გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.11.2019
საქმის ნომერი
110210019003152890
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210019003152890

N 2/486-2019

გადაწყვეტილება

ს----------–--ს სახელით

19.11.2019 წელი ქ. ზ-----------

შესავალი ნაწილი

ზ-----------ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი: სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–ო'',წარმომადგენელი ლე--- ჯ---------ე,მოპასუხე შ--–------–--–---–ი,წარმომადგენელი ს-------------------ი,ნ-----------–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვის პირობების დარღვევის გამო სს „ფ----------------------–ოს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 6 თვის შრომის ანაზღაურების 5 292 ლარის გადახდა;

1.2. შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვისათვის უსაფუძვლოდ გადახდილი ანაზღაურების 1764 ლარის გადახდა;

1.3. პირგასამტეხლოს სახით ხელფასის 50% თანხით 441 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის მოსაზრება

 

სს „ფ----------------------–ომ“ მოპასუხე შ--–------–--–---–ი 2013 წლის 19 აგვისტოს დაასაქმა ზ-----------ს სერვის ცენტრში სტაჟიორად საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე და იმავე წლის 01 ნოემბრიდან გადაყვანილია საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე.

დამსაქმებლის ხარჯზე პროცედურებით დადგენილი წესით გაიარა ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ბანკის ძირითადი ტრენინგები, გაეხსნა კორპორაციული ელექტრონული ფოსტა, წვდომა ძირითად ბანკის ელექტრონულ პროგრამებზე და ყველა შიდა ელექტრონულ/მატერიალურ ფაილებზე, რომლებიც ეხება ბანკის ფინანსური მომსახურეობის პროდუქტების სახელმძღვანელოებს, სპეციალურ სასწავლო საინფორმაციო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მასალებს. ხელმისაწვდომობა ჰქონდა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, რომელიც ასევე მოიცავდა მომხმარებლების საბანკო საიდუმლოებებს.

მოპასუხე გაეცნო შრომით ხელშეკრულებას, დაეთანხმა და ხელი მოაწერა. შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კანონდებლობით დაწესებული შეზღუდვა, რომ დასაქმებული ვალდებულია შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ.

2019 წლის 13 მაისს მოპასუხემ განცხადებით აცნობა, რომ სხვა ბანკიდან უკეთესი პირობების შემოთავაზების გამო სურდა სამსახურიდან წასვლა. მოპასუხემ დაარღვია კანონით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული როგორც ხელშეკრულების შეწყვეტისათვის გათვალისწინებული გაფრთხილების ერთ თვიანი, ასევე კონკურენციის შეზღუდვის 6 თვიანი ვადა, არ დაელოდა თარიღს, 31 მაისიდან განთავისუფლდა სამსახურიდან.

განთავისუფლების შესახებ განცხადების წარმოდგენის შემდეგ მოსარჩელემ შრომითი ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე 2019 წლის 28 ივნისს და 31 ივლისს ჩაურიცხა ორი თვის ხელფასი ჯამში 1764 ლარი, რაც დაბრუნებას ექვემდებარება, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მოპასუხე არ დაელოდა 6 თვიანი შეზღუდვის ვადის გასვლას და დასაქმდა თერჯოლაში სს „ლ-------------ში“ . ასევე შეზღუდვის პირობების დარღვევის გამო მას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 6 თვის შრომის ანაზღაურება 5292 ლარი და პირგასამტეხლო ხელფასის 50% თანხით 441 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე შ--–------–--–---–მა როგორც მოსამზადებელ, ასევე მთავარ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვისათვის გადახდილი ორი თვის ანაზღაურება ანგარიშზე ირიცხება და დააბრუნებს. შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვის პირობების დარღვევის გამო 6 თვის შრომის ანაზღაურების და პირგასამტეხლოს სახით 50%-ის დაკისრების ნაწილში არ ცნობს. იგი მუშაობდა მოსარჩელე სს „ფ----------------------–ოში“ საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე. შესაბამისად ჰქონდა წვდომა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე.

ვინაიდან მას სს „ლ-------------იდან“ უკეთესი პირობები შესთავაზეს, სურდა სამუშაოდ იქ გადასვლა, რის გამოც 2019 წლის 13 მაისს განცხადებით მიმართა მოსარჩელეს, რომ 31 მაისიდან იგი გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან. მისი მოთხოვნა სამსახურის მიერ დაკმაყოფილდა და თვითნებურად სამსახური არ დაუტოვებია. ამასთან არ არსებობს დასაქმების შეზღუდვის გამოყენების საფუძველი.

დასაქმების შეზღუდვის შესახებ მას ეცნობა მოსარჩელის მიერ ელექტრონული ფოსტით, მაგრამ თანხის გადახდის ვალდებულების შესახებ არ უცნობებიათ. ამასთან მისთვის ცნობილი არ იყო ბანკი აპირებდა თუ არა თავისი ვალდებულების შესრულებას. იგი სამსახურიდან გათავისუფლდა 31 მაისიდან და შეზღუდვისათვის პირველი ანაზღაურება ჩაურიცხა მხოლოდ 2019 წლის 28 ივნისს. მან სს „ლ-------------ში“ მუშაობა დაიწყო მენეჯერის პოზიციაზე და მისი ფუნქციები სრულიად განსხვავდება კრედიტ ოფიცრის ფუნქციებისაგან. მოსარჩელეს რაიმე ზიანი არ მიდგომია, შესაბამისად მას არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შ--–------–--–---–ი 2013 წლის 19 აგვისტოდან მუშაობდა მოსარჩელე სს „ფ----------------------–ოში“ საკრედიტო ოფიცერ/სტაჟიორად ზ-----------ს ფილიალში, ხოლო 2013 წლის 01 ნოემბრიდან კი დასაქმებულია საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე ზ-----------ს სერვის ცენტრში და მისი ფიქსირებული ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 882 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- შრომითი ხელშეკრულებები დადებული 2013 წლის 19 აგვისტოს და 2013 წლის 01 ნოემბერს;

- 2013 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება და ცნობა ხელფასის შესახებ;

- მიმართვა და რჩევა და ტრენინგი;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.2. დამსაქმებლის ხარჯზე მოპასუხემ დადგენილი წესით გაიარა ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები. გაეხსნა კორპორაციული ელექტრონული ფოსტა. მიეცა წვდომა ბანკის ელექტრონულ პროგრამებზე და შიდა ელექტრონულ/მატერიალურ ფაილებზე, რომლებიც ეხება ბანკის შიდა პროცედურებს/პოლიტიკის დოკუმენტებს, ფინანსური მომსახურების პროდუქტების სახელმძღვანელოებს, სპეციალურ სასწავლო საინფორმაციოდა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მასალებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ცნობა შიდა რესურსებზე წვდომის შესახებ;

- ბანკის შიდა სასწავლო რესურსების ნიმუშები;

- ცნობა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების გავლის შესახებ და ტრენინგების გავლის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

- ელექტრონული სასწავლო პლატფორმა;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.3 მოპასუხე შ--–------–--–---–ს წვდომა ჰქონდა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე და მომხმარებლების საბანკო საიდუმლოებებზე, მათ პერსონალურ და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. კონკრეტული სამუშაო პირობები აისახა შრომით ხელშეკრულებებში. სამუშაო პირობებსა და ძირითად ვალდებულებებს მოპასუხე დაეთანხმა და ხელი მოაწერა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- შრომის ხელშეკრულებები;

- უფლება-მოვალეობების გაცნობის ხელწერილი;

- ცნობა შიდა რესურსებზე წვდომის შესახებ;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.4. 2019 წლის 13 მაისს მოპასუხემ განცხადებით მიმართა სს „ფ----------------------–ოს“ აღმასრულებელ დირექტორს დაკავებული თანამდებობიდან 2019 წლის 31 მაისიდან გათავისუფლების შესახებ სხვა ბანკში უკეთესი პირობების შემოთავაზების გამო. განცხადება შეთანხმებულია უშუალო უფროსთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- შ--–------–--–---–ის განცხადება;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.5. შრომითი ხელშეკრულების მე-7 მუხლის და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმების მე- 71 მუხლის თანახმად დასაქმებულის მხრიდან დაცული უნდა იქნეს კონფიდენციალურობის პრინციპი. დაწესებული შეზღუდვის თანახმად დასაქმებული ვალდებულია მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. შრომითი ხელშკრულების მე-7 პუნქტით და შეთანხმების 71 მუხლით განისაზღვრა კონკურენციის შეზღუდვის საკითხები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- შრომითი ხელშეკრულება,- შეთანხმება შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

- გაფრთხილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვების ამოქმედების შესახებ

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.6. მოპასუხეს ეზღუდება უფლება დასაქმდეს სხვა ნებისმიერ კონკურენტ დამსაქმებელთან, იმუშაოს ფინანსური მომსახურების სფეროში. დასაქმების შეზღუდვის ხანგრძლივობა იმოქმედებს არაუმეტეს 6 თვისა. ამ შეზღუდვის პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კი დასაქმებული ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო მისი მიმდინარე ან ბოლო შრომის ანაზღაურების 6 თვის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- შრომითი ხელშეკრულება,- შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

- ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი გაფრთხილება შეზღუდვების ამოქმედების შესახებ;

 

3.1.7. ხელშეკრულების პირობების თანახმად დამსაქმებელმა დაიცვა ხელშეკრულების პირობები და მოპასუხეს ჩაურიცხა 2019 წლის 28 ივნისს და 31 ივლისს ხელზე ასაღები შრომის ანაზღაურება თვეში 882 ლარი. მაშინ როცა მოპასუხე უკვე დასაქმებული იყო კონკურენტ კომპანიაში სს „ლ-------------ში“ მენეჯერის თანამდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- შრომითი ხელშეკრულება,- შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

- კომპენსაციის ჩარიცხვის საგადახდო დოკუმენტაცია;

- მხარეთა განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის მიერ მოპასუხისადმი ხელშეკრულების პირობების თანახმად ანაზღაურებული იქნა შეზღუდვისათვის ორი თვის შრომის ანაზღაურება. მოპასუხე კი ამ პერიოდში უკვე დასაქმებული იყო მოსარჩელის კონკურენტ კომპანიაში სს „ლ-------------ში“ მენეჯერის პოზიციაზე. მოპასუხის მიერ დაირღვა შრომის ხელშეკრულებით დადგენილი შეზღუდვების პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- შრომითი ხელშეკრულება,- შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

- მოსარჩელის განმარტება.

 

3.2.2 მოპასუხის მიერ არ მომხდარა სამუშაო ადგილის თვითნებურად მიტოვება. მან 2019 წლის 31 მაისიდან ითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება და სამსახურის მიერ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ნებაყოფლობით გაათავისუფლა განცხადებაში მითითებული პერიოდიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- შ--–------–--–---–ის განცხადება;

- მოპასუხის განმარტება.

 

3.2.3 მოპასუხეს ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა შეტყობინება, დასაქმების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ეცნობა, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღია 2019 წლის 01 ივნისი. მოპასუხე ეთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია დასაქმების შესახებ მისი გეგმების შესახებ და გაფრთხილდა, რომ ხელშეკრულების 71 მუხლის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კომპანია მოითხოვდა პირგასამტეხლოს მიმდინარე ან ბოლო შრომის ანაზღაურების 6 თვის ოდენობით. მოპასუხეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში არ მიუმართავს მოსარჩელისათვის კონკურენტ კომპანიაში დასაქმების მიზნით წერილობითი თანხმობის მიღების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინება;

- მხარეთა განმარტება.

 

3.2.4. მოპასუხე სს „ლ-------------ში“ მუშაობს 2019 წლის 01 ივნისიდან თ--------–-ს ფილიალის მმართველის თანამდებობაზე და სხვა ფუნქციებთან ერთად მისი სამსახურებრივი მოვალეობაა ბანკისათვის სტრატეგიული კლიენტების მოზიდვა; ბანკის არსებულ და პოტენციურ კლიენტებზე პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვის ზრდაზე ზრუნვა; პოტენციური კლიენტების მოზიდვა და მათი მომსახურების ხარისხის სათანადო კოორდინირება და სხვა ფუნქციები. შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ იგი დასაქმებულია მოსარჩელის კონკურენტ კომპანიაში და ეწევა საქმიანობას ფინანსური მომსახურების სფეროში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სს „ლ-------------ის“ მიერ გაცემული ცნობა;

- დასაქმებულის ძირითადი მოვალეობები;

- მოპასუხის განმარტება.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–--ს კონსტიტუციის 31-ე მუხლი;

ს----------–--ს შრომის კოდექსის მე-2, 45-ე, 46-ე;

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 325-ე, 417-ე, 420-ე

ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე, 105-ე, ს----------–--ს

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ს----------–--ს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. მოსარჩელემ, მიიჩნია რა მისი უფლება დარღვეულად, მიმართა სასამართლოს.

 

დადგენილია და სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომით სამართლებრივი ურთიერთობა 2013 წლის 19 აგვისტოდან.

 

ს----------–--ს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია რომ მოპასუხე დასაქმებული იყო მოსარჩელესთან საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე. მხარეთა შორის დაიდო შრომის ხელშეკრულება და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება ხელზე ასაღები თანხა განისაზღვრა 882 ლარით.

 

ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა ს----------–--ს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა ორი თვის შრომის ანაზღაურების დაბრუნების ნაწილში. სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს ამ ნაწილში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს დაეკისროს მიღებული ანაზღაურების 1764 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6.2. ს----------–--ს შრომის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წერილობითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, თუ ეს გამომდინარეობს სამუშაოს სპეციფიკიდან.

 

ამავე კოდექსის 46-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით.

 

წარმოდგენილი შეთანხმებით დადგენილია, რომ შრომით ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილებები და ხელშეკრულებას დაემატა 71 მუხლი, რომლის თანახმად შრომითი ხელშეკრულების ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულს დამსაქმებლის გადაწყვეტილებით ეზღუდება უფლება 6 თვის განმავლობაში დასაქმდეს სხვა ნებისმიერ კონკურენტ დამსაქმებელთან და იმუშაოს ფინანსური მომსახურეობის სფეროში ან/და გაწიოს მსგავსი მომსახურება თავად ან მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით იმ ქვეყნებში სადაც დამსაქმებელი საქმიანობს. ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას, რომელშიც არ შედის ბონუსები, შეღავათები და სხვა სახის წახალისებები. დასაქმებულის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების და წესების დარღვევის შემთხვევაში კი დასაქმებული ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო მიმდინარე ან ბოლო შრომის ანაზღაურების 6 თვის ოდენობით.

 

შრომის ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოპასუხემ მიიღო მოსარჩელის ფინანსური, მის საქმიანობასთან დაკავშირებული, ასევე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის მეთოდოლლოგია და პროცედურები, რაც წარმოადგენს ასევე კონფიდენციალურ ინფორმაციას. რომლის დაცვის ვალდებულება დაეკისრა მოპასუხეს, როგორც ხელშეკრულების მოქმედების ასევე მისი შეწყვეტის შემდგომ პერიოდში.

 

დადგენილია, რომ დასაქმებულმა გაიარა ბანკის ძირითადი ტრენინგები და ჰქონდა წვდომა მოსარჩელის კონფიდენციალურ ინფორმაციასთან. მოსარჩელემ გაიღო ხარჯი მისი კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

 

ნორმის მიზანია მეწარმე სუბიექტის ინტერესის (ეკონომიკური) დაცვა და იმ რისკის პრევენცია, რაც კონკურენტ დამსაქმებელთან ამგვარი ცოდნისა და კვალიფიკაციის გამოყენებას შესაძლოა ახლდეს თან. სწორედ ამიტომ, შრომის კოდექსის 46-ე მუხლი განსაზღვრავს დამსაქმებლის შესაძლებლობას დაუწესოს შეზღუდვა, ხოლო დასაქმებულის ვალდებულებას შეთანხმების შემთხვევაში კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ არ გამოიყენოს შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია. ასევე, დადგენილია შეზღუდვის ვადა, რაც ექვს თვეს შეადგენს და დამსაქმებლის ვალდებულება შეზღუდვის მოქმედების პერიოდში გადაუხადოს დასაქმებულს არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით ანაზღაურება.

 

6.3. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას რომ შრომითი ხელშეკრულების შეზღუდვის შესაბამისად მას არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 6 თვის ანაზღაურება, რადგან ასეთის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა. ასევე მისთვის არ იყო ცნობილი, რომ მოსარჩელე მხარე შეზღუდვის პირობას ანაზღაურების გადახდის შესახებ მის ვალდებულებას შეასრულებდა.

 

დადგენილია წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომ მოპასუხე გაეცნო შრომით ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებებს შეზღუდვის შესახებ, დაეთანხმა მას და მოაწერა ხელი. მისი ინიციატივით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოსარჩელის მიერ მოპასუხის ელექტრონულ ფოსტაზე გაიგზავნა შეტყობინება დასაქმების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ეთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია დასაქმების შესახებ მისი გეგმების შესახებ და გაფრთხილდა, რომ ხელშეკრულების 71 მუხლის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კომპანია მოითხოვდა პირგასამტეხლოს მიმდინარე ან ბოლო შრომის ანაზღაურების 6 თვის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში არ მიუმართავს მოსარჩელისათვის კონკურენტ კომპანიაში დასაქმების მიზნით წერილობითი თანხმობის მიღების თაობაზე და რაიმე ინფორმაცია არ მიუწოდებია.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით საგადახდო დავალებებით დგინდება, რომ მოსარჩელემ შეასრულა დასაქმების შეზღუდვის შესახებ შრომის ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული მოვალეობა მოპასუხეს შრომის ხელშეკრულება შეუწყდა 2019 წლის 01 ივნისიდან და დაიწყო შრომის ხელშეკრულებით დადგენილი შეზღუდვის პირობის თანახმად ანაზღაურების გადახდა. ანაზღაურების პირველი ჩარიცხვა განხორციელდა 2019 წლის 28 ივნისს, ხოლო მეორე თვის ანაზღაურება განხორციელდა 2019 წლის 31 ივლისს. მოპასუხემ კი არ შეასრულა შრომის ხელშეკრულებით დადგენილი შეზღუდვის პირობები სამსახურიდან გათავისუფლებისთანავე დაიწყო მუშაობა მოსარჩელის კონკურენტ კომპანიაში.

 

6.4. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოპასუხის მიერ გარდა განმარტებისა რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი ვერ იქნა. შესაბამისად მას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო შრომის ხელშეკრულებით დადგენილი კონკურენციის შეზღუდვის პირობების დარღვევისათვის.

 

6.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით ხელფასის 50%-ის ანაზღაურება.

 

შრომის ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად დასაქმებული ვალდებულია 30 კალენდარული დღით ადრე შეატყობინოს დამსაქმებელს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ ვადის დარღვევის გამო მას დაეკისრება პირგასამტეხლო ხელფასის 50%.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი, ამოსავალია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლო ეკისრება მოვალეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცავს ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მართალია მოხდა 30 დღიანი ვადის გაფრთხილების დარღვევით, მაგრამ მას რაიმე ზიანი მოსარჩელისათვის არ მოუტანია. ვადაზე ადრე შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას დაეთანხმა თვით მოსარჩელე მხარეც და განცხადებაში მითითებულ დროს 2019 წლის 01 ივნისიდან გაათავისუფლა მოპასუხე დაკავებული თანამდებობიდან.

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებულ დარღვევასთან მიმართებაში მოთხოვნილი პირგასამტეხლო ხელფასის 50% არის შეუსაბამოდ მაღალი. ამასთან სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარეს აღნიშნული შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 6 თვის შრომის ანაზღაურების გადახდა, შესაბამისად მიზანშეწონილად არ მიაჩნია დამატებით მეორე სახის პირგასამტეხლოს დაკისრება. როგორც შეუსაბამოდ მაღალი, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს სახით ხელფასის 50%-ის გადახდისაგან.

7. საპროცესო ხარჯები

ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ბაჟი გადახდილია. მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი. შესაბამისად მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ნაწილი დაკმაყოფილებული სარჩელის იმ ნაწილის პროპორციულად რომელიც არ ცნო თანხით 159.68 ლარის ოდენობით.

 

ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო 1764 ლარის ანაზღაურების ნაწილში, მისი პროპორციული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ნაწილი თანხით 53.98 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხოლო სახელმწიფო ბაჟი დაუკმაყოფილებელი სარჩელის პროპორციულად თანხით 11.25 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–ოს'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1 მოპასუხე შ--–------–--–---–ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–ოს“ (ს/კ 2--------- სასარგებლოდ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვის პირობების დარღვევის გამო პირგასამტეხლო 6 თვის შრომის ანაზღაურების 5 292 (ხუთი ათას ორას ოთხმოცდათორმეტი) ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე შ--–------–--–---–ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–ოს“ (ს/კ 2--------- სასარგებლოდ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვისათვის გადახდილი ანაზღაურების 1764 (ათას შვიდას სამოცდაოთხი) ლარის გადახდა;

2. მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–ოს'' სარჩელი მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს შრომის ანაზღაურების 50%-ის 441 (ოთხას ორმოცდაერთი) ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

3. მოპასუხე შ--–------–--–---–ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–ოს“ (ს/კ 2--------- სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 159.68 ლარის (ას ორმოცდაცხრამეტი ლარის და 68 თეთრის) ანაზღაურება.

3.1. მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–ოს“ (ს/კ 2--------- დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 53.98 ლარი (ორმოცდაცამეტი ლარი და 98 თეთრი), სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღია 15.08.2019, საგადახდო დავალება N1305751, სახაზინო კოდი N 300193150.

3.2. მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–ოს“ (ს/კ 2--------- მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 11.25 ლარი (თერთმეტი ლარი და 25 თეთრი) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზ-----------ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზ-----------ს რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ელენე ოსაძე