გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.11.2019
საქმის ნომერი
080310019003219821
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310019003219821

საქმე № 3/594-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე

მოსარჩელე - მ---- კ--------ე

წარმომადგენელი - ნ----------------–--

მოპასუხე - სსიპ ქუთაისის N12 საჯარო სკოლა (სსიპ N42 საჯარო სკოლის სამართალმემკვიდრე)

მოპასუხის წარმომადგენელი - ს-------------------ე

მესამე პირი (ასკ-ის 16.2 -ე მუხლი) - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

მესამე პირი (ასკ-ის 16.2 -ე მუხლი) - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება

აღწერილობითი ნაწილი

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აღიარებული იქნეს მ---- კ--------ის (დაბ.19.02.1989წ. სკოლაში სწავლის პერიოდში მ-----–ა კ--------ე) მიერ 2006 წელს ქუთაისის 42-ე საჯარო სკოლაში (ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმი, დღევანდელი სსიპ ქუთაისის N12 საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღებისა და მასზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის გაცემის ფაქტი.

 

მოსარჩელის განმარტებით, მ---- კ--------ემ 2006 წელს დაასრულა ქ. ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმის სრული კურსი, სკოლის ამჟამინდელი დასახელებაა სსიპ ქუთაისის N42 საჯარო სკოლა. 2019 წლის 8 ივლისს მ---- კ--------ემ განცხადებით მოითხოვა მის სახელზე სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემა. თუმცა მოსარჩელემ უარი მიიღო სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის მიღებაზე, იმ მოტივით, რომ ვერ ხერხდებოდა მ---- კ--------ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელმაც 2019 წლის 12 ივლისის N17/658/გ გადაწყვეტილებით უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ ქუთაისის N12 საჯარო სკოლა (სსიპ N42 საჯარო სკოლის სამართალმემკვიდრე) წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა წარმომადგენელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

3.2. მესამე პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, შესაბამისად მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.1.1. დადგენილია, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული ქუთაისის ჰუმანიტარულ ლიცეუმის (42-ე საჯარო სკოლა) დოკუმენტებით დასტურდება მ-----–ა კ--------ის 2004 წლის სექტემბრის თვეში 10-ე კლასში (ჩარ.ბრძ N116.24.09.2004წელი) ჩარიცხვისა და 2006 წლის ივნისის თვეში მის მიერ სასწავლებლის თერთმეტი კლასის დამთავრების (დამ. ოქმი N4, 03.6.2006 წელი) ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- AA2019007296-03 საარქივო ცნობა (იხ. ს.ფ. 19);

- ოქმი N4 (იხ. ს.ფ. 20-23);

 

4.1.2. დადგენილია, რომ მ-----–ა კ--------ის სახელზე (დაბ. 19.02.1989წ), რომელმაც დაძლია სრული ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა ქ. ქუთაისის 42-ე საჯარო სკოლაში, 2006 წელს გაიცა სული ზოგადი განათლების ატესტატი ნა N 006579.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 15 დეკემბერს (სარეგისტრაციო N 594) გაიცა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომირებული სტომატოლოგის დიპლომი ATSU N000013, რომლითაც მ---- კ--------ეს მიენიჭა დიპლომირებული სტომატოლოგიის აკადემიური ხარისხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ატესტატი (იხ. ს.ფ. 105);

- დიპლომი (იხ. ს.ფ. 29);

 

4.1.3. დადგენილია, რომ მ-----–ა ვ----–--ის ძე კ--------ემ შეიცვალა სახელი და გახდა მ---- ვ----–--ის ძე კ--------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა (იხ. ს.ფ. 24);

- დაბადების მოწმობა (იხ. ს.ფ. 25);

 

4.1.4. დადგენილია, რომ მ---- კ--------ემ (წარმომადგენელმა) განცხადებით მიმართა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და მის სახელზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა მოითხოვა.

 

აღნიშნული წერილის საფუძველზე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ მიმართა ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და ითხოვა შუამდგომლობა ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმის სამართალმემკვიდრესთან რათა მიეწოდებინათ მ---- კ--------ის მიერ სრული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომერი და გაცემის თარიღი, პედსაბჭოსა და სხვათა გადაწყვეტილებები და ოქმები.

 

ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით მიმართა ქუთაისის N12 საჯარო სკოლას.

 

ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორმა ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს წერილობით აცნობა, რომ სკოლა ვერ დაადასტურებს მ---- კ--------ემ (სკოლაში სწავლის პერიოდში მ-----–ა კ--------ე) 2006 წელს დაასრულა თუ არა ქ. ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმის სრული კურსი, იმ მოტივით, რომ დოკუმენტაცია 2014 წლის 7 ნოემბრიდან გადაეცა ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ არქივს.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულია მ-----–ა კ--------ის ჩარიცხვის ბრძანების, დამთავრების ოქმის და 2006 წელს მიღებული საბოლოო შეფასების ასლები.

 

დადგენილია, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს წერილობით აცნობა, რომ ვერ ხერხდებოდა მ-----–ა კ--------ის (სკოლაში სწავლების პერიოდში) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის N17/658/გ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ---- კ--------ის წარმომადგენლის განცხადება და უარი ეთქვა მ---- კ--------ის სახელზე სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება მ---- კ--------ემ (წარმომადგენელმა) გაასაჩივრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, რომელმაც 2019 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა მ---- კ--------ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- MES 9 19 00457905 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 67);

- MES 3 19 00460284 (იხ. ს.ფ. 68);

- MES 5 19 00461500 (იხ. ს.ფ. 69);

- AA2019007296-03 საარქივო ცნობა (იხ. ს.ფ. 19);

- MES 9 19 00924005 (იხ. ს.ფ. 130-131);

- N17/658/გ გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 31-32);

- N01/255726/გ გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 34-36);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ---- კ--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება; ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.

 

ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს - აღიარებული იქნეს მ---- კ--------ის (დაბ.19.02.1989წ. სკოლაში სწავლის პერიოდში მ-----–ა კ--------ე) მიერ 2006 წელს ქუთაისის 42-ე საჯარო სკოლაში (ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმი, დღევანდელი სსიპ ქუთაისის N12 საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღებისა და მასზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის გაცემის ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

სასამართლო ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ---- (მ-----–ა) კ--------ე 2004 წლის 24 სექტემბრის N116 ბრძანებით ჩაირიცხა ქუთაისის ჰუმანიტარულ ლიცეუმში (42-ე საჯარო სკოლა). ასევე, 2006 წლის 3 ივნისის N4 ოქმით დასტურდება მ---- კ--------ის მიერ სასწავლებლის 11 კლასის დამთავრების ფაქტი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ატესტატი, რომლის თანახმად, მ-----–ა კ--------ის სახელზე (დაბ. 19.02.1989წ), რომელმაც დაძლია სრული ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა ქ. ქუთაისის 42-ე საჯარო სკოლაში და 2006 წელს გაიცა სული ზოგადი განათლების ატესტატი ნა N 006579.

 

საქმეზე მოწმის სახით დაკითხულია მზია ყანჩაველი, რომელიც 1999-2006 წლებში წარმოადგენდა ჰუმანიტარული ლიცეუმის დირექტორს. მზია ყანჩაველის განმარტებით, მ---- (მ-----–ა) კ--------ის ატესტატზე და ნიშნების ფურცელზე მისი ხელმოწერაა დაფიქსირებული, ამასთან იმ დროისათვის, სკოლის დასრულების შემდეგ მოსწავლეებზე გაიცემოდა ასეთი სახის ატესტატი. თავად ატესტატის არსებობა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არსებობდა ატესტატის გაცემის წიგნი, სადაც ნიშნები იყო გადატანილი, რაც ბავშვების მიერ სკოლის დასრულების ფაქტს ასახავდა. მისივე განმარტებით, სკოლამ იმ პერიოდისათვის დოკუმენტები აწარმოა წესების დაცვით.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ---- კ--------ემ 2006 წელს დაასრულა ქუთაისის 42-ე საჯარო სკოლა (ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმი, დღევანდელი სსიპ ქუთაისის N12 საჯარო სკოლა) და მიიღო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი.

 

7.2. საქართველოს კონსტიტუციის (ძველი რედაქციით 35-ე მუხლი) 27.1-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

 

ამდენად, იმის გამო, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ სათანადო დოკუმენტის არარსებობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებას და ხელი შეუშალოს მის რეალიზებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულის თავიდან აცილება სასამართლოს მიერ უნდა განხორციელდეს, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის ინტერესი მიღებული განათლების საფუძველზე გააგრძელოს სწავლა, ან შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე ჰქონდეს შესაძლებლობა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივა, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 27.1-ე მუხლით გარანტირებული უფლება.

 

ამასთან, აღსანიშნავია რომ მ---- კ--------ეს სკოლის მიერ გაცემული ატესტატის საფუძველზე მიიღო უმაღლესი განათლება, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომირებული სტომატოლოგის ATSU N000013 დიპლომით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო და ზოგადი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

სასამართლო ასევე, მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ---- კ--------ემ 2006 წელს დაასრულა ქუთაისის 42-ე საჯარო სკოლა (ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმი, დღევანდელი სსიპ ქუთაისის N12 საჯარო სკოლა) და მიიღო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი.

 

ამდენად, სსიპ ქუთაისის N12 საჯარო სკოლას მ---- კ--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

რაც შეეხება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯს, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე სსიპ ქუთაისის N12 საჯარო სკოლას მ---- კ--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის გონივრულ ფარგლებში, კერძოდ 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ---- კ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. აღიარებული იქნეს მ---- კ--------ის (დაბ.19.02.1989წ. სკოლაში სწავლის პერიოდში მ-----–ა კ--------ე) მიერ 2006 წელს ქუთაისის 42-ე საჯარო სკოლაში (ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმი, დღევანდელი სსიპ ქუთაისის N12 საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღებისა და მასზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის გაცემის ფაქტი.

 

3. სსიპ ქუთაისის N12 საჯარო სკოლას მ---- კ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

4. სსიპ ქუთაისის N12 საჯარო სკოლას მ---- კ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი