე, 316-317-ე, 319-ე, 361-ე, 365-ე, 417-418-ე, 420–ე, 623-625-ე, 626-ე, მუხლებით,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო ამავე კოდექსის 625–ე მუხლით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში 2018 წლის 23 აპრილს სს „ლ--------------ს“ მიერ ა----- გო---–--ეზე საკრედიტო განაცხადის საფუძველზე გაიცა სესხი 600 ლარის ოდენობით (ლიბერთი ექსპრესი), კრედიტის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 70.2%, ხოლო ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - კრედიტის მთლიანი ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დადგენილია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ა----- გო---–--ეზე გაცემული იქნა კრედიტი, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ დარღვეული იქნა კრედიტის დაფარვის გრაფიკი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეებმა ვერ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

მოპასუხე ა----- გო---–--ემ სარჩელი ცნო 600 ლარის ნაწილში, რაც მოცემულ შემთხვევაში სესხის ძირითადი თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების საკმარისი საფუძველია და სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

 

2018 წლის 23 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 70.2%-ით. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებ.გვერდის თანახმად, სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკული ფიზიკური პირისათვის, 2018 წლის 23 აპრილის მდგომარეობით დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს, აღნიშნულის გათვალისწინებით % უნდა განისაზღვროს 130.65 ლარით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

უდავოა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, კერძოდ, პირგასამტეხლო განისაზღვრა კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41%-ით, რაც ჯამში შეადგენს 282.9ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

მოცემულ შემთხვევაში, მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯარიმის/პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და იგი ნაცვლად 0.41%, განისაზღვროს 0.05%-ით, რაც შეადგენს 34.50 ლარს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით, კანონი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მეტად მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. თუ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადითაა დადებული, უფლების დარღვევის შესახებ პირი შეიტყობს მხოლოდ მაშინ, როცა მოითხოვს შესრულებას, ხოლო მეორე მხარე არ შეასრულებს იმ მოქმედებას, რომლის შესრულებაც ევალებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2012 წლის 08 ნოემბერს ანგარიშზე გაიაქტიურა ოვერდრაფტი. შესაგებელში მოპასუხემ აღნიშნა, რომ მას ეს დავალიანება ჩამოეწერა ბანკის მიერ, რაზეც მიიღო შეტყობინება, ხოლო სასამართლო სხდომაზე კი დაადასტურა, რომ ასე იფიქრა იმიტომ, რომ დავალიანება იყო ძველი და ხანდაზმული.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას შესრულებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას. ამიტომაა, რომ კანონი უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, კერძოდ, ვალის გადახდაზე. ვალდებული პირის მიერ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალის აღიარების ან კრედიტორისათვის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალების მიცემის შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან დაიწყება და მოვალეს უფლება არა აქვს უარი განაცხადოს მათზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის როგორც 137-ე, ისე 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი უკავშირდება მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებას, სადაც მოვალე გამოხატავს ნებას, იძლევა დაპირებას ვალდებულების შესრულების თაობაზე და არა ფაქტის აღიარებას, სადაც მოვალე ახდენს მარტოოდენ ვალდებულების ფაქტის კონსტატაციას (უზენაესი სასამართლოს განმარტება, იხ. საქმე #ას-374-347-2010).

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხემ შესაგებელში მოახდინა მხოლოდ სესხის ფაქტის აღიარება, ანუ ვალდებულების ფაქტის კონსტატაცია და არა ვალდებულების აღიარება. მას არ გამოუხატავს ნება, არ მიუცია დაპირება ვალდებულების შესრულების თაობაზე. პირიქით, მან უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს ამ მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

საქმის განხილვისა და მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის 50 ლარი, ყოველივე აქედან გამომდინარე, ა----- გო---–--ეს - სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 3.01 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე განცხადებისთვის სახელმწიფო ბაჟი - 25 ლარის ოდენობით, ხოლო 36.06 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, მოსარჩელე სს ,,ლიბერთი ბანკს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისათვის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 10.93 ლარი, და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 25 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე 2019 წლის 14 აგვისტოს განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ა----- გო---–--ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში, გარდა სს „ლ--------------სა“, არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის 2745 ლარის განკარგვა, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გასაცემისა. ასევე, აღნიშნული აკრძალვით მოპასუხეს არ შეეზღუდა უფლება საბანკო ანგარიშებზე შეასრულოს საბანკო გადარიცხვის ოპერაცია მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების დაფარვის მიზნით.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს „ლ--------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხე ა----- გო---–--ეს მოსარჩელის სს "ლ--------------ს" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2018 წლის 23 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 765.15 ლარი, საიდანაც 600 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 130.65 ლარი - სარგებელი, 34.50 ლარი ჯარიმა.

 

1.2. ა----- გო---–--ეს - სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 3.01 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე განცხადებისთვის სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის ოდენობით მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო სარჩელზე გადახდილი სახბაჟიდან 36.06 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

3. მოსარჩელე სს ,,ლიბერთი ბანკს“ (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისათვის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 10.93 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300243150, მიმღების ბანკი/ხაზინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22 (50.00 ლარი, გადამხდელი: სს ,,ლ--------------“ გადახდის თარიღი: 12.08.2019; საგადახდო დავალება: #5158876355, გადამხდელის ბანკი: სს ,,ლ--------------“)

 

4. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

5. მოსარჩელე სს ,,ლიბერთი ბანკს’’ (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვისს 2019 წლის 12 აგვისტოს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 25 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300243150, მიმღების ბანკი/ხაზინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22 (50.00 ლარი, გადამხდელი: სს ,,ლ--------------“ გადახდის თარიღი: 12.08.2019; საგადახდო დავალება: #5158876431, გადამხდელის ბანკი: სს ,,ლ--------------“);

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #7).

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე