გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
330210017001907613
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე #2---------

30 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი

სხდომის მდივანი თათა კაპანაძე

მოსარჩელე შ-------------

წარმომადგენლები ნ----------–------–-------------

მოპასუხე მ-------------------

დავის საგანი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მ------------------------- მოსარჩელე შ--------------- სასარგებლოდ 2----–-–---------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანების 150 ლარის გადახდის დაკისრება; 1.2. მოპასუხე მ------------------------- მოსარჩელე შ--------------- სასარგებლოდ 2----–-–---------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 21 ლარის გადახდის დაკისრება; 1.3. მოპასუხე მ------------------------- მოსარჩელე შ--------------- სასარგებლოდ 2----–-–---------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 134,34 ლარის გადახდის დაკისრება. (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 4, იხ. 2019 წლის 30 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 15:34:54-15:36:03 სთ) სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 10 ნოემბერს, შ----------------------------------–------------- და მ-------------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 150 ლარი, სარგებელი - 21 ლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 30 დღე, პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის თანხის 1,5%. მსესხებელს სესხის თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი უნდა დაეფარა 2016 წლის 10 დეკემბერს. მოგვიანებით, მხარეთა შეთანხმებით, სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა და საბოლოოდ, სესხის თანხის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 10 იანვარი. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ დაფარა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება. 2017 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, მ-------------------- დავალიანება შ----------------------------------–--------------- მიმართ 2----–-–---------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 393,75 ლარს, საიდანაც სესხის თანხის დავალიანებაა 150 ლარი, პროცენტი - 21 ლარი და პირგასამტეხლო - 222,75 ლარი. ამასთან მოსარჩელის მიერ 222,75 ლარიდან 134,54 ლარამდე იქნა შემცირებული დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელით მოითხოვა მოპასუხე მ------------------------- მოსარჩელე შ----------------------------------–--------------- სასარგებლოდ 2016 წლის 10 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანების 150 ლარის, პროცენტის - 21 ლარის და პირგასამტეხლოს - 134,54 ლარის, სულ 305,54 ლარის გადახდის დაკისრება. შ----------------------------------–------------- შეეცვალა სახელწოდება და მას ეწოდა შ-------------. (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 2-4, იხ. 2019 წლის 30 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 15:34:54-15:36:03 სთ).

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ------------------- სარჩელს ცნობს ნაწილობრივ. მოპასუხის შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მ-------------------მ სარჩელი ცნო სესხის თანხის დავალიანების 150 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. მოპასუხის განმარტებით, დავის განხილვის დროისთვის მას აქვს ფინანსური პრობლემები, რის გამოც ვერ ახერხებს სესხის დაფარვას. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება. გარდა ამისა, მოპასუხემ სადავო გახადა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობა და მოითხოვა მათი შემცირება. (იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 34-37, იხ. 2019 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:31:24-15:31:54, 15:36:08-15:36:33 სთ).

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 10 ნოემბერს, შ----------------------------------–------------- და მ-------------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 150 ლარი, სარგებელი - 21 ლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 30 დღე, პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის თანხის 1,5%. მსესხებელს სესხის თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი უნდა დაეფარა 2016 წლის 10 დეკემბერს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2----–-–---------------- განაცხადი (ტომი 1, ს.ფ. 26) - 2----–-–---------------- სესხის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 13-19) - მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი 15:36:08-15:36:33 სთ). 3.1.2. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ იქნა დაფარული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს წარმოეშვა სესხის თანხის და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო. 2017 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, მ-------------------- დავალიანება შ----------------------------------–-------------- მიმართ 2----–-–---------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 393,75 ლარს, საიდანაც სესხის თანხის დავალიანებაა 150 ლარი, პროცენტი - 21 ლარი და პირგასამტეხლო - 222,75 ლარი. ამასთან მოსარჩელის მიერ 222,75 ლარიდან 134,54 ლარამდე იქნა შემცირებული დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა. აღნიშნული დავალიანების ოდენობას მოპასუხე სადავოდ არ ხდის. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 2-3) - მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 30 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი) 3.1.3. შ----------------------------------–------------- შეეცვალა სახელწოდება და მას ეწოდა შ-------------. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე მხარეები არ დავობენ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. მოპასუხის მიერ 2----–-–---------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანების გადახდის დაკისრების ნაწილში სარჩელის ცნობა წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

4.2. უდავოა, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა, მსესხებლისთვის პროცენტის გადახდის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.3. მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის.

 

ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მსესხებლის მიერ გადაცილებული იქნა აღნიშნული ვადები, მოსარჩელის მოთხოვნა, მსესხებლისთვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მ-------------------მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხემ განმარტა, რომ ცნობს სარჩელს სესხის თანხის დავალიანების 150 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. მოპასუხის მიერ 2----–-–---------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანების 150 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნას პროცენტი. დადგენილია, რომ 2016 წლის 10 ნოემბერს, შ-------------- და მ-------------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხი 150 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მოპასუხის მიერ სესხით სარგებლობისთვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. ასევე დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სესხის ძირითადი თანხა არ იქნა დაბრუნებული მის მიერ ასევე არ იქნა გადახდილი სესხის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი. 2----–-–---------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის დავალიანება შეადგენს 21 ლარს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე მითითებული გარემოებები არ აბათილებენ მოსარჩელის მოთხოვნას, რომელიც გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ზემოთმითითებული სამართლებრივი ნორმებიდან. აღსანიშნავია ასევე, რომ საპროცენტო სარგებლის შემცირებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მითითება, საპროცენტო სარგებლის ოდენობის შემცირების ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხე მ------------------------- 2----–-–---------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 21 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, კერძოდ, პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის თანხის 1,5%. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 1,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 30%-ს, ხოლო წელიწადში 360%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცენტო სარგებლის სახით დაეკისრა 21 ლარის გადახდა, რაც შეადგენს სესხის თანხის 14%-ს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არათანაზომიერია მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 29 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 134,54 ლარისა.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 50 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო 2----–-–---------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანების 150 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, რაც საერთო სასარჩელო მოთხოვნის (305,54 ლარის) 49%-ს შეადგენს, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 50 ლარის 49% - 24,6 ლარი. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ ცნობის შემდეგ დარჩენილი სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს 155,54 ლარს (305,54-150), ხოლო მისი პროპორციული სახელმწიფო ბაჟის თანხა - 25,4 ლარს (50-24,6). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 155,54 ლარისა (დაკმაყოფილდა სარჩელის ნაწილობრივ ცნობის შემდეგ დარჩენილი სასარჩელო მოთხოვნების 32,14%). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მ-------------------ს მოსარჩელე შ--------------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აღნიშნული მოთხოვნის პროპორციული ბაჟის 25,4 ლარის 32,14%-ს - 8,15 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. 8. გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე შ--------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხე მ-------------------ს მოსარჩელე შ--------------- სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–---------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის დავალიანების 150 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე მ-------------------ს მოსარჩელე შ--------------- სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–---------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 21 ლარის გადახდა;

1.3. მოპასუხე მ-------------------ს მოსარჩელე შ--------------- სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–---------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 29 ლარის გადახდა;

1.4. მოსარჩელეს უარი ეთქვას პირგასამტეხლოს სახით 105,54 ლარის გადახდის დაკისრებაზე;

 

2. მოპასუხე მ-------------------ს მოსარჩელე შ--------------- სასარგებლოდ დაეკისროს 8,15 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

3. შ-------------- დაუბრუნდეს 24,6 ლარი სარჩელზე 2017 წლის 19 აპრილს, სს „თიბისი ბანკში“ (საგადასახადო დავალება #4----), სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 50 ლარიდან, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300 773 150;

 

4. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი