გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/10578-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - გ---–- ტ-----–---–ი
მოპასუხე - რ-----ი მ-----–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე რ-----ი მ-----–-–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2018 წლის 27 იანვრის საბანკო კრედიტის N 9------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების გადახდა სესხის ძირი თანხა - 4315,61 ლარის, პროცენტი - 951,52 ლარის, ჯარიმა - 1225,78 ლარისა და დაზღვევა - 10,16 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე რ-----ი მ-----–-–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 13 მაისიდან) 2018 წლის 27 იანვრის საბანკო კრედიტის N 9------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4315,61 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 25,5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 90,62 ლარს.
1.3. მოპასუხე რ-----ი მ-----–-–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 13 მაისიდან) 2018 წლის 27 იანვრის საბანკო კრედიტის N9------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4315,61 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს გადახდა - 0.27 %-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 11.65 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1438 ლარისა (1.3. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ შეამცირა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე 25.11.2019 წელს).
1.4. მოპასუხე რ----- მ-----–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, ასევე აკრძალვის რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი და საადვოკატო მომსახურების ხარჯი, დავის საგნის ღირებულების 4%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სს „თ----------სა“ და რ-----ი მ-----–-–---–ს შორის 2018 წლის 27 იანვარს გაფორმდა საბანკო კრედიტის N 9------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 4600 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღრა 25,5 %-ით, კრედიტის ვადად განისაზღვრა 1466 დღე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 01 რიცხვში, ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.
მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2018 წლის 02 ივლისს და მითითებული თარიღის შემდეგ აღარ მომხდარა თანხის გადახდა. სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილია 906,79 ლარი, რითიც დაიფარა ძირი თანხა - 284,39 ლარი, პროცენტი - 486,95 ლარი, ჯარიმა - 19,72 ლარი, საკომისიო - 102 ლარი და დაზღვევა - 13.73 ლარი.
2019 წლის 13 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 27 იანვრის საბანკო კრედიტის N9------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 6503,07 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 4315,61 ლარი, პროცენტი - 951,52 ლარი, ჯარიმა - 1225,78 ლარი და დაზღვევა - 10.16 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მხარეთა შორის წინასწარ იქნა განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი და ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემა, სწორედ სარგებლის ამ ოდენობით მიღებამ განაპირობა. შესაბამისად, მოპასუხე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელი იყო ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა კრედიტორთან მიმართებით, რომელიც ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. ამდენად, ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობით, მოსარჩელემ დაკარგა ის სარგებელი, რომელსაც ბანკი მიიღებდა ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. შესაბამისად, დღის წერიგში დადგა მიუღებელი შემოსავალი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ წლიური 25,5%-ის სარგებლის სახით ვალდებულების სრულად შესრულებამდე პერიოდზე.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა სამომავლო ჯარიმის დაკისრების ნაწილში და 4282 ლარის ნაცვლად მოითხოვა 1438 ლარის დაკისრება (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი (25.11.2019წ.)).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე რ-----ი მ-----–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ სცნო სესხის ძირი თანხისა და დაზღვევის თანხის ნაწილში და განმარტა, რომ მასსა და სს "თ----------ს" შორის ნამდვილად გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და ვალდებულებას ასრულებდა კეთილსინდისიერად, მაგრამ სამსახურიდან განთავისუფლების შემდგომ ვეღარ შეძლო სესხის დაფარვა, რადგან აღმოჩნდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. მას ასევე აქვს სხვა ვალებიც, რის გამოც მეუღლემ მიატოვა, წაიყვანა შვილები და მათი ნახვის უფლებასაც არ აძლევს. მოპასუხის განმარტებით, იგი ყველანაირად ცდილობს სამსახურის შოვნას, რათა შეძლოს ვალების დაფარვა, რისთვისაც სულ ცოტა ორი წელი ესაჭიროება. ამ დროის განმავლობაში გადაიხდის ძირ თანხას 4315.61 ლარს და პროცენტს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, 1225,78 ლარს, არ ეთანხმება, რადგან მიაჩნია რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია. ასევე არ ეთანხმება ადვოკატის მომსახურეობის ხარჯის - 500 ლარის დაკისრებას, რადგან აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ხელშეკრულება იურიდიულ მომსახურეობაზე არ არის საქმეში წარმოდგენილი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას პროცენტის - 951,52 ლარის დაკისრების ნაწილში. ასევე არ ეთანხმება ბანკის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე, რადგან ბანკის მიზანი არ უნდა იყოს შეუსაბამოდ დიდი თანხის მიღება მომხმარებლისგან მისთვის ჯარიმის თუ პროცენტის დარიცხვის გზით. მოპასუხის მიერ გადასახდელი ძირი თანხა და მასზე დამატებული ჯარიმა თანაბარი რაოდენობისაა, რაც ნამდვილად არ შეესაბამება და აღემატება ბანკის მიერ უბრალოდ ხელშეკრულების საფუძველზე მოსალოდნელ მოგებას (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებაა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულებები მოპასუხის მიერ დაირღვა და ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულებულა.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; ამონაწერი ხელშეკრულებიდან
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სს „თ----------სა“ და რ-----ი მ-----–-–---–ს შორის 2018 წლის 27 იანვარს გაფორმდა საბანკო კრედიტის N9------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 4600 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 25,5 %-ით, ხოლო კრედიტის ვადად კი - 1466 დღე.
ხელშეკრულების მიხედვით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 01 რიცხვში, ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ (2.9. პუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 17-18)
- 2018 წლის 27 იანვრის საბანკო კრედიტის N9------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 19-21)
- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 22-23)
- ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის შესახებ (ს.ფ. 24)
- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ. 25-41)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2018 წლის 02 ივლისს, რის შემდეგაც აღარ მომხდარა ვალდებულების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 42)
- სესხის გრაფიკი (ს.ფ. 22-23)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სესხის დასაფარად მოპასუხის მიერ ჯამურად გადახდილია 906,79 ლარი, საიდანაც დაიფარა ძირი თანხა 284,39 ლარი, პროცენტი - 486,95 ლარი, ჯარიმა - 19,72 ლარი, საკომისიო - 102 ლარი და დაზღვევა - 13.73 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 42)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. 2019 წლის 14 მაისის დავალიანების ცნობით მიხედვით, 2019 წლის 13 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 27 იანვრის საბანკო კრედიტის N9------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 6503,07 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 4315,61 ლარი, პროცენტი - 951,52 ლარი, ჯარიმა - 1225,78 ლარი და დაზღვევა - 10.16 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „თ----------ის“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 43)
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს „თ----------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია, თუმცა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შემცირდეს მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 420-ე, 394-ე, 403-ე, 411-ე, 412-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ სს „თ----------სა“ და რ-----ი მ-----–-–---–ს შორის 2018 წლის 27 იანვარს გაფორმდა საბანკო კრედიტის N9------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 4600 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25,5%-ით, კრედიტის ვადად განისაზღვრა 1466 დღე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 01 რიცხვში, ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოპასუხეს ჯეროვნად არ შეუსრულებია, აღნიშნულმა გამოიწვია პირგასამტეხლოს და პროცენტის დაკისრება ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ძირი თანხის და დაზღვევის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება როგორც მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, ასევე ის ფაქტი, რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია მოსარჩელის წინაშე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამასთან მოპასუხემ ცნო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირი თანხის ოდენობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხემ მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირი თანხის და დაზღვევის ნაწილში, შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7.2 წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 27 იანვრის საბანკო კრედიტის N9------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტი - 951,52 ლარის ოდენობით.
მოცემულ Sემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წარმოდგენილი სესხის გადახდის გრაფიკისა და გადახდების ისტორიის თანახმად, მოპასუხემ ხელშეკრულების პირობები დაარღვია 2018 წლის 01 აგვისტოს, რადგან ბოლო გადახდა ფიქსირდება 2018 წლის 02 ივლისს. სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, 2018 წლის 01 აგვისტოს მდგომარეობით სარგებელი არის 93,47 ლარი. გრაფიკის თანახმად, ყოველთვიური გადასახადი დამოკიდებულია მოვალის მიერ გრაფიკით განსაზღვრული პირობების შესრულებაზე, შესაბამისად, თუკი 2018 წლის აგვისტოში ვალდებულება არ შეასრულა მოპასუხემ, ამ უკანასკნელს უნდა დაეკისროს იმ სარგებლის გადახდა, რაც მისი ვალდებულება იყო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, კერძოდ, 2018 წლის აგვისტო თვეში სარგებლად მითითებულია - 93,47 ლარი, სექტემბრის თვეში - 92,15 ლარი, ოქტომბრის თვეში - 87,88 ლარი, ნოემბრის თვეში - 89,37 ლარი, დეკემბრის თვეში- 85,13 ლარი, 2019 წლის იანვარში - 86,47 ლარი, თებერვლის თვეში - 85 ლარი, მარტის თვეში - 75,42 ლარი, აპრილის თვეში - 81,79 ლარი და მაისი თვეში - 77,64 ლარი (იხ. გადახდის გრაფიკი, ს.ფ. 22-23).
ამდენად, მოპასუხეს ხელშეკრულების დარღვევიდან სარჩელის სასამართლოში შემოტანამდე პერიოდში ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა სარგებელი 854,32 ლარის ოდენობით, შესაბამისად, სწორედ აღნიშნული თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის 01 აგვისტოდან სარჩელის შემოტანამდე ანუ 2019 წლის 15 მაისამდე პერიოდზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება არცერთი მხარის მიერ არ წარმოდგენილა.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1225.78 ლარი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე 500 ლარამდე და მითითებული თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
7.4. რაც შეეხება მოსარჩელის 1.3. სასარჩელო მოთხოვნას, რომელიც შეეხება მოიუღებელი შემოსავლის სახით დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან ანუ 2019 წლის 13 მაისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე სესხის ძირ თანხაზე - 4315,61 ლარზე წლიური 25,5% სარგებლის დარიცხვას, რაც ყოველთვიურად შეადგენს 90,62 ლარს, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში, სს „თ----------სა“ და რ-----ი მ-----–-–---–ს შორის 2018 წლის 27 იანვარს გაფორმდა საბანკო კრედიტის N9------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 4600 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25,5%-ით, კრედიტის ვადად განისაზღვრა 1466 დღე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 01 რიცხვში, ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წინასწარ იქნა განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი და ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემა, სწორედ სარგებლის ამ ოდენობით მიღებამ განაპირობა. შესაბამისად, მოპასუხე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელი იყო ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა კრედიტორთან მიმართებით, რომელიც ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული.
ამდენად, ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობით, მოსარჩელემ დაკარგა ის სარგებელი, რომელსაც ბანკი მიიღებდა ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში საფუძვლიანია, თუმცა იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოპასუხისათვის მოსალოდნელ ზიანთან დაკავშირებით, რაც შეადგენს სესხის გადახდის გრაფიკისა (ს.ფ. 22-23) და თავად მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტების მიხედვით, ძირი თანხის 4315,61 ლარის წლიური 25,5%, რაც ყოველთვიურად შეადგენს 90,62 ლარს. აღნიშნული თანხის დაანგარიშების დროს გათვალისწინებულია ის გარემოებაც, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება ჯეროვნად არ ყოფილა შესრულებული და იმის გათვალისწინებით, რომ ძირი თანხის ოდენობიდან ხდება სარგებლის დაანგარიშება, სწორედ აღნიშნული მეთოდის გამოყენებით სარჩელის შემოტანიდან ანუ 2019 წლის 15 მაისიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ანუ 2022 წლის 01 თებერვლის ჩათვლით პერიოდზე მოსარჩელის მიერ მისაღები სარგებელი იქნება ყოველთვიური 90,62 ლარი, რაც 33 თვეზე დაანგარიშებით ჯამურად შეადგენს 2990,46 ლარს.
7.5. რაც შეეხება მოსარჩელის 1.4. სასარჩელო მოთხოვნას, რითაც მოსარჩელე ითხოვს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 2019 წლის 13 მაისიდან ძირ თანხაზე - 4315,61 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს გადახდა - 0.27 %-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 11.65 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1438 ლარისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო იზიარებს პირგასამტეხლოს თაობაზე უკვე აღნიშნულს და დამატებით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის’’ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია მოვალეთათვის დავალიანების დაანგარიშების პერიოდზე დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად, მომავალ პერიოდზე პირგასამტეხლოს დარიცხვაც. მით უფრო, როცა მოსარჩელე ასვე ითხოვს მიუღებელ შემოსავალსაც ყოველთვიური პროცენტის სახით და აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამომავლო პირგასამტეხლო 2019 წლის 13 მაისიდან აღსრულებამდე ძირი თანხის - 4315,61 ლარის 0,27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, რაც საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით არის გონივრული ოდენობა და არ გამოიწვევს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხისა და დაზღვევის ნაწილში, მოსარჩელე სს „თ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 129,77 ლარი. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 292,64 ლარი, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოპასუხეს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 145,34 ლარი.
რაც შეეხება საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასური - 20 ლარსა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის მოპასუხეზე დაკისრებას, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ საქმეში არ წარმოდგენილა აღნიშნული ხარჯის მის მიერ გადახდილის დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე რ----- მ-----–-–---–ს (პირადი ნომერი 0----------) აეკრძალა ქალაქი თბილისი, შ-----ს ქ. შს./ო--------ის ქ.N7---ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0---------------.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე სს „თ----------ის“ (ს/კ N2--------) სარჩელი მოპასუხე რ-----ი მ-----–-–---–ის (პ/ნ N0----------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე რ-----ი მ-----–-–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2018 წლის 27 იანვრის საბანკო კრედიტის N9------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 4315,61 ლარის, პროცენტი - 854,32 ლარის, ჯარიმა - 500 ლარისა და დაზღვევა - 10,16 ლარის ოდენობით გადახდა.
1.2. მოპასუხე რ-----ი მ-----–-–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 13 მაისიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე (01.02.2022 წლამდე) მიუღებელი სარგებლის სახით 2990.46 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე რ-----ი მ-----–-–---–ს, მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 13 მაისიდან) 2018 წლის 27 იანვრის საბანკო კრედიტის N9------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4315,61 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს გადახდა - 0.27%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
2. მოსარჩელე სს „თ----------ს“ 14/05/2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 422,41 ლარიდან 129,77 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 292,64 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოსარჩელის მიერ 14/05/2019 წელს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოპასუხე რ-----ი მ-----–-–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის 145,34 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
5. მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასური - 20 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 500 ლარის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში - არ დაკმაყოფილდეს.
6. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე რ----- მ-----–-–---–ს (პირადი ნომერი 0----------) აეკრძალა ქალაქი თბილისი, შ-----ს ქ. შს./ო--------ის ქ.N7---ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0---------------.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე