გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/16889-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - თ----- ფ-----ე
მოპასუხე - თ------ რ-------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე თ------ რ-------ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების გადახდა 652,2 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 314,12 ლარი და ჯარიმა - 338,08 ლარი.
1.2. მოპასუხე თ------ რ-------ს, მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების გადახდა 373.81 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 94 ლარი და ჯარიმა - 279,81 ლარი.
1.3. მოპასუხე თ------ რ-------ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 15 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 2753.75 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1398.23 ლარი, პროცენტი - 601,05 ლარი და ჯარიმა - 754,47 ლარი.
1.4. მოპასუხე თ------ რ-------ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 09 ივლისიდან) 2017 წლის 15 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1398.23 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 41.94 ლარს.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სს „თ----------სა“ და თ------ რ-------ს შორის 2017 წლის 13 ოქტომბერს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის #1-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 359 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 737 დღე (24 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში 14.96 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
თ------ რ-------ს მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2018 წლის 20 თებერვალს და აღარ მომხდარა გადახდა. სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილია 44.88 ლარი, რითიც დაიფარა ძირი თანხა. 2019 წლის 09 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის #14902119256369 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 657.28 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 314.12 ლარი და ჯარიმა - 343.16 ლარი.
სს „თ----------სა“ და თ------ რ-------ს შორის 2017 წლის 13 ოქტომბერს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის #1-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 261 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 280 დღე (9 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში 29 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
თ------ რ-------ს მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2018 წლის 20 თებერვალს და აღარ მომხდარა გადახდა. სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილია 167 ლარი, რემლითაც დაიფარა ძირი თანხა. 2019 წლის 09 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის #1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 375.33 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 94 ლარი და ჯარიმა - 281.33 ლარი.
სს „თ----------სა“ და თ------ რ-------ს შორის 2017 წლის 15 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1400 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 13 რიცხვი. ამასთან, 2017 წლის 15 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 6.6.2. ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ხოლო, ამ ხელშეკრულების 6.6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს, ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას და ეთანხმება მათ, რითიც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.
თ------ რ-------ს მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2018 წლის თებერვლის თვეში და აღარ მომხდარა გადახდა. 2019 წლის 09 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 15 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 275926 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1398.23 ლარი, პროცენტი - 601 35 ლარი და ჯარიმა - 759 98 ლარი.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მხარეთა შორის წინასწარ იქნა განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი და ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემა, სწორედ სარგებლის ამ ოდენობით მიღებამ განაპირობა. შესაბამისად, მოპასუხე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელი იყო ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა კრედიტორთან მიმართებით, რომელიც ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. ამდენად, ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობით, მოსარჩელემ დაკარგა ის სარგებელი, რომელსაც ბანკი მიიღებდა ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე თ------ რ-------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ სცნო და განმარტა, რომ მასსა და სს "თ----------ს" შორის 2017 წლის ოქტომბერს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და გაიცა სესხი 359 ლარის ოდენობით. 2018 წლის თებერვლის შემდეგ აღარ გადაუხდია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. საერთო ჯამში გადახდილი აქვს 44,88 ლარი და შესაბამისად, ძირი თანხიდან ერიცხება დავალიანება 314,12 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ჯარიმას - 343,16 ლარს, მის ოდენობას არ ეთანხმება, რადგან მიაჩნია რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია.
ასევე სს "თ----------თან" 2017 წლის 13 ოქტომბერს სწრაფი განვადების ფარგლებში გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 261 ლარის ოდენობით. 2018 წლის თებერვლის შემდეგ არც აღნიშნულ სესხზე გადაუხდია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. საერთო ჯამში გადახდილი აქვს 167 ლარი. შესაბამისად, ძირი თანხიდან ერიცხება დავალიანება 94 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ჯარიმას - 281.33 ლარს, მის ოდენობას არ ეთანხმება, რადგან მიაჩნია, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია.
მოპასუხის განმარტებით, მან სს "თ----------თან" 2017 წლის 15 მარტს გააფორმა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მის სახელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1400 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. 2018 წლის თებერვლის თვის შემდეგ აღარ გადაუხდია ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და ერიცხება დავალიანება 1398.23 ლარის ოდენობით ვეთანხმები, რაც შეეხება ჯარიმას - 759.98 ლარსა და პროცენტს - 621.05 ლარს, აღნიშნულს არ ეთანხმება, რადგან მიაჩნია რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია.
მოპასუხე მხარე ასევე არ დაეთანხმა ბანკის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე, რადგან ბანკის მიზანი არ უნდა იყოს შეუსაბამოდ დიდი თანხის მიღება მომხმარებლისგან მისთვის ჯარიმის თუ პროცენტის დარიცხვის გზით. მოპასუხის მიერ გადასახდელი ძირი თანხა და მასზე დამატებული ჯარიმა თანაბარი რაოდენობისაა, რაც ნამდვილად არ შეესაბამება და აღემატება ბანკის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე მოსალოდნელ მოგებას (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებაა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულებები მოპასუხის მიერ დაირღვა და ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულებულა.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; ამონაწერი ხელშეკრულებებიდან
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სს „თ----------სა“ და თ------ რ-------ს შორის 2017 წლის 13 ოქტომბერს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის #1-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 359 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 737 დღე (24 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში 14.96 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
თ------ რ-------ს მიერ 2018 წლის 20 თებერვალს დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მის მიერ სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილია 44.88 ლარი, რითიც დაიფარა სესხის ძირი თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის #1-------------- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები და ხელშეკრულება (ს.ფ. 20-27)
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 58-59)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. საქმეზე წარმოდგენილი 2019 წლის 10 ივლისის დავალიანების ცნობის თანახმად, 2019 წლის 09 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის #1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება სესხის ძირი თანხა - 314.12 ლარი და ჯარიმა - 343.16 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „თ----------ის“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 72)
4.3. სს „თ----------სა“ და თ------ რ-------ს შორის 2017 წლის 13 ოქტომბერს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის #1-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 261 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 280 დღე (9 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში 29 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
თ------ რ-------ს მიერ 2018 წლის 20 თებერვალს დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მის მიერ სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილია 167 ლარი, რომლითაც დაიფარა სესხის ძირი თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის #1-------------- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები და ხელშეკრულება (ს.ფ. 28-35)
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 60);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. საქმეზე წარმოდგენილი 2019 წლის 10 ივლისის დავალიანების ცნობის თანახმად, 2019 წლის 09 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის #1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება სესხის ძირი თანხა - 94 ლარი და ჯარიმა - 281.33 ლარის ოდენობით.
4.5. სს „თ----------სა“ და თ------ რ-------ს შორის 2017 წლის 15 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1400 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 13 რიცხვი.
აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 7041 კალენდარული დღე - 2036 წლის 24 ივნისამდე პერიოდი.
6.2. პუნქტის თანახმად კი, ეს ხელშეკრულება წარმოადგენდა 6.6.2. ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
თ------ რ-------ს მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2018 წლის თებერვლის თვეში და აღარ მომხდარა გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 15 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები და ხელშეკრულება (ს.ფ. 36-57)
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 61-71)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.6. საქმეზე წარმოდგენილი 2019 წლის 10 ივლისის დავალიანების ცნობის თანახმად, 2019 წლის 09 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 15 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება სესხის ძირი თანხა - 1398.23 ლარი, პროცენტი - 601 35 ლარი და ჯარიმა - 759 98 ლარის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს „თ----------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია, თუმცა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შემცირდეს მოსარჩელის მოთხოვნა მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 420-ე, 403-ე, 394-ე, 411-ე, 412-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ სს „თ----------სა“ და თ------ რ-------ს შორის 2017 წლის 13 ოქტომბერს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის #1-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 359 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 737 დღე (24 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში 14.96 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ასევე დგინდება, რომ სს „თ----------სა“ და თ------ რ-------ს შორის 2017 წლის 13 ოქტომბერს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის #1-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 261 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 280 დღე (9 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში 29 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამავე მხარეებს შორის 2017 წლის 15 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1400 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 13 რიცხვი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოპასუხეს ჯეროვნად არ შეუსრულებია, აღნიშნულმა კი სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად გამოიწვია პირგასამტეხლოსა და პროცენტის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები ძირი თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება როგორც მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, ასევე ის ფაქტი, რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია მოსარჩელის წინაშე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამასთან მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე სცნო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირი თანხის ოდენობა.
7.2. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებიდან მხოლოდ 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი, რაც შეადგენს წლიური 18%-ს კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, ხოლო 36%-ს კრედიტის სს „თ----------ის“ ბანკომატით ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ამავე ხელშეკრულების თანახმად, 55 დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში წლიური სარგებელი შეადგენდა 0%-ს (ხელშეკრულების 2.8. პუნქტი).
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე სარგებლის ნაწილში 2019 წლის 09 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 601,05 ლარს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს სარგებელი 601,05 ლარის ოდენობით.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ 2019 წლის 09 ივლისის მდგომარეობით არსებული N1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო 338.08 ლარი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე 100 ლარამდე, ასევე უნდა შემცირდეს N1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო 94 ლარი გონივრულ ოდენობამდე - 50 ლარამდე, ხოლო 2017 წლის 15 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო 754,47 ლარი ასევე უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე 150 ლარამდე.
7.4. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის მოთხოვნაზე, რითაც მხარე ითხოვს მოპასუხე თ------ რ-------ს ბანკის სასარგებლოდ დაეკისროს, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 09 ივლისიდან) 2017 წლის 15 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1398.23 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 41.94 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაიცა საკრედიტო ბარათი 1400 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 13 რიცხვი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წინასწარ იქნა განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი და ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემა, სწორედ სარგებლის ამ ოდენობით მიღებამ განაპირობა. შესაბამისად, მოპასუხე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელი იყო ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა კრედიტორთან მიმართებით, რომელიც ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. ამდენად, ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობით, მოსარჩელემ დაკარგა ის სარგებელი, რომელსაც ბანკი მიიღებდა ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო 7041 კალენდარული დღით, შესაბამისად, მოუღებელი შემოსავალის სახით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ძირი თანხის 1398,23 ლარზე წლიური სარგებელი 36%-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 41,94 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 2036 წლის 24 ივნისის პერიოდისა.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ ეტაპზე სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის ნაწილში, მოსარჩელე სს „თ----------ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 09/07/2019 წელს სს „თ----------ში“ N14 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 158,68 ლარიდან 54,19 ლარი (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150), ხოლო დარჩენილი თანხა 104,49 ლარის ოდენობით კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ამასთან, მოპასუხემ ასევე ნაწილობრივ სცნო სარჩელი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 72,33 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის მიერ 09/07/2019 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) 50 ლარის ოდენობით კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასური - 20 ლარის ოდენობით, ასევე საადვოკატო მომსახურების ხარჯის ნაწილი - 70 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სს „თ----------ის“ (ს/კ N2--------) სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე თ------ რ-------ს (პ/ნ N0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ნ--–-----ის ქ. N---, კორპ. 1 ბ.25 საკადასტრო კოდით N0---------------------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე სს „თ----------ის“ (ს/კ N2--------) სარჩელი მოპასუხე თ------ რ-------ს (პ/ნ N0----------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე თ------ რ-------ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 314,12 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 100 ლარის ოდენობით გადახდა.
1.2. მოპასუხე თ------ რ-------ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 94 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 50 ლარის ოდენობით გადახდა.
1.3. მოპასუხე თ------ რ-------ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 15 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 1398.23 ლარი, პროცენტი - 601,05 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 150 ლარის ოდენობით გადახდა.
1.4. მოპასუხე თ------ რ-------ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 09 ივლისიდან) 2017 წლის 15 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 1398.23 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 41.94 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 2036 წლის 24 ივნისისა.
2. მოსარჩელე სს „თ----------ს“ მის მიერ 09/07/2019 წელს სს „თ----------ში“ N14 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 158,68 ლარიდან დაუბრუნდეს 54,19 ლარი (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150), ხოლო დარჩენილი თანხა - 104,49 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოსარჩელის მიერ 09/07/2019 წელს სს „თ----------ში“ N13 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150).
4. მოპასუხე თ------ რ-------ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 72,33 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
5. მოპასუხე თ------ რ-------ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის ნაწილის - 70 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე თ------ რ-------ს (პ/ნ N0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - ქ.თბილისი, ნ--–-----ის ქ. N---, კორპ. 1 ბ.25 საკადასტრო კოდით N0---------------------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე