გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.11.2019
საქმის ნომერი
330210019003200698
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/23744-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 ნოემბერი, 2019 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე - ზ----- ღ-----–---–ი

წარმომადგენელი - გ------- გ---–------ი

მოპასუხე - სს „თ----------------ა“

წარმომადგენელი - თ----- ხ-------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს „თ----------------ას“ ზ----- ღ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 4000 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდა;

 

1.2. სს „თ----------------ას“ ზ----- ღ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების საფასურის - 100 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2018 წლის 12 დეკემბერს ზ----- ღ-----–---–სა და სს თ----------------ას შორის გაფორმდა ავტომობილის დაზღვევის ხელშეკრულება N MO-002/17.

 

ხელშეკრულების თანახმად, სს თ----------------ამ აიღო ვალდებულება დაეზღვია ავტომობილი „BMW 530 i“, საიდენტიფიკაციო კოდით W----------------, გამოშვების წელი - 2002, ავტომობილის ტიპი - სედანი, ხოლო ზ----- ღ-----–---–მა აიღო ვალდებულება სს თ----------------ის წინაშე, რომ იგი სადაზღვევო კომპანიას გადაუხდიდა სადაზღვევო პრემიას ჯამში 275.40 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 18 დეკემბრიდან 2019 წლის 18 ნოემბერამდე.

 

სადაზღვევო ხელშეკრულების თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება შემდეგი რისკები: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია); ხანძარი; აფეთქება, სტიქიური მოვლენები, ქურდობა, ძარცვა; ყაჩაღობა, ვანდალიზმი; საგნის დაცემა.

 

2019 წლის 29 აგვისტოს ზ----- ღ-----–---–ი მოძრაობდა გლდანის ყოფილი გამგეობიდან თბილისის ზღვის მიმართულებით, მოძრაობისას წრიულ მოძრაობასთან თავისუფლად გაიარა ტერიტორიაზე დაშვებული დაბალი სიჩქარით, წრიული მოძრაობიდან რამდენიმე მეტრში გადაწყვიტა ავტომობილის სალონის სათავსოდან ტელეფონის დამტენის ამოღება, რა დროსაც საჭეს მართავდა ერთი ხელით. ამ პერიოდში უცებ მანქანამ დაიწია უკან და უნებლიედ დაეჭირა ფეხი აქსელერატორის სატერფულს, რა დროსაც მანქანის სიჩქარემ მინიმალურად მოიმატა. ამავე დროს ზ----- ღ-----–---–ის სავალ გზაზე, მოძრაობის წესების დარღვევით, სიჩქარის გადაჭარბებით საპირისპირო მხრიდან მოძრაობდა უცხო ავტომობილი. აღნიშნულის გამო ზ----- ღ-----–---–ი გადავიდა საპირისპირო მხარეს და დაეჯახა ელექტროგანათების ბოძს.

 

აღნიშნულის შემდგომ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლები, რომლებმაც დეტალურად შეაფასეს შექმნილი გარემოება.

 

ავტოავარიის შემდგომ ზ----- ღ-----–---–მა მიმართა სადაზღვევო კომპანიას კუთვნილი სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. უარის მიზეზად მოსარჩელეს განუცხადეს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით ზარალი არ ანაზღაურდება, თუ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში მოძრაობდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის მითითებით, ნამდვილად გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება და ავტოსაგზაო შემთხვევაც ნამდვილად მოხდა.

მოპასუხე აღნიშნავს, რომ თუ კი ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობდა სხვა სატრანსპორტო საშუალება, ამ გარემოებას აუცილებლად დააფიქსირებდა საპატრულო პოლიცია და რადგანაც პატაკში მსგავსი რამ არ ფიქსირდება და დამზღვევიც არ აპელირებს მის უსწორობაზე - მზღვეველმა საპატრულო პოლიციის დოკუმენტაციის სარწმუნოება ეჭვქვეშ არ დააყენა და ზარალის დარეგულირებისას დაეყრდნო მას. აღნიშნულ განაცხადზე ხელმოწერით დამზღვევმა დაადასტურა, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო სრული და შეესაბამებოდა სიმართლეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის დაფიქსირებისას მზღვეველმა ცხელ ხაზზე საუბრისას მიუთითა, რომ მოძრაობის დროს მოუცურდა და შეეჯახა ბოძს. ამ საუბარშიც არ იკვეთება სხვა ავტომობილის მონაწილეობა.

დამზღვევს უარი ეთქვა მხარეთა შორის ხელმოწერილი პოლისით გათვალისწინებული დაზღვევის პირობების 1.1.9 პუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს, რომ ზარალი არ ანაზღაურდება, თუ „დაზღვეული ავტომობილის მძღოლი გადაადგილდება საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მძღოლის მსგავსი მოქმედება განპირობებულია მესამე მხარის სიცოცხლისა და ქონების გადარჩენის აუცილებლობით“.

მოპასუხისათვის ასევე გაურკვეველია რის საფუძველზე განსაზღვრა მოსარჩელემ ზიანის ოდენობა 4 000 აშშ დოლარით. არ არის წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა ზარალის ოდენობას. მოპასუხემ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ჩაატარა სავალდებული ექსპერტიზები, დასკვნა N006345619-ის თანახმად, ავტომობილის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე შეადგენდა 9 500 ლარს, ხოლო დასკვნა N006343619-ის თანახმად დადგინდა, რომ ავტომობილის საბაზრო ღირებულება დაზიანებულ მდგომარეობაში (ე.წ. ნარჩენი ღირებულება) შეადგენს 3 500 ლარს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველი აანაზღაურებდა ზარალს და თუ დაზიანებულ ავტომობილს დამზღვევი დაიტოვებდა საკუთრებაში, დამზღვევს აუნაზღაურდებოდა ავტომობილის დაზიანებამდე საბაზრო ღირებულებას გამოკლებული ნარჩენი ღირებულება, ასევე ადრე ანაზღაურებული ზარალი და დარჩენილი პრემია, რის გამოც მზღვეველი დამზღვევს აუნაზღაურებდა 5 654.26 ლარს და არა 4 000 აშშ დოლარს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 18.12.2018 წელს სს „თ----------------სა“ (მზღვეველი) და ზ----- ღ-----–---–ს (დამზღვევი) შორის დაიდო დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება. იმავე დღეს გაიცა სადაზღვევო პოლისი, რომლის საფუძველზე 1 წლის ვადით დაზღვეულ იქნა ავტომობილი „BMW 530 i“, საიდენტიფიკაციო კოდით W----------------, გამოშვების წელი - 2002, ავტომობილის ტიპი - სედანი (დაზღვეული ავტომანქანა). ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია ავტომანქანის დაზღვევის პირობები MO-002/17

 

დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება შემდეგი რისკები: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია); ხანძარი; აფეთქება, სტიქიური მოვლენები, ქურდობა, ძარცვა; ყაჩაღობა, ვანდალიზმი; საგნის დაცემა.

 

ხელშეკრულების თანახმად, ავტომობილის დაზღვევა შედგებოდა სამი სექციისაგან, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენდა შემდეგი პირობა - მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისას ანაზღაურდება დაზღვეული ავტომობილის მართვისას, მესამე პირისათვის ან მისი ქონებისათვის მიყენებული ზიანი.

 

დაზღვევის პირობების 1.1.9 პუნქტის საფუძველზე ზარალი არ ანაზღაურდება, თუ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი გადაადგილდება საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მძღოლის მსგავსი მოქმედება განპირობებულია მესამე მხარის სიცოცხლისა და ქონების გადარჩენის აუცილებლობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი)

- დაზღვევის პოლისი N MO1064873/18 (ს.ფ 22);

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები N MO-002/17 (ს.ფ. 23-25);

- ავტომობილის დაზღვევის პირობები N MO-002/17 (ს.ფ 54-75);

- ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა (ს.ფ 47)

 

3.1.2. 2019 წლის 29 აგვისტოს, ქ-------–--–---------–-------------ის მიმდებარედ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, კერძოდ, დაზღვეული ავტომანქანა, რომელსაც მართავდა დამზღვევი, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით განთავსებულ ელექტროგანათების ბოძს.

 

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად.

 

ავტომანქანა გადაყვანილ იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატაკი (ს.ფ. 34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი).

- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი (ს.ფ. 24)

 

3.1.3. 2019 წლის 3 სექტემბერს დამზღვევმა განაცხადით მიმართა მზღვეველს დაზღვეული ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტის თანახმად დამზღვევს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ ავტოავარია გამოწვეული იყო მძღოლის მიერ მანევრირების წესების დარღვევით, საპირისპირო ზოლში მოძრაობით, რაც, ავტომობილის დაზღვევის პირობების 1.1.9 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის წინაპირობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი);

- დეტალური განაცხადი ზარალის ანაზღაურებაზე (ს.ფ. 90-93);

- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი (ს.ფ. 24)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ავტოავარიის შედეგად გასაცემი სადაზღვევო თანხა შეადგენს 5 654.26 ლარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ემყარება მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების პრინციპს. თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის გარემოებები, რომელიც მისი მტკიცების საგანია და რისი დადასტურების შესაძლებლობაც მას ობიექტურად გააჩნია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელე ითხოვს დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე პირველადი ვალდებულების შესრულებას - სადაზღვევო თანხის გაცემას, მაგრამ მტკიცების ტვირთის განაწილება ზიანის ანაზღაურების შესახებ (სახელშეკრულებო ან დელიქტური) მოთხოვნის იდენტურია: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რას შეადგენს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ ავტომანქანის შეკეთება (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა) შეუძლებელია და ამიტომ მას უნდა მიეცეს ფულადი კომპენსაცია.

 

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა, თუმცა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მიყენებული ზიანი 4 000 აშშ დოლარია - არ წარმოუდგენია.

 

მოპასუხემ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ჩაატარა სავალდებული ექსპერტიზები, დასკვნა N006345619-ის თანახმად, ავტომობილის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე შეადგენდა 9 500 ლარს, ხოლო დასკვნა N006343619-ის თანახმად, ავტომობილის საბაზრო ღირებულება დაზიანებულ მდგომარეობაში (ე.წ. ნარჩენი ღირებულება) შეადგენს 3 500 ლარს.

აღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველი აანაზღაურებდა ზარალს და თუ დაზიანებულ ავტომობილს დამზღვევი დაიტოვებდა საკუთრებაში, დამზღვევს აუნაზღაურდებოდა ავტომობილის დაზიანებამდე საბაზრო ღირებულებას გამოკლებული ნარჩენი ღირებულება, ასევე ადრე ანაზღაურებული ზარალი და დარჩენილი პრემია, რის გამოც მზღვეველი დამზღვევს აუნაზღაურებდა 5 654.26 ლარს და არა 4 000 აშშ დოლარს.

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, შეისწავლა ექსპერტიზის დასკვნები და მიიჩნევს, რომ გაზიარებული უნდა იქნეს მოპასუხის პოზიცია.

 

სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ ავარია მოხდა 2019 წლის 29 აგვისტოს, ხოლო როგორც ექპერტიზის დასკვნებიდან ირკვევა, მოპასუხემ ექსპერტიზის ბიუროს მიმართ 2019 წლის 30 აგვისტოს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ექსპერტიზის ჩატარებამდე გასულია ერთი დღე, სასამართლო თვლის, რომ მოხდა სწორედ ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის შედეგად დარჩენილი ღირებულების შეფასება.

 

ამდენად, თუ მზღვეველი აანაზღაურებდა ზარალს, ის აანაზღაურებდა 5 654.26 ლარს და არა 4 000 აშშ დოლარს.

3.2.2 ავტოსაგზაო შემთხვევა არ იყო გამოწვეული მესამე პირის სიცოცხლის ან ქონების გადარჩენის აუცილებლობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, დაზღვეული ავტომანქანით საპირისპირო ზოლში აღმოჩნდა იმის გამო, რომ თავიდან აეცილებინა სხვა ავტომობილთან შეჯახება, მოპასუხე არ ეთანხმება ამ მტკიცებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, პატაკი, სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოძრაობის წესების დარღვევით, სიჩქარის გადაჭარბებით, საპირისპირო მხრიდან მოძრავი ავტომობილის გამო შეჯახების თავიდან აცილების აუცილებლობა.

 

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, პოლკოვნიკ კახა ბუხრაძის მიერ შედგენილ პატაკში აღნიშნულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დამრღვევი მძღოლის - ზ----- ღ-----–---–ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად. პატაკის თანახმად, დამზღვევმა იმოძრავა მანევრირების წესების დარღვევით და შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით განთავსებულ ელექტროგანათების ბოძს N 90. პატაკში არ არის აღნიშნული, რომ შეჯახება მოხდა საპირისპირო ზოლში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილთან შეჯახების ტავიდან ასაცილებლად (ს.ფ. 34).

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია დეტალური განაცხადი ზარალის ანაზღაურებაზე, რომლის თანახმადაც დამზღვევმა მზღვეველს განუმარტა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზები. შემთხვევის დეტალური აღწერის თანახმად, დამზღვევმა განმარტა, რომ მოძრაობდა გლდანის ყოფილი გამგეობიდან თბილისის ზღვის მიმართულებით, მოძრაობისას წრიულ მოძრაობასთან თავისუფლად გაიარა ტერიტორიაზე დაშვებული დაბალი სიჩქარით, წრიული მოძრაობიდან რამდენიმე მეტრში გადაიწია ავტომობილის სალონის სათავსოდან ტელეფონის დამტენის ამოღსაებად, რა დროსაც საჭეს მართავდა ერთი ხელით. ამ პერიოდში უცებ მანქანამ დაიწია უკან და უნებლიედ დაეჭირა ფეხი აქსელერატორის სატერფულს, ხოლო მარცხენა ხელი, რომლითაც საჭეს მართავდა გადაუტრიალდა „9 საათიდან“ „6 საათის“ მიმართულებით, როდესაც საჭე აიღო მაქსიმალურად მარჯვნივ, უკვე აღმოჩნდა ბორდიურზე და ვერც დამუხრუჭება მოასწრო. დამზღვევს არ უხსენებია მის სამოძრაო ზოლში საპირისპირო მიმართულებით დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რომელთან შეჯახების თავიდან ასაცილებლადაც გადავიდა თავად საპირისპირო მხარეს (ს.ფ. 91). ამავე განაცხადის თანახმად, იმ მომენტში, როცა ტელეფონის დამტენის ამოღება სცადა, დამზღვევი დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ, სს „თ----------------ის“ მიერ შედგენილ სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 29 აგვისტოს მზღვეველისათვის ცნობილი გახდა დაზღვეული ავტომობილის დაზიანების შესახებ დამზღვევის მიერ. დამზღვევის განცხადებით, მან ვერ დაიმორჩილა საჭე და მოახდინა შეჯახება (ს.ფ 24).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოება - რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ დაუსაბუთებელია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 820-823, 829-ე, 319-ე, 829-ე მუხლები; „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონი; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799.1 მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

ამავე კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით, ხოლო 821-ე მუხლის მიხედვით კი, მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში. 823-ე მუხლის თანახმად, სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ დაზღვეულია ქონება და საქმის გარემოებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ავტოდაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მზღვეველმა იკისრა ავტომანქანისათვის და მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. სადაზღვევო შემთხვევა დადგა 2019 წლის 29 აგვისტოს. სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ სადაზღვევო შემთხვევა ექცეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამონაკლისებში (იხ. გადაწყვეტილების 3.1.1-3.1.3 პუნქტები).

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კონკრეტული გამონაკლისი, რომელიც ათავისუფლებდა მზღვეველს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, კერძოდ, ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობების მეორე ნაწილის 1.1.9 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო დაცვა არ ვრცელდება, თუ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი მოძრაობს საპირისპირო მოძრაობის სამოძრაო ზოლში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გამოწვეულია მესამე პირის სიცოცხლის ან ქონების გადარჩენის აუცილებლობით (იხ. ზემოთ, 3.1.1 პუნქტი).

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო მოძრაობის წესების დარღვევით, სიჩქარის გადაჭარბებით საპირისპირო მხრიდან მომავალი უცხო ავტომობილთან შეჯახების თავიდან აცილების გამო.

 

ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტი შემდეგ წინაპირობებს ადგენს მზღვეველის ვალდებულებისაგან გათავისუფლებისათვის: დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი უნდა მოძრაობდეს საპირისპირო მოძრაობის ზოლში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით. ამავე პუნქტით გათვალისწინებულია გამონაკლისი - გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გამოწვეულია მესამე პირის სიცოცხლის ან ქონების გადარჩენის აუცილებლობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების პირობა უნდა განიმარტოს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის დებულებებთან ერთობლივად, რადგანაც, სწორედ აღნიშნული კანონი ადგენს ავტომანქანით მოძრაობის წესებს. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის 45-ე პუნქტის თანახმად, მოძრაობის ზოლი არის გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს სავალი ნაწილი, მაგრამ რომელსაც აქვს მოტოციკლისაგან განსხვავებული საავტომობილო ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმარისი სიგანე. ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად კი, თუ სავალი ნაწილი მოძრაობის ზოლებად დაყოფილია საგზაო მონიშვნის ხაზებით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს მონიშნულ მოძრაობის ზოლებზე. საგზაო მონიშვნის (წყვეტილი ხაზების) გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ დაბრკოლების შემოვლის, გასწრების, მარცხნივ ან მარჯვნივ მოხვევის, გაჩერების ან მობრუნების მანევრის შესრულებისას. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.

 

ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადაადგილება აკრძალულია. დასაშვებია წყვეტილი ხაზის გადაკვეთა მხოლოდ კონკრეტული მანევრების შესასრულებლად: შემოვლა, გასწრება და ა.შ, მაგრამ მანევრი უნდა შესრულდეს იმგვარად, რომ საფრთხე არ შეუქმნას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს, შესაბამისად, ხელშეკრულებაში ჩადებული პირობა - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით საპირისპირო ზოლში მოძრაობა - გულისხმობს სწორედ ამ წესების დარღვევით მოძრაობას, მათ შორის წყვეტილი ხაზის გადაკვეთასაც, თუ ეს არ ხორციელდება კანონით პირდაპირ დადგენილი რომელიმე მანევრის შესასრულებლად და, ამასთან, დაცული არ არის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უსაფრთხოება.

 

განსახილველ შემთხვევაში, კანონის მითითებული მოთხოვნა დაცული არ ყოფილა - ავტომანქანის მძღოლი წრიული მოძრაობისას გადავიდა საპირისპირო მიმართულებით და დაეჯახა ელექტროგანათების ბოძს, ანუ სახეზეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობა: საპირისპირო ზოლში მოძრაობა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით. ამასვე ადასტურებს პატაკიც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზ----- ღ-----–---–ის (დამრღვევი მძღოლის) მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაზღვევის პირობების 1.1.9 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი - საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა არ იყო გამოწვეული მესამე პირის სიცოცხლის ან ქონების გადასარჩენად (იხ. ზემოთ 3.2.2 პუნქტი), ამდენად, სასამართლო ეთანხმება მოპასუხის პოზიციას, რომ არსებობდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გამომრიცხავი გარემოება და მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ უსაფუძვლოა.

 

სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის შესაბამისად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

 

უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც მოძრაობს არაფხიზელ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით, არღვევს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს და თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, ხოლო თუ დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულების ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად (იხ. სუსგ Nას-1165-1110-2014).

 

ამრიგად, უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა შეფასდეს გონივრული წინდახედულების სტანდარტის აშკარა უგულებელყოფა. უხეში გაუფრთხილებლობა წარმოადგენს უსაფრთხოების სტანდარტების, წინდახედულობის ნორმებისა და ავტოსატრანსპორტო საშულებით მოძრაობის წესების აშკარა და სერიოზულ უგულებელყოფას, ისეთ თვითიმედოვნებას, რაც ეწინააღმდეგება გონივრულობის სტადარტს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ავტოსაგზაო შემთხვევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისების ფარგლებში რომც არ მოხვედრილიყო, მზღვეველი სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის შესაბამისად გათავისუფლდებოდა პასუხისმგებლობიდან, ვინაიდან დამზღვევმა სადაზღვევო შემთხვევა უხეში გაუფრთხილებლობით გამოიწვია, კერძოდ, მხარეთა შორის სადავო არ არის მოსარჩელის ახსნა-განმარტების ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, ავტომანქანის მართვისას, იგი დაიხარა სათავსოდან ნივთის ამოსაღებად, რა დროსაც საჭეს ცალი ხელით მართავდა და სწორედ ამ მომენტში საჭე გადაუტრიალდა მარცხნივ. დადგენილია, რომ ამ დროს ავტომანქანა მოძრაობდა დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით (ვრცლად იხ. 3.2.2 პუნქტი). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი სიჩქარით გზაზე მოძრავი ავტომანქანის მძღოლის დახრა სალონის სათავსოდან ნივთის ასაღებად, რა დროსაც ის ვერ ხედავს გზის სავალ ნაწილს და ვერც საჭეს მართავს სრულყოფილად, რაც გამორიცხავს დროულ რეაგირებას, არის წინდახედულების სტანდარტის ისეთი დარღვევა, რაც უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა შეფასდეს და მზღვეველს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან ათავისუფლებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების განაწილების საფუძველი არ არსებობს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ----- ღ-----–---–ის სარჩელი მოპასუხე სს „თ----------------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია