გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.12.2019
საქმის ნომერი
160210019003194022
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
05.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160210019003194022

№2/697-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.11.2019 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი ელენე თაგაური

მოსარჩელე - სს ,,თ----------ი“

წარმომადგენელი - მა-–-----------–-–---–ი, ნი------------ა

მოპასუხე - გე--------------–ი

თარჯიმანი - ნა--–-------------ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე გე--------------–ს დაეკისროს მოსარჩელე სს ,,თ----------ი"-ს სასარგებლოდ 9256 ლარის გადახდა (2017 წლის 8 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე); 4452.60 ლარის გადახდა (2018 წლის 2 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე); 1042.48 ლარის გადახდა (2018 წლის 2 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე); 1651,42 ლარის გადახდა (2018 წლის 29 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე); 729 ლარის გადახდა (2017 წლის 31 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე); 1770.03 ლარის გადახდა (2018 წლის 26 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე).

 

მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა მოსამზადებელ ეტაპზე. მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხე გე--------------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 8 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანება - 7626.12 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 5722. 81 ლარი, პროცენტი - 1389.71 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 500 ლარი და დაზღვევა -13.60 ლარი.

 

2019 წლის 15 მარტიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 8 ნოემბრის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 5722.81 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 25 თვის განმავლობაში დასარიცხი წლიური 24.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 116.84 ლარს.

2018 წლის 2 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 3495.28 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1500 ლარი, პროცენტი - 866.28 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 1129 ლარი.

 

2018 წლის 27 მარტის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 900 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 450 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 450 ლარი.

 

2018 წლის 29 მარტის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 900 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 730 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 730 ლარი.

 

2017 წლის 31 ივლისის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 729 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 331.53 ლარი, პროცენტი - 152.34 ლარი, პირგასამტეხლო 245.13 ლარი.

 

2018 წლის 26 მარტის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 1770.03 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 999.88 ლარი, პროცენტი - 223. 87 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 546.28 ლარი.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2017 წლის 8 ნოემბერს სს ,,თ----------მა“ და მოპასუხე გე--------------–ზე ინტერნეტ ბანკის მეშვეობით განხორციელდა შეთავაზება სწრაფ სამომხმარებლო სესხზე, სესხის პირობებს და ვებ-გვერდზე ატვირთულ ხელშეკრულებას მოპასუხე გაეცნო და ვებ- გვერდზე მითითებულ დასტურს ღილაკზე დაწკაპებით დაეთანხმა აღნიშნულ პირობებს, რომელიც შეადგენს შემდეგს - საბანკო კრედიტის ხელშეკრულება # 4065247-9315178, კრედიტის ოდენობა 6 000 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 24,5%, კრედიტის ვადა 2021 წლის 18 ნოემბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 18 რიცხვში ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 9256 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 5722.81 ლარი, პროცენტი 1389.71 ლარი, პირგასამტეხლო 3129,88 ლარი, დაზღვევა 13.60 ლარი. მოპასუხის გადახდის ისტორიის თანახმად, მან ბოლო გადახდა განახორციელა 2018 წლის მარტის თვეში, რის შედეგადაც გადახდები აღარ განუხორციელებია. მას ყველა დარღვევაზე ერიცხებოდა სესხის პირობების შესაბამისად, პირგასამტეხლო, 2019 წლის 15 მარტის მდგომარეობით კი მოპასუხის დავალიანება ინტერნეტ ბანკით გაცემულ სწრაფ სამომხმარებლო სესხზე შეადგენს 9256 ლარს.

2018 წლის 2 თებერვალს სს ,,თ----------სა“ და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 1500 ლარი, კრედიტის ვადა 365 დღე, წლიური საპროცენტი განაკვეთი 0%, ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი ძირი თანხის 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საკომისიო კრედიტის გაცემისათვის 75 ლარი, ყოველთვიური შენატანი 75 ლარი, ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო 2.85 ლარი, შენატანების საერთო რაოდენობა ჯამში 12 შენატანი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 4452.60 ლარს, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 1500 ლარს, პროცენტი 866.28 ლარს და პირგასამტეხხლო 2086,32 ლარს. გადახდის ისტორიის თანახმად, ბოლო გადახდა განხორციელდა 2018 წლის აპრილის თვეში. მოპასუხეს ყველა დარღვევაზე ერიცხებოდა ჯარიმა, 15.03.2019 წლის მდგომარეობით კი მისი დავალიანება შეადგენს თანხის ძირისა და პირგასამტეხლოს ერთობლიობას ჯამში 4452.60 ლარს.

2018 წლის 27 მარტს მხარეებს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით კრედიტის თანხა 450 ლარი, კრედიტის ვადა 365 დღე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0%, კრედიტის დაფარვის გრაფიკი 39,40 ლარი ყოველი თვის 27 რიცხვში. ყოველთვიური ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2 ლარი, ყოველდღიური პირაგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანების 1.5 %, საკომისიო ვადაზე ადრე წინსწრებით დაფარვისათვის კრედიტის ნარჩენ ძირ თანხაზე მიმართული თანხის 2% თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 24 თვე. სესხის დაფარვის საკომისიო 1.90 ლარი ყოველთვიურად ჯამში 22.80 ლარი, საკომისიო კრედიტის გაცემისათვის 22.05 ლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1042.48 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 450 ლარი პროცენტი 0 ლარი და პირგასამტეხლო 592.48 ლარი. გადახდების ისტორიის თანახმად, მოპასუხეზე თანხა გაიცა 2018 წლის 27 მარტს 450 ლარის ოდენობით. მოპასუხე არ ახორციელებდა გადახდებს მის მიერ არ ფიქსირდება არანაირი შენატანი. მოპასუხეს ყველა დარღვევაზე ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 2019 წლის 15 მარტის მდგომარეობით კი მისი დავალიანება შეადგენს თანხის ძირისა და პირგასამტეხლოს ერთობლიობაში ჯამს 1042,48 ლარს.

2018 წლის 29 მარტს სს ,,თ----------სა“ და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით კრედიტის თანხა 730 ლარი, კრედიტის ვადა 377 დღე, წლიური საპროცენტი განაკვეთი 0 %, კრედიტის დაფარვის გრაფიკი 62.77 ლარი ყოველი თვის 10 რიცხვში, ყოველდღიური ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2 ლარი. ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანების 1.5%, ვადაზე ადრე წინსწრებით დაფარვის საკომისიო კრედიტის ნარჩენ ძირ თანხაზე მიმართული თანხის 2 %, თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 24 თვე. სესხის დაფარვის საკომისიო 1.90 ლარი ყოველთვიურად (ჯამში 22.80 ლარი), საკომისიო კრედიტის გაცემისათვის 35.77 ლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1651.42 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 730 ლარს, პროცენტი 0 ლარს, პირგასამტეხლო 921.42 ლარს. სარჩელზე დართული მოპასუხის გადახდის ისტორიის თანახმად, მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა შენატანები. მოპასუხეს ყველა დარღვევაზე ერიცხებოდა ჯარიმა, 2019 წლის 15 მარტის მდგომარეობით კი მისი დავალიანება შეადგენს თანხის ძირისა და პირგასამტეხლოს ერთობლიობას ჯამში 1651.42 ლარს.

2017 წლის 31 ივლისს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 1000 ლარი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 15 775 კალენდარული დღე. გასატანი თანხის ოდენობა საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური, წლიური საპროცენტო განაკვეთი 48%, კრედიტის სავაჭრო ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაშიო დაფარვის შემთხვევაში 46%, 0% ირმოთცდათხუტმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, დაანგარიშების თარიღი ყოველი კალენდარული დღის 21 რიცხვი, საკრედიტო ლიმიტის დაფარვა, აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5 %, დამატებითი ათვისების დღიდან ბილინგის დღემდე დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო უნდა დაიფაროს ბილინგის თანხიდან მაქსიმუმ 25 - ე დღეს. ბარათი მომსახურების საკომისიო პირველი წელი 20 ლარი, ყოველი მომდევნო წელი 20 ლარი; თანხის განაღდების საკომისიო 0 %, კრედიტის სავაჭრო ობიექტში ათვისების შემთხვევაში 3.9% მინ. 5.9 ლარი, კრედიტის სს ,,თ----------ის“ ბანკომატით ათვისების შემთხვევაში, საკომისიო ვადაზე ადრე წინსწრებით დაფარვისათვის 0%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 20 ლარი, გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 729 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 331.53 ლარს, პროცენტიო 152.34 ლარს, პირგასამტეხლო 245.13 ლარს. ამონაწერის თანახმად, მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 2018 წლის მარტის თეში. მოპასუხეს ყველა დარღვევაზე ერიცხებოდა ჯარიმა 2019 წლის 15 მარტის მდგომარეობით კი მისი დავალიანება შეადგენს ძირი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჯამს 729 ლარს. 2018 წლის 26 მარტს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგ პირობებით- საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 1 000 ლარი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 15 537 კალენდარული დღე, გასატანი თანხის ოდენობას საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური; წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%, კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. სს ,,თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში 36 %. 0% ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. დაანგარიშების თარიღი ყოველი კალენდარული დღის 26 რიცხვი; საკრედიტო ლიმიტის დაფარვა აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. ბარათის მომსახურების საკომისიო პირველი წელი 40 ლარი ყოველი მომდევნო წელი 40 ლარი, თანხის განაღდების საკომისიო 0 %, კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტში ათვისების შემთხვევაში 2,9 %, მინ. 5.5 ლარი, კრედიტის სს ,,თ----------ის“ ბანკომატით ათვისების შემთხვევაში; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 1 ლარი და დავალიანების 1%. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1770.03 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 999.88 ლარს, პროცენტი 223.87 ლარს, პირგასამტეხლო 546.28 ლარს. ამონაწერის თანახმად, მოპასუხე არ ახორციელებს შენატანებს მას ყველა დარღვევაზე ერიცხებოდა ჯარიმა 2019 წლის 15 მარტის მდგომარეობით კი მისი დავალიანება შეადგენს ძირი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ერთობლიობას ჯამში 1770.3 ლარს .

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გე--------------–მა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ 2017 წლის 8 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხის სახით გადაეცა 6 000 ლარი, ასევე ადასტურებს, რომ 2018 წლის 2 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხის სახით მიიღო 1500 ლარი, აღნიშნულ სესხზე მოსარჩელე ითხოვს 4452, 60 ლარის გადახდას, რაც მისი მოსაზრებით არასწორია, განსაკუთრებით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. 2018 წლის 27 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 450 ლარი, აღნიშნულ სესხზე მოსარჩელე ითხოვს 1042,48 ლარის გადახდას, რაც არასწორია, განსაკუთრებით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. 2018 წლის 29 მარტს მხარეებს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხის სახით მიიღო 730 ლარი. აღნიშნულ სესხზე მოსარჩელე მხარე ითხოვს 1651,42 ლარს, რაც მისი მოსაზრებით არასწორია განსაკუთრებით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. 2017 წლის 31 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის სახელზე გაიხსნა საკრედიტო ლიმიტი 1 000 ლარი. საკრედიტო ლიმიტზე მოსარჩელეს გადასახდელი დარჩა 331,53 ლარი, თუმცა მოსარჩელე ედავება 729 ლარის გადახდას, რასაც არ ეთანხმება. 2018 წლის 23 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის სახელზე გაიცა სესხის 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ საკრედიტო ლიმიტზე მოსარჩელე ითხოვს 1770.03 ლარს, მათ შორის პირგასამტეხლოს სახით 546.28 ლარის გადახდას, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 8 ნოემბერს სს ,,თ----------მა“ გასცა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 4065247-9315178 მოპასუხე გე--------------–ის მიმართ. კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 6 000 ლარით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 24,5%, კრედიტის ვადა, 2021 წლის 18 ნოემბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 18 რიცხვში; ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი, ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.20)

-სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 21);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

3.1.2. გე--------------–მა ბოლო გადახდა განახორციელა 2018 წლის მარტის თვეში, რის შედეგადაც გადახდები აღარ განუხორციელებია. მოპასუხის დავალიანება #4065247-9315178 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 9256 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 5722.81 ლარი, პროცენტი 1389.71 ლარი, პირგასამტეხლო 3129,88 ლარი, დაზღვევა 13.60 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმი).

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ.53)

 

3.1.3. 2018 წლის 2 თებერვალს სს ,,თ----------სა“ და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 1500 ლარი, კრედიტის ვადა 365 დღე, წლიური საპროცენტი განაკვეთი 0%, ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი ძირი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საკომისიო კრედიტის გაცემისათვის 75 ლარი, ყოველთვიური შენატანი 75 ლარი, ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო 2.85 ლარი, შენატანების საერთო რაოდენობა ჯამში 12 შენატანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; (ს.ფ. 21);

-ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 23-24);

-სესხის დაფარვის გრაფიკი (.ს.ფ 25)

მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონულიო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმი)

 

3.1.4. მოპასუხე გე--------------–მა ბოლო გადახდა განახორციელა 2018 წლის აპრილის თვეში, შესაბამისად მოპასუხის დავალიანება 2018 წლის 2 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 4452.60 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1500 ლარი, პროცენტი 866.28 ლარი და პირგასამტეხლო 2086,32 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმი).

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ.53)

 

3.1.5. 2018 წლის 27 მარტს მხარეებს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა 450 ლარი, კრედიტის ვადა 365 დღე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0%, კრედიტის დაფარვის გრაფიკი 39,40 ლარი, ყოველი თვის 27 რიცხვში. ყოველთვიური ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2 ლარი, ყოველდღიური პირაგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანების 1.5 %, საკომისიო ვადაზე ადრე წინსწრებით დაფარვისათვის კრედიტის ნარჩენ ძირ თანხაზე მიმართული თანხის 2% თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 24 თვე. სესხის დაფარვის საკომისიო 1.90 ლარი ყოველთვიურად ჯამში 22.80 ლარი, საკომისიო კრედიტის გაცემისათვის 22.05 ლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1042.48 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 450 ლარი პროცენტი 0 ლარი და პირგასამტეხლო 592.48 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; (ს.ფ. 27-28)

-ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 26);

-სესხის დაფარვის გრაფიკი (.ს.ფ 29)

 

3.1.6. გე--------------–ის დავალიანება 2018 წლის 27 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1042,48 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 450 ლარი, პროცენტი - 0 ლარი, პირგასამტეხლო - 592.48 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმი)

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ.53)

 

3.1.7. 2018 წლის 29 მარტს სს ,,თ----------სა“ და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით კრედიტის თანხა 730 ლარი, კრედიტის ვადა 377 დღე, წლიური საპროცენტი განაკვეთი 0 %, კრედიტის დაფარვის გრაფიკი 62.77 ლარი ყოველი თვის 10 რიცხვში, ყოველდღიური ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2 ლარი. ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანების 1.5%, ვადაზე ადრე წინსწრებით დაფარვის საკომისიო კრედიტის ნარჩენ ძირ თანხაზე მიმართული თანხის 2 %, თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 24 თვე. სესხის დაფარვის საკომისიო 1.90 ლარი ყოველთვიურად (ჯამში 22.80 ლარი), საკომისიო კრედიტის გაცემისათვის 35.77 ლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1651.42 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 730 ლარს, პროცენტი 0 ლარს, პირგასამტეხლო 921.42 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; (ს.ფ. 31-32)

-ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 30);

-სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 33)

 

3.1.8. 2019 წლის 15 მარტის მდგომარეობითგე--------------–ის დავალიანება შეადგენს 1651.42 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 730 ლარი, პროცენტი - 0 ლარი, პირგასამტეხლო - 921.42 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმი)

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ.53)

 

3.1.9. 2017 წლის 31 ივლისს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 1000 ლარი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 15 775 კალენდარული დღე. გასატანი თანხის ოდენობა საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური, წლიური საპროცენტო განაკვეთი 48%, კრედიტის სავაჭრო ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაშიო დაფარვის შემთხვევაში 46%, 0% ირმოთცდათხუტმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, დაანგარიშების თარიღი ყოველი კალენდარული დღის 21 რიცხვი, საკრედიტო ლიმიტის დაფარვა, აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5 %, დამატებითი ათვისების დღიდან ბილინგის დღემდე დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო უნდა დაიფაროს ბილინგის თანხიდან მაქსიმუმ 25 - ე დღეს. ბარათი მომსახურების საკომისიო პირველი წელი 20 ლარი, ყოველი მომდევნო წელი 20 ლარი; თანხის განაღდების საკომისიო 0 %, კრედიტის სავაჭრო ობიექტში ათვისების შემთხვევაში 3.9% მინ. 5.9 ლარი, კრედიტის სს ,,თ----------ის“ ბანკომატით ათვისების შემთხვევაში, საკომისიო ვადაზე ადრე წინსწრებით დაფარვისათვის 0%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 20 ლარი, გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება (ს.ფ. 36-42)

-ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 34-35);

- ამონაწერი - (ს.ფ.43-44); სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ 45)

 

3.1.10. მოპასუხე გე--------------–ის დავალიანება შეადგენს 729 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 331.53 ლარს, პროცენტი 152.34 ლარს, პირგასამტეხლო 245.13 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმი)- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ.53)

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ.53)

 

3.1.11. 2018 წლის 26 მარტს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგ პირობებით - საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 1 000 ლარი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 15 537 კალენდარული დღე, გასატანი თანხის ოდენობას საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური; წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%, კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. სს ,,თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში 36 %. 0% ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. დაანგარიშების თარიღი ყოველი კალენდარული დღის 26 რიცხვი; საკრედიტო ლიმიტის დაფარვა აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. ბარათის მომსახურების საკომისიო პირველი წელი 40 ლარი ყოველი მომდევნო წელი 40 ლარი, თანხის განაღდების საკომისიო 0 %, კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტში ათვისების შემთხვევაში 2,9 %, მინ. 5.5 ლარი, კრედიტის სს ,,თ----------ის“ ბანკომატით ათვისების შემთხვევაში; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 1 ლარი და დავალიანების 1%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება (ს.ფ. 47-50)

-ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 46);

- ამონაწერი - (ს.ფ.50-51); სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ 52)

 

3.1.12. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1770.03 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 999.88 ლარს, პროცენტი 223.87 ლარს, პირგასამტეხლო 546.28 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ.53)

მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბერის სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, სამართლებრივად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 394-ე, 404-ე, 411-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო იმავე კოდექსის მე-400 მუხლით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობებში მტკიცების ტვირთის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სარჩელებში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს სახელშეკრულებო ურთიერთობა ანუ ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და რომ დადგა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დრო, ხოლო მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს საწინააღმდეგო ფაქტების დადასტურება, კერძოდ, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ არსებობს ან არსებობის შემთხვევაში მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია. აქვე სადავო სამართალურთიერთობის გათვალისწინებით, სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლს, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში სადაო ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება.

 

მითითებული გარემოება ცხადყოფს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

დადგენილია, რომ მსესხებლის მიერსაბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად.

 

მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ. მოპასუხე მხარეთა შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების დადების ფაქტს სადავოდ არ ხდის.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა, მოპასუხეს არ აქვს გადახდილი როგორც საბანკო კრედიტის ძირითადი თანხა და ასევე მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი.

 

ამდენად, მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, მან გრაფიკით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გადაიხადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

ამდენად, სარჩელი საბანკო კრედიტის ძისი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2 მოსარჩელე ასევე ითხოვს ასევე 2017 წლის 8 ნოემბრის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 25 თვის განმავლობაში, წლიური 24.5 %-ის მოპასუხისათის დაკისრებას მიუღებელი შემოსავლის სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის, როგორც არაპირდაპირი ზიანის, დაკმაყოფილებისთვის საჭირო წინაპიროებები განმტკიცებულია უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა: „ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (შდრ: სუსგ-ები №ას-459-438-2015წ; №ას-54-54-2018წ).

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, თუმცა მიდგომა ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით განსხვავებულია, რაც განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვითი უნარიანობის მაღალი ხარისხით, რაც ყველა შემთხვევაში, ფულს სარგებლის მოტანის უნარს ანიჭებს. ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და, სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას (იხ. სუსგ №ას-992-950-2013, 4 მარტი, 2014 წელი).

სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი არის ის თანხა, რასაც კრედიტორი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ანუ ამგვარი ზიანის მოთხოვნის უფლებას კრედიტორს მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება წარმოშობს. მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა სესხად მიღებული თანხა, ლოგიკურად, სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მას.

მოცემულ შემთხვევაშ დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 8 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის თანხა განისაზღვრა 6000 ლარით. წლიური საპროცენტო განაკვეთი- 24.5 %. კრედიტის ვადა 2021 წლის 18 ნოემბრამდე. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია. მას 2018 წლის მარტის თვის შემდეგ ვალდებულება არ შეუსრულებია. შესაბამისად მოსარჩელემ დაკარგა შემოსავალი, რასაც იგი მიიღებდა მოპასუხეს ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2017 წლის 8 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 5722.81 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 25 თვის განმნავლობაში 24.5 % -ის დაკისრების თაობაზე, რომელიც თვეში შეადგენს 116.84 ლარს, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

ამდენად, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალიწინებით კონკრეტული საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017), პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება, რადგან შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა". საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016).

 

სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, მხარეთა თანასწორობისა და უფლების განხორციელების კეთილსინდისიერების პრინციპების საფუძველზე გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება. მით უფრო ისეთ შემთხვევაში, როცა მოპასუხე შესაგებლით მიუთითებს შემცირების თაობაზე. ამდენად, მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, სასამართლოს შეუძლია შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრების მიზანშეწონილობა.

 

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რაც პირგასამტეხლოს ნაწილში გონივრულობის და სამართლიანობის პრინციპების დაცვას მოითხოვს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო, 2017 წლის 8 ნოემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო 500 ლარის ოდენობით, 2018 წლის 2 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1129 ლარი; 2018 წლის 27 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 450 ლარის ოდენობით; 2018 წლის 29 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 730 ლარის ოდენობით; 2017 წლის 31 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 245.13 ლარის ოდენობით; 2018 წლის 26 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 546.28 ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს. 2017 წლის 8 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს - 400 ლარით, 2018 წლის 2 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო - 150 ლარით; 2018 წლის 27 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო - 50 ლარით. 2018 წლის 29 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო - 70 ლარით; 2017 წლის 31 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 30 ლარით; 2018 წლის 26 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო - 90 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხე გე--------------–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილის 249.14 ლარის ანაზღაურება, ხოლო 317. 86 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა სასამართლოს გარეშე ხარჯის დამადასტურებელი ინფორმაცია, მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეულია ხარჯი 500 ლარის ოდენობით, ასევე საფოსტო მომსახურებისათვის გადახდილია 5 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათის გადახდილი თანხის 500 ლარისდა საფოსტო მომსახურებისათვის გადახდილი 5 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე სს ,,თ----------ი“-ს სარჩელი მოპასუხე გე--------------–ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე გე--------------–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 13 156.42 ლარის გადახდა, საიდანაც

 

- 2017 წლის 8 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაა 7512.52 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5722.81 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1389.71 ლარი, პირგასამტეხლო - 400 ლარი.

 

- 2018 წლის 2 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაა 2516. 28 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა -1500 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 866.28 , პირგასამტეხლო - 150 ლარი;

 

- 2018 წლის 27 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაა 500 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 450 ლარი, პირგასამტეხლო - 50 ლარი.

 

- 2018 წლის 29 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაა 800 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 730 ლარი, პირგასამტეხლო - 70 ლარი;

 

- 2017 წლის 31 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაა 513.87 ლარის, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 331.53 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 152.34 ლარი, პირგასამტეხლო 30 ლარი;

- 2018 წლის 26 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაა 1313.75 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 999.88 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 223.87 ლარი, პირგასამტეხლო - 90 ლარი;

 

3. მოპასუხე გე--------------–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 15 მარტიდან) 2017 წლის 8 ნოემბრის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 5722.81 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 25 თვის განმავლობაში, წლიური 24.5 %-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 116.84 ლარს.

 

4. მოპასუხე გე--------------–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის 249.14 ლარის ანაზღაურება;

 

5. მოპასუხე გე--------------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათის გადახდილი თანხის 500 ლარის და საფოსტო მომსახურებისათვის გადახდილი 5 ლარის ანაზღაურება;

 

6. მოსარჩელე სს ,,თ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 317. 86 ლარის ოდენობით. (გადახდის თარიღი: 25.07.2019 წელი, საგადასახადო დავალება N 3, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300093150);

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე